საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.09.2021
საქმის ნომერი
2კ-206აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.09.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100107002438486

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №206აპ.-21 10 სექტემბერი, 2021 წელი

პ-ა ა. , 206აპ.-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორ სალომე ჩიქობავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პროცედურა:

1.1 საბრალდებო დასკვნის თანახმად, ა. პ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად), საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა - 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია - (სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის) და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

1.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენით:

ა. პ-ა (მონაწილეობის გარეშე) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

ა. პ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე 2 წლით ჩამოერთვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი ან წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, ა. პ-ს გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით, 1 წლით ჩამოერთვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი ან წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ა. პ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. ა. პ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2006 წლის 25 ივლისიდან 2007 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.

1.3 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა და მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ დააზუსტა, რომ ა. პ-მ ჩაიდინა მითვისება და არა - გაფლანგვა.

1.4 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება და ა. პ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

1.5 2021 წლის 1 მარტს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორმა სალომე ჩიქობავამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

1.6 პროკურორის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებლები, რომლებითაც ა. პ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - დ. კ-მა და ჯ. შ-მ მოითხოვეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1 ა. პ-ა, როგორც სს „ ბანკის“ ფაქტობრივი ხელმძღვანელი, განკარგავდა ბანკის ქონებას. მან სს „ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვ. ვ-თან, გენერალურ დირექტორ თ. კ-სთან, დირექტორებთან - ი. მ-ესა და გ. თ-ესთან წინასწარი შეთანხმებით, განიზრახა სხვისი ქონების მითვისება. იგი, ი. მ-ის მეშვეობით, წინასწარ შეუთანხმდა ბანკის თანამშრომლებს, რომ მათ სახელზე გააფორმებდა სესხის ხელშეკრულებებს, თუმცა გამოტანილ თანხას თვითონ მიიღებდნენ. ამ შეთანხმების თანახმად, 2004 წლის 1 აპრილიდან 2 ნოემბრამდე პერიოდში ბანკის 12 თანამშრომელთან გაფორმდა ხელშეკრულებები სესხის გაცემის შესახებ. შედეგად, ა. პ-მ ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად, ყალბი სალაროს გასავლის ორდერების საფუძველზე, მითითებულ პერიოდში, მიიღო სესხების სახით გამოწერილი თანხა, სულ - 77195 აშშ დოლარი, რაც გამოიყენა აღურიცხავი ხელფასების გაცემის, სს „ ბანკის“ შენობის აღურიცხავი საიჯარო თანხის დაფარვისა და სხვა, მათ შორის, პირადი საჭიროებისათვის. მიუხედავად ხელშეკრულებების ვადის ამოწურვისა, ა. პ-სა და ზემოაღნიშნულ პირებს არ დაუბრუნებიათ სესხის ძირითადი თანხა - 56618,91 აშშ დოლარი და სესხით სარგებლობის პროცენტი - 16928,46 აშშ დოლარი, რითაც სს „ ბანკს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1 კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ა. პ-ს მიერ ჩადენილი ქმედების შესაბამისობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსთან. კერძოდ, პროკურორის მოსაზრებით, მიუხედავად ბანკთან იურიდიული კავშირის არარსებობისა, ვერ გამოირიცხება ა. პ-ს, როგორც ბანკის რეალური მფლობელის მიერ, მის მიერვე სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშნული და მართული პირების მეშვეობით, ბანკის აქტივების მართლზომიერი მფლობელობა და გამგებლობა. ამასთან, ის ფაქტი, რომ სესხის სახით გაცემული თანხები ა. პ-ს არ მიუღია, არ გამორიცხავს ქმედების მითვისებად კვალიფიკაციას, რადგან მითვისება არ გულისხმობს უშუალოდ მიმთვისებლის მიერ ქონების მიღებას და შეიძლება გამოიხატოს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა უკანონო დაუფლებაში როგორც თავად მიმთვისებლის, ისე სხვა პირთა სასარგებლოდ.

3.2 ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრის დაშვების სამართლებრივ საფუძვლად უთითებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, კერძოდ, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

4.2 საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი.

4.3 საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ქმედების კვალიფიკაციის შესახებ და აღნიშნავს, რომ ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია შემდეგ გარემოებათა ერთობლიობა: სხვისი ნივთი ან ქონებრივი უფლება უნდა იმყოფებოდეს მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში; პირი უნდა მოქმედებდეს ანგარების მოტივით, ამოძრავებდეს სხვისი ნივთის/ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი ქონების ხარჯზე საკუთარი ქონების უკანონოდ და უსასყიდლოდ გაზრდის პირდაპირი განზრახვა.

4.4 საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ა. პ-ს მიერ, მის მიერვე სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშნული და მართული პირების მეშვეობით, ბანკის აქტივების მართლზომიერი მფლობელობისა და გამგებლობის შესახებ და განმარტავს, რომ მართლზომიერი მფლობელობა და გამგებლობა გულისხმობს იმ ფაქტობრივ მდგომარეობას, როდესაც პირი სხვის ნივთს/ქონებრივ უფლებას პირადად და უშუალოდ ფლობს რაიმე კანონიერი საფუძვლით და აქვს ქონების სათანადოდ განკარგვის უფლებამოსილება. განსახილველ საქმეში სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ იკვეთება ა. პ-ს მიერ სს „ ბანკის“ აქტივების მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებობის ფაქტი, ხოლო პროკურორის არგუმენტი სხვა პირთა მეშვეობით ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და გამგებლობის შესახებ მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

4.5 საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტს, რომლის თანახმად, მითვისება არ გულისხმობს უშუალოდ მიმთვისებლის მიერ ქონების მიღებას და შეიძლება გამოიხატოს სხვა პირთა სასარგებლოდ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა უკანონო დაუფლებაში. სასამართლო განმარტავს, რომ მითვისება გულისხმობს ისეთ ქმედებას, როდესაც პირი უკანონოდ ეუფლება მის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებულ სხვის ნივთს/ქონებრივ უფლებას და მიზნად ისახავს, განკარგოს ეს ქონება, როგორც საკუთარი. შესაბამისად, ქმედების მითვისებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის აუცილებელია, დადგინდეს უშუალოდ მიმთვისებლის მიერ სხვისი ქონების თავის ქონებასთან მიერთებისა და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის შესაძლებლობის ფაქტი. მითვისების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მიმთვისებელი სწორედ თავის სასარგებლო ქმედებას ახორციელებს. რაც შეეხება სხვა პირთათვის სარგებელს, შესაძლებელია, მითვისების შემდგომ ქონების სხვების სასარგებლოდ გამოყენება ან თუნდაც, მითვისების მომენტში სხვა პირთათვის სარგებლის მოტანის მიზნის არსებობა, თუმცა ეს არ ცვლის იმ სამართლებრივ მოცემულობას, რომ მითვისებული ქონება უშუალოდ მიმთვისებლის ხელში უნდა მოხვდეს. სწორედ ეს უკანასკნელი განასხვავებს მითვისებას გაფლანგვისაგან. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ არ იკვეთება ა. პ-ს მიერ სს „ ბანკის“ აქტივების მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებობის ფაქტი, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე ვერ დასტურდება სს „ ბანკიდან“ სესხის სახით გაცემული თანხების ა. პ-სთვის გადაცემის, აღნიშნული თანხის მის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებისა და საკუთარი ქონებისთვის მიერთების ფაქტი. შესაბამისად, არ იკვეთება მითვისების ობიექტური შემადგენლობის განხორციელებისათვის აუცილებელი არცერთი ნიშანი. ამასთან, არც ის დასტურდება, რომ ა. პ-ს ამოძრავებდა სხვისი კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და შესაბამისად, სხვისი ქონების ხარჯზე საკუთარი ქონების უკანონოდ გაზრდის განზრახვა, რაც, ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად, გამორიცხავს ქმედების მითვისებად კვალიფიკაციას.

4.6 საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ჩადენილ ქმედებას.

4.7 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.8 საქართველოს სსსკ-ის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორ სალომე ჩიქობავას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი