ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141221004634384
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№3701-21 10 ივნისი , 2021 წელი
ფ–ა ჯ., 3701-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ფ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის განაჩენით ჯ. ფ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ჯ. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით და ჯარიმა - 1000 ლარი.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით ჯ. ფ–ს ¼-ით შეუმცირდა წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ჯ. ფ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა - წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით.
ჯ. ფ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 13 ოქტომბრიდან.
4. 2021 წლის 13 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ჯ. ფ–ს პირადი საქმე.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ფ–ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ჯ. ფ–ამ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
7. მსჯავრდებულმა ჯ. ფ–ამ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი საფუძველზე დანიშნული სასჯელების შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ შემთხვევაში ჯ. ფ–ა წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (არ ეხება ამნისტია; ამასთან, აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელი აღსრულებულია) და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ეხება ამნისტია).
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული“.
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე“.
5. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის განაჩენით ჯ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი, რაც მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრულ სასჯელს. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯარიმის დაკისრების თაობაზე მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, რაც აღსრულებული არ არის, ჯ. ფ–ს მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და იგი სრულად უნდა გათავისუფლდეს წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1000 ლარი ჯარიმის - მოხდისაგან.
6. რაც შეეხება 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ჯ. ფ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ.
7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.
8. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ჯ. ფ–ა დანაშაულის ჩადენის დროისათვის იყო ნასამართლობის მქონე პირი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (არ ეხება ამნისტია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამნისტიის აქტის მოქმედება განავრცოს და გამოიყენოს იმ დანაშაულებრივი ქმედების მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ჯ. ფ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
3. ჯ. ფ–ა გათავისუფლდეს წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1000 ლარი ჯარიმისგან;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენში, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის ნაწილში, შევიდეს ცვლილება, კერძოდ: გაუქმდეს ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ჯარიმა - 1000 ლარი;
ჯ. ფ–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 წელი;
5. განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე