დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-992-1025-2011 29 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე –Mბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე კ. ი-ძისა და ი. ხ-შვილის საკასაციო საჩივრისა და ი. ხ-შვილის დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე _ ი. ხ-შვილისა და კ. ი-ძის სარჩელის გამო მოპასუხეების: ამხანაგობა “...”, შპს “დ.წ-სა” და შპს სამშენებლო კომპანია “ა.ს-ის” მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა კ. ი-ძისა და ი. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი და ი. ხ-შვილის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი განსახილველად. საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივრებს დაუდგინდა ხარვეზი და მათ ავტორებს დაევალათ 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 6000-6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, კ. ი-ძეს დამატებით დაევალა მისი წარმომადგენლის, ნ. ა-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.
2011 წლის 20 ივლისს ი. ხ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 14 დღით გაგრძელება, ხოლო 2011 წლის 21 ივლისს კვლავ შემოიტანა განცხადება და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ ის და მისი მეუღლე არიან ასაკით პენსიონერები, ამასთან გაურესებული აქვთ ჯანმრთელობა და საჭიროებენ მკურნალობას, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. აღნიშნულის დასადასტურებლად ი. ხ-შვილმა სასამართლოს წარმოუდგინა სოციალური მომსახურების სააგენტოს ... სოციალური მომსახურების ცენტრისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები.
კასატორის შუამდგომლობაზე საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში კასატორი შუამდგომლობის საფუძვლად უთითებს თანხის უქონლობას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მას არ წარმოუდგენია. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი არ არის იმპერატიული ხასიათის და სასამართლო, შუამდგომლობის დასაბუთების მიზნით, მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად, შინაგანი რწმენის საფუძველზე წყვეტს საპროცესო ვადის გაგრძელების საკითხს, მოცემულ შემთხვევაში კი პალატა თვლის, რომ არ არსებობს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების წინაპირობები.
რაც შეეხება 2011 წლის 21 ივლისს წარმოდგენილ განცხადებას, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ასაბუთებენ მის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას, ამასთან პალატა განმარტავს, რომ ანალოგიური შინაარსის მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილია სააპელაციო წარმოების დროს, სასამართლომ ისინი შეაფასა საკასაციო საჩივარში დაყენებული შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე და არასაკმარისად მიიჩნია, რის გამოც აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. აქედან გამომდინარე, იმავე შინაარსის შუამდგომლობა მეორედ საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
რაც შეეხება კ. ი-ძის საკასაციო საჩივარს, პალატა განმარტავს: 2011 წლის 27 ივნისის ხარვეზის განჩინება, რომლითაც კ. ი-ძეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ნ. ა-ძის ადვოკატის მოწმობის წარმოდგენა, კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით, მაგრამ არ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ კასატორი არ იმყოფებოდა საქართველოში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, ხოლო, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი კ. ი-ძის წარმომადგენელ ნ. ა-ძეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2011 წლის 19 ივლისს, რისი დამადასტურებელი აქტიც საქმეშია წარმოდგენილი (ტ.III, ს.ფ. 207).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 20 ივლისს და ამოიწურა 2011 წლის 26 ივლისს. მოცემულ შემთხვევაში, კ. ი-ძის წარმომადგენელმა ნ. ა-ძემ სასამართლოს განცხადებით მომართა 2011 წლის 27 ივლისს, საპროცესო ვადის დარღვევით, წარმოადგინა ადვოკატის მოწმობის ასლი და მოითხოვა საპროცესო ვადის რამდენიმე დღით გაგრძელება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
პალატა მიიჩნევს, რომ ი. ხ-შვილსა და კ.ი-ძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის განჩინებით დადგენელ ვადაში არ შეუვსიათ ხარვეზი, რაც მათი საკასაციო საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 102-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. ი-ძისა და ი. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი და ი. ხ-შვილის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.