საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100120003902129
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №371აპ-22 ქ. თბილისი
ხ-ა გ, 371აპ-22 20 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ხ-ს, - დაბადებულს .... წლის .... მაისს, - ბრალად ედება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, მაშინ, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 28 იანვარს ქ. ზ-ი, მ-ას ქ. N...-ში მდებარე შპს ,,ს-ში“ გ. ხ-ნ დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ. ხ-ას მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცა შპს ,,ს-ის“ სახელზე რიცხული ,,WOLKSWAGEN JETA-ს“ მარკის ავტომანქანა და დაეკისრა ვალდებულება შპს ,,ს-ის" დაებრუნებინა ლიზინგის საგანი, თუ ვერ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას.
· ვინაიდან გ. ხ-ამ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შპს ,,ს-იამ“ მოსთხოვა ლიზინგის საგნის - ავტომანქანის დაბრუნება, რაც ვერ განხორციელდა, რადგან გ. ხ-მ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, საზოგადოების კუთვნილი ავტომობილი და განკარგა პირადი შეხედულებისამებრ.
· გ. ხ-ს ქმედებით შპს ,,ს-ას“ მიადგა 13065 ლარის - დიდი ოდენობით ზიანი.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენით:
2.1. გ. ხ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, მაშინ, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
2.2. გ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2020 წლის 9 სექტემბრიდან იმავე წლის 15 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი. მასვე სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში საქმიანობის უფლება ჩამოერთვა 3 წლით.
2.3. გ. ხ-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ხ-მ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, მაშინ, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 28 იანვარს ქ. ზ-ი, მ-იას ქ. N...-ში მდებარე შპს ,,ს-ში“ გ. ხ-ან დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ. ხ-ს მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცა შპს ,,საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სახელზე რიცხული ,,WOLKSWAGEN JETA-ს“ მარკის ავტომანქანა და დაეკისრა ვალდებულება შპს ,,ს-ის“ დაებრუნებინა ლიზინგის საგანი, თუ ვერ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას.
· ვინაიდან გ. ხ-ამ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შპს ,,ს-ამ“ მოსთხოვა ლიზინგის საგნის - ავტომანქანის დაბრუნება, რაც ვერ განხორციელდა, რადგან გ. ხ-მ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, საზოგადოების კუთვნილი ავტომობილი და განკარგა პირადი შეხედულებისამებრ.
· გ. ხ-ს ქმედებით შპს ,,ს-ას“ მიადგა 9150 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ჟვანიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. ხ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება თავისუფლების აღკვეთის სახით. საკასაციო საჩივრის თანახმად, განაჩენი უკანონოა კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში; სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები, რის საფუძველზეც გ. ხ-ს ქმედება გადააკვალიფიცირა სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. მსჯავრდებულ გ. ხ-ს მიერ მითვისების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - დ. ე-ის, ლ. უ-ას, ლ. ჩ-ს, ე. ხ-ს, გ. ხ-ს, თ. ჯ-ს, ნ. შ-ს, ვ. ლ-ს გამოკითხვის ოქმებით, საცხოვრებელი ბინისა და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ლიზინგის ხელშეკრულებითა და N1 და N2 დანართებით, მიღება-ჩაბარების აქტით, კერძო აღმასრულებელ დ. ე-ის მიმართვითა და თანდართული სააღსრულებო ფურცლით, დ. ე-ის მიმართვით საინფორმაციო ცენტრისადმი, წინადადებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, გამომძიებლის მიმართვით, მომსახურების სააგენტოს პასუხით.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ხ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო სწორად მიიჩნევს გ. ხ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან) საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებას, კერძოდ:
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, რომელიც ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის თავზე, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით, ხოლო მნიშვნელოვან ზიანად - ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
11. საქმეში წარმოდგენილი ლიზინგის ხელშეკრულების N1 და N2 დანართით, მიღება-ჩაბარების აქტით, გ. ხ-ა და თ. ჯ-ის გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ ზიანის ოდენობა გამოთვლილია ლიზინგის ხელშეკრულების N1 დანართში მითითებული სალიზინგო პროექტის ჯამური ღირებულებიდან, რაც მოიცავს პირველადი შენატანის ოდენობისა და სალიზინგო ინვესტიციის ჯამს. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი გვერდის მე-2 პუნქტში განსაზღვრულია ტერმინთა დეფინიციები და ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად, ლიზინგის პირველადი შენატანი არის ლიზინგის მიმღების მიერ გადახდილი პირველი სალიზინგო საზღაური.
12. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ხ-ას პირველადი შენატანის სახით გადახდილი აქვს 4500 ლარი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს, რომ ნივთის მითვისებით რეალურად დამდგარი ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს სალიზინგო ინვესტიციის თანხით - 9150 ლარით, რაც არ აღემატება 10000 ლარს და შესაბამისად, ვერ ქმნის დიდი ოდენობით ზიანს.
13. საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ხ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, რისი მხედველობაში მიღებითაც, გ. ხ-ს შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე), კერძოდ: გ. ხ-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პირველადაა სამართალში, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გ. ხ-მ მართლსაწინააღმდეგო ქცევა ჩაიდინა მძიმე ოჯახური მდგომარეობის - მცირეწლოვანი შვილის ავადმყოფობის დროს.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნეს კანონმდებელის ჩანაწერი განსახილველი დანაშაულისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის დაწესებასთან დაკავშირებით, რაც იმთავითვე გულისხმობს, რომ შესაბამისი ზოგადსავალდებულო ელემენტების გათვალისწინებით, აღნიშნული სახის ქმედებისათვის შესაძლებელია დამნაშავისათვის შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენდეს ჯარიმაც.
15. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა იმ საკითხებზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს კასატორი და რასაც სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი გახდებოდა, ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს.
16. სახელმწიფო ბრალმდებელი მსჯავრდებულ გ. ხ-ის შეფარდებული სასჯელის დამძიმების მოთხოვნისას საკასაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებული არ გამოცხადდა სასამართლო სხდომებზე, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მსჯავრდებულს არ აკისრებს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების ვალდებულებას, უფრო მეტიც, აღნიშნული მისი უფლებაა. შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. ხ-ას რაიმე საპროცესო ნორმა, რომელიც საკასაციო სასამართლოს ამ მოტივით სასჯელის დამძიმებაზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა, არ დაურღვევია.
17. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი