საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003309000
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №561აპ-22 ქ. თბილისი
ა-ი ი, 561აპ-22 12 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 მაისის განაჩენით:
1.1. ი. ა-ი, - დაბადებული .... წლის ... ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ ი. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 8 სექტემბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ა-ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით; სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, ი. ა-ი მივიდა თ-ი, ზ-ის დასახლების მე-... მ/რ, მე-... კვარტლის ...-ე კორპუსის ბინა №...-ში მცხოვრებ თავისი ძმის - ზ. პ-ის ოჯახში, რძალ - გ. პ-ნ და გარკვეული ოდენობის თანხა მოსთხოვა, რაზეც მან უარი განუცხადა. აღნიშნული გარემოებით განაწყენებულმა ი. ა-ა დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ძლიერი ტკივილისა და ტანჯვის მიყენების განზრახვით, მკვრივი, ბლაგვი საგნისა და დანის არაერთხელ დარტყმით, ოჯახის წევრს, რძალს - გ. პ-ს თავის, კისრისა და გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. იგი მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
· 2019 წლის 5 სექტემბერს ი. ა-ა თ-ი, ზ-ის დასახლების მე-,, მ/რ, მე-.. კვარტლის ...-ე კორპუსის №... ბინაში, დამამძიმებელ გარემოებაში გ. პ-ის განზრახ მკვლელობის ჩადენისას, ბინაში ცეცხლის წაკიდებით დააზიანა ავეჯი და ნივთები, კერძოდ: საწოლები, ხის სკამი, სავარძელი და ხალიჩები, რამაც გამოიწვია 1130,00 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ი. ა-ს მიერ ცეცხლის წაკიდებით გაჩენილმა ხანძარმა ბინაში ასევე დააზიანა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, ვიტრაჟი, კარნიზები, კორიდორში გაკრული შპალერი, ელექტროსადენები და ოთახების ჭერი. ზიანის ოდენობამ ამ ნაწილში შეადგინა 7580,48 ლარი. ი. ა-ის ქმედებამ ჯამურად გამოიწვია 8710,48 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. ი. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3.3. ი. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ ი. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 8 სექტემბრიდან.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ი. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ:
· ი. ა-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;
· ი. ა-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად შესაბამისი მუხლის სანქციის მინიმუმის შეფარდება.
4.1. პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ი. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ დეტალურად მიუთითა იმ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც მიიჩნია, რომ ი. ა-ა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები. აღნიშნული დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლე ე. პ-ა და მოწმეების - ზ. პ-ის, ი. მ-ის, შ. ა-ის, თ. მ-ის, ი. ჭ-ს, გ. ჭ-ის, მ. მ-ის, ი. ი-ს, დ. ხ-ა და სხვათა ჩვენებებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №. დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №., №.... დასკვნებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის №... და .... დასკვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის № დასკვნით, საინჟინრო ექსპერტიზის № და ტრასოლოგიური ექსპერტიზის № დასკვნებით, ტელეფონით შეტყობინებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით.
7. მსჯავრდებულმა ი. ა-ა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ 2019 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, მივიდა თავისი ძმის - ზ. პ-ის ცოლთან, გ. პ-ნ, რომელმაც თავად გაუღო კარი. მან გ. პ-ს ბავშვისათვის წამლის საყიდლად სთხოვა ფული, თუმცა მიიღო უარი. აღნიშნულით განაწყენებულმა გ. პ-ს თავში 3-ჯერ ჩაარტყა ხის პატარა ზომის სკამი, ეს უკანასკნელი დავარდა ძირს და გაითიშა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილი დატოვა. ი. ა-ა უარყო მის მიერ გ. პ-ის დანით ჭრილობის მიყენებისა და სახლში ცეცხლის წაკიდების ფაქტი და განმარტა, რომ ხის სკამისათვის ლურსმნები არ შეუნიშნავს. გ. პ-ს მოკვლის განზრახვა და სურვილი არ ჰქონია და მას უფროსი დასავით უყურებდა. მისთვის მხოლოდ ჯანმრთელობის დაზიანება უნდოდა და არ დაუშვია მისი სიკვდილი. გამოძიების ეტაპზე, ჩვენება, სადაც დეტალურად აღწერა გ. პ-ის ხის სკამის დარტყმის შემდეგ, სხეულის სხვადასხვა ნაწილში სამზარეულოს დანით დაზიანებების მიყენების შესახებ, მისცა პოლიციის თანამშრომლების მიერ ფიზიკური ძალადობის - ცემის შედეგად. აღნიშნულის შესახებ კი ამ დრომდე არ განუცხადებია, რადგან ეშინოდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული ვერსია მოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, ალოგიკურია და ეწინააღმდეგება გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
8. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ, თითქოსდა, ი. ა-ს სკამის სამჯერ თავში ჩარტყმით გ. პ-ის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებების გარდა, სხვა რაიმე სახის დაზიანება არ მიუყენებია; მსჯავრდებულს მხოლოდ დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების სურვილი ამოძრავებდა და მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, მას არ მოუკლავს გ. პ-ი განზრახ, განსაკუთრებული სისასტიკით და არც სხვისი ნივთი დაუზიანებია ცეცხლის წაკიდებით.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - თ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების - გ. ჭ-ა და მ. მ-ის ჩვენებებით დგინდება, რომ 2019 წლის 5 სექტემბერს სსიპ 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ინფორმაციის მიღებიდან დაახლოებით 5 წუთში, გამოცხადნენ შემთხვევის ადგილზე, საიდანაც გამოდიოდა კვამლი და ბინა დახვდათ დაკეტილი; მეზობლების ინფორმაციით, შიგნით უნდა ყოფილიყო ადამიანი და ამასთან, უკვე ადგილზე იყო ბინის მეპატრონე, რომელმაც მათ კარი გასაღებით გაუღო; სახლში იყო დაკვამლიანება და ოთახებში სხვადასხვა ნივთს ეკიდა ცეცხლი, რის გამოც ჩატარდა სალიკვიდაციო სამუშაოები და ჩააქრეს ცეცხლი; სამზარეულოს მხარეს არსებულ ლოჯიაში, მაგიდის გვერდით იდო მდედრობითი სქესის გვამი, რომელსაც სისხლიანი ჰქონდა სახე, ხელები და თავი; ოთახში იყო ასევე დამტვრეული და სისხლიანი ხის სკამი, ასევე სკამი დაზიანების გარეშე, თუმცა - სისხლიანი.
10. დაზარალებულის უფლებამონაცვლე ე. პ-ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს - 2019 წლის 5 სექტემბერს მამამ - ზ. პ-ა შეატყობინა, რომ მათი სახლი იწვოდა, დედამისი - გ. პ-ი კი გარდაიცვალა. დაახლოებით 11:30 საათზე იგი მივიდა სახლთან, მაგრამ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ შეუშვეს. ე. პ-ი ფიქრობდა, რომ დედამისი დაიწვა, თუმცა მალევე უთხრეს, რომ მოხდა მკვლელობა. იგი დაესწრო შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, რა დროსაც ნახა, რომ სახლში იყო კვამლის სუნი და მური, დამწვარი იყო სხვადასხვა ნივთი, ხოლო ლოჯიაში ნახა სისხლი.
11. გარდაცვლილ გ. პ-ის მეუღლის - ზ. პ-ის ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 5 სექტემბერს, 07:30 საათზე, გავიდა სამსახურში და დაახლოებით 2 საათში დაურეკა მეუღლეს, რომელმაც არ უპასუხა. მალევე მას კარის მეზობელმა შეატყობინა, რომ სახლიდან კვამლი გამოდიოდა, რის შემდეგაც, 10:30 საათზე, სახლში დაბრუნდა, თუმცა ექსპერტებმა, პოლიციისა და სახანძროს თანამშრომლებმა არ შეუშვეს. მან გარდაცვლილი მეუღლე ნახა მხოლოდ მორგში, რომელსაც თავი ჰქონდა გატეხილი და 7-8 ადგილას დანით მიყენებული ჭრილობა. მოწმის განმარტებით, მისი სახლის კარი მხოლოდ გასაღებით იღება და მიხურვისას ავტომატურად იკეტება.
12. მოწმეების - ე. პ-ა და ზ. პ-ის მიერ ჩვენებებში მითითებული გარემოებები დადასტურებულია ასევე მოწმეების - ი. მ-ა და შ. ა-ის ჩვენებებით. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ოთხივე მოწმის ჩვენებებით დასტურდება, რომ გ. პ-ი დღის განმავლობაში მარტო იმყოფებოდა და ის უცხო პირს კარს არ უღებდა; ი. ა-ს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ძმის ოჯახთან, მათ შორის რძალთან - გ. პ-ნ, კვირაში ერთხელ მაინც სტუმრობდა მათ, მაშინაც კი, როდესაც ზ. პ-ი სახლში არ იმყოფებოდა. მოწმეების - ე. პ-ა და ზ. პ-ს ჩვენებებით დგინდება ის გარემოებაც, რომ ი. ა-ი პანაშვიდებზე გრძელმკლავიანი ქურთუკით დადიოდა, რაზეც იმ დროს ყურადღება არ გაუმახვილებიათ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშრომლისგან ე. პ-ის ცნობილი იყო, რომ დამნაშავეს მკლავები უნდა ჰქონოდა დაკაწრული; მოგვიანებით კი ი. ა-ის შვილმა ე. პ-ს უთხრა, რომ მომხდარის დღეს - 5 სექტემბერს ი. ა-ს შეამჩნიეს დაკაწრული ხელები. ამასთან, მოწმეთა განმარტებით, ი. ა-ი ნათესავებს დაჟინებით სთხოვდა მიცვალებული ს-ი დაესაფლავებინათ, რადგან ს-ი სასაფლაო ბევრად ძვირი იყო, რაც მათ აფიქრებინებს, რომ ამ გზით მსჯავრდებულს ს-ი ჩასვლა და გაქცევა სურდა.
13. მოწმე ი. მ-ს ჩვენებით დადგინდა ის გარემოებაც, რომ იგი 2019 წლის 5 სექტემბერს, დილით, მიდიოდა დასთან - გ. პ-ნ, მაგრამ გზაში შეყოვნდა და დაახლოებით 10:15 საათზე მეზობელმა უთხრა, რომ დის სახლიდან კვამლი გამოდიოდა, ადგილზე მისულს კი პოლიციის თანამშრომლებმა შეატყობინეს დის გარდაცვალება.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ი. ა-ის ჩვენება ეწინააღმდეგება როგორც მოწმეების ჩვენებებს, ასევე წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებითა და ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილ გარემოებებს. მხედველობაშია მისაღები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნა, რომლითაც დადგენილია, თუ რა სახისა და ხარისხის დაზიანებები აქვს მიყენებული გ. პ-ს შემთხვევის დროს, მათ შორის - დაზიანებები ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით კისრისა და გულმკერდის არეში; დაზიანებები დაჟეჟილი ჭრილობების სახით თავის არეში, რომელთაგან დაზიანებები ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით; ხოლო დაზიანებები დაჟეჟილი ჭრილობების სახით - რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და რომლებიც მწვავე სისხლნაკლებობის განვითარებით, ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში განისაზღვრებიან, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები და უშუალო მიზეზობრივი კავშირი აქვთ დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან, ხოლო ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს (2019 წლის 5 სექტემბერი). გარდა ზემოაღნიშნულისა, გ. პ-ის გვამზე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები სახის, კისრის, გულმკერდისა და ზედა კიდურების მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი და ნაკვეთი ჭრილობების, თავის მიდამოს ნაჩხვლეტი ჭრილობების, სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილი ჭრილობების, სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, რომლებიც ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში იზოლირებულად, ცალ-ცალკე აღებული, განისაზღვრებიან, როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და უშუალო მიზეზობრივი კავშირი არ აქვთ დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
15. გარდა ამისა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია შემთხვევის ადგილის მდებარეობა და რა ნივთები ამოიღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, მათ შორის ის გარემოებაც, რომ ლოჯიაში არსებული იატაკის ზედაპირიდან ამოღებულია დამტვრეული სკამის ფრაგმენტები (საზურგე, დასაჯდომი ზედაპირი და საყრდენი ფეხის ნაწილები). ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ი. ა-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად მისი საძინებელი ოთახიდან ამოღებულია ტანსაცმელი, კერძოდ: შავი გრძელსახელოებიანი პერანგი, მორუხო მოკლესახელოებიანი მაისური, ლურჯი ჯინსის შარვალი, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ლაქები და მუქი სპორტული ფეხსაცმელი. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტებმა გ. პ-ს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, კერძოდ: მე-4-მე-5 სართულებს შორის ბაქანზე არსებულ საწოლის მატრასებს შორის ადგილიდან ამოიღეს შავი კეპიანი ქუდი. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ პაკეტში წარწერით - ,,დაზიანებული სკამი მოწითალო ფერის ლაქით ამოღებული ლოჯში იატაკიდან’’ მოთავსებულ მოყავისფრო ხის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ. პ-ს და მათგან მოყავისფრო ხისმაგვარი მასალის, სხვადასხვა ზომის ოთხ ფრაგმენტზე (სავარაუდოდ, სკამის 2 ფეხი და დეტალები) - მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისგან თავისუფალ ზედაპირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი. ა-ს; პაკეტში წარწერით „...თავის თმოვანი საფარიდან ამოღებული ხის მცირე ზომის ფრაგმენტები...“ მოთავსებულ მოყავისფრო ხისმაგვარი მასალის ფრაგმენტებსა და მათზე მიკრულ თმის ღერებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ. პ-ს; ი. ა-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებულ, მუქ სპორტულ ფეხსაცმელზე, მონაცრისფრო მოკლესახელოებიან მაისურსა და ლურჯ ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრი ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ. პ-ს; ასევე, გ. პ-ის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან ამოღებულ მოშავო კეპიან ქუდზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი. ა-ს; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის #.... დასკვნით, გ. პ-ს მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ფრაგმენტებში არსებულ, არათანაბრად შეღებილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოებსა და ი. ა-ის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ჯინსის შარვლის ნართის შემადგენელ შესაბამის ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება; დაზარალებულის მაისურსა და ქვედაბოლოზე არსებულ არათანაბრად შეღებილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ი. ა-ის ჯინსის შარვლის ნართის შემადგენელ შესაბამისი ბამბის ბოჭკოებთან.
16. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N.... დასკვნის თანახმად, გ. პ-ის ტანსაცმლიდან (მაისური, აზღუდი, ქვედაბოლო, ტრუსი) მაისურსა და აზღუდზე, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში არსებული ჭრით გამოწვეული დაზიანებების განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება წარმოდგენილი დიდი ზომის (ხისმაგვარი სახელურის მქონე) დანით (რაც ამოღებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს) და ლოკალიზაციის არეებით შეესაბამება სამედიცინო ექსპერტიზის N.... დასკვნის მონაცემების მიხედვით გ. პ-ის სხეულზე მარცხნივ გულმკერდის, მხრის და კისრის მიდამოებში არსებული დაზიანებების ლოკალიზაციის მონაცემებს. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში ასევე აღინიშნება: მაისურზე - მექანიკური ზემოქმედების შედეგად - უკანა მხარეს საყელოს გადანაკეცის განაკერის ძაფების გაწყვეტის შედეგად, რღვევით, ხოლო ქვედაბოლოზე - თერმული ზემოქმედების შედეგად განვითარებული დაზიანებები.
17. ზემომითითებულ მტკიცებულებებთან ერთად, კასატორის - ადვოკატ გ. მ-ის ვერსიას მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის მიერ შემთხვევის ადგილის დატოვების შემდეგ სხვა პირის მიერ გ. პ-ის სასიკვდილო დაზიანებების შესაძლო მიყენებასთან დაკავშირებით გამორიცხავს ასევე როგორც თავად ი. ა-ის, ისე ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი გარემოებებიც, კერძოდ:
17.1. მსჯავრდებულ ი. ა-ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი დაახლოებით 10 საათზე მივიდა გ. პ-ან ბინაში, ხოლო ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით - დაახლოებით 10 საათსა და 30 წუთამდე დროის მონაკვეთში შეამჩნიეს დაკვამლიანება გ. პ-ის საცხოვრებელ ბინაში, რის გამოც გამოიძახეს შესაბამისი სამსახურები და დაახლოებით 11 საათამდე პერიოდში ადგილზე იყვნენ უკვე როგორც გ. პ-ის მეუღლე - ზ. პ-ი, ასევე შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის შეფასებას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ მოკლე დროში შეუძლებელია ისე განვითარებულიყო მოვლენები, როგორც ამას აღწერს დაცვის მხარე. გარდა ამისა, დაცვის მხარის ვერსია - ფინანსურ დახმარებაზე უარით განაწყენებულმა ი. ა-ა მხოლოდ სამჯერ ჩაარტყა გ. პ-ს თავში ხის სკამი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა გონება დაკარგა, თავად მსჯავრდებულმა კი შემთხვევის ადგილი დატოვა - არადამაჯერებელია და საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნით დგინდება, გ. პ-ს სიკვდილის მიზეზია არაერთი მრავლობითი დაზიანების - კისრისა და გულ-მკერდის არეში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით და თავის არეში დაჟეჟილი ჭრილობების სახით არსებული დაზიანებების შედეგად განვითარებული მწვავე სისხლნაკლებობა; ასევე, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებების (რომლებსაც მიზეზობრივი კავშირი აქვთ დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან) გარდა, გ. პ-ის გვამზე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები - სახის, კისრის, გულმკერდისა და ზედა კიდურების მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი და ნაკვეთი ჭრილობების, თავის მიდამოს ნაჩხვლეტი ჭრილობების, სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილი ჭრილობების, სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით, რომლებიც ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული განისაზღვრებიან, როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და არ იმყოფებიან უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან; ასევე ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N.... დასკვნით დგინდება, რომ გარდაცვლილ გ. პ-ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ფრაგმენტებში აღმოჩენილ, არათანაბრად შეღებილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოებს და ი. ა-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ჯინსის შარვლის ნართის შემადგენელ შესაბამის ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება; ამავე დასკვნით დადასტურებულია, რომ გ. პ-ის მაისურსა და ქვედაბოლოზე არსებულ, არათანაბრად შეღებილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოებს საერთო გვარობრივი კუთვნილება გააჩნია მსჯავრდებულის ჯინსის შარვლის ნართის შემადგენელ, შესაბამის ბამბის ბოჭკოებთან; ტრასოლოგიური ექსპერტიზის N.... დასკვნით კი დგინდება, რომ გ. პ-ის ტანსაცმელზე (მაისური და აზღუდი) გარდა ჭრით გამოწვეული დაზიანებებისა, მაისურზე აღინიშნებოდა - მექანიკური ზემოქმედების შედეგად - უკანა მხარეს საყელოს გადანაკეცის განაკერის ძაფების გაწყვეტის შედეგად, რღვევით განვითარებული დაზიანებები. აღნიშნული გარემოებები კი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ პირდაპირ მიუთითებს გ. პ-ნ ფიზიკურ დაპირისპირებაში ი. ა-ის უშუალო მონაწილეობაზე, ცალსახად ადასტურებს, რომ დაზიანებების მიყენების მომენტში გ. პ-ს გონება არ დაუკარგავს, ის ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეწია ი. ა-ის და თავი დაეცვა მისგან. ამასთან, თავად მსჯავრდებულის მიერ აღწერილ ვითარებაში გარდაცვლილის ხელის ფრჩხილების ფრაგმენტებში მსჯავრდებულის ჯინსის შარვლის ბოჭკოების აღმოჩენის შესაძლებლობა ობიექტურად გამორიცხულია.
18. რაც შეეხება ადვოკატ გ. მ-ის აპელირებას მაკვალიფიცირებელ ნიშანზე - განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, ამ ნაწილშიც საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე უდავოდ დგინდება ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ ი. ა-ს მიერ მრავლობითი დაზიანებების მიყენების დროს გ. პ-ს გონება არ დაუკარგავს, არამედ იგი ცდილობდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რასაც მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, ლევან სამახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N... დასკვნაც ადასტურებს, რომლის თანახმადაც, გარდაცვლილ გ. პ-ის ფრჩხილების ფრაგმენტებში აღმოჩენილია ი. ა-ის ჯინსის შარვლის ნართის შემადგენელი შესაბამისი ბამბის ბოჭკოები. გარდა იმისა, რომ არაერთი დაზიანების მიყენების შედეგად გ. პ-ი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს (ტანჯვას), მსჯავრდებულთან მისი ახლო ნათესაური კავშირიდან გამომდინარე, ი. ა-ის ქმედებები გამოიწვევდა მის სულიერ ტანჯვასაც. ამ მიმართებით, მხედველობაშია მისაღები ი. ა-სა და გ. პ-ის ურთიერთდამოკიდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით კვალიფიკაციისათვის. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქმედების განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენის ფაქტზე მიუთითებს არა მხოლოდ მსჯავრდებულის მრავლობითი მოქმედებების შედეგად დროის გარკვეულ მონაკვეთში მიყენებული დაზიანებების სიმრავლე, არამედ გ. პ-ის დაზიანებების მიყენება მისთვის ახლობელი ადამიანის მიერ; განსაკუთრებულ სისასტიკეს მოწმობს მსჯავრდებულის მოქმედების ხასიათიც, ვინაიდან იგი გულგრილად ეკიდება ახლობელი ადამიანის გრძნობას, კერძოდ: როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლე ე. პ-ა და მოწმეების - ზ. პ-ა და შ. ა-ის ჩვენებებით დგინდება, გ. პ-ს ი. ა-ან ჰქონდა ძალიან ახლო და თითქმის ყოველდღიური ნათესაური კავშირი. აღნიშნულს ადასტურებს თავად ი. ა-ის ჩვენებაც, სადაც მიუთითებს, რომ გ. პ-ს უფროსი დასავით უყურებდა. გარდა აღნიშნულისა, როდესაც სხეულის დაზიანებების, მათ შორის - სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებების მიყენება დროში გახანგრძლივებულია, წინასწარი შეცნობით მოქმედი, ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ნებისმიერი სუბიექტისათვის სრულიად აღქმადია მსხვერპლის ის ტანჯვა, რასაც მსგავსი ქმედება იწვევს. ამავე დროს, ამ ქმედების შემადგენელი აქტების მრავალგზის განმეორებით ჩადენა უტყუარად ადასტურებს მისი ჩამდენის მისწრაფებას, გამოიწვიოს მსხვერპლის ტანჯვა ან/და უკიდურეს შემთხვევაში, შეგნებულად დაუშვას იგი, რაც სრულიად საკმარის საფუძველს წარმოადგენს პირის ქმედების განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობად შეფასებისთვის.
19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნაზეც, რომლის თანახმად, ი. ა-ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის; ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს რაიმე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა და მას შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა); თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში; იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას გაცნობიერებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი; ი. ა-ი, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, არანებაყოფლობით სტაციონარულ-ფსიქიატრიულ დახმარებას ან იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს.
20. რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენით ი. ა-ის შერაცხულ ბრალს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების - ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ჩადენის თაობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნაწილშიც ბრალი მის მიმართ უტყუარადაა დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელიც სრულიად საკმარისი და სარწმუნოა საიმისოდ, რომ სასამართლოს ი. ა-ი ბრალეულად ეცნო აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში. როგორც მოწმეთა ჩვენებების, ასევე წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებისა და ამ მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების, მათ შორის - მსჯავრდებულ ი. ა-ის მიერ ჩვენებაში მითითებული გარემოებების შეფასების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სწორედ მას შემდეგ, რაც ი. ა-ა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მოკლა გ. პ-ი, ბინაში ცეცხლის წაკიდებით დააზიანა ავეჯი და ნივთები. იმ გარემოებას, რომ 2019 წლის 5 სექტემბერს ი. ა-ა - თ-ი, ზ-ს დასახლების მე-.. მ/რ, მე-.. კვარტლის, ...-ე კორპუსის, №... ბინაში, დამამძიმებელ გარემოებაში გ. პ-ს განზრახ მკვლელობის შემდეგ, ცეცხლის წაკიდებით დააზიანა ავეჯი და ნივთები, ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ:
20.1. როგორც მოწმეების - თ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების - გ. ჭ-ა და მ. მ-ის ჩვენებებით დგინდება, სახლში იყო დაკვამლიანება და ოთახებში სხვადასხვა ნივთს ეკიდა ცეცხლი, რის გამოც ჩაატარეს სალიკვიდაციო სამუშაოები და ცეცხლი ჩააქრეს. მოწმეთა მიერ მითითებული გარემოებები დასტურდება დაზარალებულის უფლებამონაცვლე ე. პ-ა და გარდაცვლილ გ. პ-ს მეუღლის - ზ. პ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტების - ი. ი-ა და დ. ხ-ს ჩვენებებით, რომელთა თანახმადაც დგინდება, თუ რა მდგომარეობა იყო შემთხვევის ადგილზე და რა ნივთები იყო დაზიანებული. ამასთან, მოწმე დ. ხ-ს ჩვენებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ ცეცხლის კერების ადგილების გათვალისწინებით, გამორიცხულია ელექტროგაყვანილობას მოჰკიდებოდა ცეცხლი, რადგან კონკრეტულ უბნებში საერთოდ არ იყო გაყვანილი ელექტრობა.
20.2. ამასთან, სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის №... და №.... დასკვნების თანახმად დასტურდება, რომ თ-ი, ზ-ის დასახლების მე-.... მიკრორაიონის მე-... კვარტლის ...-ე კორპუსში მდებარე N... ბინაში ხანძრის გაჩენის მიზეზია ღია ცეცხლის წყაროს კონტაქტი წვად მასალასთან (ასანთი, სანთებელა); საცხოვრებელ ბინაში ხანძრის გაჩენის კერები მდებარეობს მისაღებ ოთახში, შესასვლელიდან მარცხენა მხარეს, მისაღებ ოთახსა და ე.წ. ლოჯიის გამყოფ კარზე მარჯვენა და მარცხენა მხარეს; ე.წ. ლოჯიაში, იატაკზე, ხალიჩაზე დასვენებული გვამის ფეხებს შორის, გვამიდან მარცხენა მხარეს ფარდის ქვედა ნაწილზე, მისაღებ ოთახში შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, საძინებელ ოთახში ჩაშენებული კარადის მახლობლად განთავსებულ საწოლთან. მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - თ. მ-ის ჩვენებით ასევე დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე იყო ოთხი დამოუკიდებელი, ერთმანეთისაგან განსხვავებული კერა, განვითარებული ცალ-ცალკე, ღია ცეცხლის წყაროებით.
20.3. საქმეში წარმოდგენილია ასევე სასაქონლო ექსპერტიზის N... დასკვნა, საიდანაც დგინდება დაზიანებული მოძრავი ქონების ღირებულება, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით შეადგენს 1130 ლარს. საინჟინრო ექსპერტიზის №... დასკვნით, ბინა N...-ში ხანძრის შედეგად გამოწვეული დაზიანებების აღმოსაფხვრელად ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ, შესრულებული სამუშაოების მოცულობების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგინა 7580,48 ლარი, ნორმატიული დარიცხვებითა და დღგ-ს ჩათვლით.
21. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ა-ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები.
22. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).
23. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
24. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე