გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-690-651-2010 21 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ა. ო-ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ა-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება, 2011 წლის 28 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ო-ნმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ა-ძის მიმართ 26500 აშშ დოლარისა და სასამართლო ხარჯების _ 1543,38 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ა. ო-ნმა ა. ა-ძეს სესხის სახით გადასცა ფულადი თანხა 30 000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება 2008 წლის 22 სექტემბრის ხელწერილით. აღნიშნული ხელწერილით მოპასუხე ა.ა-ძემ ვალდებულება იკისრა, მოსარჩელისათვის თანხა გადაეხადა ამავე ხელწერილში მოცემული გრაფიკის მიხედვით. მოპასუხემ გრაფიკის შესაბამისად, დაიწყო ვალის გადახდა და კრედიტორს გადაუხადა 3 500 აშშ დოლარი, რაც მოსარჩელეს ხელწერილზე აქვს აღნიშნული და ხელმოწერით დადასტურებული. მოპასუხეს ვალი სრულად უნდა გადაეხადა 2009 წლის 1 დეკემბრამდე, რაც მისი მხრიდან არ შესრულდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა 2008 წლის 22 სექტემბრის ვალის აღიარების ხელწერილის ბათილად ცნობა. ა. ა-ძემ განმარტა, რომ ა. ო-ნთან ჰქონდა მეგობრული დამოკიდებულება. ა. ო-ნმა სთხოვა, ოჯახური და ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად შეედგინათ ხელწერილი, თითქოს ა. ა-ძემ მისგან ისესხა 30000 აშშ დოლარი. აღნიშნული დაარწმუნებდა მის მეუღლესა და კრედიტორებს, რომ ა. ო-ნს თანხა ჰქონდა ასაღები. ა. ა-ძე თავიდან დათანხმდა და შეადგინა სადავო ხელწერილი, თუმცა მაშინვე გადაიფიქრა, დაახევინა და დააწვევინა მოწინააღმდეგე მხარეს მითითებული დოკუმენტი. შესაძლოა, ა. ო-ნმა სხვა ფურცელი დახია და დაწვა ან გააყალბა ა. ა-ძის ხელმოწერა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ო-ნის სარჩელი დაკმაყოფილდა. ა. ა-ძეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 26500 აშშ დოლარისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, ხოლო შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ო-ნის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ა-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ა. ო-ნის სარჩელის დაკმაყოფილებისა და ა. ა-ძისათვის ა. ო-ნის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 1543,38 ლარის, ადვოკატის მომსახურებისათვის 500 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ო-ნის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ხოლო ა. ო-ნს ა. ა-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 1864, 41 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ა-ძისაგან 26500 აშშ დოლარის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება და სესხის სახით გადაცემული 30000 აშშ დოლარის გადაუხდელი ნაწილის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ასევე სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლმა განმარტა, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხა იყო მანქანა-დანადგარების ღირებულება, რომელიც ა. ო-ნმა, როგორც ფიზიკურმა პირმა, ჩამოუტანა ა. ა-ძეს. საქმში წარმოდგენილ 2008 წლის 22 სექტემბერს ა. ა-ძის მიერ ხელმოწერილ სადავო ხელწერილში დაფიქსირებულია შემდეგი: “.... ეს თანხა (ოცდაათი ათასი დოლარი) ა. ა-ძემ, ზემოთ აღნიშნული გრაფიკის მიხედვით უნდა გადაუხადოს ალი ისან ორხანს”.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის, ჰასან აიდინის ჩვენებით ირკვევა, რომ ა. ო-ნისა და ა. ა-ძის ერთობლივი საქმიანობის ანგარიშები ასახული იყო რვეულში, რომელიც მას ნანახი ჰქონდა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის დადებას იგი არ დასწრებია და მის შესახებ მოგვიანებით შეიტყო.
მოწმის, მუნურ გულთექინის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ესწრებოდა ხელწერილის შედგენას. ამ ხელწერილის შედგენის მიზეზი იყო ერთი მხარის ნება საქმიანობის (მუშაობის) შეწყვეტისა, რასაც დაეთანხმა მეორე მხარე.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით და მიუთითა, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დაადასტურა, სარჩელით მოთხოვნილი 26500 აშშ დოლარი ა. ო-ნს ა. ა-ძისათვის სესხის სახით არ გადაუცია. პალატამ მიიჩნია, რომ ა. ო-ნის სასარჩელო მოთხოვნა სესხის სახით გადაცემული თანხის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილდების საფუძველი არ არსებობს.
პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ სარჩელის საფუძველი მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეცვალა და მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძვლად სესხის ხელშეკრულების ნაცვლად, მოძრავი ნივთების (დაზგა-დანადგარების) გადაცემის შედეგად წარმოშობილ გარიგებაზე მიუთითა, ამასთან, მოპასუხე ა. ა-ძეს თანხმობა სარჩელის საფუძვლის შეცვლაზე არ განუცხადებია, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს ა. ო-ნის შეცვლილ სასარჩელო მოთხოვნაზე.
ა. ა-ძის შეგებებული სარჩელის მოთხოვნასთან, კერძოდ, 2010 წლის 22 სექტემბრით დათარიღებული ხელწერილის, როგორც ვალის არსებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან მოწმის სახით დაკითხული მუნურ გულთექინის ჩვენებით, ხელწერილის დადება განაპირობა მხარეთა ნებამ, აღარ გაეგრძელებიათ ერთობლივი საქმიანობა. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ აღნიშნული ხელწერილი შედგენილია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა.
ის გარემოება, რომ სადავო ხელწერილში დაფიქსირებული თანხა ა. ო-ნს ა. ა-ძისათვის სესხის სახით არ გადაუცია, ვერ გახდება ამ ხელწერილის ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, ა. ა-ძის შეგებებული სარჩელი დაუსაბუთებელია.
სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ თავად მიუთითა, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხის _ 26500 აშშ დოლარის გადაცემის საფუძველს არ წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულება, ამდენად, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა და ასევე არასწორად მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი 2010 წლის 22 სექტემბრის ვალის აღიარების ხელწერილი წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულებას, რაც საფუძვლად დაუდო ა. ო-ნის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება ა. ო-ნის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. ვინაიდან, ა. ა-ძის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს ამ ნაწილში მისი გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ა. ა-ძის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში ა. ო-ნს ა. ა-ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 26500 აშშ დოლარის 4%-ის _ 1864,41 ლარის ანაზღაურება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით ა. ა-ძის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღინისძიება და ა. ა-ძის კუთვნილ უძრავ ქონებას ყადაღა მოეხსნა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დამატებითი გადაწყვეტილება ა. ო-ნმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ა. ო-ნის სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მესამე ნაწილი, რადგან სასამართლოს მხარისათვის დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ უცნობებია. ასევე არ არსებობდა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების არც ერთი წინაპირობა.
სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მესამე ნაწილი, როდესაც იმსჯელა სარჩელის საფუძვლის შეცვლაზე, მაშინ, როცა ასეთი არ მომხდარა. დაზუსტდა მხოლოდ მითითებული გარემოებები და ფაქტობრივი საფუძველი ისე, რომ სარჩელის თავდაპირველი საფუძვლის აზრი და შინაარსი არ შეცვლილა.
პალატამ არასწორად იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია, რომ მხარეთა შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა და არც 2010 წლის 22 სექტემბრის ვალის აღიარების ხელწერილი სესხის ხელშეკრულებად არ მიუჩნევია, არამედ თავისი გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მართებულად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სარჩელის მიხედვით ა. ა-ძისაგან 26500 აშშ დოლარის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება და სესხის სახით გადაცემული თანხის 30000 აშშ დოლარის გადაუხდელი ნაწილის ანაზღაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რეალურად სარჩელით მოთხოვნილი თანხა იყო არა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, არამედ იმ მანქანა-დანადგარების ღირებულება, რომელიც ა. ო-ნმა ჩამოუტანა ა-ძეს. საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილით ა.ა-ძე კისრულობს აღნიშნული თანხის გადახდას.
იმ საფუძვლით, რომ სადავო თანხა, 26500 აშშ დოლარი, ა. ო-ნს ა. ა-ძისათვის სესხის სახით არ გადაუცია, სააპელაციო პალატამ მიზანშეუწონლად მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილება. ამასთან, სასამართლომ მოსარჩელის მიერ მთავარ სხდომაზე დაყენებული მოთხოვნა – ნივთების საფასურის გადახდევინების შესახებ - მიიჩნია სარჩელის საფუძვლის შეცვლად დაAმითითებული მოთხოვნა არ იქნა განხილული სასამართლოს მიერ.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს ასეთი სახის განმარტება არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობიდან. პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ მოპასუხეს ჰქონდა გადასახდელი მოსარჩელისათვის გარკვეული თანხა, რაც დასტურებოდა საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით. თანხის უკან დაბრუნების საფუძველი კი უნდა განსაზღვრულიყო მხარეთა შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც გულისხმობს პირველ რიგში მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სწორ კვალიფიკაციასა და მის საფუძველზე ნორმის სწორ გამოყენებას მოთხოვნის მართლზომიერების დასადგენად.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველებს. მითითებული ნორმის საფუძველზე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე თანხის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს უსაფუძვლო გამდიდრებაც, სესხიც, ნარდობაც და ა.შ. ეს დამოკიდებულია იმ სამართლებრივი ურთიერთობაზე, რაც არსებობს მხარეთა შორის.
სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნულის დასტურია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე, 185-ე მუხლების შინაარსიც. აღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ავალდებულებს მხარეს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. იგი არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი უნდა განსაზღვროს სასამართლომ და არა მხარემ. მხოლოდ მხარის მითითება, რომ მეორე მხარეს აქვს მისი ვალი და ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად განსაზღვროს და სამართლებრივი შეფასება მისცეს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება არ არის დადებული და არც ვალდებულება გამომდინარებს ამ სახის გარიგებიდან. იმისათვის, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება დადებულად ჩაითვალოს საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სამოქალაქო კოდექსის 623-628-ე მუხლების საფუძველზე. შეფასების შედეგად მიღებული დასკვნა კი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლი. 623-ე მუხლი განმარტავს სესხის ცნებას. იმ შემთხვევაში თუ რეალურად ადგილი აქვს უსაფუძვლო გამდიდრებას, მაგრამ სასამართლო ზემოთ მითითებული ნორმის გამოყენებით ჩათვლის, რომ მხარეთა შორის არსებობს სესხს ხელშეკრულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად სამართლის ნორმა დარღვეულად ჩაითვლება და შესაბამისად გაუქმდება ასეთ მოსაზრებას დაფუძნებული გადაწყვეტილება. იმავდროულად სასამართლო ვალდებული იქნება მოახდინოს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სწორი კვალიფიკაცია და გამოიყენოს შესაბამის მარეგულირებელი ნორმები. პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის მოსარჩელისაგან განსხვავებული სამართლებრივ ნორმების საფუძველზე შეფასება არანაირად არ უკავშირდება სარჩელის საფუძვლის შეცვლას, როგორც ამას უთითებს სააპელაციო სასამართლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი იმ საფუძვლით, რომ მხარე თანხის დაბრუნებას ითხოვდა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რეალურად კი მათ შორის არსებობს სხვა სამართლებრივი ურთიერთობა. სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შეაფასოს რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და შესაძლებელია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფოლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილებაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რადგან მოცემულ დავაზე საბოლოო შედეგი დადგენილი არ არის და საქმე უნდა დაბრუნდეს სააპელაციო პალატას ხელახლა განსახილველად, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონელად არ მიიჩნევს სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ო-ნის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება, ამავე პალატის 2011 წლის 28 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.