სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-1331-1611-05
კატეგორია
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-1331-1611-05 ¹ ას-1331-1611-05 12 ივნისი, 2006 წ.‚

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა, სამკვიდროდან წილის ნატურით გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

პ. ხ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ხ-ძის მიმართ სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენისა და სამკვიდროდან წილის ნატურით გამოყოფის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: გ. ხ-ძე გარდაიცვალა 1994წ. 13 ივნისს და დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე _ პ. და ზ. ხ-ძეები. მამკვიდრებლის სახელზე ირიცხებოდა დაბა სურამში, ... ქ.¹45-ში მდებარე სახლი და იმავე მისამართზე არსებული მშენებარე ბინა. აღნიშნული დასტურდება 2002წ. 11 ივნისის ¹8 ცნობით. მამის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ვადაში მხარეებს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ, ვინაიდან, მათ შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, სამკვიდროს გაყოფაზე ვერ შეთანხმდნენ. აღნიშნულის შედეგად მთელ ქონებას დაეპატრონა ზ.ხ-ძე და სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით მოსარჩელისათვის გარანტირებული თანასწორი წილის მიღებაზე უარი განუცხადა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან პ.ხ-ძეს თავისი კუთვნილი წილი მიღებული აქვს, კერძოდ, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა აწ გარდაცვლილი გ. ხ-ძისა და მისი ძმის _ გ. ხ-ძის საერთო ხარჯებით შეძენილი სახლი, რომელიც ძმათა შორის ზეპირი შეთანხმების თანახმად, აღირიცხა გ. ხ-ძის სახელზე, გ. ხ-ძის კუთვილ სადავო სახლში კი დარჩა ზ. ხ-ძე. მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს, ზ.ხ-ძემ კი მამის სამკვიდრო, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მისი ფლობის საფუძველზე მიიღო. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პ.ხ-ძეს გაშვებული ვადა არ უნდა აღუდგეს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და პ. ხ-ძეს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებაზე უარი ეთქვა, რაც პ.ხ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, პ. ხ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა გ. ხ-ძის სამკვიდრო ქონების 1/2-ის მემკვიდრედ შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პ. და ზ. ხ-ძეები არიან ძმები, მათი მამა გ. ხ-ძე გარდაიცვალა 1994წ. 13 ივნისს. სამკვიდრო მოწმობა კანონით დადგენილი წესით არც ერთ ძმას არ მიუღია. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ზ. ხ-ძემ სადავო სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო, ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ, საქმის მასალების თანახმად, აღნიშნული სამკვიდრო ფლობით მიიღო პ. ხ-ძემაც. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა სარჩელზე იმ საფუძვლით უარის თქმის შესახებ, რომ ზ.ხ-ძე სამკვიდროს ფაქტობრივად დაეუფლა, მოსარჩელემ კი კუთვნილი წილი მხოლოდ 2003წ. ივნისში მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებისა და თვით ზ. ხ-ძის ახსნა-განმარტების საფუძველზე გამოარკვია, რომ პ. ხ-ძე მამის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას, კერძოდ, აპელანტმა წაიღო სამშენებლო მასალა და თუკი რამე იყო ხელმოსაკიდი მამის გარდაცვალების შემდეგ. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ პ. ხ-ძემ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად, მამის სამკვიდრო მიიღო, რის საფუძველზე აპელანტი ცნობილ უნდა იქნეს გ.ხ-ძის სამკვიდრო ქონების 1/2-ის მემკვიდრედ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. ხ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გ. ხ-ძის სამკვიდროს მემკვიდრედ ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ აწ გარდაცვლილი გ. ხ-ძის სამკვიდროს მისაღებად მის მემკვიდრეებს კანონით დადგენილ ვადაში ნოტარიუსასთვის არ მიუმართავთ და ზ.ხ-ძემ სადავო სამკვიდრო მიიღო მისი ფაქტობრივი ფლობით. უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, რომ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო პ.ხ-ძემაც. საქმის მასალებითა და მოწმეთა ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რომ 1994წ. 13 ივნისს გ. ხ-ძის გარდაცვალების შემდგომ პ.ხ-ძეს მამის სამკვიდროდან არაფერი არ წაუღია, იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა ცალკე ოჯახად დაბა სურამში, ... ქ.¹140-ში, ამდენად, მოსარჩელე გ.ხ-ძის ქონებიდან რაიმე ნაწილს არ ფლობს და სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა. რაც შეეხება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ მოძრავ ნივთებს, ისინი პ. ხ-ძემ ჯერ კიდევ მამის სიცოცხელში წაიღო, რაც სამკვიდროს მიღებულად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია პ. ხ-ძის მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვებაზე მაშინ, როცა ამ უკანასკნელმა სარჩელი სამკვიდროდან წილის მიღება კანონით დადგენილი ვადის გაშვების შემდეგ მოითხოვა და არც სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით განსაზღვრული საპატიო მიზეზის არსებობაზე არ მიუთითებია. ამდენად, სადავო სამკვიდრო უნდა მიეკუთვნოს ზ. ხ-ძეს და სააპელაციო სასამართლომ პ.ხ-ძე სადავო ქონების 1/2-ის მესაკუთრედ არასწორად ცნო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ზ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი საკასაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მტკიცებულებათა ობიექტურ და სრულ განხილვას არ ეყრდნობა, კერძოდ:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პ. და ზ. ხაჩიძეები არიან ძმები. მათი მამა _ მამკვიდრებელი გ. ხ-ძე გარდაიცვალა 1994წ. 13 ივნისს. მხარეებს კანონით დადგენილი წესით სამკვიდრო მოწმობა არ მიუღიათ. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ზ. ხ-ძემ სადავო სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო პ. ხ-ძემაც, რის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებსა და თავად ზ. ხ-ძის განმარტებაზე, რომ აპელანტმა მამის გარდაცვალების შემდეგ მისი სახლიდან წაიღო მოძრავი ნივთების ნაწილი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნული მსჯელობა საქმის ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას არ ეფუძნება. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონი სამკვიდროს მიღების ორ გზას ითვალისწინებს _ სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვასა და სამკვიდროს ფაქტობრივ დაუფლებას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სამკვიდრო ქონების ფლობის ან მართვის ფაქტი უდავოდ უნდა დადასტურდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მითითებული კანონის მოთხოვნა უგულებელყო, ვინაიდან პ. ხ-ძეს სადავო სამკვიდროს 1/2 ისე მიაკუთვნა, რომ სათანადოდ არ გამოუკვლევია, აპელანტმა სამკვიდრო სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის დანაწესების დაცვით მიიღო თუ არა, კერძოდ, სასამართლომ მხარეთა განმარტებების საფუძველზე დაადგინა, რომ პ. ხ-ძემ მამის სახლიდან სამშენებლო მასალა და სხვა ნივთები წაიღო, თუმცა არ გამოურკვევია, აღნიშნული ნივთები წარმოადგენდნენ გ. ხ-ძის სამკვიდროს ნაწილს თუ თავად პ. ხ-ძის კუთვნილ ქონებას. სააპელაციო პალატას შეფასება არ მიუცია ამავე სასამართლოს 2005წ. 22 სექტემბრის სხდომის ოქმში დაფიქსირებული ზ.ხ-ძის წარმომადგენლის განმარტებისათვის, რომ მამკვიდრებლის კუთვნილ ძველ სახლში არსებული მასალები ძმებს შორის ჯერ კიდევ გ. ხ-ძის სიცოცხლეშივე გაიყო და პ. ხ-ძეს თავისი წილი იმთავითვე გადაეცა. სასამართლოს მხოლოდ მითითებულ გარემოებათა გამოკვლევისა და დადგენის შემდგომ შეეძლო მოცემული დავის იურიდიული შეფასება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ ზ. ხ-ძის მოთხოვნას გ. ხ-ძის სამკვიდროს მემკვიდრედ ცნობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა ზ.ხაჩიძეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არც რაიონულ და არც სააპელაციო სასამართლოებში არ დაუყენებია. სსკ-ის 406-ე მუხლის თანახმად კი დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.

ამდენად, მოცემული დავის გადასაწყვეტად საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტიელბის გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებათა ზუსტად და ამომწურავად გამოკვლევისა და ანალიზის შემდეგ უნდა იმსჯელოს გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.