საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.03.2022
საქმის ნომერი
2კ-866აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100121004502471

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №866აპ-21 ქ. თბილისი

ქ-ე დ, 866აპ-21 10 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. ქ-ს, - დაბადებულს .... წლის .. ივნისს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.ტ-ში, გრ.გ-ის №..-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, დ. ქ-ემ ცოლს - თ. ყ-ს არასრულწლოვანი შვილების, ვ. და ჯ. ქ-ის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ესროლა წნევის აპარატის ჩასადები, რომელშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა საგანი და რომელიც თ. ყ-ს მოხვდა თავში. ძალადობის შედეგად თ. ყ-მა მიიღო მსუბუქი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

· 2021 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.ტ-ში, გრ.გ-ის №..-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, დ. ქ. ცოლს - თ. ყ-ს დაემუქრა თავის მოჭრით, რის გამოც თ. ყ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის განაჩენით:

2.1. დ. ქ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. დ. ქ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

2.3. დ. ქ-ეს განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან უზნაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს განაჩენის გაუქმება, დ. ქ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორ ქეთევან უზნაძის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ქ-ს მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა თ. ყ-მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ. საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა დ. ქ-მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

8. მოწმე ს. ც-ს გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 2021 წლის 18 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ტყიბულის პოლიციის სამორიგეო ნაწილში, 13:25 საათზე შესული შეტყობინების გამო, ოპერატიულ ჯგუფსა და გამომძიებელთან ერთად გავიდა ტ-ში, გ-ს ქუჩა №..-ში, სადაც დაინახა, რომ ეზოში მყოფ ქალბატონს, თ. ყ-ს თავზე ეტყობოდა სისხლის კვალი, რის გამოც ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში. თ. ყ-ა საავადმყოფოში გადაყვანამდე განუცხადა, რომ აღნიშნული დაზიანება მიაყენა მეუღლემ.

9. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მოწმე ს. ც-ს ჩვენებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი არ არის ფაქტის თვითმხილველი და გადმოსცემს მისთვის დაზარალებულ თ. ყ-ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, აღნიშნული მოწმის ჩვენება ირიბია. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

10. სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნით დადგენილია, რომ თ. ყ-ს აღენიშნებოდა თავის სხვა ნაწილის ღია ჭრილობა, რომელიც განვითარებული იყო რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით, მართალია, საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, თ. ყ-ს აღენიშნებოდა თავის სხვა ნაწილის ღია ჭრილობა, მაგრამ ხსენებული დასკვნით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა მას ეს დაზიანება.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი პირდაპირ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა დ. ქ-ს მხრიდან თ. ყ-ს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და მუქარის ფაქტს.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი