დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.12.2021
საქმის ნომერი
37აგ.-2021
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.12.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №37აგ-21 თბილისი

ჯ-ი ნ-მ, 37აგ-21 15 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ნ. ჯ-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1.21509 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენა-შენახვაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით - ჯამურად - 0.3327 გრამი (0.0827, 0.0846, 0.0338, 0.0637 და 0.0679 გრამი) ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო გასაღებაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და მიესაჯა 8-8 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ ნ. ჯ-ს განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 11 აგვისტოდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ნ. ჯ-ს შორის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ნ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 6 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით; 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 6 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ. ჯ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 6 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. ნ. ჯ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 11 აგვისტოდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ჯ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი და განესაზღვრა 4 წელი და 6 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 9 თვე - ჩაეთვალა პირობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის - დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის ნაწილში, დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ჯ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.

5. 2021 წლის 14 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ნ. ჯ-მა, რომელმაც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 5 მარტის კანონის საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ჯ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. ჯ-მა, რომელიც ითხოვს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. ამასთან, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 5 მარტის კანონის შესაბამისად, ისევე როგორც ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 189-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ დიდ ოდენობად ითვლება 0.2 გრამზე მეტი - 1 გრამის ჩათვლით, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად - 1 გრამზე მეტი.

4. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, ნ. ჯ-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1.21509 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენა, შენახვაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით - 0.3327 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო გასაღებაში. აღნიშნული ოდენობები ნ. ჯ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის რედაქციითაც და ამ კანონში 2021 წლის 5 მარტს შესული ცვლილების შემდეგაც წარმოადგენს იმავე ოდენობებს, კერძოდ: 1.21509 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ - განსაკუთრებით დიდ ოდენობას, ხოლო 0.3327 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ - დიდ ოდენობას.

5. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ნ. ჯ-ის შუამდგომლობა, ვინაიდან „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებით მისი სისხლისსამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება და, შესაბამისად, შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ნ. ჯ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ნ. ჯ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. ვასაძე