საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.12.2022
საქმის ნომერი
2კ-1049აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.12.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122005405422

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1049აპ-22 ქ. თბილისი

ა-ე თ. 1049აპ-22 22 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ა-ს ინტერესებს დამცველის, ადვოკატ ლ. ღ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის განაჩენით:

1.1. თ. ა-ე, - დაბადებული … წლის … სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (შპს ,,ე-ს’’ ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით (შპს ,,ი-ს’’ ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ თ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 6 დეკემბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ა-მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 6 დეკემბერს, 05:40 საათზე, თ. ა-მ, დაუდგენელ პირთან ერთად, უკანონოდ შეაღწია თ-ი, ბ-ს ქუჩა N…-ში მდებარე შპს ,,ე-ს“ კუთვნილ სუპერმარკეტში, საიდანაც ფარულად დაეუფლა 400 ლარად ღირებულ სეიფს, რომელშიც ინახებოდა 4363,10 ლარი და 16 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 190,40 ლარს. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს ჯამურად მიადგა 4953,50 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

· 2021 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 03:50 საათზე, თ. ა-მ, დაუდგენელ პირთან ერთად, ვიტრაჟის გატეხვით უკანონოდ შეაღწია ქ. თ-ი, დ-ს მ-ი, გ. ჭ-ს ქუჩა N…-ში მდებარე შპს ,,ი-ს“ კუთვნილ რესტორანში, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ ფულად თანხას, 40 ლარს, მაჯის საათს, ,,გ-ს“ და ,,ჰ-ს“ ფირმის მოპედებს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით შპს ,,ი-ს“ ჯამურად მიადგა 3500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 აგვისტოს განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. თ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (შპს ,,ე-ს’’ ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით (შპს ,,ი-ს’’ ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ თ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 6 დეკემბრიდან.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ თ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ღ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და თ. ა-ს გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ თ. ა-ს ადვოკატის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა თ. ა-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. საქმეზე წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა: მოწმეების - თ. ხ-ს, ბ. წ-ს, თ. კ-ს, ნ. ნ-ს, გ. შ-ა და სხვათა ჩვენებები, პატაკი, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, შპს ,,ე-ს“ დირექტორის წერილი, №3187837 შეტყობინება, ნივთის ამოცნობის ოქმი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს სასაქონლო ექსპერტიზის N... დასკვნა, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ:

6.1. დაზარალებულმა გ. შ-მ თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ წინა ღამით თავად დაკეტა რესტორანი, ადგილზე დატოვა ზემოაღნიშნული ნივთები და მოპედები. 2021 წლის 6 დეკემბერს, დილით, სამუშაოზე მისულს რესტორნის კარი დახვდა ღია, ფულის შესანახი თარო - გატეხილი, ხოლო ფულადი თანხა, ყურსასმენები, საათი და მოპედები კი ადგილზე არ იყო. მოწმეებმა - თ. ხ-მ და ბ. წ-მ ჩვენების მიცემისას ზუსტად და თანმიმდევრულად აღწერეს სუპერმარკეტ ,,ე-ნ“ განგაშის სიგნალის გაგონების შემდეგ შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები. მათ მიუთითეს, რომ დაინახეს მაღაზიიდან გამოსული ორი პირი, რომლებიც დასხდნენ მოპედზე და გააგრძელეს მოძრაობა; მოუწოდეს გაჩერებულიყვნენ, რასაც არ დაემორჩილნენ. დევნისას მათ მოუცურდათ მოპედი, რომელიც მიატოვეს და ფეხით გააგრძელეს მოძრაობა. მოწმე ბ. წ-მ განმარტა, რომ შეამჩნია, მაღაზიიდან გამოსული პირებიდან ერთ-ერთს ხელში ეჭირა ღია ფერის ყუთი, რომელიც დაუვარდათ წაქცეულ მოპედთან. თ. ა-ე დაკავებისას უწევდათ წინააღმდეგობას და ცდილობდა ჯიბიდან რაღაცის მოშორებას, რისი საშუალებაც არ მისცეს.

6.2. რესტორანში არსებული შიდა და გარე პერიმეტრის კამერებით ნათლადაა ასახული, როგორ შედიან რესტორანში თ. და მისი მეწყვილე და ამავდროულად, კამერას უცვლიან მიმართულებას, რათა არ მოხდეს დანაშაულის ფაქტის ასახვა. ჩანაწერის მიხედვით, დაახლოებით 06:52 საათზე ტოვებენ რესტორნის ტერიტორიას. მოგვიანებით კი აღნიშნული მოპედიდან ერთ-ერთი აღმოაჩინეს ,,ე-ს“ მაღაზიის გაქურდვის ფაქტის დროს, კერძოდ, თ. ა-ს დაკავებისას, ხოლო მეორე მოპედი კი - დ-ს ტყე-პარკის ტერიტორიიდან, შემთხვევის ადგილიდან ,,რ-ი რესტორნიდან“ 150 მეტრში. მას შემდეგ, რაც თ. ა-ე და გამოძიებისათვის დაუდგენელი პირი დაეუფლნენ ,,ი-ს“ კუთვნილ მოპედებს, რიგით მეორე დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გაემართნენ ბ-ს ქუჩა N...-ში მდებარე შპს ,,ე-ს“ მაღაზიაში. აღნიშნული სუპერმარკეტის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოკამერის ჩანაწერების მიხედვით, თ. ა-მ მეწყვილესთან ერთად დაახლოებით 05:40 საათზე შეაღწია სუპერმარკეტში და დაეუფლა 400 ლარად ღირებულ სეიფს, რომელშიც ინახებოდა 4363, 10 ლარი და 16 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 190,40 ლარი. აღნიშნული ნივთების დაუფლების შემდგომ კვლავ მოპედის საშუალებით სცადეს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეამჩნიეს თ. ხ-მ და ბ. წ-მ. სწორედ მათ აღკვეთეს ეს დანაშაულებრივი ფაქტი და დააკავეს თ. ა-ე, ხოლო მეორე პირმა შეძლო ადგილიდან მიმალვა.

7. მოწმეთა ჩვენებები და ვიდეოკამერის ჩანაწერები თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ასევე საქმეზე ჩატარებულ ექსპერტიზების დასკვნებთან, კერძოდ: საქმეში წარმოდგენილი ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,...კაპიუშონიან მაისურსა (ობ.N17-20) და ქუდზე (ობ.N21,22) აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა, ობ.N18-ის გენეტიკური პროფილი და ობ.N17,19,20,21-ის შერეული პროფილების ერთი წილი ეკუთვნის თ. ა-ს. ,,...ერთ-ერთ ხელთათმანზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N13) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ. ა-ს (ობ. N24). ოდოროლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, სუპემარკეტ ,,ე-ნ“ და ,,ი-ნ“ ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები თ. ა-ნ ამოღებული სუნის ნიმუშის იდენტურია. თ. ა-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, დაკავებისას გამოიყენეს იძულებითი პროპორციული ზომა, ვინაიდან დამკავებელ პირებს თ. ა-ე უწევდა წინააღმდეგობას და ცდილობდა, მოეშორებინა დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი საგნები. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ამოღების ოქმით დასტურდება თ. ა-ს მიერ ,,ე-ს“ მაღაზიიდან ფარულად დაუფლებული სეიფისა და ,,ის“ კუთვნილი რესტორნიდან ფარულად დაუფლებული მოპედების ამოღების ფაქტები.

8. კასატორი - ადვოკატი ლ. ღ-ა მსჯავრდებულ თ. ა-ს ინტერესების დასაცავად, ხელთათმანზე თ. ა-ს კვლებთან დაკავშირებით, თავის საჩივარში აღნიშნავს, რომ იგი პანდემიის გამო ატარებდა ხელთათმანს, ხოლო აღნიშნული ორი ობიექტი მდებარეობს მის საცხოვრებელთან ახლოს და ხშირად სარგებლობს მათი მომსახურებით.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის აღნიშნულ მსჯელობას და სააპელაციო პალატის მსგავსად მიუთითებს, რომ, მართალია, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ბრალდების მტკიცების ტვირთი დაცვის მხარეზე არ გადადის, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის მხარე სასამართლოს შესთავაზებს საკუთარ ვერსიას, მისი მტკიცების ტვირთი/დასაბუთების ვალდებულება სწორედ მას წარმოეშობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. საქმის მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ თ. ა-ე დააკავეს 2021 წლის 6 დეკემბერს, 06:00 საათზე, შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტი, მითითებულ დროს სად და რატომ მიდიოდა თ. ა-ე. ასევე ზოგადია იმის მითითებაც, რომ იგი ხშირად სარგებლობდა აღნიშნული ობიექტებით, რადგან, მაგალითად, არ დასახელებულა კონკრეტული დრო (დაახლოებით მაინც), უკანასკნელად როდის იმყოფებოდა თ. ა-ე სუპერმარკეტ ,,ე-ი“ ან ,,ი-ი“; რა პროდუქცია შეიძინა ან მიირთვა, მარტო იმყოფებოდა თუ ვინმესთან ერთად.

10. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ა-ს ქმედებაში გამოკვეთილია მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ყველა სავალდებულო ნიშანი, რისი მხედველობაში მიღებითაც, მისი მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (შპს ,,ე-ს’’ ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით (შპს ,,ი-ს’’ ეპიზოდი) - კანონიერია.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

12. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. ა-ს ინტერესებს დამცველის, ადვოკატ ლ. ღ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი