საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.05.2022
საქმის ნომერი
2კ-364აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100117002218484

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №364აპ-19 ქ. თბილისი

ბ. ლ. 364აპ-19 30 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის, მსჯავრდებულების - გ. კ–ს, ლ. ბ–სა და ი. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ს–სა და მ. ღ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, და გ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო ლ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ბრალდებულებისათვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2017 წლის 9 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. ა–ში, ს...... მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ თ.... რესტორან ე.წ. „.......“, ქ. ა–ში მცხოვრებმა, ალკოჰოლური სასმლით მთვრალებმა ლ. ბ–მ და მისმა მეგობრებმა - ი. ბ–მა და გ. კ–მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, რესტორანში მყოფ როგორც უცხო ქვეყნის, ასევე ს–ს მოქალაქეებსა და რესტორნის მომსახურე პერსონალს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე ლ. ბ–ი იარაღად სკამის გამოყენებით კვლავ ცდილობდა შეკრებილი საზოგადოებისათვის ფიზიკურ ანგარიშსწორებას, რა დროსაც უხეშად დაირღვა რესტორანში შეკრებილი მოქალაქეების საზოგადოებრივი წესრიგი და გამოიხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენით:

- ი. ბ–ი საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ი. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2017 წლის 13 ნოემბრიდან.

- ლ. ბ–ი საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ლ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2017 წლის 13 ნოემბრიდან.

- გ. კ–ე საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

გ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2017 წლის 13 ნოემბრიდან.

3. სასამართლომ დაადგინა:

2017 წლის 9 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. ა–ში, ....... მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ...... სასადილო „...... ბარში“, ალკოჰოლური სასმლით მთვრალებმა ი. ბ–მ , ლ. ბ–მ და გ. კ–მ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მყოფ მოქალაქეებსა და რესტორნის მომსახურე პერსონალს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე - ემუქრებოდნენ გადაწვით. კონფლიქტის დროს უხეშად დაირღვა სასადილოში შეკრებილი მოქალაქეების საზოგადოებრივი წესრიგი და გამოიხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ძალადობითა და ძალადობის მუქარით. ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი ძალადობის შედეგად ადგილზე მყოფმა საზოგადოების წევრებმა - ნ. კ–მ და გ. ა–მ მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კახაბერ ლეკიშვილმა, მსჯავრდებულმა ლ. ბ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მ–მ, მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ს–მ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კახაბერ ლეკიშვილმა, მსჯავრდებულების - გ. კ–ს, ლ. ბ–სა და ი. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - თ. ს–მ და გ. კ–ს ადვოკატმა მ. ღ–მ.

6.1. პროკურორი კახაბერ ლეკიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. კ–ს, ლ. ბ–სა და ი. ბ–სათვის კანონიერი სასჯელების შეფარდებას.

6.2. მსჯავრდებულების - გ. კ–ს, ლ. ბ–სა და ი. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - თ. ს–ე და მ. ღ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების გამართლებას.

6.3. პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც სასამართლოც ეთანხმება.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. კ–ს, ლ. ბ–სა და ი. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

10. საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ხულიგნობისთვის, რაც შინაარსობრივად გულისხმობს ქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

11. დაცვის მხარის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ქმედების კვალიფიკაციაზე, მსჯავრდებულთა ქმედება არ შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რადგან მსჯავრდებულთა მიერ ცალ-ცალკე განხორციელებული ქმედება არ აკმაყოფილებს ხულიგნობის შემადგენლობის ყველა ნიშანს; სასამართლომ ცალ-ცალკე არ შეაფასა მსჯავრდებულთა ქმედებები; ჩხუბი, ფიზიკური ძალადობა დაიწყეს დ. მ–მ და გ. ა–მ და შემდეგ ჩაერთნენ მასში ი. და ლ. ბ–ი, გ. კ–ე კი საერთოდ არ მონაწილეობდა ჩხუბში, მხოლოდ ერთხელ მოიქნია ხელი მოძალადე ქალის მიმართ, რომელიც მას ურტყამდა.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული ყველა მოწმე, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ადასტურებს, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს რესტორან „..........ში“ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი არ იყო ა–ი ქალბატონი - დ. მ–ა, როგორც ამის წარმოჩენას დაცვის მხარე ცდილობს. მოწმეთა(ა. ქ–ს, ნ. კ–ს, ე. ხ–ს, მ. მ–ს ჩვენებებით, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დ. მ–ას, ზ. ტ–ს და გ. ა–ს გამოკითხვის ოქმებით) ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ სამივე მსჯავრდებული რესტორანში მისვლის პირველივე წუთიდან იყვნენ აგრესიულები. მოწმეებმა (ა. ქ–მ, ნ. კ–მ, ე. ხ–მ) მიუთითეს, რომ ლ. ბ–მ ჩააფერფლა საფერფლეში, მეორედ ჩაფერფლების დროს გ. ა–ი წამოდგა და დაინტერესდა, რა ხდებოდა. ფეხზე მდგომ გ. ა–სთან დაბრუნდა გ. კ–ე, ყველამ ერთად მოიყარა თავი და დაიწყო შელაპარაკება, გ. კ–ემ ფეხი ჰკრა სკამს, ა–მა ქალმა ისროლა საფერფლე. გამოიყვანეს გ. ა–ი და დაიწყო დაპირისპირება, გ. კ–ემ დაარტყა ხელი(დასტურდება ვიდეოჩანაწერითა და მოწმეთა მ. მ–ს, ე. ხ–ს ჩვენებებით) გ. ა–მ დაუბრუნა ხელი, რომელიც მოხვდა ლ. ბ–ს. იქ მყოფი ხალხი ცდილობდა ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეების გაშველებას და განრიდებას. გ. კ–ემ ორჯერ დაარტყა თავში ა. ქ–ს, რომელთან ჩხუბიც გააგრძელა ლ. ბ–მ. მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში გ. კ–ს მონაწილეობას ადასტურებს ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ზ. ტ–სა და დ. მ–ას გამოკითვის ოქმები, ასევე ს. ც–ს სასამართლოში მიცემული ჩვენება.

13. სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული ვიდეოჩანაწერის 02:52:33-ზე კაპიუშონიანი პირი(ლ. ბ–ი) აფერფლებს გ. ა–ს მაგიდაზე არსებულ საფერფლეში. მეორედ ჩაფერფლებისას მაგიდიდან დგება გ. ა–ი. მაგიდასთან იმყოფებიან კაპიუშონიანი პირი, გ. ა–ი, ბარის მეპატრონე, ერთი მამაკაცი და მაგიდასთან ზის ა–ი ქალი. რამდენიმე წამით იშლებიან, ფეხზე მდგომ გ. ა–სთან ბრუნდება კეპიანი(გ. კ–ე) პირი, ყველანი ერთად იყრიან თავს, იწყება სიტყვიერი შელაპარაკება, კეპიანი პირი ჰკრავს ფეხს სკამს, ა–ი ქალი ისვრის საფერფლეს, გამოყავთ გ. ა–ი და იწყება დაპირისპირება, კეპიანი არტყამს ხელს, თ–ი უბრუნებს ხელს, რომელიც ხვდება კაპიუშონიანს. იქ მყოფი ხალხი ცდილობს ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეების გაშველებას და განრიდებას. ა–ი ქალი კვლავ ესვრის უკვე კართან მყოფ კეპიან პირს საფერფლეს. შემდეგ კაპიუშონიანს უღერებს სკამს და არტყამს. მეორე მხარეს ი. ბ–ი ურტყამს გ. ა–ს. ლ. ბ–ი იღებს სკამს, რომელსაც უკნიდან ართმევს გ. კ–ე და არავის ხვდება სკამი. იქ მყოფმა ქალებმა გააშველეს მოჩხუბრები. სამივე პირი დგას კართან, გ. კ–ს ხელები აქვს აწეული, ლ. ბ–ი კვლავ საჩხუბრად იწევს. ძირითადი დაპირისპირება არის ლ. ბ–სა და გ. ა–ს შორის. სხვები დამშვიდებას ცდილობენ. გ. კ–ე (02:54:50) ორჯერ არტყამს თავში მ–ს(ა. ქ–ს). მ–თან ჩხუბს აგრძელებს ლ. ბ–ი. მამაკაცი აშველებს მათ, სიტუაცია წყნარდება და გადიან გარეთ.

02:55:50-ზე გ. ა–ი თავის სტუმართან ერთად და ასევე, მეორე მაგიდის სტუმრები რჩებიან ბარში, მაგიდებთან.

03:08-ზე მეორე მაგიდის სტუმრები დგებიან და ტოვებენ ბარს. გ. ა–ი და მისი სტუმარი კვლავ ადგილზე რჩებიან.

14. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: ა. ქ–ს, ნ. კ–ს, მ. მ–ს, ე. ხ–ს, ს. ბ–ს, ს. ც–ს ჩვენებებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ი. ა–ს, გ. ა–ს, დ. მ–ას გამოკითხვის ოქმებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 9 ნოემბრის ექსპერტიზის N...... დასკვნით, სსიპ ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 9 ნოემბრის ექსპერტიზის N...... დასკვნითა და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება მსჯავრდებულების მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.

15. სასამართლო ასევე იზიარებს დაცვის მხარე კასატორის პოზიციას პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცალკეული მოწმეების ჩვენებების ასახვისას დაშვებული ხარვეზების ნაწილში. იმავდროულად, მიუთითებს, რომ მოწმეთა ჩვენებებში არსებული უზუსტობები არ წარმოადგენს იმ მნიშვნელობის მქონე შეუსაბამობას, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს გ. კ–ს, ლ. ბ–სა და ი. ბ–ს მსჯავრდებაზე.

16. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირი არ გულისხმობს მათ იდენტურობას; ისინი საქმის ძირითად გარემოებებთან მიმართებით არ უნდა შეიცავდეს წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. „შეუძლებელია, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში აუცილებლად მათი აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა ვიგულისხმოთ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად, ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, განსაკუთრებით კი პირდაპირ ჩვენებებს, ასეთი მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე....... მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს“ (მაგ.იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N626აპ-17).

17. ა. ქ–ს 2018 წლის 6 თებერვლის მოწმის სახით დაკითხვის ოქმის თანახმად, მოწმემ განმარტა, რომ 2017 წლის 8 ნოემბერს, 02:30 საათზე, იყო მის ობიექტზე, რომელიც მას და მის მეუღლეს ორი წელია, რაც აქვთ ნაქირავები. მეუღლესთან 18 წლიანი თანაცხოვრება აკავშირებს. ეს ობიექტი, ფართი აიღეს და თვითონ ააშენეს, აქვთ ხუთწლიანი ხელშეკრულება, ნოტარიულად დამოწმებული, საჯარო რეესტრში გაფორმებული. მისი მეუღლე არ იმყოფებოდა ს–ში. ამიტომ ყველაფერზე პასუხისმგებელი იყო თავად. ობიექტის გამქირავებელი არის მ. ვ–ი. მათ ადგილი იქირავეს და ააშენეს. შესაბამისად, იმ აშენების თანხები გამოაკლდება რაღაც პერიოდი, წლები და მერე გადაიხდიან ქირას(16:13:35). ობიექტი მის მეუღლეზეა გაფორმებული, ვინაიდან ი/მ ის არის, ერთად აწარმოებენ კაფეს საქმეებს (16:18:53). მოწმის განმარტებით, გამოძიების ეტაპზე უმუშევარი ვარო იმიტომ მიუთითა, რომ გაფორმებული არსად არ არის და მის მეუღლეს უდგას გვერდში, მუშაობს მასთან ერთად (16:19:32 ).

17.1. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 8 ნოემბერს, 02:30 საათზე, დარბაზში დაახლოებით ორ მაგიდასთან იჯდა ხალხი (15:51:15). დაახლოებით 02:40 საათზე რესტორანთან გაჩერდა BMW მარკის ავტომობილი და რესტორანში შევიდა მისთვის უცნობი სამი ახალგაზრდა მამაკაცი. ისინი იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში და შემოსვლისთანავე გამოხატეს აგრესია. მამაკაცები დადიოდნენ მთელ დარბაზში და აგინებდნენ ყველას. ამის შემდეგ იმ მაგიდასთან, სადაც იჯდა თ–ს მოქალაქე გ. ა–ი ა–ლ ქალთან ერთად, მივიდა ხსენებულ პირთაგან ერთ-ერთი, საშუალო აღნაგობის ახალგაზრდა და სიგარეტი ჩაუფერფლა საფერფლეში. ამ ფაქტთან დაკავშირებით გ. ა–ი ადგა ფეხზე და მას ჰკითხა, თუ რა ხდებოდა, რა დროსაც სამივე მამაკაცმა შუაში მოიქციეს გ. ა–ი, რომელსაც ერთ-ერთმა პირმა დაარტყა. აღნიშნულზე გ. ა–სთან მყოფმა ქალბატონმა ისროლა საფერფლე, რომელიც არავის მოხვედრია.

17.2. მოწმემ დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს საფერფლის სროლამდე იყო შეურაცხყოფა, გინება ყველას მისამართით, მაგიდებთან მიდიოდნენ და იგინებოდნენ, სკამის მოღერება საფერფლის სროლამდე იყო, შემდეგ მისვლა გ. ა–ს მაგიდასთან და საფერფლის მაგიდიდან აღება, გვერდზე დადგომა და საფერფლეზე დაფერფლება ცხვირწინ, ამ დროს ადგა გ. ა–ი და ჰკითხა, რა ხდებოდა, დაძახებაზე სამივემ მოიქციეს შუაში და ჯერ დაარტყა სათვალიანმა, რის შემდეგაც გ. ა–ს თანმხლებმა ქალმა გაისროლა საფერფლე(16:37:21). სათვალიანმა დაარტყა თ–ს მოქალაქე გ. ა–ს(16:38:19). როცა პოლიციაში დარეკა, იყო ალბათ ოთხის ნახევარი(16:56:43). შემთხვევიდან ნახევარ საათში კლიენტები მიხვდნენ, რომ იქ გაჩერება არ შეიძლებოდა, ანგარიში მოითხოვეს და წავიდნენ. ძალიან აღელვებული იყო და შეიძლებოდა ეთქვა კლიენტებისათვის, წასულიყვნენ, მაგრამ არ უთქვამს(17:02:07 ).

18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას მოცემული მოწმის ჩვენების სასამართლოს მიერ არასწორად ასახვის ნაწილში, რადგან ა. ქ–მ ნამდვილად მიუთითა მოწმის სახით დაკითხვისას, რომ რესტორნის ტერიტორია მან და მისმა მეუღლემ დაიქირავეს, მან ასევე დაასახელა პირი, ვისთანაც დადეს ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება - მ. ვ–ი. მანვე განმარტა გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში, თუ რატომ მიუთითა, რომ იყო უმუშევარი. მოწმემ დაკითხვისას ნამდვილად მიუთითა, რომ შემთხვევიდან ნახევარ საათში კლიენტები მიხვდნენ, რომ იქ გაჩერება არ შეიძლებოდა, ანგარიში მოითხოვეს და წავიდნენ. ძალიან აღელვებული იყო და შეიძლებოდა ეთქვა კლიენტებისათვის წასულიყვნენ, მაგრამ არ უთქვამს(17:02:07 ). შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების განაჩენებში ასახული ინფორმაცია არ არის ცრუ, როგორც ამას დაცვის მხარე უთითებს და ასახავს იმ გარემოებებს, რაზეც მოწმემ დაკითხვისას ისაუბრა.

19. საკასაციო სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ნ. კ–მ არასწორად მიუთითა პირზე, რომელმაც პირველად ჩააფერფლა (კეპიანი პირი - გ. კ–ე), რადგან ეს გააკეთა ლ. ბ–მ. თუმცა სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ნ. კ–ს ჩვენება ძალადობაში სამივე პირის მონაწილეობის შესახებ არ დასტურდება ვიდეოჩანაწერით და თითქოს, მოწმემ მიუთითა, რომ ა–მა ქალმა დაიწყო ძალადობა, რადგან მსგავსი რამ ნ. კ–ს მოწმის სახით დაკითხვისას არ უთქვამს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის სხდომის ოქმის თანახმად, დაკითხვისას ნ. კ–მ მიუთითა, რომ: კეპიანი პირი მივიდა მაგიდასთან, სადაც თ–ი და ა–ი ქალბატონი ისხდნენ. საფერფლე აიღო და ჩააფერფლა, შემდეგ მიუგდო საფერფლე. ამ დროს ადგა თ–ი და ნათლიამისს ჰკითხა რა ხდებაო. ეს ორი პირი მივიდა კეპიანთან და სამივე ერთად იყვნენ. ერთ-ერთმა პირმა, არ იცის რომელმა, არ დაუნახავს, ჩაარტყა ..... მამაკაცს და ატყდა ჩხუბი. ა–მა ქალმა აიღო საფერფლე და ისროლა, მაგრამ არავის მოხვედრია. გაშველების დროს, როდესაც თ.... მამაკაცს სცემდნენ, ტუჩის არეში მოხვდა მუჭი და მუცლის არეში - ფეხი. ამ დროს ნათლიამისი მოვიდა, წაქცეულ მამაკაცს, რომელზეც ფეხებით იყვნენ შემდგარი, დახმარება გაუწია, როდესაც კეპიანი მივიდა უკნიდან და თავში ჩაარტყა სამ-ოთხჯერ. ამ დროს მოვიდა პოლიციის მანქანა(14:50:54). კეპიანმა, სადაც თ–ი და ა–ი ქალბატონი ისხდნენ, „ნაგლად“ საფერფლე აიღო, აფერფლებდა და მიუგდო (14:57:53). შესაბამისად, მოწმემ გარკვევით მიუთითა, რომ გ. ა–ს თანმხლებმა ქალბატონმა საფერფლე მხოლოდ მას შემდეგ ისროლა, რაც კონფლიქტი უკვე დაწყებული იყო, რაც ასევე დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით.

20. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას, რომ მ. მ–ს ჩვენება ეწინააღმდეგება ვიდეოფირზე ასახულ ვითარებას, ვინაიდან მოწმის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ვიდეოფირზე ასახული გარემოებების თანხვდენილია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ. მ–მ მიუთითა, რომ: ა. ქ–ს მაგიდასთან მივიდა სამი პირი, მაგიდას დაეყრდნენ, აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსოვს, რომ ერთ-ერთმა, იმ დროს, როცა მ–მ „შვილოთი“ მიმართა, ვინ არის შენი შვილოო და შეაფურთხა(17:10:55). ლ. ბ–ი მივიდა მაგიდასთან, სადაც თ–ი და ერთი ქალი ისხდნენ, საფერფლე თავხედურად აიღო და ჩააფერფლა. როგორც მისთვისაა ცნობილი, შეურაცხმყოფელია მათთვის ასეთი რამ, მაგიდასთან დაუკითხავად რომ მიდიხარ და ასე უხეშად იქცევი. გ. ა–ი ადგა და მ–ს ჰკითხა რა ხდებოდა, რატომ იყვნენ აგრესიულები, მ. ცდილობდა დაეწყნარებინა. როდესაც გ. ა–ი ადგა, ლ–მ დაარტყა, რის შემდეგაც კეპიანმა ხელი გაარტყა, ამ დროს დაიწყო ჩხუბი, დააგდეს თ–ი ქვემოთ და ურტყამდა ფეხებს სამივე. შემოვიდა ტაქსის მძღოლი ს–ა, ჩხუბის დროს დაიმსხვრა ჭიქები, საფერფლეები, ჭურჭელი. ყველანი ცდილობიდნენ, რომ გაეშველებინათ, უკვე ძალიან ძლიერად ურტყამდნენ და შეიძლებოდა მკვლელობაც მომხდარიყო, ს–მ გაიყვანა ერთ-ერთი გარეთ და ბარის მეპატრონეც იძულებული გახდა ძალით გაეყარა, რადგან არ გადიოდნენ. თავად გარეთ არ გასულა, კარის ფანჯრიდან დაინახა, რომ პოლიცია მოვიდა და ცდილობდა წაეყვანა მაგრამ წინააღმდეგობას უწევდნენ. როგორც გაიგო, აგინებდნენ პოლიციას და იძულებული გახდნენ, რომ ძალის დახმარებით ჩაესვათ და წაეყვანათ. შემდეგ რესტორანში ვინც ისხდნენ, შიშისგან გადაიხადეს ანგარიში და გავიდნენ. მეორე დილით დაიბარეს პოლიციაში, გამოკითხეს, შემდეგ წაიყვანეს ამოსაცნობად. სათვალიანი რომელიც იყო, ამოიცნო, ლ–ს ისედაც იცნობდა და ალბათ, იმიტომ არც შეიყვანეს ამოსაცნობად და მესამე კეპიანი, ვინც იყო, ფოტოებიდან ამოიცნო(17:04:33 ). მოწმემ მიუთითა, რომ ჩხუბის შემდეგ ქეიფი არ გაუგრძელებიათ, იქ ვინც ისხდნენ რესტორანში, შიშისგან ვერ გააგრძელებდნენ ქეიფს, იქ ისეთი ამბავი იყო, ვეღარ დასხდებოდნენ და გააგრძელებდნენ. რა თქმა უნდა გადაიხადეს და გავიდნენ და თავად დარჩნენ, მაგრამ საქეიფოდ კი არა, იმის გასარკვევად, რომ თ–ს ყურიდან სისხლი სდიოდა, ძალიან ნაცემი იყო და დიალოგი გაიმართა უბრალოდ, რა მოხდა და რის გამო. ქეიფი იქ არ გაგრძელებულა(17:24:41). „ტაქსისტი“ ს–ი მისი ნაცნობი არ არის(17:53:20). გამოკითხვისას მას არ უთქვამს, რომ ს–ი მისი ნაცნობია (17:53:39). ჩხუბი დაწყებული იყო, როცა თ–ს გაარტყეს ხელი, უკვე მაშინ „გამოაქანა“ დაცვის მიზნით ა–მა ქალბატონმა საფერფლე(18:01:21). როდესაც ა–მა ქალმა ისროლა საფერფლე, კაფეში იყო არეულობა (18:01:36). შესაბამისად, როგორც მოწმის ჩვენებით, ასევე სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ კეპიანი პირი - ანუ გ. კ–ე ხელს არტყამს გ. ა–ს და ის ისევე არის ჩართული ბარში მომხდარ ქმედებებში, როგორც ი. ბ–ი და ლ. ბ–ი.

21. საკასაციო სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ მოწმე - ე. ხ–მ არ იცის, კონკრეტულად რომელმა პირმა დაიწყო ჩხუბი, მოწმეს ჩხუბის გამომწვევად არ დაუსახელებია გ. კ–ს მიერ ფეხის მოქნევა. სასამართლო მიუთითებს, რომ 2018 წლის 14 მარტის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ე. ხ–ს განმარტებით, დაინახა, რომ თ. მამაკაცს დაარტყეს, მაგრამ ვინ დაარტყა, არ დაუნახავს. გვერდიდან მოხდა ეს ყველაფერი. მოწმემ მიუთითა, რომ ეს პირები, როდესაც მეორე მაგიდაზე გადავიდნენ, საფერფლეში ჩაუფერფლეს, აგრესიულები იყვნენ, იგინებოდნენ, მივიდნენ თ. მამაკაცთან და დაუწყეს გინება, თ–ი წამოდგა ფეხზე და უთხრა თურქულად, რატომ მაგინებთო, ამათ რა იგულისხმეს, არ იცის, თ–ი რომ არ ესმოდათ, ალბათ შეურაცხყოფად მიიღეს ის ყველაფერი და ამ დროს დაინახა, რომ ვიღაცამ გვერდიდან დაარტყა. წამოხტა ა–ი ქალი, ვინც გვერდით ეჯდა და მოგერიების მიზნით საფერფლე გაისროლა. შემდეგ ატყდა ჩხუბი, დაინახა, რომ ეს თ–ი პირი დაგდებული იყო იატაკზე და ურტყამდნენ. ამ ჩხუბში ჩაერივნენ ქალბატონი მ. და გოგონები. აშველებდნენ, გაშველების მიზნით იყო სკამის სროლა ჭურჭლის ლეწვა, ყველაფრის მოწმე და მნახველია. ამ დროს შემოვიდა „ტაქსისტი“ ს–ა, რომ დაინახა ასეთი ამბავი იყო და ასეთი ჩხუბი ცდილობდა გაერიდებინა ეს პირები, ბარიდან გაეყვანა. ამაში დაეხმარა ქალბატონი მ–ც, ნებით თუ იძულებით ცდილობდნენ, რომ გაეყვანათ (13:42:03).

21.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას ე. ხ–ს ჩვენების ცრუ ჩვენებად შეფასების ნაწილში, რადგან მან მიუთითა, რომ გ. კ–ს არ შეუფურთხებია ა. ქ–სათვის, პირიქით, ა. ქ–მ შეაფურთხა მას. მოწმემ ჩვენებაში ნამდვილად მიუთითა, რომ ქალბატონი მ.(ა. ქ–ე) იჯდა თავის საწერ მაგიდასთან, ამ დროს შეურაცხყოფა ვეღარ მოითმინა და უთხრა მათ, რომ შვილებო, რა გნებავთ, დასხედით, თუ რამე გინდათ, მოგიტანთო. სამივენი მივიდნენ მაგიდასთან დაუწყეს, შენ ვინღა ხარო, შენ ვინ გკითხავსო, ჩვენ გვიბრძანებ, დასხედით, რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო. ერთ-ერთმა, როგორც დაინახა და ახსოვს კეპიანმა პირმა, სახეში შეაფურთხა(13:40:54). იქვე იდგა და ახსოვს, ხედავდა, რომ ნამდვილად კეპიანმა პირმა შეაფურთხა (13:52:29). აღნიშნული დასტურდება ასევე ს. ც–სა და მ. მ–ს ჩვენებით.

22. სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმე ს. ბ–ს სასამართლოში მიცემული ჩვენების მხედველობაში მიღებით, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მსჯელობა, რომ თითქოს, მოწმე ს. ბ–ი ყველაზე ახლოს იჯდა გ. ა–ს მაგიდასთან და არ ადასტურებს მსჯავრდებულების მხრიდან ძალადობას, რადგან 2018 წლის 4 აპრილს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ს. ბ–მ მიუთითა, რომ: ბარში როცა შევიდა, იგინებოდნენ, მაგრამ თ–ს შეაგინეს, თუ ვის შეაგინეს, ეს არ იცის. ასეთი ჩხუბი იქ ყოველდღე ხდება (15:20:50), ჩხუბის დაწყებისას გარეთ იყო, მას არ უნახავს, როგორ მოხდა ჩხუბი, შეიძლება ბიჭების ნათქვამი თ–მა სხვანაირად გაიგო და იმანაც შეაგინა და შეიძლება ეს ამბავი მოხდა (15:26:35). მოწმემ ცალსახად მიუთითა, რომ როდესაც ბარში ჩხუბი დაიწყო, ის გარეთ იყო.

22.1. რაც შეეხება ნ. კ–ს, მ. მ–ს, ე. ხ–სა და ს. ც–ს ბარში საქმიანობასთან დაკავშირებით დაცვის მხარის მსჯელობას, მოწმემ დაადასტურა, რომ ნ. კ–ე, მ. მ–ა, ე. ხ–ე, ს. ც–ა ბარში მიჰყავს და მოჰყავს. დილით მიჰყავს და საღამოს მოჰყავს. ორი „სმენაა“(16:24:15) - ნაწილი ოთხ საათამდე მუშაობს, ოთხი საათის მერე სხვები არიან (16:24:28). დიდი ხანია, იქ მუშაობენ, ერთი წელია (16:26:22). დღეის მდგომარეობითაც ყველა მუშაობს(16:29:06). სასამართლო ითვალისწინებს, რომ მითითებული გარემოება მოცემული სისხლის სამართლის საქმისათვის არარელევანტურია. მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით; ბარში მათი ყოფნის მიზეზი, თუ ცხოვრების წესი სისხლის სამართლის საქმისათვის ამ შემთხვევაში ირელევანტურია და არ წარმოადგენს მათი ჩვენებების არ გაზიარების საკმარის საფუძველს.

22.2. რაც შეეხება მოწმის განმარტებას ჩხუბის შემდეგ სტუმრების წასვლასთან დაკავშირებით, მან მიუითა, რომ სტუმრები არავის არ გაუგდია, თვითონ ადგნენ და წავიდნენ (16:37:56). უცბად დაიკეტა, ალბათ ნახევარი საათის შემდეგ მომხდარი ამბის მერე(16:59:04). შესაბამისად, დაცვის მხარის მითითება, რომ ბარი ჩხუბის გამო არავის დაუტოვებია, არ შეესაბამება მოწმის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას და ასევე ეწინააღმდეგება საქმეზე მოპოვებულ ვიდეოჩანაწერს, სადაც ნათლად ჩანს, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ, 02:54-ზე, სიტუაციის დაწყნარების შემდეგ, 03:08-ზე, მეორე მაგიდის სტუმრები დგებიან და ტოვებენ ბარს.

23. მოწმის სახით დაკითხული ს. ც–ს ჩვენებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ს. ც–ს ჩვენების თანახმად, გ. კ–ე გამშველებელი იყო და ცდილობდა ყველას დამშვიდებას და გარეთ გაყვანას. 2018 წლის 28 მარტს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ს. ც–მ მიუთითა, რომ უშუალოდ კეპიანი პირისაგან(გ. კ–ე) იყო თუ არა გინება, შეურაცხყოფა და ა.შ. არ იცის, მაგრამ ერთიანად ისმოდა გინება და ჩხუბი (15:20:32). უშუალოდ კეპიანმა როგორც იცის, როგორც ნახა, მ–ს ჩაარტყა ორჯერ, დანარჩენი გინებები უშუალოდ კეპიანისაგან არა, ერთიანად ესმოდა(15:20:57). თ–ი პირის ცემისას სამივენი იდგნენ, უშუალოდ ყველა ერთად იყვნენ, ყველანი ერთად ურტყამდნენ(12:21:57). უშუალოდ კეპიანზე განმარტა, რომ მ–ს ურტყამდა, დანარჩენი ყველანი ერთად ურტყამდა ერთმანეთს და ყველას(12:23:15). ერთი და იმავე კითხვა იმდენჯერ დაუსვეს, უკვე აერია, ამიტომ რომელიც აქვს დაწერილი და ნათქვამი გამოძიების ეტაპზე, სწორი არის ის. ყველა ერთად იგინებოდა, ყველა ერთად იყო ჩართული ჩხუბში(15:25:00). სათითაოდ ხელი არავის არავისზე დაუდია, რომ აი, შენ გაგინებ, გინებები იყო ერთიანად ყველას მისამართით(15:25:15). კეპიანმა მ–ს რომ შეაფურთხა, ეს დაინახა, ხელს ისე არავის დაადებს(15:26:45). კეპიანმა მ–ს შეაფურთხა(15:28:00) და ორჯერ ჩაარტა თავში (15:28:12). შესაბამისად, მოწმემ ცალსახად მიუთითა, რომ ყველა ერთად იგინებოდა, ყველა ერთად იყო ჩართული ჩხუბში(15:25:00).

24. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ თ. ა–ს, შ. ო–ს, ლ. ბ–სა და ა. ბ–ს ჩვენებების თანახმად, მათ არ იციან, რა არის დაკავებულისათვის უფლებების განმარტება და მსჯავრდებულების დაკავება მათთვის უფლებების განმარტების გარეშე მოხდა, ვინაიდან 2018 წლის 30 იანვრის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ. ა–მა მიუთითა, რომ ადმინისტრაციული დაკავებისას ლ. ბ–ს, ი. ბ–ს და გ. კ–ს განუმარტეს უფლებები(15:46:29). მაგრამ ეს პირები ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, რომ მათ არ უსმენდნენ(15:47:21). განუმარტეს ადვოკატის აყვანის უფლება, რასაც იტყოდნენ, მათ წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული სასამართლოზე (15:48:00); 2018 წლის 14 მარტის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ. ბ–მ მიუთითა, რომ დაკავებისას ლ. ბ–ს მან განუმარტა მისი უფლებები და მოვალეობები (17:35:19). 2018 წლის 4 აპრილის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა. ბ–მ განმარტა, რომ დაკავებულებს უფლებები მან განუმარტა თუ სხვამ, კონკრეტულად არ ახსოვს (18:00:29). ხუთნი იყვნენ და კონკრეტულად რომელმა განმარტა, არ ახსოვს, თუმცა უფლებები ნამდვილად განუმარტეს (18:00:45); 2018 წლის 30 იანვრის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შ. ო–მ მიუთითა, რომ როდესაც მივიდნენ ადგილზე მოუწოდეს წესრიგის დაცვისაკენ, ამშვიდებდნენ, მაგრამ ისინი არ დაემორჩილნენ და იძულების წესით წაიყვანეს პოლიციაში(16:39:40). უფლებები განუმარტეს დაკავებისას(16:42:58). მას აქვს იურიდიული განათლება(16:43:49).

25. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას მოწმე შ. ო–ს საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით დაკითხვის შესახებ. დაცვის მხარე დარღვევის საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოწმე ესწრებოდა წინა სასამართლო სხდომას, რაც მან დაადასტურა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად უთხრა უარი დაცვის მხარეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. შ. ო–მ ესწრებოდა სასამართლო პროცესს მხარეთა მიერ შესავალი სიტყვის წარმოთქმის ეტაპზე. საქართველოს სსსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოწმე უნდა დაიკითხოს იმ მოწმეთაგან განცალკევებით, რომლებიც ჯერ არ დაკითხულან. ამასთანავე, სასამართლო იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს დაკითხვის დამთავრებამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. შესაბამისად, მომავალში მოწმის სახით დასაკითხი პირის ყოფნა სხდომის დარბაზში მხარეთა მიერ შესავალი სიტყვის წარმოთქმის ეტაპზე ვერ შეფასდება საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნათა არსებით დარღვევად.

26. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის შეფასებას მ. გ–სა და ი. ა–ს დაკითხვისას გამოვლენილი დარღვევების შესახებ და განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე თარჯიმნად მონაწილე მ. გ–მ 2018 წლის 5 მაისის სხდომაზე დაკითხვისას მიუთითა, რომ იგი მონაწილეობდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ, მოწმეთა დაკითხვებსა და ამოცნობაში. თ... ენას ფლობს გრამატიკულად, დიპლომი არ აქვს, როცა დაოჯახდა, ძალიან პატარა იყო და სწავლობდა თ..... ენას. დაკითხვისას სრულყოფილად თარგმნა, გაურკვევლობა და კითხვები არ ყოფილა. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 53-54-ე მუხლები განსაზღვრავს თარჯიმნის უფლება-მოვალეობებს, მაგრამ სავალდებულო მოთხოვნად არ აწესებს თარჯიმანთა ბიუროში აღრიცხვაზე ყოფნას. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას ი. ა–ს მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე, 2018 წლის 25 აპრილის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი. ა–მა მიუთითა, რომ ახლობლების თხოვნითა და საკუთარი ინიციატივით მივიდა პოლიციაში. როცა მივიდა და გაარკვია თარჯიმანი არ იმყოფებოდა, რომელიც ამ საქმეს თარგმნიდა, გამოთქვა ინიციატივა, თვითონ გადაეთარგმნა და გადაუთარგმნა, რომ იყო ჩხუბი, ეს პირი იყო დაზარალებული, აუხსნა და მოაწერა ხელი(14:04:33). თარგმნასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია და უკმაყოფილება არ ჰქონია იმას, ვისაც უთარგმნა(14:06:35). გ. ა–ს არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა (14:10:01). ის მივიდა ბოლო წუთს, მთლიან პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, მაშინ, როდესაც ხელი უნდა მოეწერა (14:10:09). თურქულად საუბრობს და წერა - კითხვაც იცის, სამართლებრივ ტექსტს ვერ თარგმნის, რაც შეეძლო ის გადაუთარგმნა(14:11:55). მან ელემენტარულად, თავის ენაზე აუხსნა (14:12:49). სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. ა–მა გ. ა–ს გააცნო დაზარალებულად ცნობის ოქმი(იხ.: ტ.2, ს.ფ. 77-78),დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმი(იხ.: ტ.:2, ს.ფ. 79-80) და დაესწრო დაზარალებულის მეორედ გამოკითხვას(გ. ა–ი პირველად გამოიკითხა 2017 წლის 9 ნოემბერს, თარჯიმან მ. გ–ს მონაწილეობით), რომელიც თავისი შინაარსით არ შეიცავს დაზარალებულის პირველი გამოკითხვისაგან განსხვავებულ ინფორმაციას.

27. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას ზ. კ–ს ჩვენებების დაკოპირების გამო მტკიცებულებათა არგაზიარებასთან დაკავშირებით, რადგან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად ნათელია, რომ გამომძიებლის მიერ მოწმეთა წინა ჩვენებების გამოყენების მიუხედავად, მათ მიერ გამოკითხვისას დამატებით არის მითითებული დეტალები, გარემოებების დაზუსტება, ოქმის სისწორე დადასტურებულია გამოკითხვაში მონაწილე პირების ხელმოწერებით. დაუსაბუთებელია ასევე დაცვის მხარის მითითება ზ. კ–ს მიერ 112-ის შეტყობინების მიღების გარემოებებთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმის ელექტრონული წარმოების მხედველობაში მიღებით, საქმეში ცალკე დოკუმენტის არარსებობა, რაც დაადასტურებდა საქმის ზ. კ–სათვის დაწერას, კანონდარღვევად ვერ შეფასდება. აღნიშნული განმარტა მოწმემ 2018 წლის 27 ივნისის მოწმის სახით დაკითხვისას და მიუთითა, რომ 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია შესასრულებლად ფოსტის მეშვეობით დაეწერა მას (15:26:35). გამომძიებელი იღებს ინფორმაციას, რომელიც იწერება ფოსტაში, საქმეში ვერ იდება, გამოძიების აღრიცხვის ბარათში იწერება საქმის მოკლე გარემოებები. ფორმა N..-ში, გამოძიების აღრიცხვის ბარათში, იწერება დანაშაულის მოკლე ფაბულა, რაზეც იწყება გამოძიება, შეტყობინებიდან გამომდინარე(15:17:46).

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს გ. კ–ს, ლ. ბ–სა და ი. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება გ. კ–ს, ლ. ბ–სა და ი. ბ–სათვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ძალადობით.

29. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც გ. კ–ს, ლ. ბ–სა და ი. ბ–ს ქმედების კვალიფიკაციის, ისე სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს - გ. კ–ს, ლ. ბ–სა და ი. ბ–ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

30. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

31. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილული იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

32. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს.

33. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

34. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლით: გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაული. მსჯავრდებულები - გ. კ–ე, ლ. ბ–ი და ი. ბ–ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენით მსჯავრდებულნი არიან საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით. ი. ბ–ს სასჯელის სახით განესაზღვრა - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ლ. ბ–ს - 10 თვით, გ. კ–ს კი - 1 წლით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოთ ფაქტობრივი დაკავებიდან - 2017 წლის 13 ნოემბრიდან. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ. კ–ს, ლ. ბ–სა და ი. ბ–ს დღეის მდგომარეობით სრულად აქვთ მოხდილი საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მსჯავრდებულების მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელმოხდილს ამნისტიის აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა. მოცემულ შემთხვევაში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ითვალისწინებს ნასამართლობის მოხსნას.

35. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიაშვილის, მსჯავრდებულების - გ. კ–ს, ლ. ბ–სა და ი. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ს–სა და მ. ღ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე