არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1106-1133-2011 17 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ თ. და ე. მ-ლები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ამხანაგობა «გ-ი» (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ამხანაგობა «გ-მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ო-ის, ლ. მ-ის, ი. ო-ისა და სხვათა მიმართ ქ.თბილისში, მ-ას ქ¹9-11-ში მდებარე 31900 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების (საკასადასტრო კოდი ¹ ... ) მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე თანახმად სამოქალაქო კოდექსის 70-ე და 172-ე მუხლებისა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ამხანაგობა «გ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების: ნ. ო-ის, ლ. მ-ის, ირმა ო-ისა და სხვათა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას ქ.თბილისში, მ-ას ქუჩა ¹9-11-ში მდებარე 31900 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი ... ) ამხანაგობა «გ-ის» საკუთრებაში არსებული 31675 კვ.მ მიწა და ამ მიწაზე განლაგებული შენობა-ნაგებობები.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ო-ემ, ლ. მ-მა, ირმა ო-ემ და სხვებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით ე. მ-ლის, თ. მ-ლისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინება აპელანტებს: თ. და ე. მ-ლებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნათ და ჩაბარდათ საქმეში მითითებულ მისამართზე 2010 წლის 30 ნოემბერს. მხარეებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე, მე-60, 59-ე, 63-ე, 368-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტთა მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის მათი პრეტენზიის ნაწილში განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ე. და თ. მ-ლებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე მიუხედავად მათი გადახდისუუნარობისა და მძიმე ქონებრივი მდგომარეობისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. და ე. მ-ლების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემული საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განბჩინებით ე. და თ. მ-ლებს სხვა აპელანტებთან ერთად დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსათვის წარდგენა (იხ. ტ.IV, ს.ფ.7-12), ამავე სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სხვა აპელანტებთან ერთად თ. და ე. მ-ლებს გაუგრძელდა დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადა 10 დღით (იხ. ტ.IV, ს.ფ.244-249).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ კერძო საჩივრის ავტორებს კანონით დადგენილი წესით და მითითებულ მისამართზე თ. და ე. მ-ლების სახელით ჩაიბარა ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა, ნათესავმა _ ზ. ბ-ემ 2010 წლის 30 ნოემბერს (იხ. ტ.IV, ს.ფ.344-345).
აპელანტებს მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება მათ მიერ წარდგენილი რაიმე განცხადება ან შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი და ამას არც კერძო საჩივრის ავტორები ხდიან სადავოდ, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება მათ ჩაბარდათ 2010 წლის 30 ნოემებრს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, აპელანტებს: თ. და ე. მ-ლებს სასამართლოს აქტი პირადად არ ჩაბარებიათ (ჩაბარდა მათ ნათესავს), თუმცა აღნიშნული სასამართლო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარებულად მიჩნევის წინაპირობაა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო, თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქმეში ასევე წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინებით თ. მ-ლს კვლავ გაუგრძელდა ვადა ხარვეზის გამოსწორებისათვის 10 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (იხ.ტ.V, ს.ფ.3-8). აღნიშნული განჩინება თ. მ-ლს გაეგზავნა და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩაბარდა მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს _ დედას, ე. მ-ლს 2011 წლის 6 იანვარს (იხ.ტ. V, ს.ფ. 77).
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო შეტყობინების ზ. ბ-ისათვის და თ. მ-ლის დედა ე. მ-ლისათვის ჩაბარება კანონის დაცვით აპელანტთათვის ჩაბარებას წარმოადგენს და აღნიშნული სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დენის დაწყების უტყუარი წინაპირობაა. ამდენად, ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის დენა ე. მ-ლის მიმართ დაიწყო 2010 წლის 1 დეკემბერს და ამოიწურა 2010 წლის 10 დეკემბერს, პარასკევს, ხოლო თ. მ-ლის მიმართ დაიწყო 2011 წლის 7 იანვარს და, ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე _ 16 იანვარი ემთხვეოდა დასვენების დღეს, კვირას, ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს _ 2011 წლის 17 იანვარს, ორშაბათს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. ამ ვადის განმავლობაში მხარეებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, რაც მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი წინაპირობაა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს გასაჩივრებული განჩინების მითითებაზე, რომ ხარვეზის გამოსწორების ვადა ამოიწურა 2010 წლის 12 დეკემბერს, რადგანაც ვადის უკანასკნელი დღე _ 10 დეკემბერი დასვენების დღეს, შაბათს ემთხვეოდა და მიიჩნევს, რომ საპროცესო ვადის გამოთვლის ნაწილში სასამართლოს დაშვებული აქვს არაარსებითი ხასიათის უზუსტობა, თუმცა, მითითებული გარემოება განჩინების გაუქმების საფუძველი არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი თ. და ე. მ-ლების სააპელაციო პრეტენზიის ნაწილში, ამასთან, სასამართლომ განჩინება სწორ სამართლებრივ შეფასებას დაამყარა და მან არსებითად სწორად გამოიყენა კანონი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ პალატას აპელანტებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა მათი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. ამ კუთხით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს ფიზიკური პირების ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს მხარის სადავოდ ქცეული უფლების სასამართლო წესით დაცვის მიღმა დატოვებას.
დასახელებული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტს სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე, რადგანაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ არც ხარვეზის დადგენისა და არც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში თ. და ე. მ-ლებს სასამართლოსათვის არ მიუმართავთ მათი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებებით, უფრო მეტიც, მათ არანაირი შუამდგომლობა არ წარუდგენიათ ხარვეზის გამოსწორებისათვის, რაც სასამართლოს აძლევს იმისი ვარაუდის შესაძლებლობას, რომ აპელანტებმა დავის მიმართ დაკარგეს ინტერესი, რაც მათ უმოქმედობაში ვლინდება და, ბუნებრივია, სასამართლო საკუთარი ინიციატივით არ გამოიკვლევდა მხარის ქონებრივ მდგომარეობას.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს კერძო საჩივარზე დართულ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერზე, რომლის თანახმადაც თ. და ე. მ-ლების ოჯახის სარეიტინგო ქულა 28730-ის და განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით, კანონმდებელმა დაადგინა, რომ სასამართლო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე (მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «მ1» ქვეპუნქტი).
დასახელებული საკანონმდებლო ცვლილება არ წარმოადგენს სიახლეს და პრაქტიკულად იმავე სამართლებრივ დატვირთვას ატარებს, რასაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის დებულება, რადგანაც, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი).
მითითებული მტკიცებულება ჯერ ერთი, წარმოდგენილია სააპელაციო საჩივარის განუხილველად დატოვების შემდგომ, ამასთან, ამონაწერის თანახმად ის მომზადებულია 2011 წლის 30 ივნისს, ხოლო თანხის მიღების პერიოდად მითითებულია 2011 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 1 ივნისის პერიოდი. შესაბამისად, აპალტა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების სტადიაზე მხარე კანონით არ იყო გათვისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაშიც კი, აღნიშნული მტკიცებულება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არაა, რადგანაც მხარემ თავისი ბრალით არ წარუდგინა მითითებული სასამართლოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალტა მიიჩნევს, რომ თ. და ე. მ-ლების კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. და თ. მ-ლების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრის ავტორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.