დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 21.07.2011
საქმის ნომერი
ას-625-586-2011
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.07.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-625-586-2011 21 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. გ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ბ-ძე, ბ. მ-იანი, ე. გ-ძე, ი. ხ-შვილი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ გარიგების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ კ. ბ-ძის, ბ. მ-იანის, ე. გ-ძისა და ი. ხ-შვილის, მესამე პირის _ ნოტარიუს ა. შ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ნოტარიუს შ. კ-ძის მიერ დამოწმებული 2003 წლის 30 მაისის ¹... მინდობილობის, 2004 წლის 18 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების, 2008 წლის 30 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს შ. კ-ძის მიერ დამოწმებული 2003 წლის 30 მაისის მინდობილობა, 2004 წლის 18 თებერვალს ნ. გ-ძის წარმომადგენელ ი. ხ-შვილს, ბ. მ-იანსა და კ. ბ-ძეს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და 2008 წლის 30 მაისს კ. ბ-ძეს, ბ. მ-იანსა და ე. გ-ძეს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დაამოწმა ნოტარიუსმა ნ. მ-იამ (რეესტრში რეგისტრაციის ¹...), ქ.თბილისში, ... ქ.¹45-ის “ბ” ბლოკის ¹4 ბინაში არსებულ 68 კვ.მ ფართზე აღდგა ნ. გ-ძის საკუთრების უფლება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კ. ბ-ძემ და ბ. მ-იანიამ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

მოცემული საქმე არაერთხელ განხილულ იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლების მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებით კ. ბ-ძისა და ბ. მ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ. ბ-ძემ, ბ. მ-იანმა და ე. გ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით კ. ბ-ძისა და ბ. მ-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინება 2008 წლის 30 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. გ-ძის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 30 მაისს კ. ბ-ძეს, ბ. მ-იანსა და ე. გ-ძეს შორის დადებული რეესტრში რეგისტრაციის ¹...-ით ნოტარიუს ნ.მ-იას მიერ დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

სასამართლომ ნ. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონების შემძენი ე. გ-ძე იყო არაკეთილსინდისიერი შემძენი, რაც წარმოადგენდა სადავო 2008 წლის 30 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს, რასაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ე. გ-ძეს ქონება მიჰყიდეს აღნიშნული დროისათვის საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებულმა პირებმა _ კ. ბ-ძემ და ბ. მ-იანმა. აღნიშნული წარმოადგენს იმ შემთხვევას, როდესაც გარიგების ნამდვილობისათვის შემძენის კეთილსინდისიერების საკითხს აქვს მნიშვნელობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის საფუძველზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ 2008 წლის 30 მაისის სადავო მეორე ხელშეკრულება დადებულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრეების _ კ. ბ-ძისა და ბ. მ-იანის მიერ. აღნიშნულს კი უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი შედეგები. აქედან გამომდინარე, მოცემული ხელშეკრულების ნამდვილობის დასადგენად გასათვალისწინებელია სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის დანაწესი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის მოსაზრება, რომ ე. გ-ძის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველია სადავო ხელშეკრულების მხარეებს, გამყიდველ ბ. მ-იანსა და კ. ბ-ძეს, ასევე მყიდველ ე. გ-ძეს შორის სადავო გარიგების დადებამდე საქმიანი ურთიერთობის არსებობის ფაქტი.

პალატამ ჩათვალა, რომ შემძენ ე. გ-ძის კეთილსინდისიერებასთან მიმართებაში უნდა გამოირკვეს, თავად გამყიდველებმა _ კ. ბ-ძემ და ბ. მ-იანმა რა გარემოებები იცოდნენ ი. ხ-შვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის თაობაზე, შესაბამისად, მათგან, რა გარემოებები შეიძლებოდა სცოდნოდა შემძენ ე. გ-ძეს. ასევე, კონკრეტულად რა საქმიანი ურთიერთობა, ნაცნობობა არსებობდა ხელშეკრულების მხარეებს შორის და ამ საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე, რამდენად არსებობდა მყიდველის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების უფლებრივი ნაკლის ცოდნის პრეზუმფცია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე კ. ბ-ძისა და ბ. მ-იანისათვის ი. ხ-შვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის არსებობის შეტყობის ფაქტი.

კ. ბ-ძისა და ბ. მ-იანის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ ისინი დაინტერესებული იყვნენ, სწრაფად გაეყიდათ სადავო ფართი, რის გამოც იგი მიჰყიდეს ე. გ-ძეს, რომელმაც არაფერი იცოდა აღნიშნულის შესახებ.

თავდაპირველი მოპასუხის _ ე. გ-ძის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ იგი 20 წელია ცხოვრობს გერმანიაში და წარმოადგენს გერმანიის მოქალაქეს. იმ პერიოდში ჰქონდა სატრანსპორტო ფირმა და დაკავებული იყო გერმანიიდან თბილისში ავტომანქანების ჩამოყვანით. სწორად ის დაეხმარა ბ. მ-იანს მანქანის ჩამოყვანაში. ვინაიდან, იმ პერიოდში ე.გ-ძეს ქ.თბილისში ყაზბეგის ქუჩაზე დაქირავებული ჰქონდა ფართი ოფისისათვის, საუბარში, ბ.მ-იანთან განაცხადა, რომ სურვილი ჰქონდა ქ.თბილისში შეეძინა საოფისე ფართი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბ.მ-იანმა დაურეკა მას და ჰკითხა, ხომ არ დაინტერესდებოდა საოფისე ფართით, სამი-ოთხი თვის შემდეგ თბილისში ჩამოსვლისთანავე დაუკავშირდა ბ.მ-იანს და ფართის დათვალიერების შედეგად, საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე გადაიფორმა აღნიშნული ფართი მის სახელზე.

სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სადავო ფართის შეძენის დროისათვის ედვარდ გ-ძე ფლობდა ინფორმაციას სადავო ფართზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესახებ. ამასთან, ე. გ-ძის განმარტებით, მისი საქმიანი ურთიერთობა ბ. მ-იანთან შემოიფარგლა ერთჯერადი ურთიერთობით _ ავტომანქანის გადმოყვანით და ამ გარიგებამდე მას მეტი ურთიერთობა და ნაცნობობა ბ.მ-იანთან არ გააჩნდა. ზემოაღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულებები მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 312-ე და 185-ე მუხლებიდან გამომდინარე, ე. გ-ძე სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენია, რაც თავისთავად გამორიცხავს 2008 წლის 30 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. გ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სადავო უძრავი ნივთის გასხვისების ხელშეკრულება კ. ბ-ძეს, ბ. მ-იანსა და ე. გ-ძეს შორის დაიდო 2008 წლის 30 მაისს, ხოლო სარჩელი აღნიშნულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის უკანონობისა და მცდარობის შესახებ, რომლითაც მოსარჩელე ნ. გ-ძე ითხოვდა ბინაზე მისი საკუთრების აღდგენას, მხარეს ჩაბარდა 2008 წლის 28 მაისს, 2 დღით ადრე, სანამ აღნიშნულ უძრავ ნივთზე დაიდებოდა გარიგება. ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილი ცალსახად მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის მიმართ ნდობა არ არსებობს, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, უდავოდ მტკიცდება, რომ 2008 წლის 30 მაისს დადებული ხელშეკრულების მიმართ არ მოქმედებდა და მხარეს არ შეუძლია მიუთითოს საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზე, რადგან ამ დროისათვის საჯარო რეესტრის ჩანაწერის საწინააღმდეგოდ უკვე შეტანილი იყო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი, არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს მითითებები აღნიშნულ საქმეზე და არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები.

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კ. ბ-ძემ და ბ. მ-იანმა ე. გ-ძესთან გარიგების დადებისას ზუსტად იცოდნენ ი. ხ-შვილის წარმომადგენლობითი ნაკლის თაობაზე, რაც არაერთგზის ირკვევა როგორც მათი წარმომადგენელი დ.ე-ძის განმარტებიდან (მათ ჯერ კიდევ სისხლის სამართლის საქმიდან მოყოლებული იცოდნენ ხ-შვილის წარმომადგენლობითი ნაკლის შესახებ), ასევე საქალაქო სასამართლოს მიერ 2008 წლის 28 მაისს მოპასუხეებისათვის ჩაბარებული უწყებიდან, მაშინ, როცა სადავო გარიგება კ. ბ-ძეს, ბ. მ-იანსა და ე. გ-ძეს შორის დაიდო 2008 წლის 30 მაისს, ესე იგი 2 დღის შემდეგ.

კ. ბ-ძეს, ბ. მ-იანსა და ე. გ-ძეს შორის არსებული ურთიერთობა ირკვევა დ. ე-ძის განმარტებიდან, რომ ისინი მანამდეც იცნობდნენ ერთმანეთს და მათ შორის იყო საქმიანი ურთიერთობა, ასევე ბ. მ-იანის მითითებიდან, რომ ფართის გაყიდვის თაობაზე დაუკავშირდა ნაცნობებს, მათ შორის, დაურეკა ე. გ-ძესაც.

ე. გ-ძემ სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მის წინააღმდეგ იყო გამოტანილი. ეს ფაქტი შეიძლებოდა ახსნილიყო იმ გარემოებით, რომ იგი ეთანხმება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მან შემდგომში არაერთხელ დააფიქსირა ცალსახა პოზიცია, რომ იგი არ იზიარებდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამდენად, ე. გ-ძემ ეს საქმე მიანდო კ. ბ-ძესა და ბ. მ-იანს, რომლებმაც გაასაჩივრეს აღნიშნული გადაწყვეტილება. ეს გარემოება კი პირდაპირ მიუთითებს მათი ნდობისა და ურთიერთობის ხარისხზე.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა ნ. გ-ძეს კ. ბ-ძისა და ბ. მ-იანის სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 6 300 ლარის ანაზღაურება. მან არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი.

არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლთან მიმართებითაც, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ნ. გ-ძეს სრულად დააკისრა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. გ-ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 11 ივნისს გადახდილი 6000 ლარის 70% _ 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ნ. გ-ძეს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 4200 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.