საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100120003775789
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №172აპ-23 ქ. თბილისი
ფ. დ. 172აპ-23 20 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით დ. ფ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშნველოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით;
1.2. განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
1.3. ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით დ. ფ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2014 წლის 1 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით თაღლითობისთვის გასამართლებული დ. ფ. 2019 წლის 18 მაისს, წ-ში, სოციალური ქსელის საშუალებით, დაუკავშირდა მ. ფ–ს, მისი ნაცნობის ა-ს მონაცემებით და შეცდომაში შეყვანის გზით, მოტყუებით გადაარიცხვინა თანხა -260 ლარი ონლაინ ტოტალიზატორ ,,ა- ს“ მომხმარებელ ,,q--ის“ ანგარიშის ნომერზე - ........., რაც მის მიერ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული და ანგარიშზე მიბმული ,,I–ის’’ ბარათის გამოყენებით თანხა გაიტანა წ–ში, დაბა ჯ-ში მდებარე ,,..... ბანკის“ ბანკომატიდან.
2.2. 2014 წლის 1 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გასამართლებული დ. ფ. 2020 წლის 27 მაისს, დღის საათებში გადაადგილდებოდა წ–ში, დაბა ჯ-ში ...........-ს ქუჩაზე, რა დროსაც იგი თან ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ დანას, რომელიც მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას.
2.3. წ–ში დ. ფ.მ უკანონოდ შეიძინა 7,68 გრამი ნარკოტიკული საშუალება -გამომშრალი მარიხუანა, რასაც 2019 წლის 29 ნოემბრამდე, წ-ის რაიონის სოფელ ჩ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ინახავდა უკანონოდ.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის განაჩენით დ. ფ. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.1. დ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1.1. საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
3.1.2. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი;
3.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ დ. ფ–ს განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და ჯარიმა 2000 ლარი.
3.2. დ. ფ–ს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ, რომელმაც მოითხოვა დ. ფ. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ, რომელიც ითხოვს დ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობას და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
7. საქართველოს უზენაეს სასამართლოში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან გადმოგზავნილი დაკავების 2023 წლის 3 მარტის ოქმის თანახმად, დ. ფ. დააკავეს 2023 წლის 3 მარტის 02:55 საათზე.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, იმავდროულად, გასაჩივრებულ განაჩენში, ნივთმტკიცების ნაწილში, უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
3. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა, რომელიც ითხოვს დ. ფ–ს მსჯავრდებას პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით წარდგენილი კვალიფიკაციით, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებასთან ერთად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია, დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ დ. ფ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები და დავის საგანია მხოლოდ იმ საკითხის გარკვევა ჩაიდინა თუ არა მან თაღლითობა.
4. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც დ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გამართლება განაპირობა. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე, შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5. საკასაციო სასმართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება (არა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა), რომელიც დაადასტურებდა, რომ 2019 წლის 18 მაისს სოციალური ქსელის საშუალებით დ. ფ. დაუკავშირდა მ. ფ–ს, მისი ნაცნობის ა-ს მონაცემებით და მოტყუებით გადაარიცხვინა 260 ლარი ონლაინ ტოტალიზატორ ,,ა- ს’’ მომხმარებელ ,,q-ის“ ანგარიშის ნომერზე - ..... და თანხა გაიტანა მასზე (ანგარიშზე) მიბმული ბარათის - ,,I-ის’’ გამოყენებით წ–ში, დაბა ჯ-ში მდებარე ,,..... ბანკის“ ბანკომატიდან.
6. იმ პირობებში, როდესაც დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა 2019 წლის მაისში, ხოლო ,,I-ის’’ ბარათი დ. ფ–ს სახლიდან ამოღებული იქნა მოგვიანებით 2019 წლის ნოემბერში (ტ. N1; ს.ფ. N177-184), ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბარათის მესაკუთრის გ. ქ-ას განმარტებით მისი ბარათით სარგებლობდა არაერთი (ბევრი) პირი და მათთვის (ყველასთვის) ცნობილი იყო პაროლი, რასაც ასევე ადასტურებს დ. ფ.ც (განმარტა, რომ არაერთხელ უსარგებლია აღნიშნული ბარათით), მხოლოდ ის გარემოება, რომ მომხდარი დანაშაულიდან ნახევარი წლის შემდეგ დ. ფ–ს სახლში აღმოჩნდა სადავო ბარათი, a priori არ მიუთითებს მის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მართალია დ. ფ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ბარათი, თუმცა უტყუარად იმის დადგენა, რომ აღნიშნული დანაშაული დ. ფ–მ განახორციელა, შეუძლებელია.
7. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
8. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ დ. ფ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, ვინაიდან აღნიშნულზე არ მიუთითებს საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება.
9. რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენით ნივთიერი მტკიცებულების - დანის განადგურების საკითხს, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე ნივთმტკიცებად ცნობილ დანასთან მიმართებით, კერძოდ:
9.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის განაჩენის სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დ. ფ–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულის საგანი - დანა (გვ. 11), თუმცა იმავე განაჩენში განმარტებულია საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლი და ნივთმტკიცებად ცნობილი დანის ბედი გადაწყვეტილია განსხვავებულად, კერძოდ მითითებულია, რომ უნდა განადგურდეს (გვ. 15), იგივეს იმეორებს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი (გვ. 16).
9.1. გასაჩივრებულ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 დეკემბრის განაჩენში (რომლითაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად) მითითებული დანის განადგურების შესახებ აღნიშნულია მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილში, თუმცა საკანონმდებლო დანაწესის განმარტების გარეშე.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ერთი მხრივ საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომელიც ადგენს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის საპროცესო კონფისკაციას და იმავდროულად - საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, „თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია“.
10.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლი არ ითვალისწინებს სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განაჩენში ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტისას და ადგენს დანაშაულის იარაღის ან საგნის (რომელსაც აქვს რაიმე ღირებულება) საპროცესო კონფისკაციის ვალდებულებას და არა შესაძლებლობას (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 9 მარტის განაჩენი N 731აპ-21). შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, დანა წარმოადგენს დანაშაულის საგანს და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მას არ გააჩნია რაიმე ღირებულება - არ არსებობს მისი განადგურების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში უნდა მოხდეს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი დანის საპროცესო კონფისკაცია.
11. გარდა აღნიშნულისა საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 დეკემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის განაჩენი, რომლის თანახმად, დ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ, მათ შორის - ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა და შენახვისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 2000 ლარი;
11.1. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ" პუნქტის თანახმად, პირი, რომელმაც, მათ შორის - ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან მარიხუანის − გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არის ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი, ხოლო ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლსი მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს 10 წლით უნდა ჩამოერთვას - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, ხოლო 5 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
11.2. შესაბამისად, დ. ფ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლსი მე-2 ნაწილის თანახმად, 10 წლით უნდა ჩამორთმეოდა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
11.3. განსახილველ შემთხვევაში არც პირველი და არც სააპელაციო სასამართლოების განაჩენებით დ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებულ სასჯელთან ერთად, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, არ ჩამოერთვა მითითებული უფლებები.
11.4. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ კასატორს არ მოუთხოვია ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევა და საჩივარი მიემართება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებული დ. ფ–ს დამნაშავედ ცნობისაკენ, შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 308-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საკუთარი ინიციატივით მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა და მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო გადაწყვეტილება.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოხდეს ნივთიერი მტკიცებულების - დანის - საპროცესო კონფისკაცია;
4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე