საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003135795
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №143აპ-21 ქ. თბილისი
ტ. თ., 143აპ-21 2 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილის რომეო ტყაბლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. ტ–ს,- დაბადებული 19.. წელს, ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსკ-ის) 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 15:50 საათზე, ქ. ქ–ში, .......ს გამზირზე №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ. ტ–ე ძალადობის გამოყენებით (თავი დაარტყა სახის არეში) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა მ. ს–ს კუთვნილ, 600 ლარად ღირებულ „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.
- 2019 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ. ტ–ე მივიდა ს–ს რაიონის სოფელ .....ში მცხოვრებ რ. ნ–ს საცხოვრებელ სახლში, სადაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ამ უკანასკნელის მეუღლეს - ი. ნ–ს, ხოლო რ. ნ–ს საცხოვრებელი სახლის წინ, ქუჩაში, რამდენჯერმე მოუქნია ხელთ ნაქონი დანა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულის შედეგად რ. ნ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- თ. ტ–ე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენის საფუძველზე ითვლებოდა რა ნასამართლევად განზრახი ნაკლებად მძიმე, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება. კერძოდ, 2019 წლის 23 მარტს ეს უკანასკნელი ატარებდა ცივ იარაღს – დანას, რაც ამოიღეს საქართველოს შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ თ. ტ–ს პირადი გასინჯვის შედეგად.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის განაჩენით თ. ტ–ე ცნობილ იქნა:
- უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
- დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და თ. ტ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ტ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თ. ტ–ს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2019 წლის 24 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2020 წლის 15 მაისიდან.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა რომეო ტყაბლაძემ, მსჯავრდებულმა თ. ტ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - ნ. კ–მ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
- თ. ტ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
- თ. ტ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და თ. ტ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ტ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
თ. ტ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2020 წლის 15 მაისიდან –
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დადგენის დღიდან. სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 22 აპრილიდან 2020 წლის 15 მაისამდე.
თ. ტ–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა რომეო ტყაბლაძემ, მსჯავრდებულმა თ. ტ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა, ნ. კ–მ.
6. პროკურორი რომეო ტყაბლაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენის შეცვლას და თ. ტ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია, არ ეყრდნობა სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
7. სასამართლომ შეისწავლა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
8. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს თ. ტ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, რაც შესაძლოა, დაირღვეს, როდესაც დაზარალებულს ემუქრებიან ძალადობრივი ქმედების ჩადენით და მუქარის ფორმა ადრესატს უქმნის მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშს. ამასთან, მუქარა თავისი ფორმით, განხორციელების ვითარებით და განმახორციელებელი სუბიექტის გათვალისწინებით ადრესატს უქმნის მუქარის განხორციელების რეალურობის განცდას. შიშის ფაქტორის შეფასებისას გასათვალისწინებელია სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმები.
10. დაზარალებულ რ. ნ–ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ თ. ტ–ე დანით გაემართა მისკენ, თან აგინებდა უცენზურო სიტყვებით, რამოდენიმეჯერ მოუქნია დანა და დაემუქრა ყელის გამოჭრით, მან აიცილა მოქნეული, დაახლოებით 40 სანტიმეტრის სიგრძის მოყავისფრო ხისტარიანი დანა. ფაქტს ესწრებოდნენ მისი შვილები, ცოლის მამიდაშვილი და მისი ბიძაშვილი. მისმა მეუღლემ ამ დროს მობილურით დარეკა 112-ში და ითხოვა პოლიციის დახმარება. ყოველივე აღნიშნულმა გაუჩინა მუქარის განხორციელების რეალური შიში, ცოტაც და თ. სისრულეში მოიყვანდა განზრახვას მის მიმართ (ტ. 2, ს.ფ. 70-72).
11. სასამართლო ითვალისწინებს რომ აღნიშნულ ეპიზოდში ძირითად მამხილებელ მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებულის - მ. ნ–ს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. ამასთან, მოწმე ხ. ნ–ს და დაზარალებულის ჩვენებები ეწინააღმდეგება სხვა თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებს. კერძოდ, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ნ. ნ–მ მიუთითა, რომ არც დამუქრების და არც ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია; თ. ტ–ს არ უთქვამს დაზარალებულისათვის, რომ ყელს გამოჭრიდა; ზოგადად შეეშინდათ, მაგრამ ბრალდებული მალევე მიტრიალდა და წავიდა. ი. ნ–მ კი განმარტა, რომ თ. ტ–მ მართალია ამოიღო დანა და ხელში ეჭირა, მაგრამ არავის ერჩოდა, არც რაიმე დამუქრება გაუგონია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება თ. ტ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
12. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება თ. ტ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. დაზარალებულ მ. ს–ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული მამხილებელი ჩვენება, რომელიც საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, წარმოადგენს ამ ნაწილში თ. ტ–ს ძირითად მამხილებელ მტკიცებულებას. საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერზე ასახულია მხოლოდ თ. ტ–სა და მ. ს–ს ერთად გადაადგილება, რასაც, თავის მხრივ, არც თ. ტ–ე უარყოფს. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსი სრულად ეფუძნება დაზარალებულ მ. ს–ს მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციას (საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და დაზარალებულის ჩვენება ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებაა); ხოლო ექსპერტიზის დასკვნა მართალია, ადასტურებს მ. ს–ს სხეულზე დაზიანების არსებობას, მაგრამ საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, აღნიშნული დაზიანების თ. ტ–ს მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებას.
13. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტს, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილს, 82-ე მუხლისა და 269-ე მუხლის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება თ. ტ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
14. თ. ტ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს:
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დგინდება რომ თ. ტ–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
16. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენით თ. ტ–სათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებებთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელი, ამ კანონის საფუძველზე ავტომატურად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
17. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
18. მსჯავრდებულ თ. ტ–სა და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ ნ. კ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2020 წლის 28 დეკემბერს, გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 31 დეკემბრის განჩინებით თ. ტ–ს ინტერესების დამცველის ადვოკატ ნ. კ–ს შუამდგომლობა განაჩენის საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილის რომეო ტყაბლაძის საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. თ. ტ–ს და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ ნ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე