საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№908აპ-21 ქ. თბილისი
მ-ა ნ-ი, 908აპ-21 14 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის, ასევე – მსჯავრდებულ ნ. მ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ბ. ყ-ისა და გ. მ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. მ-ას ბრალი დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში, დამცირებაში, შანტაჟში, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებამდე, გენდერული ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, რაც გულისხმობდა მამაკაცის დომინანტური როლის წარმოჩენას მეუღლის მიერ სამსახურის დაწყების, საოჯახო საქმეების შესრულების, განქორწინებისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის საკითხის გადაწყვეტაში, ნ. მ-ა სისტემატურად სცემდა მეუღლეს – კ. ს-ას. ქ. ზ-ში, გ-ის ქ. №-, კორპუსი №-, მე-- სადარბაზოში ბინა №--ში მყოფი ნ. მ-ა კ. ს-ას არასრულწლოვანი შვილის – კ. მ-ას თანდასწრებით, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებამდე, ყოველთვე, თვეში რამდენჯერმე აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას – ურტყამდა ხელს სახისა და ტანის არეში, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას.
· 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის 9 სექტემბრამდე თავდაპირველად – მეუღლის, კ. ს-ას მიმართ გამოხატული ეჭვიანობის მოტივითა და შემდგომში – გენდერული ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, რაც გულისხმობდა მამაკაცის დომინანტური როლის წარმოჩენას მეუღლის მიერ სამსახურის დაწყების, საოჯახო საქმეების შესრულების, განქორწინებისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის საკითხის გადაწყვეტიაში, ნ. მ-ა სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა და აშანტაჟებდა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის – კ. მ-ას თანდასწრებით, რის შედეგადაც კ. ს-ა განიცდიდა ტანჯვას.
· 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის 9 სექტემბრამდე თავდაპირველად – მეუღლის, კ. ს-ას მიმართ გამოხატული ეჭვიანობის მოტივითა და შემდგომში – გენდერული ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, რაც გულისხმობდა მამაკაცის დომინანტური როლის წარმოჩენას მეუღლის მიერ სამსახურის დაწყების, საოჯახო საქმეების შესრულების, განქორწინებისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის საკითხის გადაწყვეტიაში, ნ. მ-ამ უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება მეუღლეს – კ. ს-ას, უკრძალავდა თავისუფალ გადაადგილებას და მითითებული მიზეზით კეტავდა ქ. ზ-ში, გ-ის ქ. №-, კორპუსი №-, მე-- სადარბაზოში მდებარე ბინა №--ში, რომლის გასაღებსაც ნ. მ-ა თვითონ ინახავდა.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განაჩენით ნ. მ-ა, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ნ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით, ხოლო 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 24 ივნისიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 9 სექტემბრიდან იმავე წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიამ ქორიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ნ. მ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და კანონით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრას, ხოლო მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები ითხოვენ ნ. მ-ას მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდების სამივე ეპიზოდში ნ. მ-ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ნ. მ-ას ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ბრალდების ამ ნაწილში ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
9. რაც შეეხება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. მ-ას ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში დადასტურებულია დაზარალებულ კ. ს-ას, მოწმეების – მ. შ-ას, კ. ი-ას, დ. მ-ას, დ. ჯ-ასა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, დაზარალებულის განცხადებითა და ფოტოილუსტრაციით, 2019 წლის 9 სექტემბრის №- შემაკავებელი ორდერითა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით.
10. მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები საკასაციო საჩივარში განაჩენის გაუქმების ერთ-ერთ არგუმენტად უთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული სასამართლოების განაჩენებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გამო საჩივრები შესაძლებელია, სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ, ხოლო სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. ნ. მ-ას ბრალად ედებოდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს შეეძლო საქმის ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა (სუსგ №229აპ-21, №328აპ-21, №725აპ-19).
11. უსაფუძვლოა დაცვის მხარის კიდევ ერთი არგუმენტი, რომ ნ. მ-ას ბრალი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის არარსებული ნორმით, კერძოდ – 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონის მე-3 პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატა „ი“–„მ“ ქვეპუნქტები, მათ შორის – „კ“ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ამდენად, ამ მოტივით განაჩენის უკანონობაზე საუბარი ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული, მითუფრო, რომ აღნიშნული მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ნ. მ-ა გამართლებულია.
12. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორთა პრეტენზიებსაც ასევე დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის, ასევე – მსჯავრდებულ ნ. მ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ბ. ყ-ისა და გ. მ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე