საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002311009
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №312აპ-22 ქ. თბილისი
ვ-ი ე, 312აპ-22 20 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ე. ვ-ს, - დაბადებულს ... წლის.... ივლისს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, სამი პირის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის 6 იანვრის ჩათვლით დროის შუალედში, გ-ის რაიონის სოფელ კ-ი ე. ვ-ი, მისი და მისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - ო. პ-ს, შვილს - ე. პ-ა და არასრულწლოვან შვილს - ლ. პ-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, მეუღლეს - ო. პ-ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მათი არასრულწლოვანი შვილის - ლ. პ-ის თანდასწრებით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ყოველდღიურად აგინებდა, ამცირებდა და ეუბნებოდა, რომ მას უნდა დაემორჩილოს, არ უნდა გავიდეს სახლიდან მისი ნებართვის გარეშე, არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვინაიდან არის ქალი, მისი ცოლი და უნდა დაემორჩილოს მხოლოდ მას, რადგან არის ქმრის საკუთრება. აღნიშნული ქმედებით ო. პ-ა განიცადა ტანჯვა. ამავდროულად, ე. ვ-ი შვილს - ე. პ-ს ასევე სისტემატურად, არასრულწლოვნის თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ეუბნებოდა დამამცირებელ სიტყვებს, რამაც გამოიწვია ე. პ-ს ტანჯვა. ამასთანავე, ე. ვ-ი არასრულწლოვან შვილს სთხოვდა მუდმივად დამორჩილებოდა მას, როგორც ოჯახის უფროსს და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მასაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ლ. პ-ის ტანჯვა.
· 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის 6 იანვრის ჩათვლით დროის პერიოდში, ყოველთვე, გ-ის რაიონის სოფელ კ-ი, ე. ვ-ს ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ე. ვ-ი ოჯახის წევრებს, მეუღლეს - ო. პ-ა და არასრულწლოვან შვილს, 14 წლის ლ. პ-ს სისტემატურად სცემდა. კერძოდ, მეუღლეს - ო. პ-ს, არასრულწლოვანი შვილის - ლ. პ-ს თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ყოველთვე სცემდა, აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რამდენჯერმე არტყამდა ხელს სხეულის სხვადასხვა ადგილას და ეუბნებოდა, რომ უნდა დამორჩილებოდა, არ უნდა გასულიყო სახლიდან მისი ნებართვის გარეშე, დამოუკიდებლად არ უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ვინაიდან არის ქალი, მისი ცოლი და ვალდებული იყო, დამორჩილებოდა მხოლოდ მეუღლეს, რადგან არის მისი საკუთრება. აღნიშნული ქმედებით ო. პ-ა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა. ამასთანავე, მეუღლესთან კონფლიქტის დროს, ე. ვ-ი არასრულწლოვან ლ. პ-ს უმიზეზოდ, ან რაიმე მითითების შეუსრულებლობის გამო, სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, არტყამდა ხელს სხეულის სხვადასხვა ადგილას. 2018 წლის 6 იანვარს, საღამოს საათებში, ე. ვ-ი იყო ნასვამი და მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ლ. პ-ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და გულმკერდის არეში, ლ. პ-ი ცდილობდა მამისგან გაქცევას, რა დროსაც წაიქცა. სისტემატური ცემის შედეგად, ლ.პ-ა განიცდა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენით:
2.1. ე. ვ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ” ქვეპუნქტებითა და 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,დ“, ,,კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2.2. ე. ვ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
2.3. ე. ვ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენის გაუქმება და ე. ვ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ” ქვეპუნქტებითა და 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,დ“, ,,კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001).
7. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ე. ვ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ” ქვეპუნქტებითა და 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,დ“, ,,კ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულებმა ლ. პ-ა და ე. პ-ა ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მამის - ე. ვ-ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
10. რაც შეეხება დაზარალებულ ო. პ-ის ჩვენებას, მოწმემ განმარტა, რომ ადრე ყოფილა ე-ის მხრიდან მის მიმართ ძალადობის შემთხვევები, მას ასევე გამოწერილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერი. ამის შემდეგ ე-ს რაიმე ფიზიკური ძალადობა არ ჩაუდენია.
11. ე. ვ-ა ისარგებლა დუმილის უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება.
12. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მოწმეების - ა. ს-ს, ვ. ფ-ს, ს. მ-ს, ლ. ლ-ს ჩვენებებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი, რადგან ისინი ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულებისგან. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ირიბია. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
13. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის დადგენა და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 იანვრის №.... დასკვნით დასტურდება, რომ დაზარალებულ ლ. პ-ს აღენიშნებოდა ნაჭდევი მარჯვენა მტევანზე და სისხლჩაქცევა მარცხენა ყვრიმალის მიდამოში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, თუ ვინ (ე. ვ-ა თუ სხვა პირმა) მიაყენა აღნიშნული დაზიანება. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ დაზარალებულს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია.
14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ე. ვ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
15. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-77).
16. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი