განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100120003924418
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №810აპ-22 ქ. თბილისი
ჰ. ს. 810აპ-22 23 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილისა და მსჯავრდებულ ს. ჰ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ო-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ს. ჰ-ს, - დაბადებულს 1........, - ბრალად ედებოდა:
1.1. თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი ძალადობის მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
1.2. თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ს. ჰ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2018 წელს გ. ლ-ის ოჯახმა თანასოფლელ ჟ. ჰ-ისაგან იყიდა ნ-ის რაიონის სოფელ გ-ში მდებარე 8247,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: 6........, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში წარდგენის გზით საკუთრებაში დარეგისტრირდა გ. ლ-ის მეუღლის - ა. ლ–ის სახელზე. ს. ჰ-მა თავისად დაიგულა და შეცდომით იფიქრა, რომ მიწის ნაკვეთი მის ოჯახს წლების წინ უკვე შესყიდული ჰქონდა ჟ. ჰ-ისგან, თუმცა სინამდვილეში მას ხსენებულ უძრავ ქონებაზე არანაირი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა. იგი მიწის ნაკვეთით სარგებლობდა უკანასკნელი თვეების განმავლობაში, თესავდა და მოჰყავდა მოსავალი, მათ შორის - 2019 წლის 1 აგვისტოს ს. ჰ-ი შევიდა გ. ლ-ის ოჯახის მიწის ნაკვეთში და გათიბა, რის შემდეგაც უკვე 2019 წლის 3 აგვისტოს 18 ცალი ე.წ. „პრესი“ ავტომობილით წაიღო და განათავსა საცხოვრებელი სახლის ეზოში, მიწის ნაკვეთის დატოვებამდე კი ს. ჰ-მა ხელთნაქონი დანის გამოყენებით ანიშნა ნაკვეთის სიახლოვეს მყოფ გ. ლ-ს, რომ თუ ხელს შეუშლიდა მიწის ნაკვეთით სარგებლობაში, მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნებოდა. ს. ჰ-ის ქმედებებით გ. ლ-ს და მის ოჯახს მიადგათ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი და შეელახათ ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება - საკუთრების უფლება.
2.2. 2018 წელს გ. ლ-ის ოჯახმა თანასოფლელ ჟ.ჰ-ისაგან იყიდა ნ-ის რაიონის სოფელ გ----ში მდებარე 8247,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: 6......, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში წარდგენის გზით საკუთრებაში დარეგისტრირდა გ. ლ-ის მეუღლის - ა. ლ-ის სახელზე. ს. ჰ-ი თავისად იგულებდა და შეცდომით ფიქრობდა, რომ მიწის ნაკვეთი მის ოჯახს წლების წინ უკვე შესყიდული ჰქონდა ჟ. ჰ-ისგან, თუმცა სინამდვილეში მას ხსენებულ უძრავ ქონებაზე არანაირი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა. იგი მიწის ნაკვეთით სარგებლობდა უკანასკნელი თვეების განმავლობაში, მათ შორის - 2020 წლის მაისის დასაწყისში, შუადღის საათებში, ს. ჰ-მა მისთვის ჩვეულად, კვლავ ისარგებლა გ. ლ-ის ოჯახის მიწის ნაკვეთით, კერძოდ, შევიდა, მოხნა და დათესა ქერი მიწის ნაკვეთის ნაწილზე, რითაც ა. ლ-სა და მის ოჯახს მიადგათ 3000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე შეელახათ ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება - საკუთრების უფლება.
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ს. ჰ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით - შინაპატიმრობა 1 წლით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - შინაპატიმრობა 1 წლით;
3.4. მსჯავრდებულს დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან 06:00 საათამდე.
3.5. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა;
3.6. ყადაღა უნდა მოეხსნა გ. ო-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით: 6..........;
3.7. ნინოწმინდის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის მიერ ს. ჰ-ისთვის 2019 წლის 11 ოქტომბერს შეფარდებული 8000 ლარის ოდენობის გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ნინოწმინდის მაგისტრატის სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის N12/9-19 განჩინებით, გ. ო-ის ყადაღადადებული კუთვნილი უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი (მდებარე: ნ-ის რაიონის, სოფელი გ., ს/კ 6..........) უნდა მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
4.1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ს. ჰ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის შეფარდება;
5.2. მსჯავრდებულ ს. ჰ-ის ადვოკატმა გ. ო-მა მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, ს. ჰ-ის გამართლება;
5.3. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა ბრალდების მხარემ და მოითხოვა, დაუშვებლად იქნეს ცნობილი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა და მსჯავრდებულ ს. ჰ-ის ადვოკატმა გ. ო-მა, კერძოდ:
7.1. ბრალდების მხარე ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას და ს. ჰ-ის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდებას;
7.2. დაცვის მხარე ითხოვს ს. ჰ-ის უდანაშაულოდ ცნობას;
7.3. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა დაცვის მხარემ და მოითხოვა, რომ დაუშვებლად იქნეს ცნობილი პროკურორის საკასაციო საჩივარი;
7.4. ადვოკატის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ბრალდების მხარემ და მოითხოვა, რომ დაუშვებლად იქნეს ცნობილი/არ დაკმაყოფილდეს ადვოკატის სააპელაციო საჩივარი.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ს. ჰ-ის ადვოკატ გ. ო-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გირაოს ამოღების მიზნით ყადაღადადებული უძრავი ქონების აღსასრულებლად მიქცევს ნაწილში, ხოლო მსჯავრდების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
3. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს: პროკურორმა, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას და ადვოკატმა, რომელიც ითხოვს ს. ჰ-ის უდანაშაულოდ ცნობას და არ ეთანხმება ყადაღადადებული უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის (მდებარე: ნ-ის რაიონის სოფელი გ., ს/კ 6......) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის საკითხს.
4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ს. ჰ-ის უდანაშაულობის, საქმეში შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით ისჯება თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ასევე იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამდენად, პირი რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულვებულ უფლებას. ნამდვილად თავისი უფლება ისეთი უფლებაა, რომელიც პირს მინიჭებული აქვს კანონის ან კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ს. ჰ-ის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება თავისად დაგულვებულ უფლებას, აღნიშნული ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არა აქვს ანდა ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. შესაბამისად, თვითნებობა უფლების ისეთი განხორციელებაა, როცა უგულებელყოფილია ამ უფლების შეძენის ან რეალიზების კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი წესი - როცა პირი მოვალე იყო ემოქმედა სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე.
6. ა. ლ-მა განმარტა, რომ იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ნ-ის რაიონის სოფელ გ-ში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქვთ 2018 წელს თანასოფლელ - ჟ. ჰ-ისგან შეძენილი და საჯარო რეესტრში მის სახელზე დარეგისტრირებული 0.82 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც ჰქონდათ დათესილი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, მის მეუღლეს - გ. ლ-ს 2019 წლის გაზაფხულზე კონფლიქტი ჰქონდა თანასოფლელ - ს. ჰ-თან (მათ მიერ სადავო მიწის ნაკვეთის შეძენამდე, წლების მანძილზე სარგებლობდა მსჯავრდებულის ოჯახი). კერძოდ, 2019 წლის გაზაფხულზე, ს. ჰ-მა მათ მიერ დათესილი მიწის ნაკვეთი დაფრეზა და გაანადგურა. მომხდარის შესახებ შეატყობინეს პოლიციას, თუმცა ს. ჰ-ი 2019 წლის 3 აგვისტოს კვლავ შევიდა მიწის ნაკვეთში, მოთიბა, დაპრესა და წაიღო თივა. აღნიშნული დაინახა გ. ლ-მა და შეატყობინა პოლიციას. ს.- ჰ-მა მიწის ნაკვეთის დაახლოებით 35-40 მეასედი მოთიბა, რითაც მის ოჯახს მიაყენა დაახლოებით 2000 ლარის მატერიალური ზიანი. 2019 წლის აგვისტოს შემდეგ, მისმა ოჯახმა მიწა გათიბა და მოხნა, რათა 2020 წელს ისევ ესარგებლათ, თუმცა მათ 2020 წლის მაისშიც ვერ ისარგებლეს სადავო მიწის ნაკვეთით, რადგან 40 მეასედზე ისევ ს. ჰ-მა დათესა ქერი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშრომლებს გაფრთხილებული ჰყავდათ, რომ მიწა ეკუთვნოდა მას - ა. ლ-ს. დარჩენილ ნაწილზე მათ არაფერი დაუთესავთ, რადგან მოერიდნენ კონფლიქტს. 2020 წელს, ს. ჰ-ის ქმედებით მის ოჯახს მიადგა - 3000 ლარის ზიანი. დაზარალებულმა განმარტა, რომ 2020 წელს, მართალია, მათ არ დაუმუშავებიათ მიწა და არაფერი დაუთესიათ, მაგრამ პრესი პოლიციის მეშვეობით წაიღეს. მის ოჯახს მიადგა ზარალი, რადგან მიწა ვერ გამოიყენეს - ვერ დათესეს, ამასთან, მორალურადაც დაზარალდნენ. ფიქრობს, რომ მისი ოჯახი ვერც ამ გაზაფხულზე დაამუშავებს მიწას, ვინაიდან ს. ჰ-თან კონფლიქტის ეშინიათ. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მართალია სადავო მიწის ნაკვეთი მის სახელზეა რეგისტრირებული, მაგრამ ის სოფლის მეურნეობის საკითხებში ვერ ერკვევა და ზიანი გამოთვალეს ოჯახში (20.12.2021; 14:15:28; 14:20:50).
6.1. გ. ლ-მა განმარტა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ნ-ის რაიონის სოფელ გ-ში, მიმდებარე ტერიტორიაზე კი აქვთ 2018 წელს თანასოფლელ - ჟ. ჰ-ისგან ნაყიდი და საჯარო რეესტრში მისი მეუღლის - ა. ლ-ის სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. 2018 წლის გაზაფხულზე მან მიწა მოხნა, ქვებისგან გაწმინდა და 2019 წლის მაისში დათესა, თუმცა რამდენიმე დღეში ნახა, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილი (40 მეასედამდე) დაფრეზილი იყო. მომხდარის შესახებ შეატყობინა პოლიციას. დადგინდა, რომ ეს ჩაიდინა ს. ჰ-მა. ამის შემდეგ, 2019 წლის 3 აგვისტოს, დაინახა, რომ ს.ჰ-ი მის ნაკვეთში თიბავდა და აგროვებდა თივას, რაც პოლიციას შეატყობინა. სამართალდამცავებმა მსჯავრდებული წაიყვანეს, თუმცა აღნიშნულის შემდეგ ნაკვეთში მივიდა ა. ბ–ი რომელმაც უთხრა, რომ ს-ს დავალებით მოქმედებდა და დაიწყო თივის დაპრესვა. ადგილზე იმავე დღეს ავტომანქანა ,,ფორდ-ტრანზიტით“ დაბრუნებულმა ს. ჰ–მა ამოიღო სამზარეულოს დანა და დაემუქრა ყელის გამოჭრით. მას შეეშინდა და დარეკა პოლიციაში, თუმცა სანამ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები მივიდოდნენ, მსჯავრდებულმა თივა მოაგროვა. 2020 წლის მაისში მან დაინახა, რომ ს. ჰ–ი ამუშავებდა მისი ნაკვეთის ნაწილს, ხოლო დარჩენილ ნაწილში დაყარა ქვები, რის გამოც ნაკვეთი ვეღარ გამოიყენა. მსჯავრდებულის ქმედებებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 2019 წელს - 2000 ლარი, ხოლო 2020 წელს - 3000 ლარი.
7. ს. ჰ–მათავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მან დაამუშავა და გათიბა თავისი და არა - გ. ლ-ის ნაკვეთი, კერძოდ, მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა მის მამიდას - ჟ. ჰ-ს, როგორც მისი წილი, თუმცა დაახლოებით 25 წლის წინ 800 აშშ დოლარად მიჰყიდა მამამისს, რაც ოფიციალურად არ გაუფორმებიათ. შესაბამისად, ბოლო ყიდვა-გაყიდვისას ჩაიდინეს დანაშაული - ჟ-მ გ.- ლ-ს კანონის დარღვევით მიჰყიდა სადავო მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება მისი მხრიდან დანით მუქარას, განმარტა, რომ იგი გ. ლ–ს არ დამუქრებია.
8. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით და 2018 წლის 17 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს ჟ. ჰ-სა და ა. ლ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ა. ლ-მა ჟ. ჰ-ისგან შეიძინა ნ-ის რაიონის სოფელ გ-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: .........., მესაკუთრე: ა. ლ-ი).
9. დაცვის მხარე კასატორის მტკიცებით, ჟ. ჰ–მა სადავო მიწის ნაკვეთი წლების წინ მიჰყიდა მსჯავრდებულ ს. ჰ–ს მამას და შესაბამისად, იგი ეკუთვნის ს. ჰ-ს; ჟ. ჰ-სა და ა. ლ-ს შორის დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არის უკანონო, საბუთები - აშკარად გაყალბებული, ქონება კი - მიტაცებული, რაც საეჭვოს ხდის საჯარო რეესტრის ჩანაწერის კანონიერებას.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი;
11. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ჟ. ჰ-სა და მსჯავრდებულის მამას შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას, რაც, თავის მხრივ, დაადასტურებდა მითითებულ მიწის ნაკვეთზე სადავო შემთხვევის დროისათვის მსჯავრდებულის საკუთრების/ მფლობელობის უფლებას.
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ჟ. ჰ-ის გამოკითხვა/დაკითხვის არ არსებობის გამო, საქმეში ვერ გაირკვა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის - რეალურად მიჰყიდა თუ არა წლების წინ ჟ. ჰ–მამის ოჯახს მიწის ნაკვეთი, თუ არ მიჰყიდა, მაშინ რატომ ფლობდნენ ისინი (მისი ოჯახის წევრები), ასევე მიჰყიდა თუ არა ჟ. ჰ–მაიგივე ნაკვეთი ა. ლ-ს.
13. იმ პირობებში, როდესაც ჟ. ჰ-სა და ს. ჰ–ს მამას შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არც წერილობითი ფორმით დადებულა და არც საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული უფლების დამდგენი დოკუმენტი (იხ. საკასაციო საჩივარი, გვ.8,13); საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2018 წლის 2 აგვისტოს ჟ. ჰ-სა და ა. ლ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და ა. ლ-მა ჟ. ჰ-ისგან შეიძინა მიწის ნაკვეთი, ხოლო მითითებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ან/და საჯარო რეესტრის ინფორმაცია არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგული, ბათილი ან არარად ცნობილი, განსახილველი დავის მიზნებისთვის ჟ. ჰ-ის გამოკითხვა/დაკითხვა ირელევანტურია. მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტია, რომ დანაშაულის ჩადენის დროისათვის მსჯავრდებულისათვის ცნობილი იყო, რომ მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა ა. ლ-ის საკუთრებად, თუმცა მან, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, მიიჩნია რა რომ სადავო ნაკვეთი იყო მისი საკუთრება - ისარგებლა მიწის ნაკვეთით, საჯარო რეესტრით განსაზღვრული მესაკუთრის აკრძალვის მიუხედავად.
14. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ის და მისი ოჯახი ხანგრძლივი დროის განმავლობაში სარგებლობდნენ სადავო მიწის ნაკვეთით და ჟ. ჰ-ს არასდროს მოუთხოვია აღნიშნულის შეწყვეტა, ითვალისწინებს, რომ თავდაპირველი მესაკუთრის მხრიდან აკრძალვის არარსებობა მსჯავრდებულს არ აძლევდა მიწით სარგებლობის უფლებას ახალი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ (წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ა. ლ-ის მიერ ს. ჰ–ს სასარგებლოდ უფლებრივად დატვირთული ნივთის შეძენა). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე მსჯავრდებულს ედავება არა 2019 წლამდე პერიოდში (მათ შორის 2019 წლის მაისში) აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობას, არამედ სადავო მიწის ნაკვეთზე ა. ლ-ის საკუთრების უფლების წარმოშობის და მსჯავრდებულისთვის ახალი მესაკუთრის ვინაობის შეტყობინების შემდეგ - 2019-2020 წლების ორ კონკრეტულ ეპიზოდს.
15. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორი დაცვის მხარის პოზიციას, რომ ს. ჰ-ისთვის მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენისას უცნობი იყო აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სხვა პირის - ა. ლ-ის - საკუთრების უფლების არსებობა.
15.1. დაზარალებულ ა. ლ-ის ჩვენების თანახმად, მას შემდეგ, რაც მისმა ოჯახმა იყიდა სადავო მიწის ნაკვეთი და 2019 წლის მაისში დათესეს, ს. ჰ–მა მიწის ნაკვეთი დაფრეზა და ნათესი გაანადგურა. მომხდარის შესახებ შეატყობინეს პოლიციას. აღნიშნულის შემდეგ აგვისტომდე არაფერი მომხდარა, თუმცა 2019 წლის 3 აგვისტოს ს. ჰ–ი კვლავ შევიდა მიწის ნაკვეთში, მოთიბა, დაპრესა და წაიღო თივა. მომხდარის შესახებ ისევ პოლიციას შეატყობინეს. ა. ლ–ი პირადად იმყოფებოდა ადგილზე მიწის ნაკვეთის დათვალიერებისას და მიუთითა არსებული ვითარების შესახებ, რის საფუძველზეც აღიძრა საქმე.
15.2. გ. ლ-ის განმარტებით, მას შემდეგ რაც 2019 წლის მაისში მიწა დაფრეზა მსჯავრდებულმა, მან შეატყობინა პოლიციას. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სადავო ნაკვეთი ეკუთვნოდა მის ოჯახს. აღნიშნულის მიუხედავად 3 აგვისტოს ს. ჰ–იმაინც შევიდა მათ ნაკვეთში, შესაბამისად, კვლავ დარეკა პოლიციაში. სამართალდამცავებმა მსჯავრდებული წაიყვანეს.
15.3. გამომძიებელმა გ. მ–მა განმარტა, რომ 2019 წლის მაისში განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ს. ჰ–მა დაფრეზა და გაანადგურა ლ-ების მიწის ნაკვეთზე არსებული ნათესი. შესაბამისად, დაათვალიერეს ტერიტორია, მათ შორის, ა. ლ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. გაესაუბრნენ კონფლიქტში მყოფ პირებს. დაზარალებული მხარე განმარტავდა, რომ მსჯავრდებული სადავო მიწის ნაკვეთს მიიჩნევდა თავის საკუთრებად. 2019 წლის 3 აგვისტოს განყოფილებაში კვლავ შევიდა შეტყობინება, რომ ს. ჰ–მა გათიბა ლ-ების ნაკვეთი. ს. ჰ–ი დაიბარეს განყოფილებაში და გამოკითხეს, რა დროსაც მან მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთი გათიბა, რადგან არის მისი - ეკუთვნის მის ოჯახს.
15.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სწორედ ს. ჰ-სა და გ. ლ-ს შორის მიწის ნაკვეთის შესახებ არსებულ დავასთან დაკავშირებით გამომძიებელი გევორგ მხითარიანი გაესაუბრა მსჯავრდებულს 2019 წლის 22 მაისს, ანუ მანამდე, სანამ იგი ჩაიდენდა მსჯავრად შერაცხულ ქმედებებს (2019 წლის 3 აგვისტოს და 2020 წლის მაისის ეპიზოდები), 2019 წლის 22 მაისის გასაუბრების ოქმით კი, რომელიც ხელმოწერილია ს. ჰ-ისა და თარჯიმნის მიერ, უტყუარად დასტურდება, რომ მსჯავრდებულისათვის გასაუბრების დროს (2019 წლის მაისს) უკვე ცნობილი იყო, რომ სადავო მიწის ნაკვეთი იყიდა ა. ლ-მა, თუმცა რადგან 28 წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთით სარგებლობდა მისი ოჯახი, თვლიდა რომ - მისია.
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარე კასატორის მსჯელობას ა. ლ-სა და ჟ. ჰ-ს შორის დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების უკანონობის შესახებ იმაზე მითითებით, რომ საბუთები აშკარად გაყალბებულია, ქონება კი - მიტაცებული, რაც საეჭვოს ხდის საჯარო რეესტრის ამონაწერის სისწორეს. დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია (ეჭვები) არ გამორიცხავს ს. ჰ–ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. იმ შემთხვევაში, თუ ს. ჰ-ს სადავო მიწის ნაკვეთი (რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იყო არა მის, არამედ სხვა პირის - დაზარალებულ ა. ლ-ის საკუთრებად) მიაჩნდა თავისად, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება - უკანონო გარიგების შედეგად, საკუთარი უფლების დაცვისათვის უნდა გამოეყენებინა სამართლებრივი ზემოქმედების მექანიზმები და ედავა შესაბამისი (სამოქალაქო ან/და სისხლის სამართალწარმოების) წესით.
17. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ს. ჰ–მა თავისად დაიგულა და შეცდომით იფიქრა, რომ მიწის ნაკვეთი მის ოჯახს წლების წინ უკვე შესყიდული ჰქონდა ჟ. ჰ-ისგან, თუმცა მას აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ გააჩნდა.
18. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარე კასატორის პოზიციას სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი ნივთმტკიცების - დანა - გამოცვლის და მისი დაუშვებელ მტკიცებულეად ცნობის ნაწილში. ამასთან, მხარეებს შორის დავის საგანია ასევე იმ საკითხის გარკვევა, დანის გამოყენებით ანიშნა თუ არა 2019 წლის 3 აგვისტოს ს. ჰ–მა ნაკვეთის სიახლოვეს მყოფ გ. ლ-ს, რომ თუ ხელს შეუშლიდა მიწის ნაკვეთით სარგებლობაში, მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნებოდა.
18.1. საკასაციო სასამართლო, მათ შორის, ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ს. ჰ-ისგან ამოიღეს დანა, რომელიც დაილუქა შესაბამისი წესით, მათ შორის, თავად მსჯავრდებულის ხელმოწერით; ტრასოლოგიური ექსპერტის დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საკვლევი ობიექტის ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა; ექსპერიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა. ამასთან, ექსპერტმა შ. ზ–მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას წარდგენილ ნივთმტკიცებასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ეს არის ის დანა, რომელიც ამოიღეს ს. ჰ–სავტომანქანის ჩხრეკის დროს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული დასკვნისა და თავად ნივთმტკიცების (დანის) არგაზიარების საფუძველი არ არსებობს.
18.2. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარე კასატორის პოზიციას, რომ მსჯავრდებულის მიერ გ. ლ-ის მიმართ დანის დემონსტრირებით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, მიმართული არ იყო ნაკვეთით სარგებლობაში ხელის შეშლაზე. დაზარალებულ გ. ლ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მსჯავრდებული დანის დემონსტრირებით - ყელის გამოჭრით დაემუქრა იმ დროს, როდესაც პოლიციიდან დაბრუნდა (დაზარალებულის განმარტებით, პოლიციელებმა წაიყვანეს მისი შეტყობინების საფუძველზე) და თივა მოაგროვა. ამასთან, გ. ლ-მა მუქარა აღიქვა რეალურად და მიმართა (დარეკა) პოლიციას.
19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არის შედეგით დაფუძნებული მატერიალური შემადგენლობა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. იმავდროულად, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მიზნებისთვის მიყენებული ზიანი უნდა აღემატებოდეს 150 ლარს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის ოცდამეხუთე თავით გათვალისწინებული საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისგან განსხვავებით, სადაც ქმედებით გამოწვეული ზიანის მნიშვნელობა საკანონმდებლო წესით არის განსაზღვრული, თვითნებობის შემთხვევაში ზიანის ოდენობა და ხასიათი (მნიშვნელოვანია თუ არა ქმედებით გამოწვეული ზიანი) სასამართლოს შეფასების საგანია და განისაზღვრება კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის 173აპ-21 განჩინება). მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება იყოს როგორც მატერიალური, ასევე არაქონებრივი - მორალური სახის ან უკავშირდებოდეს კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის №893აპ-19 განჩინება).
20. საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის დანაწესთან დაკავშირებით დაცვის მხარე კასატორის პოზიციასთან მიმართებით სასამართლო, ერთი მხრივ, ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინებაში სასამართლომ არ მიუთითა საჩივრის ზეპირი განხილვის შესახებ, რადგან სადავო განჩინების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში, ბოლო აბზაცად მითითებულია, რომ ,,სააპელაციო პალატას მიჩნია, რომ მოცემული საჩივარი განხილულ უნდა იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე“; მეორე მხრივ, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას ზეპირი განხილვის გარეშე სააპელაციო საჩივრის განხილვის სხდომის თარიღის გონივრულ ვადაში მხარებისათვის შეტყობინების საჭიროების შესახებ. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. იმავდროულად, სასამართლოსთვის მიმართვის მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, „რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა. სამართლიანი სასამართლოს უფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები უნდა უჩენდნენ ადამიანებს იმის განცდას, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი უფლებების/კანონიერი ინტერესების სასამართლოში დაცვას, ამასთან, უნდა იწვევდნენ სასამართლოს სამართლიანობის აღქმადობას საზოგადოების მხრიდან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/2/574 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59)
20.1. შესაბამისად, ვინაიდან საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევაში არ არსებობს უშუალოდ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის აღნიშნული ფორმით განხილვის შესახებ მხარეს ეცნობოს საჩივრის განხილვამდე გონივრული ვადით ადრე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მხარის მიერ დაცვის უფლების განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი შუამდგომლობების (მათ შორის, მაგალითად, საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის, სხდომის მდივნის აცილების შესახებ შუამდგომლობის) დაყენების შესაძლებლობა.
21. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ ს. ჰ–ი სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იყო მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ; საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის დანაწესი ცნობილი იყო დაცვის მხარისათვის (მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატისთვის); დაცვის მხარე არ უთითებს სააპელაციო საჩივრის განხილვის სხდომის თარიღის დროულად შეუტყობინებლობით კონკრეტულად რაში გამოიხატა დაცვის უფლების დარღვევა - მოცემული საქმისათვის მნიშვნელოვანი რომელი შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა შეეზღუდა დაცვის მხარეს და რა გავლენა იქონია აღნიშნულმა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი დაცვის მხარე არ უთითებს და საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზეც არ იკვეთება ის გარემოებები (სხდომის მდივნის/სასამართლოს შემადგენლობის აცილების, ახალი მტკიცებულების წარმოდგენის საფუძველი), რაზე დაყრდნობითაც კასატორი ასაბუთებს, რომ ზეპირი განხილვის გარეშე სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღის შეუტყობინებლობით დაირღვა დაცვის უფლება. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს აღნიშნული საფუძვლით in abstracto საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
21.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს დაცვის მხარე კასატორის პოზიციას დაცვის უფლების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნებისთვის სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვის გარეშე სხდომის თარიღის მხარისათვის საჩივრის განხილვამდე გონივრული ვადით ადრე შეტყობინების ვალდებულების ნაწილში; იმავდროულად ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან, მათ შორის საკასაციო საჩივრიდანაც, არ იკვეთება, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღის დროულად შეუტყობინებლობით დაცვის მხარეს არ მიეცა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, რამაც გავლენა იქონია დაცვის უფლების განხორციელებაზე და საქმის განხილვის შედეგზე (კასატორი დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს აცილების კონკრეტულ საფუძველს ან/და ახალ მტკიცებულებას, რომელთა დაყენების შესაძლებლობა მას შეეზღუდა და რასაც შეძლო არსებითი გავლენის მოხდენა საქმის განხილვის შედეგზე), - შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული საფუძვლით განაჩენის გაუქმების შესაძლებლობა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებითი სტანდარტით დასტურდება ს. ჰ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
23. საკასაციო სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გასაჩივრებული განაჩენის უკანონობის შესახებ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ს.- ჰ-ისთვის შეფარდებული 8000 ლარის ოდენობის გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის N12/9-19 განჩინებით გ. ო-ის ყადაღადადებული, კუთვნილი უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის (მდებარე: ნ-ის რაიონის, სოფელი გ., ს/კ ........) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს:
23.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ს. ჰ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულ იქნა გირაო, ხოლო გირაოს თანხად განისაზღვრა 8000 ლარი (ტ. N1 (1/77-19); ს.ფ. 393-398).
23.2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ს. ჰ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს ფულადი თანხის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო - გ. ო-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში, ს/კ .............., 8000 ლარის ღირებულების პროპორციულ წილს (ტ. N1 (1/77-19); ს.ფ. 453-455).
23.3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით ს. ჰ–სმიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულ იქნა გირაო - 10 000 ლარი (ტ. N2 (1/84-20); ს.ფ. 554-569).
23.4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განჩინებით ს. ჰ–სმიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის - 10 000 ლარის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო - გ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ს/კ .............. (ტ. N2 (1/84-20); ს.ფ. 587-589).
23.5. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განჩინებით N1/77-19 (N018051119001) სისხლის სამართლის საქმეზე, ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის შუამდგომლობა ბრალდებულ ს. ჰ–სმიმართ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს მიერ 2019 წლის 11 ოქტომბერს შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უფრო მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლისა და 2019 წლის 11 ოქტომბერს ნინოწმინდის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის მიერ ს. ჰ-ისთვის შეფარდებული 8000 ლარის გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ნ-ის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, გ. ო-ის ყადაღადადებული, კუთვნილი უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის (მდებარე: ნ-ის რაიონის სოფელ გ-ში, ს/კ ..............) გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (ტ. N2 (1/84-20); ს.ფ. 591-598).
23.6. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, ერთი მხრივ, 2021 წლის 3 ნოემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აღსასრულებლად გადაუგზავნა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი ს. ჰ–სმიმართ, რომლითაც მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინებით გ. ო-ის დაყადაღებული კუთვნილი ქონება - მიწის ნაკვეთი, მდებარე ნ-ის რაიონის სოფელ გ-ში (ს/კ ..............) უნდა მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო, მეორე მხრივ - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი გაასაჩივრა 2021 წლის 4 ნოემბერს, ადვოკატის 2021 წლის 11 ნოემბრის სააპელაციო საჩივარზე კი შესაგებელი წარადგინა 2021 წლის 15 ნოემბერს. შესაბამისად, მითითებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით - .............., დარეგისტრირდა სახელმწიფოს სახელზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის 2021 წლის 25 ნოემბრის ამონაწერით.
24. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილისა (თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 282-ე მუხლის (გირაოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში ამ ქონების მესაკუთრე (დაინტერესებული პირი) ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში გირაოს სახით განსაზღვრული თანხა შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნული ქონება თავისუფლდება ყადაღისაგან; აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უძრავი ქონება, გირაოს სახით განსაზღვრული თანხის იძულებით ამოღების მიზნით, სარეალიზაციოდ მიიქცევა ამ კანონის XIII თავით (იძულებითი აუქციონი) დადგენილი წესების შესაბამისად) დანაწესებს და იმ გარემოებას, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ს. ჰ–ს მიერ მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული (მე-2 ეპიზოდი) დანაშაულის ჩადენა, რითაც მან დაარღვია საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებული გირაოს პირობები. შესაბამისად, ს. ჰ–სმიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს; ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ს. ჰ–სმიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 8000 ლარის ნაცვლად შეტანილ, გ. ო-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში (ს/კ ..............) - დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს და უძრავი ქონება, გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიექცეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
25. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელების გამკაცრების თაობაზე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
25.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილი - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
25.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - ჯარიმის ან შინაპატიმრობის - განსაზღვრა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მითუფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
25.3. პროკურორი, ისევე როგორ სააპელაციო საჩივარში, საკასაციო საჩივარშიც უთითებს, რომ მსჯავრდებულს ზიანი დღემდე არ აქვს ანაზღაურებული, რაც კასატორის მტკიცებით, წარმოადგენს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე როგორც ბრალის აღიარება, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება). მითუფრო, რომ დაზარალებულს ზიანის ანაზღაურება შეუძლია მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 და 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21; ასევე - 2022წლის 10 ივნისის განჩინება N432აპ-22 განჩინებები).
25.4. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორი ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს ისეთ გარემოებაზე, რაც დაადასტურებდა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
26. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 საქმეზე, „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მხოლოდ გირაოს ამოღების მიზნით ყადაღადადებული უძრავი ქონების აღსასრულებლად მიქცევს ნაწილში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ: ს. ჰ–სმიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ს. ჰ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 8000 ლარის ნაცვლად შეტანილ, გ. ო-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ----ში (ს/კ ..............) დადებული ყადაღა გაუქმდეს და უძრავი ქონება, გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიექცეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ს. ჰ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3.1. გაუქმდეს ს. ჰ–სმიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო;
3.2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ს. ჰ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 8000 ლარის ნაცვლად შეტანილ, გ. ო-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელი გ., ს/კ ..............) დადებული ყადაღა გაუქმდეს და უძრავი ქონება, გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიექცეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე