საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100121004259411
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №484აპ-22 ქ. თბილისი
ლ. ე. 484აპ-22 28 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. თ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. ლ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. ,,მარიხუანის“ (გამომშრალი) უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით;
1.3. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით;
1.4. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 20:10 საათზე, ქ. თ–ი, დ. ჯ–ს ქუჩა №..-ში, ლ. ხ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, ალკოჰოლით მთვრალმა ე. ლ–მ ორლულიანი, გადაჭრილი თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში და იმავდროულად სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სახლში მყოფ ნ. ხ–სა და ნ. ხ–ს, რომლებსაც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა ე. ლ–მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ქ. თ–ში, დ. ჯ–ს ქუჩაზე, მე-4 შესახვევის №..-ში მდებარე საკუთარ სახლში შეინახა - 12,13 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი ,,მარიხუანა“, რაც 2020 წლის 8 ნოემბერს ამოიღეს შსს თერჯოლის რაიონული სამმართველოს მუშაკებმა.
2.3. ე. ლ–მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქ. თ–ში, დ. ჯ–ს ქუჩაზე, მე-.. შესახვევის №..-ში მდებარე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული თონის სახურავის ქვეშ არსებულ ალუმინის ფურცელზე შეინახა ქარხნული წესით დამზადებული, ,,TO3 Б“ მოდელის, 16 - კალიბრიანი, გლუვლულიანი, ორლულიანი, სანადირო თოფის კონდახისა და ლულების კუსტარული წესით დამოკლების შედეგად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი, ე.წ. ,,გადაჭრილი თოფი“, რაც 2020 წლის 28 ნოემბერს ჩხრეკის შედეგად ამოიღეს შსს თ–ს რაიონული სამმართველოს მუშაკებმა.
2.4. 2020 წლის 28 ნოემბერს, ქ. თ–ში, დ. ჯ–ს ქუჩაზე, ე. ლ–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ ,,TO3 Б“ მოდელის, 16 - კალიბრიან, გლუვლულიან, ორლულიან, სანადირო თოფის კონდახისა და ლულების კუსტარული წესით დამოკლების შედეგად დამზადებულ ცეცხლსასროლ იარაღს ე.წ. ,,გადაჭრილ თოფს“. აღნიშნული ცეცხსასროლი იარაღის გამოყენებით, 2020 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 20:10 საათზე, ქ. თ–ი, დ. ჯ–ს ქუჩაზე, №..-ში, ლ. ხ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, ალკოჰოლით მთვრალი ე. ლ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ხ–სა და ნ. ხ–ს, რა დროსაც რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 აგვისტოს განაჩენით:
3.1. ე. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათით;
3.2. ე. ლ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
3.3. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად, ე. ლ–ი გათავისუფლდა სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათით - მოხდისაგან და მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა;
3.4. ე. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ე. ლ–ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
3.6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ე. ლ–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 4 წლით);
3.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ე. ლ–ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
3.8. ე. ლ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 28 ნოემბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა ა. თ–მ, რომელმაც ითხოვა ე. ლ–ს გამართლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განაჩენით:
5.1. მსჯავრდებულ ე. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. თ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
5.2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
5.3. ე. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
5.4. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათით;
5.5. ე. ლ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების,ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
5.6. ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად, ე. ლ–ი გათავისუფლდა სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 250 საათით - მოხდისაგან და მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა;
5.7. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პორველი ნაწილით განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
5.8. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
5.9. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
5.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ხოლო თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და ე. ლ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
5.11. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ე. ლ–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 4 წლით);
5.12. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ე. ლ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
5.13. ე. ლ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 28 ნოემბრიდან.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ადვოკატმა ა. თ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ე. ლ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას.
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ე. ლ–ს ბრალად წარდგენილი თითოეული დანაშაულის მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულების - ნ. ხ–სა და ნ. ხ–ს, მოწმე - ლ. ხ–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (მუქარის ეპიზოდი); მოწმეების - ზ. ფ–ს, გ. მ–ს, თ. გ–ს ჩვენებებით, ამოღების 2020 წლის 8 ნოემბრის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის 2020 წლის 19 ნოემბრის N... დასკვნით (მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ეპიზოდი); დაზარალებულების - ნ. ხ–სა და ნ. ხ–ს, მოწმეების - შ. გ–ს, მ. ყ–ს, კ. მ–ს ჩვენებებით, ჩხრეკის 2020 წლის 28 ნოემბრის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის 2020 წლის 29 ნოემბრის N.. დასკვნით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარების ეპიზოდი) და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ე. ლ–ს მიერ მითითებული დანაშაულების ჩადენა.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ე. ლ–ს უდანაშაულობის შესახებ, კერძოდ:
9.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა - დაზარალებულებს გაუჩნდათ თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში იმ პირობებში, როდესაც მსჯავრდებულსა და დაზარალებულებს ჰქონდათ კარგი მეზობლური ურთიერთობა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულებმა დაადასტურეს, რომ მათ შეეშინდათ ე. ლ–ს მუქარის - არ მოეკლა ისინი, რის გამოც ნ. ხ–მ დაურეკა მეუღლეს, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიძახა საპატრულო პოლიცია.
9.2. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ე. ლ–ს 2020 წლის 28 ნოემბერს არ ჰქონია ცეცხლსასროლი იარაღი და შესაბამისად, ვერც იარაღის დემონსტრირებას შეძლებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნ. ხ–მ განმარტა, რომ კარზე გაიგო ბრახუნის ხმა, გაღებისას დახვდა ნასვამი ე. ლ–ი, რომელიც ნ. ხ–ს შვილს - ლ–ს ეძახდა. უთხრა, რომ ლ–ი არ იყო სახლში და მიუხურა კარი. მსჯავრდებული წავიდა მათი ეზოდან, თუმცა დაახლოებით 10-15 წუთში დაბრუნდა. იძახდა: „გამოდით“, ,,ვინც გამოხვალთ, დაგხოცავთ“. ნ. ხ–მ და ნ. ხ–მ ფანჯრიდან დაინახეს ე. ლ–ი ხელში ორლულიანი, გადაჭრილი თოფით, საიდანაც მან გაისროლა ჰაერში. თავის მხრივ, ნ. ხ–მ დაადასტურა, რომ ფანჯრიდან დაინახა ე. ლ–ი, რომელსაც ხელში ეჭირა გადაჭრილი, ორლულიანი თოფი. მან დაახლოებით ოთხჯერ ან ხუთჯერ გაისროლა, პარალელურად მათ ლანძღავდა და აგინებდა, ასევე, ამბობდა სიტყვებს - „გამოდით, დაგხოცავთ“. დაზარალებულებმა ასევე დაადასტურეს, რომ შიშის გამო ნ. ხ–მ დაურეკა ლ. ხ–ს და უთხრა მომხდარის შესახებ, ლ. ხ–მ, თავის მხრივ, გამოიძახა საპატრულო პოლიცია; დაზარალებულების ჩვენებები, თავის მხრივ, დასტურდება განმცხადებელ - ლ. ხ–ს 2020 წლის 28 ნოემბრის შეტყობინებით, რომლის თანახმად, მან განაცხადა, რომ თ–ს რაიონში, ........ის ქუჩა N..-ში მისი მეზობელი ე. ლ–ი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის მისი ოჯახის წევრების შესაშინებლად, ამბობს, რომ: თავად სახლში არ იმყოფება; ე. ლ–ი არის ნასამართლევი; ე. ლ–სთან კონფლიქტში არ ყოფილა ( იხ. ტ.1, ს.ფ.3). სასამართლო ითვალისწინებს რომ, ერთი მხრივ, დაზარალებულებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ მსჯავრდებულს ხელში ჰქონდა გადაჭრილი, ორლულიანი თოფი, რომლიდანაც ისროდა, ხოლო, მეორე მხრივ, ჩხრეკის 2020 წლის 28 ნოემბრის ოქმის თანახმად, მსჯავრდებულის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ამოიღეს თოფი, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, “თოფის ფორმის მქონე ობიექტი №...თავდაპირველი სახით იყო ქარხნული წესით დამზადებული ,,TO3 Б“ მოდელის, 16 კალიბრიანი, გლუვლულიანი, ორლულიანი, სანადირო თოფი, შემდგომში მას კუსტარული წესით დამოკლებული აქვს ლულები და კონდახი. კონსტრუქციაში არსებული ცვლილებების გამო იგი არის ე.წ. ,,გადაჭრილი თოფი“ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; 2 ცალი ვაზნის ფორმის მქონე ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 16 - კალიბრიანი გლუვლულიანი სანადირო თოფებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა და ვარგისია სროლისათვის”. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის არ დასტურდება კონფლიქტი, დაზარალებულებმა იდენტურად აღწერეს მსჯავრდებულის სახლიდან ამოღებული იარაღი, რომელიც ამოღებამდე მცირე დროით ადრე დაინახეს მსჯავრდებულის ხელში და რასთან დაკავშირებითაც აცნობეს ლ. ხ–ს, არ არსებობს მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.
9.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერც იმ მოსაზრებას, რომ სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე ე. ლ–ს კვალი არ იყო, ასევე არ დადგინდა, სადავო თოფიდან აღებულ ანაწმენდს აღენიშნებოდა თუ არა გასროლის კვალი. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის გენეტიკური პროფილის, ბიოლოგიური კვალის არარსებობა შემთხვევის ადგილზე ან დანაშაულის საგანზე a priori არ ნიშნავს ამ პირის უდანაშაულობას (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი №262აპ-17, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №190აპ-20; №658აპ-20 ). შესაბამისად, მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის გენეტიკური პროფილის ან ხელის კვალის აღმოუჩენლობა ნივთზე ადასტურებს მის უდანაშაულობას, დაუსაბუთებელია, ისევე - როგორც შემთხვევის ადგილზე მასრების აღმოუჩენლობა.
9.4. გარდა ამისა დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ: ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის პირობებში დაუდგენელი დარჩა წარმოდგენილი ორლულიანი, გადაჭრილი თოფიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ მომხდარი იყო თუ არა გასროლა; დაზარალებულები მათი საცხოვრებელი სახლიდან, იმ მდგომარეობაში და ბუნებრივ პირობებში ვერ დაინახავდნენ მათ მიერვე მითითებულ ადგილას, ეზოში მდგარ ე. ლ–ს და მის ხელში თოფს. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის დანაწესს, რომ მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა და საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ნ. ხ–ს მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და თანდართული ფოტოსურათები (ტ.N1; ს.ფ.4-14), რომლებზეც უთითებს კასატორი, არ იძლევა მის მიერ წარმოდგენილი ვერსიის გაზიარების შესაძლებლობას. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე და 144-ე მუხლების დანაწესებს და ვინაიდან დაცვის მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ არსებულ სიტუაციაში დაზარალებულებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა დაენახათ მსჯავრდებულის ხელში იარაღი, ასევე არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა საკუთარი ვერსიისა და მსჯავრდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ან/და ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა - სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის ზემოთ აღნიშნული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
9.5. სასამარლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება - ჩხრეკის 2020 წლის 28 ნოემბრის ოქმი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული მტკიცებულება, რადგან ჩხრეკის დაწყებამდე მსჯავრდებულს არ განემარტა უფლებები, არ გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ, არ დაასწრეს გამომძიებლის მოქმედებებს. ამასთან, ბრალდების მხარეს არ დაუდასტურებია, ვის ეკუთნოდა საცხოვრებელი სახლი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2020 წლის 28 ნოემბრის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილება და ჩხრეკის ოქმი შეიცავს შენიშვნებს, რომელთა თანახმად, ე. ლ–ი გაეცნო დადგენილებას/ოქმს, თუმცა გაურკვეველი მოტივით უარი განაცხადა ხელმოწერაზე; საგამოძიებო მოქმედებისა და მასთან დაკავშირებით შედგენილი დოკუმენტების კანონიერება დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მასში მონაწილე გამომძიებლებმა, ხოლო დაცვის მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას საეჭვოს გახდიდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მითითებული სადავო მტკიცებულების კანონის დარღვევით მოპოვებასთან დაკავშირებით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი პიროვნების შესახებ ინფორმაციით ე. ლ–ზე გაცემულია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მისამართით - თ–ა, .....ის მე-.. ჩიხი, N.., სადაც ჩატარდა სადავო ჩხრეკა (ტ.1; ს.ფ.23; თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი 2020 წლის 28 ნოემბერს ე. ლ–ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსის ჩხრეკა).
9.6. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია იმ ნაწილშიც, რომ შსს თერჯოლის რაიონული სამმართველოს მუშაკებმა 2020 წლის 8 ნოემბერს ამოიღეს ე. ლ–ს საცხოვრებელი სახლიდან ნარკოტიკული საშუალება - ,,მარიხუანა“, რადგან სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის ჩვენება ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით და გაიზიარა პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები - სასამართლო ითვალისწინებს, რომ ამოღების 2020 წლის 8 ნოემბრის ოქმის თანახმად, ე. ლ–ს საცხოვრებელ სახლში, მისაღებ ოთახში, ე. ლ–საგან ამოიღეს ოთახში, ტუმბოზე დადებული მომწვანო-მორუხო მცენარეული მასა, რაც ე. ლ–ს განმარტებით წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალება „მარიხუანას“ და იყო მისი საკუთრება. ოქმი ხელმოწერილია ე. ლ–ს მიერ და მასზე არ არის გაკეთებული რაიმე შენიშვნა ან/და განცხადება.
9.7. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიური დეპარტამენტის ი–ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ქიმიური ექსპერტიზის 2020 წლის 19 ნოემბრის N... დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მომწვანო ფერის მშრალი მასა წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ ,,მარიხუანას“, წონით - 12.13 გრამს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ჩვენებას, რომ 2020 წლის 8 ნოემბერს მასთან სახლში არავინ ყოფილა და საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია, აღნიშნული ჩატარდა მხოლოდ 26 ნოემბერს, რა დროსაც ,,მარიხუანა“ იდო მაგიდაზე, მაგრამ მისი ოდენობა არ იცის, ვინაიდან არ აუწონია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც საგამოძიებო მოქმედების 2020 წლის 8 ნოემბერს ჩატარებას საეჭვოს გახდიდა და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 ნოემბრის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი მითითებული სადავო საგამოძიებო მოქმედება, რომლის ფარგლებშიც ე. ლ–საგან ამოიღეს მცენარეული მასა, რაც ქიმიური ექსპერტიზის 2020 წლის 19 ნოემბრის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ ,,მარიხუანას“, წონით - 12.13 გრამს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ე. ლ–ს უდანაშაულობის შესახებ და ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ე. ლ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტების გამეორება.
11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
12. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
13. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. თ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი