დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1166-1186-2011 17 ოქტომბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები _ 1. ქ.თბილისის მერია;
2. თ. დ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
თ. დ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ქ.თბილისის მერიამ მოპასუხე თ. დ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უსაფუძვლოდ გაწეული ხარჯების – 69526 ლარის დაბრუნება.
მოსარჩელის განმარტებით, 2000 წლის ოქტომბერში, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 თებერვლისა და კულტურის სამინისტროს 2000 წლის 24 იანვრის წერილის საფუძველზე, ქ.თბილისის მთავრობის 2000 წლის 13 ივლისის ¹13.15.170 დადგენილებით, რ-ის გამზირის ¹26-ში, საქართველოს სახალხო მხატვრის ნ. ი-ის ბინაში, “ერთი მხატვრის მუზეუმი” გაიხსნა. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა ნ. ი-ის წერილი თბილისის მერიისადმი და მიმართვა საქართველოს პრეზიდენტისადმი. თავისი წერილით ნ. ი-ი ითხოვდა შესაბამისი თანხების გამოყოფას, რათა მის სიცოცხლეშივე დაფუძნებულიყო მისი სახელობის მუზეუმი, ამის სანაცვლოდ კი, ის პირდებოდა ქალაქ თბილისის მერს, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება, გადაეცემოდა ქართველ ხალხსა და ქალაქ თბილისის მერიას. 2000 წლის 19 მაისს ნ. ი-მა ანდერძი შეადგინა, რომლის თანახმად, ის კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებას გარდაცვალების შემდეგ ქართველ ერს უტოვებდა. იგივე დაადასტურა 2001 წლის 24 სექტემბერს შედგენილი ანდერძითაც. მუზეუმი, გახსნის დღიდან, ფინანსდებოდა ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან და დაფინანსების ხარჯებმა 69526 ლარი შეადგინა. 2006 წლის 31 მაისს ნ. ი-მა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურს, სადაც აღნიშნავდა, რომ მერიის მხრიდან არ სრულდებოდა გარკვეული ვალდებულებები, რის გამოც გადაწყვიტა 2001 წლის 24 სექტემბერს ანდერძის გაუქმება. 2006 წლის 21 ივნისს მან ჯერ ახალი ანდერძი შეადგინა, რომლითაც მთელ თავის ქონებას თ. დ-ს უტოვებდა (რომელიც 2003 წელს შვილად აიყვანა). ამის შემდეგ, 2006 წლის 13 ივლისს მან გააფორმა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის ძალითაც, მთელი ქონება აჩუქა თ. დ-ს. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დასაჩუქრებული საჯარო რეესტრში აღირიცხა ნაჩუქარი ქონების მესაკუთრედ. მოსარჩელის მტკიცებით, ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა 2006 წლის 21 ივნისის ანდერძის შენიღბვისა და ქალაქ თბილისის მერიის წინაშე ნაკისრი ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით. მისი განმარტებით, დაფინანსების მიზანი იყო ნ. ი-ის ერთი მხატვრის მუზეუმის შექმნა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გადავიდოდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში, რაც რეალურად არ განხორციელებულა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მერია არ წარმოადგენდა ი-ის კრედიტორს, მას მერიის წინაშე რაიმე ვალდებულება არ ეკისრებოდა. შესაბამისად, საფუძველს მოკლებული იყო მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ჩუქების ხელშეკრულება ნ. ი-მა გააფორმა იმ მიზნით, რომ თ. დ-ი არ დამდგარიყო უსაფუძვლოდ გამდიდრებით მიღებული ქონების დაბრუნების საფრთხის წინაშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2006 წლის 13 ივლისის ჩუქების ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, მოპასუხე თ. დ-ს ქ.თბილისის მერიის სასარგებლოდ 9988 ლარის გადახდა დაეკისრა.
სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
ქალაქ თბილისის მთავრობის 2000 წლის 13 ივლისის დადგენილებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა ნ. ი-ის ბინის (მდებარე ქ.თბილისში, რ-ის გამზირის ¹26-ში) ქალაქ თბილისის ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემა მასში “ერთი მხატვრის მუზეუმის” გახსნის მიზნით;
ნ. ი-ის “ერთი მხატვრის მუზეუმის” მოვლისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო თანხები გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ბიუჯეტში 2000 წლის მეოთხე კვარტალიდან;
“ერთი მხატვრის მუზეუმის” გახსნამდე მხატვარმა საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართა და მის ბინაში მისივე სახელობის მუზეუმის დაარსების სურვილი გამოთქვა. აღნიშნულ წერილს მან ანდერძი დაურთო. საქართველოს კულტურის სამინისტრომ მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის წინადადებას საქართველოს სახალხო მხატვრის ქალბატონ ნ. ი-ის ბინაში მის სიცოცხლეშივე ბინა-მუზეუმის მოწყობის შესახებ;
2000 წლის 19 მაისს ნ. ი-მა სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძი შეადგინა, რომლის თანახმად, ქ.თბილისში, რ-ის გამზირის ¹26-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ქართველს ერსა და საქართველოს უანდერძა;
2003 წელს ნ. ი-მა თ. დ-ი იშვილა;
2006 წლის 21 ივნისს ნ. ი-მა ახალი ანდერძი შეადგინა, რომლითაც მისი კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ნამუშევრები (ნახატები და ფერწერები), მოანდერძის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა მდებარე, თბილისში, რ-ის გამზირის ¹26-ში და სამხატვრო სახელოსნო, სადაც ამჟამად განთავსებულია ერთი მხატვრის _ ნ. ი-ის მუზეუმი, უანდერძა თ. დ-ს;
2006 წლის 13 ივლისს ნ. ი-მა ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ძალითაც, ქ.თბილისში, რ-ის გამზირის ¹26-ში მდებარე სამხატვრო სახელოსნო თ. დ-ს აჩუქა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მერიის სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა ჩუქების დაპირების სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარებას, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა;
თ. დ-ი, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2006 წლის 18 ივლისს დარეგისტრირდა ქ.თბილისში, რ-ის გამზირის ¹26-ში მდებარე 79კვ.მ საერთო ფართისა და ცალკე მდგომი აბაზანის, ასევე იმავე მისამართზე მდებარე სახელოსნოს მესაკუთრედ;
2003 წლის თებერვალში ი-ის საცხოვრებელ სახლში რემონტის ჩატარებაზე ქალაქ თბილისის მერიის მიერ გაწეულმა ხარჯებმა 9988 ლარი შეადგინა;
2000 წლიდან 2006 წლის მაისამდე ნ. ი-ის “ერთი მხატვრის მუზეუმის” ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის გათვალისწინებული იყო თანამშრომლების ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა ხარჯები;
ნ. ი-ი 2007 წლის 12 ოქტომბერს გარდაიცვალა;
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, რ-ის გამზირის ¹26-ში მდებარე ქონების რემონტზე საჭირო თანხა მერიის მიერ გადაცემული იყო იმ მიზნით, რომ, ნ. ი-ის გარდაცვალების შემდეგ, ქ.თბილისის მერიას მიეღო მისივე დაფინანსებით დაფუძნებული მუზეუმი. ვინაიდან აღნიშნული მოლოდინი არ შესრულდა, მერიას უფლება ჰქონდა მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოეთხოვა. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება იმ დროიდან წარმოეშვა, როდესაც ი-მა შეცვალა მის სასარგებლოდ შედგენილი ანდერძი და ცხადი გახდა, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, უძრავ ქონებას ქალაქ თბილისის მერია ვერ მიიღებდა. რაც შეეხებოდა ნ. ი-ის “ერთი მხატვრის მუზეუმის” დაფინანსებაზე ქალაქ თბილისის მერიის მიერ გაღებულ ხარჯებს (ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა), აღნიშნული თანხები მოსარჩელის მიერ გადაცემული იყო მუზეუმის ფუნქციონირებისათვის. ამდენად, ნ. ი-ი არ გამდიდრებულა და არც მათი დაბრუნების ვალდებულება წარმოშობია.
საქალაქო სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ 2006 წლის 13 ივლისის ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებით დადებული გარიგება იყო, რომელიც მერიის მიმართ ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით გაფორმდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინებით თ. დ-ისა და ქ.თბილისის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის განჩინება მოდავე მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით თ. დ-ისა და ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მერიის და თ. დ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2006 წლის 13 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ქ.თბილისის მერიის სარჩელი ამ ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი ხარჯთაღრიცხვითა და შესრულებული სამუშაოს აქტის თანახმად, დადგენილია ქალაქ თბილისის მერიის მიერ უშუალოდ ნ. ი-ის ქონებაზე ხარჯის გაწევის ფაქტი. წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 9988 ლარის ოდენობით რემონტის ხარჯებში შედის მასალის, სამუშაოებისა და სხვა ხარჯები, რაც ათვისებულია ნ. ი-ის მუზეუმზე. ქ.თბილისში, რ-ის გამზირის ¹26-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რემონტზე, ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოყოფილი თანხებიდან სხვა ხარჯის გაწევის ფაქტი დადგენილი არ არის.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტი _ თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, კულტურის საქალაქო სამსახურის დაზიანებული ობიექტების შენობათა, მათ შორის ნ. ი-ის მუზეუმის, გამაგრებითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, არ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ი-ის სახლს ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები და ამ სამუშაოებზე დაიხარჯა 10000 ლარი. სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ ნ. ი-ის ქონებაზე ამ ოდენობით ხარჯის გაწევას წარდგენილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ გარემოებას იმის შესახებ, რომ 2003 წლის თებერვალში ნ. ი-ის საცხოვრებელ სახლში რემონტის ჩატარებაზე ქალაქ თბილისის მერიის მიერ გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 9988 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2000 წლიდან 2006 წლის მაისამდე ნ. ი-ის “ერთი მხატვრის მუზეუმის” ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის გათვალისწინებული იყო თანამშრომლების ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა ხარჯები. ნ. ი-ი გარდაიცვალა 2007 წლის 12 ოქტომბერს. საქმეზე დადგინდა, რომ თემურაზ დ-ი, გარდა იმისა, რომ ჩუქების საფუძველზე გახდა ნ. ი-ის კუთვნილი უძრავი ქონების მესაკუთრე, იგი იმავდროულად წარმოადგენდა ნ. ი-ის მემკვიდრეს, ამასთან, მას მიღებული ჰქონდა სამკვიდროში შემავალი მოძრავი ქონება ნ. ი-ის ფერწერული ტილოების სახით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2010 წლის 22 ივნისსს გამართულ სხდომაზე თ. დ-მა განმარტა, რომ მან, როგორც ნ. ი-ის ანდერძიმიერმა მემკვიდრემ, მემკვიდრეობით მიიღო მოძრავი ნივთები, კონკრეტულად ნახატები. ფერწერული ტილოების სახით სამკვიდროს მიღების ფაქტი თ. დ-მა დაადასტურა სააპელაციო საჩივარშიც, სადაც აღნიშნულია, რომ ნ. ი-ის სამკვიდრო ქონება არსებობდა ფერწერული ტილოების სახით, რომელზეც თ. დ-მა სამკვიდრო მოწმობა აიღო 2008 წლის 2 ოქტომბერს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. სამოქალაქო კოდექსის 977-ე მუხლის მიხედვით, პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება, შეუძლია გადაცემულის გამოთხოვა, თუ მეორე პირის მოქმედება არ შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიზნის მიღწევა თავიდანვე შეუძლებელი იყო და გადამცემმა ეს იცოდა, ან გადამცემმა მიზნის მიღწევას არაკეთილსინდისიერად შეუშალა ხელი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაცემული ქონების უკან დაბრუნება შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, როცა ქონება გადაცემულია რაიმე ქმედების შესასრულებლად და მისი მიმღების მოქმედება ან უმოქმედობა არ შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს. მიზნის მიუღწევლობა ასეთ შემთხვევაში უთანაბრდება ქონების მიღების უსაფუძვლობას. ამ ნორმით გათვალისწინებული შემთხვევები არაა დაკავშირებული რაიმე ვალდებულების შესრულების პირობებიდან გამომდინარე ქონების გადაცემასთან.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქ თბილისში, რ-ის გამზირზე ¹26-ში მდებარე ქონების რემონტისათვის საჭირო თანხა მერიის მიერ გადაცემულია იმ მიზნით, რომ ნ. ი-ის გარდაცვალების შემდეგ, ქალაქ თბილისის მერიას მიეღო მისივე დაფინანსებით დაფუძნებული მუზეუმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ქ.თბილისის მერიის მიზანი რომ ი-ის უძრავი ქონების მუდმივ მუზეუმად ფუნქციონირება ადგილობრივ საკუთრებაში მიღება იყო, ცალსახადაა დადგენილი მუზეუმის შექმნის შესახებ დადგენილებით. სწორედ ამ ინტერესის გამო, მიიღო მერიამ დადგენილება მუზეუმის შექმნისა და მისი დაფინანსების შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 977-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უკან დაბრუნების ვალდებულება არ წარმოიშობა, იმ შემთხვევაში, თუ მიზნის მიღწევა თავიდანვე შეუძლებელი იყო და გადამცემმა ეს იცოდა. განსახილველ შემთხვევაში, მიზნის მიღწევა რომ რეალური იყო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვეოდა (საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობისადმი გაგზავნილი წერილები, ანდერძი). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ი-ის ქონებაზე ხარჯის გაწევის საფუძველი გახდა ამ ქონების მიმართ, ქალაქ თბილისის მერიის ინტერესი, რაც უკავშირდებოდა მუზეუმის მუდმივ ფუნქციონირებასა და რ-ის გამზირის ¹26-ში არსებული ქონების ადგილობრივ საკუთრებში მიღებას.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის შეფასებისას, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხარჯი მოსარჩელის მიერ გაწეულია ანდერძის გაუქმებამდე, ანუ იმ დრომდე, ვიდრე მოსარჩელე ვარაუდობდა, რომ ქონება, რომელზეც გაიღო ხარჯი, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მისი საკუთრება გახდებოდა. მოსარჩელეს გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა იმ დროიდან, როდესაც ი-მა შეცვალა მის სასარგებლოდ შედგენილი ანდერძი და ცხადი გახდა, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, უძრავ ქონებას ქალაქ თბილისის მერია ვერ მიიღებდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 977-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა უკან დაბრუნების მოთხოვნას, განსახილველ შემთხვევაში არ დადგენილა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქალაქ თბილისის მერიამ ვერ მიაღწია მიზანს, კერძოდ, ნ. ი-ის გარდაცვალების შემდეგ, მან ადგილობრივ საკუთრებაში ვერ მიიღო ქონება, იმის გამო, რომ გაუქმდა მერიის სასარგებლოდ შედგენილი ანდერძი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სამოქალაქო კოდექსის 977-ე მუხლის შესაბამისად, წარმოეშვა ქონების რემონტისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო ნ. ი-ს ამ ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება.
რაც შეეხებოდა ნ. ი-ის “ერთი მხატვრის მუზეუმის” დაფინანსებაზე ქალაქ თბილისის მერიის მიერ გაღებულ ხარჯებს (ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა), აღნიშნული თანხები მოსარჩელის მიერ გადაცემულ იქნა მუზეუმის ფუნქციონირებისა და მისი საქმიანობისათვის, რაც იხარჯებოდა მიზნობრივად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ამ თანხებით ნ. ი-ი არ გამდიდრებულა, ის იღებდა ხელფასს მუზეუმის დირექტორის ფუნქციების შესრულებისათვის, დაფინანსების თანხები განაწილებულია თანამშრომლებზე, რომლებიც მათი შრომის შესაბამისად, იღებდნენ ხელფასს. ამდენად, აღნიშნული თანხების მიზნობრიობა წინასწარ იყო გაწერილი და ისინი არ ყოფილა გადაცემული ნ. ი-ისათვის. შესაბამისად, ამ თანხების ნაწილში, ნ. ი-ს არ წარმოშობია უკან დაბრუნების ვალდებულება ქალაქ თბილისის მერიის წინაშე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო ქალაქ თბილისის მერიის მითითება იმის შესახებ, რომ თ. დ-მა აღიარა მერიის მიერ 29913 ლარის ოდენობით ხარჯების გაწევის ფაქტი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე დაყრდნობით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი უნდა გამხდარიყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთ გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში თ. დ-მა დაადასტურა არა უძრავი ქონების გარემონტებისათვის 29913 ლარის ქ.თბილისის მერიის მიერ გაწევის ფაქტი, არამედ, მთლიანობაში, მუზეუმის ფუნქციონირების პერიოდში 29913 ლარით მიზნობრივად დაფინასების ფაქტი, რომელიც მოიცავდა ხელფასს, ელექტროენერგიის გადასახადებსა და სხვა ხარჯებს, რაც არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო უსაფუძვლო გამდიდრების წესებით თანხის დაბრუნების თაობაზე აღძრული სარჩელის თ. დ-ის მიერ ცნობად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე დაყრდნობით ქ.თბილისის მერიის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად.
სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის თანახმად, მოვალის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება შეუძლებელია მისი პირადი მონაწილეობის გარეშე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოვალის გარდაცვალება საერთო წესის მიხედვით არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, რამდენადაც გარდაცვლილის უფლებები და ვალდებულებები გადადის მემკვიდრეებზე. მოვალის გარდაცვალება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ ვალდებულების შესრულება მისი პირადი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რონ ნ. ი-ს სიკვდილის მომენტისათვის ჰქონდა ქალაქ თბილისის მერიის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება, შესასრულებელი ვალდებულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, მოვალის გარდაცვალების შემდეგ მისი შესრულების ვალდებულება გადადიოდა მის მემკვიდრეებზე.
სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თ. დ-ი წარმოადგენდა გარდაცვლილი ნ. ი-ის ანდერძისმიერ მემკვიდრეს. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. 1328-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას სიკვდილის მომენტისათვის ჰქონდა. 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივების ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. დ-ი, როგორც ა.წ. გარდაცვლილი ნ. ი-ის იმავდროულად ანდერძისმიერი მემკვიდრე (რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო სამკვიდროში შემავალი მოძრავი ქონება _ ფერწერული ტილოები), ვალდებული იყო გადაეხადა მამკვიდრებლის კრედიტორისათვის, ქალაქ თბილისის მერიისათვის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მისი ქონების რემონტისათვის დახარჯული თანხა 9988 ლარი.
ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება თ. დ-ისათვის უსაფუძვლოდ მიღებული თანხის, 9988 ლარის დაკისრების ნაწილში დასაბუთებული, კანონიერი იყო და არ არსებობდა მითითებულ ნაწილში მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხებოდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობდა ამ ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 13 ივლისს ნ. ი-სა და თ. დ-ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მითითება გარიგების მოჩვენებითობის თაობაზე. სასამართლომ გარიგების მოჩვენებითობის დასადასტურებლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ნ. ი-ი ჩუქების ხელშეკრულებით მიზნად არ ისახავდა მჩუქებლისა და დასაჩუქრებულის ნამდვილი ურთიერთობის დამყარებას, მისი ინტერესი იყო ის, რომ ამ გზით თავიდან აეცილებინა ქალაქ თბილისის მერიის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება. სასამართლოს განმარტებით, გარიგების მოჩვენებითობაზე მეტყველებდა ის გარემოებაც, რომ დასაჩუქრებული თ. დ-ი ნ. ი-ის ანდერძისმიერი მემკვიდრე იყო და ცხადია, მისი გარდაცვალების შემდეგ, ის ამ საფუძვლით გახდებოდა ნაჩუქარი უძრავი ქონების მესაკუთრე. ამასთან, აღსანიშნავი იყო, რომ ქონების გაჩუქების შემდეგ, მჩუქებელი აგრძელებდა გაჩუქებულ სახლში ცხოვრებას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). მოჩვენებითი გარიგების დროს ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2011 წლის 14 აპრილის განჩინებაში თ. დ-ს და ნ. ი-ს 2006 წლის 13 ივლისს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით განმარტა შემდეგი:
“პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, ჩუქების ხელშეკრულება მერიის მიერ ბინაზე გაღებული ხარჯების დაბრუნების აცილების მიზნით დაიდო, ხოლო გარიგების მოჩვენებითობა დასტურდებოდა იმ გარემოებით, რომ თ. დ-ის სასარგებლოდ ისედაც არსებობდა ანდერძი, რომლის საფუძველზეც იგი ბინას მიიღებდა, ამასთან გამჩუქებელი ბინაში ცხოვრებას აგრძელებდა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მოსაზრებები მცდარია. პირველ რიგში, პალატა აღნიშნავს, რომ გაუგებარია, ქონების გაჩუქება როგორ მოახდენდა გავლენას მერიის შესაძლო მოთხოვნის უფლებაზე. მიუხედავად იმისა, თ. დ-ი მემკვიდრეობით მიიღებდა სადავო ბინას, თუ იგი ჩუქების გზით გადავიდოდა მის საკუთრებაში, მერიას მაინც შეეძლო მის წინააღმდეგ მოთხოვნა წამოეყენებინა.
რაც შეეხება გარიგების მოჩვენებითად მიჩნევის სხვა საფუძვლებს, აღნიშნულთან დაკაშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მოჩვენებითი გარიგება ნების ნაკლის მქონე ბათილი გარიგების ერთ-ერთი სახეა. ამ ტიპის გარიგებების ნაკლი ისაა, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება მათ რეალურ განზრახვას არ შეესაბამება. ნების ნაკლს მრავალი გარემოება შეიძლება ადასტურებდეს, მაგრამ არა ის, რომ მოანდერძემ მიზანშეწონილად მიიჩნია ქონება სიცოცხლეშივე განეკარგა და თავისი მემკვიდრისათვის ეჩუქებინა. მიუხედავად იმისა, რომ ნ. ი-ი სადავო ბინას ანდერძით ისედაც თ. დ-ს უტოვობდა, მას, როგორც ბინის მესაკუთრეს, სრული უფლება ჰქონდა გაეჩუქებინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე, მესაკუთრეს შეუძლია არა მხოლოდ თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი ქონებით, არამედ თავისუფლად განკარგოს კიდეც იგი, თუ უფლების ბოროტად გამოყენება არ ხდება. როგორც ცნობილია, ანდერძი ცალმხრივი გარიგებაა, რომელიც ძალაში შედის და შესაბამის სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მესაკუთრის ნება კონკრეტულ მომენტში განკარგოს და საკუთრებაში გადასცეს თავისი ქონება ნებისმიერ პირს, მემკვიდრის ჩათვლით, ანდერძის შედგენის ფაქტით არ იზღუდება. ცხადია, რომ ნ. ი-ისათვის წინასწარ ცნობილი ვერ იქნებოდა, ჩუქების ხელშეკრულების დადებიდან რა ვადაში გაიხსნებოდა სამკვიდრო მის კუთვნილ ქონებაზე.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე არგუმენტს – გამჩუქებლის გაჩუქებულ ბინაში ცხოვრების ფაქტს - საკასაციო პალატა აღნიშნავს: ის გარემოება, რომ გამჩუქებელს არ შეუწყვეტია გასხვისებული ქონების ფლობა ყოველთვის გარიგების მოჩვენებითობაზე არ მიუთითებს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ თ. დ-ი ასევე ცხოვრობდა მის საკუთრებაში გადასულ ბინაში, ამასთან, ნ. ი-ს ამ დროისათვის ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და, ბუნებრივია, სხვა პირის მზრუნველობას საჭიროებდა. ასეთ ვითარებაში, ის ფაქტი, რომ ნ. ი-ი შვილად აყვანილ თ. დ-თან ერთად ცხოვრობდა გაჩუქებულ ბინაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, გარიგების მოჩვენებითობას არ ადასტურებს”.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩუქების ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითად დადებული გარიგების, ბათილად ცნობის საფუძველი არ იკვეთებოდა, ხოლო სხვა რაიმე გარემოება ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჩუქების ხელშეკრულების მხარეებს გარიგებით გათვალისწინებული შედეგის რეალურად დადგომა არ სურდათ, საქმეში არ მოიპოვებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა გარიგების მოჩვენებითად მიჩნევის მოტივით ნ. ი-სა და თ. დ-ს შორის 2006 წლის 13 ივლისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.
ქ.თბილისის მერია მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, რის დასასაბუთებლადაც მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია. ერთ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ ნ. ი-ი არ გამდიდრებულა იმ თანხებით, რაც ქ.თბილისის მერიის მიერ გადაირიცხა კომუნალური გადასახადების, ხელფასების და სხვა ხარჯებისათვის და ამიტომ ნ. ი-ს არ აქვს მისი დაბრუნების ვალდებულება. ამავდროულად, რემონტის ხარჯებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების წარმოშობისათვის მნიშვნელობა არა აქვს მესაკუთრის გამდიდრების ფაქტს, არამედ მთავარია ხარჯის გაწევის ფაქტი;
სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 977-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმად, პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება, შეუძლია გადაცემულის გამოთხოვა, თუ მეორე პირის მოქმედება არ შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მერიის მიერ განხორციელდა თანხის გადარიცხვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაუგებარი რჩება სასამართლოს მოსაზრება, რომ ნ. ი-ი არ გამდიდრებულა, ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრება თავის თავში მოიაზრებს, როგორც ქონების შეძენას, ისე მის დაზოგვას. ქონების უსაფუძვლოდ შეძენა ნიშნავს შემძენის ქონების გაზრდას სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე. ქონების უსაფუძვლოდ დაზოგვას კი ადგილი აქვს მაშინ, როცა იმ პირის ქონება, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს ვალი კი არ მცირდება, არამედ უცვლელი რჩება, რადგან ეს ვალი შეცდომით ან სხვა მიზეზით სხვა გადაიხადა. მოცემულ შემთხვევაში ქ.თბილისის მერია იხდიდა იმ თანხას, რაც წესით უნდა გადაეხადა ნ. ი-ს. ეს უკანასკნელი ამ დროს ზოგავდა თავის თანხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას თავად მოუწევდა ანგარიშსწორება მის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებთან, ასევე ვალდებული იქნებოდა მისთვის და მუზეუმისათვის აუცილებელი ნებისმიერი ხარჯი თვითონ გაეღო.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ არსებობს ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები. კასატორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნების ნაკლს არ შეიძლება ადასტურებდეს მემკვიდრისათვის ქონების ჩუქება, ვინაიდან ნ. ი-ს როგორც მესაკუთრეს, სრული უფლება ჰქონდა გაეჩუქებინა საკუთარი ქონება. ქ.თბილისის მერია სადავოდ სულაც არ ხდიდა, რომ მესაკუთრეს არ ჰქონდა საკუთრების გაჩუქების უფლება. მოჩვენებითი გარიგების არსი არ გულისხმობს იმას, რომ იგი არაუფლებამოსილი პირის მიერ არის დადებული. პირიქით, ამ გარიგების არსი სწორედ ისაა, რომ ფორმალური პირობები დაცულია, ანუ მხარეები გარეგნულად კი გამოხატავენ ნებას და იქცევიან ისე, თითქოს ნამდვილად სურდეთ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, თუმცა სინამდვილეში ამ შედეგის დადგომაზე არ ფიქრობენ. ამგვარი კატეგორიის გარიგებების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ გარიგების მონაწილეები ურთიერთშეთანხმებით მიზნად ისახავენ მესამე პირთა შეცდომაში შეყვანას (მესამე პირი შეიძლება იყოს, როგორც კრედიტორი, ისე ნებისმიერი პირი, რომელსაც გონივრული ვარაუდის ფარგლებში შესაძლო იყო გასჩენოდა პრეტენზია გარიგების ობიექტზე). მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხემ თავადვე დააფიქსირა, რომ ჩუქება მერიას ხელს უშლიდა. მხარეებისათვის ცალსახად არის ცნობილი იმის შესახებ, რომ ჩუქების ხელშეკრულება ქ.თბილისის მერიის მიმართ შესაძლო პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ერთადერთი საფუძველია. საგულისხმოა, რომ მხარეებისათვის არც ანდერძის და არც ხელშეკრულების საჭიროება არ არსებობდა, ვინაიდან დ-ი ისედეაც იყო ნ. ი-ის კანონისმიერი მემკვიდრე. მიუხედავად ამისა, ნ. ი-ი ყველანაირად ცდილობდა, რომ მის მემკვიდრეს ქონება მიეღო ნებისმიერი ფორმით, გარდა კანონით მემკვიდრეობისა. ამის გამო, მან ჯერ შეადგინა ანდერძი (ანდერძი შედგა 2006 წლის 21 ივნისს), ხოლო ანდერძის შედგენიდან დაახლოებით თვეზე ნაკლებ დროში, 2006 წლის 13 ივლისს დაიდო ჩუქების ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 1328-ე და 1484-ე მუხლების საფუძველზე, მემკვიდრე თ. დ-ზე გადავიდოდა მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებები ასევე ვალდებულებები ქ.თბილისის მერიის მიმართ და ეს უკანასკნელი შეიძლებოდა დამდგარიყო უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ქონების დაბრუნების საფრთხის წინაშე, ნ. ი-მა ანდერძის დაფარვისა და შენიღბვის მიზნით 2006 წლის 13 ივლისს თ. დ-თან გააფორმა ჩუქების ხელშეკრულება.
თ. დ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აღნიშნულ მოთხოვნას კასატორი აფუძნებს შემდეგ მოტივებზე:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მან უცლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. დ-ისათვის 9988 ლარის დაკისრების ნაწილში, იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამასთან, ეს გადაწყვეტილება ემყარება არასწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ნ. ი-ის სახლში ჩატარებულ რემონტზე მოსარჩელის მიერ გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 9988 ლარი. ეს გარემოება სასამართლომ დადგენილად ჩათვალა მოსარჩელის განმარტებაზე, სახლ-მუზეუმის ხარჯთაღრიცხვასა და შესრულებული სამუშაოს აქტზე დაყრდნობით. კასატორის მოსაზრებით, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით ნ. ი-ის სახელზე რემონტის ჩატარება არ დასტურდება. ასეთ მტკიცებად ვერ გამოდგება საქმეში არსებული ხარჯთაღრიცხვა, ვინაიდან ამ ხარჯთაღრიცხვით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ როდის შედგა იგი, მასზე არ არის ნომერი და, რაც მთავარია, ბინის მესაკუთრის, ნ. ი-ის ხელმოწერა. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ საქმეზე წარდგენილი 2003 წლის 2 აპრილის ¹23 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 10000 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ასეთ ვითარებაში გაურკვეველია, როგორ ჩათვალა სასამართლომ ეს სამუშაოები ჩატარებულად 2 თვით ადრე, 2003 წლის თებერვალში ცალმხრივად შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ფაქტობრივად მერიის მიერ და საერთოდ, ნ. ი-ის სახლში რემონტი არ ჩატარებულა. მერიამ თავისი ძალებით 2003 წლის დასაწყისში გამოცვალა დაახლოებით 2კვ.მ ფართობის სახურავი, რისი ღირებულებაც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა 9000 ლარი. პირიქით, აღნიშნული რემონტი იყო უხარისხო, რის გამოც ნ. ი-ის ნამუშევრები დაზიანდა წვიმის წყლის ჩამოსვლის შედეგად;
კასატორის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება თ. დ-ისათვის 9988 ლარის დაკისრების ნაწილში სამართლებრივადაც არასწორია, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 977-ე მუხლის საფუძველზე, რემონტისათვის საჭირო თანხა მერიის მიერ გადაცემული იყო იმ მიზნით, რომ ნ. ი-ის გარდაცვალების შემდეგ მერიას მიეღო მისი კუთვნილი უძრავი ქონება. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს არგუმენტი უსაფუძვლოა და გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 977-ე მუხლის არასწორი განმარტებიდან. საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ მერიის მიერ ხარჯების გაღება (მათ შორის რემონტის ჩატარებისათვის, რასაც ფაქტობრივად ადგილი არ ჰქონია) ხდებოდა მუზეუმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ე.ი. ცალსახად დასტურდება, რომ მერიის მიერ დაფინანსების განხორციელების მიზანს წარმოადგენდა მუზეუმის ფუნქციონირება. ეს მიზანი შესრულებული იყო და მუზეუმი, ამ მწირი დაფინანსების პირობებში, მთელი 6 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. ასეთ ვითარებაში, კანონსაწინააღმდეგოა სასამართლოს არგუმენტი, რომ თითქოს მერიის მიერ ხარჯების გაწევის მოსალოდნელ მიზანს წარმოადგენდა ნ. ი-ის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების მიღება. ამგვარი წესით უძრავი ქონების გადაცემას კანონი არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, მუზეუმის გახსნის დროისთვის, ნ. ი-ის ანდერძის არსებობა თავისთავად არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ მოსალოდნელი მიზანი ქონების მიღება იყო, ვინაიდან ნ. ი-ს, როგორც მესაკუთრეს, ნებისმიერ დროს შეეძლო შეეცვალა ანდერძი ან სხვაგვარად განეკარგა ეს ქონება;
კასატორის მოსაზრებით, ნ. ი-ს მერიის წინაშე არავითარი შეუსრულებელი ვალდებულება არ გააჩნდა. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს არგუმენტი იმის შესახებ, რომ თითქოს ნ. ი-ს გააჩნდა შეუსრულებელი ვალდებულება მერიის მიმართ და რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ამ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის მემკვიდრეს თ. დ-ს. მერიის მიერ მუზეუმის დაფინანსება ხორციელდებოდა ამ მუზეუმის ფუნქციონირების მიზნით. მუზეუმი ფაქტობრივადაც ფუნქციონირებდა და ნ. ი-ს ამ მიზნის მიღწევაში ხელი არ შეუშლია;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებებით ქ.თბილისის მერიისა და თ. დ-ის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მერიისა და თ. დ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს _ თ. დ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (499.90 ლარი) 70% _ 349.93 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. თ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. კასატორ თ. დ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (499.90 ლარი) 70% _ 349.93 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.