საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№367აპ-21 3 ივნისი , 2021 წელი
ჩ-ე დ., 367აპ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ _ ლეონტი ადეიშვილის
ადვოკატ – ა. ბ-ის
მსჯავრდებულ _ დ. ჩ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. ჩ-ეს, – -ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ძველი რედაქცია) და სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია) – ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· დ. ჩ-ე საქართველოს შს მინისტრის მოადგილის -- ბრძანებით, 2005 წლის 21 ნოემბერს დაინიშნა და 2006 წლის 20 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის პ-ს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის №-- ბრძანებით, 2006 წლის 21 დეკემბერს დაინიშნა და 2009 წლის 5 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე (მოვალეობის შემსრულებლად) და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ორივე შემთხვევაში წარმოადგენდა მოხელეს.
· დ. ჩ-ეს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში ევალებოდა თავისი თანამდებობის შესატყვისი უფლებამოსილების, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პერიოდში – მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების, ასევე – გენერალური ინსპექციის უფროსის ბრძანებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება. კერძოდ: სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელად შესრულების კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენცია, დაწესებულების სისტემის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება.
· დ. ჩ-ე მოქმედებდა რა კანონით დაკისრებულ მოვალეობათა საწინააღმდეგოდ, მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ივლისს გამოტანილი განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით, მსჯავრდებულები – საქართველოს შსს-ს იმჟამინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები: გ. ა-ა, ა. ღ., მ. ბ. და ა. ა-ი 2006 წლის 18 ივლისს შეასახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – „ს-ი“) №-- დაწესებულებაში.
· გამოძიებით დადგინდა, რომ ზემოხსენებული ბრალდებულებისათვის ბრალად შერაცხულ დანაშაულში მთავარ ფიგურანტს/შემკვეთს წარმოადგენდა საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმჟამინდელი დირექტორი დ. ა-ა, რომელიც წინასწარ ურთიერთშეთანხმებით, ჩადენილ დანაშაულში არ ამხილეს გ. ა-ამ, ა. ღ-ამ, მ. ბ-ემ და ა. ა-მა. აღნიშნული პირების მიერ გაწეული ერთგულებისა და თანადგომის საფასურად, დ. ა-ა თითოეულ მათგანს დაჰპირდა პატიმრობისა და სასჯელის მოხდის მთლიანი ვადის მანძილზე ოჯახური და ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ ფულად საზღაურს, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდას სიმბოლური ვადით, ხოლო ამ ვადის განმავლობაში – კომფორტულ ცხოვრებასა და სხვა უკანონო შეღავათებს.
· მსჯავრდებულებისათვის მიცემული წინასწარი შეპირება საპატიმრო ადგილებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში მათი ყოფნის თაობაზე უნდა შესრულებულიყო დ. ა-ას ძმის – ბ. ა-ას აქტიური დახმარებითა და უშუალო მონაწილეობით, ვინაიდან იმ დროისათვის იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. თავისი ძმის – დ. ა-ასათვის ქმედითი მხარდაჭერის გზითა და უკანონო უპირატესობის მინიჭების მიზნით, საპატიმროში მსჯავრდებულების მიყვანამდე და, საერთოდ, მათ მიმართ განაჩენის დადგენამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ბ. ა-ამ თავისთან დაიბარა იმ პერიოდში სად-ის №- დაწესებულების დირექტორი, მისთვის სანდო პირი – თ. ტ-ა, რომელსაც ამ თანამდებობაზე დასანიშნად ბ. ა-ასთან წინასწარ რეკომენდაცია გაუწია მსჯავრდებულმა გ. ა-ამ. შეხვედრის დროს დაავალა მსჯავრდებულების – გ. ა-ას, ა. ღ-ას, მ. ბ-ისა და ა. ა-ისათვის განსაკუთრებულად კომფორტული პირობების შექმნა. ბ. ა-ამ სწორედ ამ განზრახვით დანიშნა იგი ს-ის №-- დაწესებულების დირექტორად.
· თ. ტ-ა დასთანხმდა შეთავაზებულ თანამდებობას მისი თანმდევი შედეგებით და შეუდგა ბ. ა-ასაგან მიღებული იმ დანაშაულებრივი განკარგულების შესრულებას, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად (მოქმედი კანონის ანალოგიური მუხლი), აკრძალული იყო და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა შინაგანაწესს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბ. ა-ამ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, უგულებელყო კანონის კატეგორიული მოთხოვნა და გასცა დანაშაულებრივი განკარგულება კანონის არაერთგზის დარღვევის შესახებ, რაც, თავის მხრივ, შეასრულა თ. ტ-ამ.
· ბ. ა-ას მიერ გაცემული საგანგებო დავალების შესრულების მიზნით, №-- საპყრობილის დირექტორი თ. ტ-ა შეხვდა თავის მოადგილეებს – მ. გ--ასა და შ. მ-ს, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს – ზ. ჯ-ას, რეჟიმის განყოფილების უფროსს – დ. ს-ეს და გადასცა მათ ბ. ა-ას მიერ გაცემული განკარგულება მსჯავრდებულების: გ. ა-ას, ა. ღ-ას, მ. ბ--ისა და ა. ა-ისათვის სად-ის №-- დაწესებულებაში საგანგებო პირობებისა და კომფორტის შექმნის შესახებ, რაც ასევე გულისხმობდა მათთვის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ, პატიმართა საცხოვრებელ კორპუსში მდებარე დამოუკიდებელი ფართის (ყოფილი მედ/ცენტრის) საცხოვრებლად გადაკეთებას, გარემონტებასა და კეთილმოწყობას, რაც მათ მოკლე ვადაში განახორციელეს კიდეც. სახელდობრ, საგანგებოდ შერჩეულ ფართში შეიღება კედლები, იატაკი, კარ-ფანჯარა, შემოიღობა გარე პერიმეტრი, მოეწყო დამოუკიდებელი სველი წერტილები, სამზარეულო და სხვა სათავსები.
· ზემოაღნიშნული მსჯავრდებულების სად-ის №-- დაწესებულებაში შესახლებისთანავე, რომელთაც თან ახლდათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მაშინდელი მოადგილე კ. ბ-ე, თ. ტ-ამ თავისთან დაიბარა მოადგილეები – შ. მ-ი და მ. გ--ა, ასევე – უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ზ. ჯ-ა, რეჟიმის განყოფილების უფროსი რ. ჭ-ე, გარე დაცვის სამსახურის უფროსი დ. ს-ე და ადმინისტრაციის სხვა ხელმძღვანელი პირები. მათ კ. ბ-ემ და თ. ტ-ამ კიდევ ერთხელ შეახსენეს ბ. ა-ას სპეციალური დავალება, კერძოდ, თ. ტ-ამ და კ. ბ-ემ მათ კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ მსჯავრდებულების – გ. ა-ას, ა. ღ-ას, მ. ბ--ისა და ა. ა-ისათვის სასჯელის მოხდის მთელ პერიოდში, კომფორტული პირობების უზრუნველსაყოფად, მათ არ უნდა შეხებოდათ საქართველოს კანონმდებლობითა და ციხის შინაგანაწესით დადგენილი წესები და ვალდებულებები; მათთვის არ უნდა შეზღუდულიყო თავისუფალი გადაადგილება ციხის ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს და უნდა ჰქონოდათ როგორც საქალაქო, ასევე მობილური ტელეფონებით სარგებლობის უფლება; არ უნდა მომხდარიყო როგორც მათთან მისული მნახველების შესაბამის ჟურნალში რეგისტრაცია და კონტროლი, ასევე – მიტანილი ამანათების შემოწმება; არ უნდა შეეფერხებინათ მათთან მისული მნახველები დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში და არ უნდა შეეზღუდათ დროში; არ უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულების ოთახების დათვალიერება, ჩხრეკა და აკრძალული საგნების აღმოჩენა და ამოღება. ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს „პატიმრობის შესახებ“ 1999 წლის 22 ივლისის კანონის 73-ე და 86-ე მუხლების დარღვევას (მოქმედი კანონის მე-14, მე-17, მე-172, მე-173, 52-ე და მე-60 მუხლები).
· სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის – ბ. ა-ასა და მისი მოადგილის – კ. ბ-ის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული მითითებებისა და დავალებების შესრულება, მათი თანამდებობის შესატყვისი ფუნქციებისა და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის (მოქმედი კანონის 52-ე მუხლი) მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ზედმიწევნით შეასრულეს სად-ის №-- დაწესებულების დირექტორმა თ. ტ-ამ, მისმა მოადგილეებმა – შ. მ-მა და მ. გ--ამ, ასევე – გარე დაცვის სამსახურის უფროსმა დ. ს-ემ, უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ზ. ჯ-ამ და რეჟიმის განყოფილების უფროსმა რ. ჭ-ემ.
· ბ. ა-ას დანაშაულებრივი ქმედების საფუძველზე, დაწესებულების შინაგანაწესისა და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის აშკარა დარღვევით, ხსენებულ პატიმრებზე დამატებითი შეღავათების გავრცელებითა და მათთვის უპირატესობის მინიჭებით, მსჯავრდებულების: გ. ა-ას, ა. ღ-ას, ა. ა-ისა და მ. ბ--ისათვის დადგინდა და ხორციელდებოდა კანონითა და დაწესებულების შინაგანაწესით გაუთვალისწინებელი პრივილეგიები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც მათ ოთახებში შეიტანეს ახალი, საპყრობილის პირობებში არასტანდარტული საწოლები, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. შემდეგში შეყვანილ იქნა ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზიისა და ელექტროენერგიის დამოუკიდებელი წყაროს ხაზები, დაენიშნათ პირადი მზარეული და დამლაგებელი. ოთხივე მსჯავრდებული შეუზღუდავად გადაადგილდებოდა დაწესებულების ტერიტორიაზე, შედიოდნენ ციხის ადმინისტრაციულ კორპუსში, მუდმივად ფლობდნენ და სარგებლობდნენ მობილური ტელეფონებით, ღამის საათებში იღებდნენ სტუმრებს, რომლებიც ძირითადად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, იუსტიციის სამინისტროსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საკმაოდ მაღალი რანგის მოხელეები იყვნენ. თ. ტ-ას, მ. გ--ასა და დ. ს-ის ხელშეწყობითა და მათი თანდასწრებით, ისინი სტუმრებთან ერთად მართავდნენ სუფრებს, მოიხმარდნენ ალკოჰოლურ სასმელებს და სარგებლობდნენ სექსუალური მომსახურებით. გარდა ამისა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, მათ შორის – დ. ჩ-ე, სისტემატურად შედიოდნენ ზემოაღნიშნულ მსჯავრდებულებთან სასჯელაღსრულების №-- დაწესებულებაში, გადასცემდნენ მათ საწვავის ტალონებს, ამარაგებდნენ საკვები პროდუქტებითა და ალკოჰოლური სასმელებით.
· მითითებული უკანონო პრივილეგიების გარდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების №-- დაწესებულების ადმინისტრაციის, საქართველოს შსს-სა და იუსტიციის სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების თანხმობითა და ხელშეწყობით, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულმა გ. ა-ამ სხვადასხვა მიზეზით, უკანონოდ, არაერთხელ დატოვა №-- დაწესებულების ტერიტორია და რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კერძოდ: 2006 წლის 29 სექტემბერს საპყრობილის დირექტორმა თ. ტ-ამ და საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის პ–--ს უფროსის მოადგილემ – დ. ჩ-ემ, ამ უკანასკნელის პირადი ავტომანქანით, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლით (მოქმედი კანონის 26-ე და 27-ე მუხლები) გათვალისწინებული სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ და ამ წესის უხეში დარღვევით შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, იმ მიზეზით, რომ გ. ა-ას ბებია ჰყავდა გარდაცვლილი, ბადრაგირების გარეშე, დაწესებულების ტერიტორიიდან უკანონოდ გაიყვანეს გ. ა-ა და რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ ა. რაიონის სოფელ კ-ი.
· 2008 წლის 26 იანვარს თ. ტ-ამ და ამჯერად უკვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მყოფმა დ. ჩ-ემ იმ მიზეზით, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ას გარდაცვლილი ჰყავდა მამა, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის (მოქმედი კანონის 26-ე და 27-ე მუხლები) თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ და ამ წესის უხეში დარღვევით შედგენილი დოკუმენტაციით უკანონოდ გაიყვანეს გ. ა-ა დაწესებულების ტერიტორიიდან და ბადრაგირების გარეშე, პირადი სარგებლობის ქვეშ მყოფი ავტომანქანით მიიყვანეს თ---, სადაც გ. ა-ა იმყოფებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში.
· 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებების პერიოდში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე დ. ჩ-ე შევიდა სასჯელაღსრულების №-- დაწესებულებაში და დაახლოებით 20:00 საათისათვის მსჯავრდებულები: გ. ა-ა, ა. ღ-ა, მ. ბ--ე და ა. ა-ი უკანონოდ გაიყვანა დაწესებულების ტერიტორიიდან. მან ციხის დირექტორის მოადგილეს – მ. გ--ასა და გარე დაცვის სამსახურის უფროსს – დ. ს-ეს განუცხადა, რომ მისი მოქმედება შეთანხმებული იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან. მ. გ-ამ და დ. ს-ემ, რომლებსაც სამსახურებრივად ევალებოდათ, არ დაეშვათ მსჯავრდებულების დაწესებულების ტერიტორიიდან უკანონო გასვლა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, არათუ წინააღმდეგობა არ გაუწიეს დ. ჩ-ეს, არამედ დაუბრკოლებლად მისცეს მას დაწესებულებიდან მსჯავრდებულების გაყვანის საშუალება და შემოიფარგლნენ მხოლოდ სად-ის №-- დაწესებულების დირექტორის – თ. ტ-ას შეტყობინებით და ისიც მხოლოდ პატიმართა მიერ დაწესებულების ტერიტორიის უკანონოდ დატოვების შემდეგ. თ. ტ-ა, თავის მხრივ, ასევე შემოიფარგლა აღნიშნულის თაობაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის – ბ. ა-ას ინფორმირებით. შესაბამისად, თ. ტ-ამ შეიტყო საპყრობილის ტერიტორიიდან 4 მსჯავრდებულის უკანონოდ გაყვანის შესახებ, მაგრამ განზრახ არანაირი კანონიერი ზომა არ მიიღო დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად და არ შეასრულა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა. უფრო მეტიც, ბ. ა-ა დ. ჩ-ესთან ერთად ესწრებოდა თ. ტ-ას საცხოვრებელ სახლში გამართულ სუფრებს, სადაც იმყოფებოდა ასევე გ. ა-ა და მხოლოდ 2008 წლის 25 აგვისტოს, როცა უკვე 15 დღის განმავლობაში არღვევდნენ „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 491-ე მუხლის (მოქმედი კანონის 26-ე და 27-ე მუხლები) მოთხოვნას, ბ. ა-ა და მისი ძმა დ. ა-ა იძულებული გახდნენ, უკანვე დაებრუნებინათ სად-ის №-- დაწესებულებიდან მათივე სიტყვიერი განკარგულებით უკანონოდ და თვითნებურად გაყვანილი მსჯავრდებულები – გ. ა-ა, ა. ა-ი, მ. ბ--ე და ა. ღ-ა.
· მოცემულ შემთხვევებში დ. ჩ-ემ, როგორც საჯარო მოხელემ, არათუ კეთილსინდისიერად არ შეასრულა მასზე დაკისრებული, კანონით გათვალისწინებული მოვალეობები, არამედ ბოროტად გამოიყენა სახელმწიფოს მიერ დელეგირებული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებები და ამ უფლებამოსილებების ძალით მსჯავრდებულებს – გ. ა-ას, მ. ბ--ეს, ა. ღ-ასა და ა. ა-ს მიანიჭა არაერთი უკანონო პრივილეგია და უპირატესობა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის განაჩენით დ. ჩ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (ძველი რედაქცია) დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია); დ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია, 2006 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე დ. ჩ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 9 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; დ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია, 2008 წლის 26 იანვრისა და 11 აგვისტოს ეპიზოდები) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე დ. ჩ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ. ჩ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
4. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· დ. ჩ-ე საქართველოს შს მინისტრის მოადგილის -- ბრძანებით 2005 წლის 21 ნოემბერს დაინიშნა და 2006 წლის 20 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის პ---ს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს იუსტიციისს მინისტრის №-- ბრძანებით 2006 წლის 21 დეკემბერს დაინიშნა და 2009 წლის 5 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე (მოვალეობის შემსრულებლად) და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ორივე შემთხვევაში წარმოადგენდა მოხელეს.
· დ. ჩ-ეს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში ევალებოდა თავისი თანამდებობის შესატყვისი უფლებამოსილების, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პერიოდში – მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების, ასევე – გენერალური ინსპექციის უფროსის ბრძანებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება, კერძოდ: სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელად შესრულების კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენცია, დაწესებულების სისტემის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება.
· 2006 წლის 29 სექტემბერს სად-ის №-- საპყრობილის დირექტორმა თ. ტ-ამ და საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის პ----–--ს უფროსის მოადგილემ – დ. ჩ-ემ, ამ უკანასკნელის პირადი ავტომანქანით, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლით (მოქმედი კანონის 26-ე და 27-ე მუხლები) გათვალისწინებული სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ და ამ წესის უხეში დარღვევით, იმ მიზეზით, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ას ბებია ჰყავდა გარდაცვლილი, ბადრაგირების გარეშე, დაწესებულების ტერიტორიიდან უკანონოდ გაიყვანეს გ. ა-ა და რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ ა. რაიონის სოფელ კ-ი.
· 2008 წლის 26 იანვარს თ. ტ-ამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მყოფმა დ. ჩ-ემ, იმ მიზეზით, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ას გარდაცვლილი ჰყავდა მამა, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის (მოქმედი კანონის 26-ე და 27-ე მუხლები) თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ და ამ წესის უხეში დარღვევით, დაწესებულების ტერიტორიიდან უკანონოდ გაიყვანეს მსჯავრდებული გ. ა-ა და ბადრაგირების გარეშე, პირადი ავტომანქანით მიიყვანეს ქ. თ--, სადაც გ. ა-ა იმყოფებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში.
· 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებების პერიოდში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე დ. ჩ-ე შევიდა სასჯელაღსრულების №-- დაწესებულებაში და დაახლოებით 20:00 საათისათვის მსჯავრდებულები – გ. ა-ა, ა. ღ-ა, ა. ა-ი და მ. ბ--ე, კანონმდებლობის იმპერატიულ მოთხოვნათა უხეში დარღვევით, უკანონოდ გაიყვანა დაწესებულების ტერიტორიიდან. მან ციხის დირექტორის მოადგილეს – დ. ს-ეს განუცხადა, რომ მისი მოქმედება შეთანხმებული იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან. მხოლოდ 2008 წლის 25 აგვისტოს მოხდა უკანონოდ გაყვანილი მსჯავრდებულების – გ. ა-ას, ა. ღ-ას, ა. ა-ისა და მ. ბ--ის სად-ის №-- დაწესებულებაში დაბრუნება.
5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. ჩ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ვ. თ-ემ და გ. ფ-ემ. მათ ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის განაჩენის გაუქმება და დ. ჩ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. კასატორი – მსჯავრდებულ დ. ჩ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ბ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ეწინააღმდეგება იმ ნორმატიული აქტების დადგენილ რეგულაციებს, რომლებითაც განსაზღვრული იყო დ. ჩ-ის ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და ამოცანები; დ. ჩ-ე მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №--- ბრძანებულებისა და იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №-- ბრძანების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, გამორიცხული იყო ჩარევა და ლეგიტიმური უფლებამოსილების განსაზღვრა სასჯელაღსრულების სამინისტროში; ამდენად, დ. ჩ-ის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა გამორიცხულია. დაცვის აზრით, დ. ჩ-ეს არანაირი კავშირი არა აქვს განაჩენში მითითებულ არცერთ ეპიზოდთან; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 ივნისის №--- ბრძანება, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №-- ბრძანება და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №--- ბრძანებულება – ეს ნორმატიული აქტები ამტკიცებს დ. ჩ-ის უდანაშაულობას; ბრალში მოყვანილი ფაქტები და განაჩენით დადგენილი გარემოებები არ შედიოდა მის მიერ დაკავებული თანამდებობების უფლება-მოვალეობებში.
8. კასატორის მოსაზრებით, დ. ჩ-ეს არცერთ შემთხვევაში არანაირი სახის სამსახურებრივი შეხება არ ჰქონდა სასჯელაღსრულების სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებასთან, რაც გამორიცხავს უფლებამოსილების გადამეტებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ა. ბ-ე ითხოვს საქმის განხილვას ზეპირი მოსმენით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.
9. სასამართლო სხდომაზე, საკასაციო საჩივრის განხილვის დროს, მსჯავრდებულმა დ. ჩ-ემ აღიარა მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რასაც დაეთანხმა მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ბ-ე.
10. 2021 წლის 2 ივნისს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილ დანაშაულთა ხასიათი და სიმძიმე, ბრალეულობის ხარისხი, ასევე, მსჯავრდებულის საზოგადოებრივი საშიშროება, პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელშეწყობა, დამნაშავე პირებზე მამხილებელი ჩვენების მიცემა, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულ დ. ჩ-ეს, მის ადვოკატს – ა. ბ-ესა და საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ლეონტი ადეიშვილს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
11. 2021 წლის 2 ივნისს პროკურორმა ლეონტი ადეიშვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ დ. ჩ-ეს შორის 2021 წლის 2 ივნისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ დ. ჩ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ:
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქციით, 2008 წლის 26 იანვრისა და 2008 წლის 11 აგვისტოს ეპიზოდები) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა – 10 000 (ათი ათასი) ლარი;
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე დ. ჩ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ძირითადი სასჯელი და დამატებითი სასჯელი უფლების ჩამორთმევის სახით და საბოლოოდ განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 9 (ცხრა) თვით, ასევე ჯარიმა – 10 000 (ათი ათასი) ლარი;
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით, 2006 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლით;
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე დ. ჩ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ძირითადი სასჯელი და დამატებითი სასჯელი უფლების ჩამორთმევის სახით და საბოლოოდ განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 9 (ცხრა) თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ასევე – საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქციით, 2008 წლის 26 იანვრისა და 2008 წლის 11 აგვისტოს ეპიზოდები) დანიშნულმა დამატებითმა სასჯელმა – 9 თვით სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევამ – შთანთქას თანაბარი დამატებითი სასჯელი და დ. ჩ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 9 (ცხრა) თვით, ასევე – ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით) საქართველოს სსკ-ის 320-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებულმა ძირითადმა და დამატებითმა სასჯელმა (2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთამ და 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევამ) და დ. ჩ-ეს საბოლოოდ განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით და ჯარიმა – 10 000 (ათი ათასი) ლარი.
დ. ჩ-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2013 წლის 13 აგვისტოდან 2013 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით.
12. 2021 წლის 3 ივნისს სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ლეონტი ადეიშვილმა, მსჯავრდებულმა დ. ჩ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ-ემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ლეონტი ადეიშვილსა და მსჯავრდებულ დ. ჩ-ეს შორის, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების – შ. მ-ის, თ. ტ-ას, მ. გ--ას, რ. ჭ-ის, დ. ს-ის, მ. ჯ-ას, თ. გ-ის, დ. შ-ის, გ. მ-ის, ა. ღ-ას, მ. ბ--ის, ა. ა-ის ჩვენებებით, №-- სისხლის სამართლის საქმის მასალებით, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის №--- განკარგულებით (შეწყალებით), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განჩინებით საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, თბილისის საქალაქო სასამართლოდან ამოღებული და სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი გ. ა-ას, ა. ა-ის, ა. ღ----ასა და მ. ბ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების დოკუმენტებით, საქართველოს შს სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის 2013 წლის 25 იანვრის №--- და შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ადმინისტრაციის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის 2013 წლის 18 იანვრის №--- წერილებითა და გადმოგზავნილი დოკუმენტებით, სატელეფონო სიმბარათებზე შემავალი და გამავალი ზარების შპს „ჯ-დან“ და შპს „მ-დან“ ამოღებული დეტალური ამონაწერებით, საქართველოს შს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოდან მიღებული 2013 წლის 26 ივლისის №--- წერილითა და თანდართული დოკუმენტაციით (თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებებით), საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის 2013 წლის 30 აგვისტოს №----- დასკვნით სამსახურებრივი შემოწმების შესახებ, ასევე – სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით დ. ჩ-ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ დ. ჩ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული დ. ჩ-ე ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ლეონტი ადეიშვილის შუამდგომლობა მსჯავრდებულ დ. ჩ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ლეონტი ადეიშვილსა და მსჯავრდებულ დ. ჩ-ეს შორის;
4. დ. ჩ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქციით, 2008 წლის 26 იანვრისა და 2008 წლის 11 აგვისტოს ეპიზოდები) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად მიესაჯოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა – 10 000 (ათი ათასი) ლარი;
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე დ. ჩ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ძირითადი სასჯელი – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი უფლების ჩამორთმევის სახით და საბოლოოდ განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 9 (ცხრა) თვით, ასევე ჯარიმა – 10 000 (ათი ათასი) ლარი;
5. დ. ჩ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით, 2006 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლით;
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე დ. ჩ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ძირითადი სასჯელი და დამატებითი სასჯელი უფლების ჩამორთმევის სახით და საბოლოოდ განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 9 (ცხრა) თვით;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ასევე – საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქციით, 2008 წლის 26 იანვრისა და 2008 წლის 11 აგვისტოს ეპიზოდები) დანიშნულმა დამატებითმა სასჯელმა – 9 თვით სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევამ – შთანთქას თანაბარი დამატებითი სასჯელი და დ. ჩ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 9 (ცხრა) თვით, ასევე – ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი;
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით) საქართველოს სსკ-ის 320-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებულმა ძირითადმა და დამატებითმა სასჯელმა (2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთამ და 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევამ) და დ. ჩ-ეს საბოლოოდ განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, ასევე – ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი;
8. დ. ჩ-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2013 წლის 13 აგვისტოდან 2013 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით, ასევე – სასჯელის მოხდის პერიოდი – 2021 წლის 6 აპრილიდან 2021 წლის 3 ივნისის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;
9. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
10. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ დ. ჩ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;
11. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
12. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი