დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 30.09.2021
საქმის ნომერი
2კ-412-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.09.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141321004713231

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№4121-21 30 სექტემბერი, 2021 წელი

პ-ი ა, 4121-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. პ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 თებერვლის განაჩენით ა. პ-ი, - დაბადებული .... წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 355-ე მუხლით - ჯარიმა 1000 ლარი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოოდ ა. პ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 16000 ლარი. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

2. 2021 წლის 7 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ძებნილმა მსჯავრდებულმა ა. პ-ა და ითხოვა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. პ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მის მიმართ 2008 წლის 28 თებერვლის განაჩენით დაკისრებულ ჯარიმაზე არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. პ-ა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

5. მსჯავრდებულმა ა. პ-ა საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის განჩინებაში ცვლილების შეტანა და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ა. პ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ,,მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია - თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. სასამართლოს პენიტენციურ დაწესებულებაში/პრობაციის რეჟიმში მყოფი ან არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებული პირის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, ხოლო ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა“.

4. შესაბამისად, ძებნილი მსჯავრდებული ა. პ-ი არ იყო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებამოსილი პირი.

5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე“.

6. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 თებერვლის განაჩენი, რომლითაც ა. პ-ს მსჯავრი დაედო, გამოტანილია მის დაუსწრებლად. აღნიშნული განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო წესით მსჯავრდებულის დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში. ამდენად, სასამართლომ განაჩენი ჯარიმის ნაწილში ვერ აღასრულა, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 თებერვლის განაჩენით ძებნილი მსჯავრდებულის - ა. პ-ის მიმართ დაკისრებული ჯარიმა ვერ ჩაითვლება აღუსრულებლად. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება ა. პ-ის მიმართ სასჯელის სახით დაკისრებულ ჯარიმაზე.

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. პ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი