საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.07.2021
საქმის ნომერი
2კ-189აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.07.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003153210

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №189აპ-21 ქ. თბილისი

მ–ი რ., 189აპ-21 9 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 აპრილის განაჩენით რ. მ–ი, -დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით რ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა წინა განაჩენით რ. მ–სათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, რ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

რ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 30 ივლისიდან;

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, რ. მ–ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. მ–მ და რ. მ–მ ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. კერძოდ: რ. მ–მ და რ. მ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 0,0089 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი, ორ ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ნივთიერება, რაც 2019 წლის 2 აპრილს ქალაქ მ–ში, ........ის ქუჩაზე, 300 ლარად უკანონოდ გაასაღეს დ. ჯ–ზე.

გასაღებული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. 2019 წლის 30 ივლისს ამავე პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მ–ში, .......ის ქუჩა N..-ში, დაკავეს რ. მ–ი.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. მ–ს ადვოკატმა ლ. კ–მ და ითხოვა რ. მ–ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 აპრილის განაჩენი რ. მ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. მ–ს ადვოკატმა ო. გ–მ და ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: რ. მ–ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მსჯავრდებულის აღიარების გათვალისწინებით, მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.

დაცვის მხარის მტკიცებით, გასაღების ნაწილში წარმოდგენილია 2 ძირითადი მტკიცებულება - დ. ჯ–ს ჩვენება და ვიდეოკამერის ჩანაწერი. ამასთან, დ. ჯ–მ დაკითხვისას რადიკალურად შეცვალა ჩვენება, ვერ იცნო რ. მ–ი, აერია რ–ს და რ-ს სახელები, იყო არათანმიმდევრული და დაბნეული, ხოლო ვიდეოჩანაწერის უმეტესი ნაწილი არის ხარვეზიანი, ხმა ისმის ცუდად, მასში არ ვლინდება რ. მ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ფაქტი.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ რ. მ–მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, თუმცა დავის საგანია, რ. მ–სთან ერთად გაასაღა თუ არა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება, წინასწარი შეთანხმებით.

9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება რ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

10. სასამართლო სხდომაზე მოწმე დ. ჯ–მ განმარტა, რომ ის, როგროც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, დაახლოებით 3-4 წელია იცნობს, რ. მ–ს, ხოლო რ. მ–ი ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის დროს გაიცნო. 2019 წლის აპრილის დასაწყისში რ. მ–მ რამდენჯერმე შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების შეძენა, კერძოდ, უთხრა, რომ „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერების 3 „წონაკს“ 300 ლარად მიჰყიდდა. დ. ჯ–ი დასთანხმდა, თუმცა მიმართა სამართალდამცავ ორგანოს, სადაც აღჭურვეს ტექნიკური საშუალებით და გადასცეს ნარკოტიკული საშუალების შესაძენი თანხა - 300 ლარი. აღნიშნულის შემდეგ, შეხვდა რ. მ–ს და გადასცა 300 ლარი, ამ უკანასკნელმა კი უთხრა, რომ სხვა პირი მიუტანდა ნარკოტიკულ საშუალებას. დაახლოებით 10 წუთში მათთან მივიდა და ავტომანქანის უკანა სავარძელში ჩაჯდა რ. მ–ი, რომელმაც წინასწარ შეთანხმებული სამი „წონაკის“ ნაცვლად მიიტანა ორი და რ. მ–სთან ერთად შეჰპირდა, რომ მესამე „წონაკს“ მეორე დღეს გადასცემდა. დ. ჯ–მ გამოართვა შეძენილი ნარკოტიკული საშუალება და, თავის მხრივ, გადასცა პოლიციის თანამშრომლებს.

მოწმემ განაცხადა, რომ მას რ. მ–ს და რ. მ–ის სახელები და გვარები ერთმანეთში ერევა, თუმცა დამაზუსტებელ კითხვაზე კატეგორიულად განმარტა, რომ მისი ძველი ნაცნობი იყო რ. მ–ი, რომელიც სასამართლო სხდომაზე არის წარმოდგენილი, ხოლო რ. მ–ი გაიცნო იმ დღეს. ამასთან, განმარტა, რომ იმ პირის მობილური ტელეფონის ნომერი, რომელსაც დიდი ხანია იცნობს და რომელსაც გადასცა თანხა, მობილურ ტელეფონში მითითებული აქვს სახელით - ,,რ–ა“.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ დ. ჯ–ს ჩვენება არ არის სანდო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მოწმეს პირველ ეტაპზე აერია რ. მ–ს და რ. მ–ის სახელები, ამასთან, ვერ იცნო რ. მ–ი, დამაზუსტებელ შეკითხვაზე პასუხად და მსჯავრდებულზე ვიზუალური დაკვირვებისას კატეგორიულად განმარტა, რომ მისი ნაცნობი იყო რ. მ–ი და სწორედ მას გადასცა ნარკოტიკული საშუალების საფასური, ხოლო უშუალოდ ნარკოტიკული საშუალება მიუტანა ამ უკანასკნელის მეგობარმა, რ. მ–მ. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ. მ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების მიტანის ფაქტს არ უარყოფს არც თავად რ. მ–ი (რ. მ–მ აღიარა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ამ ეპიზოდში გასაჩივრდა მხოლოდ სასჯელის ნაწილში).

12. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ვიდეოჩანაწერის შინაარსიდან არ ვლინდება რ. მ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტი, ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას, რომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა რ. მ–ისაგან და მას, თავის მხრივ, დ. ჯ–სათვის არ მიუყიდია, რადგან აღნიშნული არ დასტურდება ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული დ. ჯ–ს, რ. მ–სა და რ. მ–ის შეხვედრის და საუბრის ჩანაწერით.

13. ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2019 წლის 29 ნოემბრის ... დასკვნის თანახმად, ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.

14. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის 2019 წლის 27 ნოემბრის #.... დასკვნის თანახმად, ფარული ვიდეო-აუდიოჩაწერის ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები; საექსპერტო კვლევისათვის წარდგენილ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება და მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ რ. მ–ს სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

15. ქიმიური ექსპერტიზის 2019 წლის 3 აპრილის #........ დასკვნის თანახმად, 2019 წლის 2 აპრილს დ. ჯ–სგან ამოღებული, რ. მ–საგან შეძენილი, ორ ცალ პოლიეთილენის მწვანე ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის, მოყავისფრო ნივთიერება, წონით - 0,0112 გრამი და 0,0042 გრამი, საერთო წონით - 0,0154 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საერთო წონა შეადგენს - 0,0089 გრამს.

16. ვიდეოჩანაწერითა და თავად მოწმე დ. ჯ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ დ. ჯ–საგან რ. მ–მ აიღო ნარკოტიკული საშუალების ღირებულება, ხოლო მას შემდეგ, რაც რ. მ–მ სამის ნაცვლად მიუტანა ორი შეკვრა, რ. მ–ი და რ. მ–ი ერთობლივად დაჰპირდნენ მესამე ,,ჩეკის“ მოგვიანებით გადაცემას. აღნიშნული კი ცალსახად მიუთითებს, რომ ისინი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ახდენდნენ დ. ჯ–ზე ნარკოტიკული საშუალების გასაღებას.

17. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ დ. ჯ–ი და რ. მ–ი საუბრობენ ნარკოტიკული საშუალების ერთობლივად მოხმარებაზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ აღნიშნული არ გამორიცხავს რ. მ–ს მხრიდან ნარკოტიკული საშუალების გასაღების ჩადენა.

18. საკასაციო სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ. მ–მ და რ. მ–მ უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 0,0089 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი, ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, რაც 2019 წლის 2 აპრილს ქალაქ მ–ში, .......ის ქუჩაზე, 300 ლარად უკანონოდ გაასაღეს დ. ჯ–ზე.

19. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას სასჯელის შემსუბუქების შესახებ, რადგან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე; ხოლო 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით რ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით რ. მ–ს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის განესაზღვრა მინიმალური ხანგრძლივობის სასჯელი.

20. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ რ. მ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

21. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: ,,ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“. მოცემულ შემთხვევაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით რ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად, მასზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი - სასჯელის განახევრება - ვერ გავრცელდება.

22. გარდა ამისა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის პოზიცია ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას რ. მ–ს მიმართ გაავრცელოს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე.

23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

24. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

26. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე