საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.06.2022
საქმის ნომერი
2კ-339აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.06.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100121004252560

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №339აპ-22 ქ. თბილისი

ს-ი ს, 339აპ-22 20 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ს-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განაჩენით:

1.1. ს. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 29 ნოემბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ს-ა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 21:35 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ს. ს-ი, სახრახნისის გამოყენებით, კარის საკეტისა და მისი ფანჯრის მინის დაზიანებით, ცდილობდა, უკანონოდ შეეღწია ქ. გ-ი, .. ა-ის ქ. №...-ში მდებარე ი. ხ-ის მაღაზიაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სხვადასხვა პროდუქტს, რა დროსაც ამხილეს და დააკავეს შემთხვევის ადგილზე შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა ს. ს-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ჩ-ა საკასაციო საჩივრებით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განაჩენის გაუქმება და ს. ს-ის გამართლება. კასატორების მოსაზრებით, სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ს. ს-ს არ ჩაუდენია ი. ხ-ის მაღაზიის ქურდობის მცდელობა; საქმეზე დაკითხული მოწმეები დაინტერესებული არიან მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენით.

4.1. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ს. ს-ა და მისი ადვოკატის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეების საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების - მსჯავრდებულ ს. ს-ა და მისი ადვოკატის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ს. ს-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. საქმეზე წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა: მოწმეების - რ. ქ-ის, გ. ბ-ის, ი. ხ-ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №... დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

7. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა - რ. ქ-ა და გ. ბ-ა ჩვენების მიცემისას თანმიმდევრულად და დეტალურად გადმოსცეს ს. ს-ის მიერ ი. ხ-ის კუთვნილი მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებული მოვლენები; აღნიშნეს, რომ დაინახეს, თუ როგორ ჩაამტვრია მან კარის შუშა, შემდეგ კი შეეცადა მიმალვას, თუმცა შეაჩერეს; იქვე ნახეს გადაგდებული სახრახნისი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №..... დასკვნით დასტურდება, რომ სახრახნისის ტარზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის ს. ს-ს. მოწმის სახით დაკითხული პოლიციელების ჩვენებებს სრულად შეესაბამება დაზარალებულ ი. ხ-ის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მან სახლში ყოფნის დროს გაიგონა მინის მსხვრევის ხმა, გადმოიხედა და დაინახა, რომ მისი მაღაზიის შესასვლელი კარის მინა იყო ჩამსხვრეული; მალევე მივიდნენ პოლიციელები, რომლებმაც დააკავეს მისივე უბანში მცხოვრები ს. ს-ი, რომელიც, როგორც შეიტყო, ცდილობდა მისი მაღაზიის გაქურდვას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე დაზარალებულ ი. ხ-ან გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერებით, სადაც ასახულია, თუ როგორ მოძრაობს ს. ს-ი მითითებულ დროს ი. ხ-ის მაღაზიის მიმდებარედ, ათვალიერებს ირგვლივ გარემოს და შემდეგ ხელს ურტყამს მაღაზიის კარის მინას; მალევე მიდის პოლიციის ავტომობილი და აკავებენ მას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ს-ის ქმედებაში გამოკვეთილია მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის - ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით ქურდობის მცდელობის - ყველა სავალდებულო ნიშანი, რისი მხედველობაში მიღებითაც, მისი მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - კანონიერია.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

9. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. ს-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი