საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.07.2023
საქმის ნომერი
2კ-472აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 030100122005732103

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №472აპ-23 ქ. თბილისი

გ-ია მ, 472აპ-23 18 ივლისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიასა და მსჯავრდებულ მ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. გ-ას, - დაბადებულს ... წლის ... ივლისს, - ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; ქურდობა, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ; ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წლის 22 მარტს, დილის საათებში, მ. გ-ია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ხ. ა-ნ ერთად, ქ. ფ-ში, დ-ის ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ, ქუჩაში მდგარი „მერსედესის“ მარკის ავტომობილიდან, უკანა გვერდითა მინის დაზიანების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ავტომობილის სალონში დამონტაჟებულ რ. ქ-ას კუთვნილ 30 ლარად ღირებულ „სონის“ ფირმის მეორად მაგნიტოფონს, ასევე ზურგჩანთასა და ტელეფონის დამტენს.

· 2022 წლის 22 მარტს, დაახლოებით 06 საათსა და 20 წუთზე, მ. გ-ია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ხ. ა-ნ ერთად, ქ. ფ-ში, ი-ას ქუჩის №..-ში მდებარე შენობის წინა ქუჩაში მდგარი „რენოს“ მარკის უნაგირა-საწევარა ავტომანქანიდან, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ჯემალი ფირცხალავას კუთვნილ, 100 ლარად ღირებულ მანქანის დასაქოქ ელექტროსადენს.

· 2022 წლის 22 მარტს დაახლოებით 06:50 საათზე, მ. გ-მ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ხ. ა-ან ერთად, ფანჯრის მინის დაზიანების გზით, უკანონოდ შეაღწია ქ. ფ-ში, 9 ა-ის ხეივნის №...-ში მდებარე შპს „ბ-ის“ მარკეტში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „ბ-ის“ კუთვნილ, 200 ლარად ღირებულ ლეპტოპს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. მ. გ-ია ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯ. ფ-ას ავტომანქანა ,,რენოს“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. მ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (რ. ქ-ას ავტომანქანა მერსედესის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (შპს ,,ბ-ის“ მაღაზიის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 22 მარტიდან.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენით:

3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემელიანე ბერაიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მ. გ-ას დამნაშავედ ცნობა ასევე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯ. ფ-ას ავტომანქანა ,,რენოს“ ეპიზოდი) და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

4.1. მსჯავრდებულ მ. გ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ა-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მ. გ-ას გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა ხარისხობრივ მოთხოვნასთან ერთად ადგენს მათი საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103).

7. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე მ. გ-ას ედავება ქურდობის ჩადენას, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (ჯ. ფ-ას ავტომანქანა ,,რენოს“ ეპიზოდი).

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორ ემელიანე ბერაიას საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ჯემალ ფირცხალავას ავტომანქანა ,,რენოს“ ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

9. მოწმის სახით დაკითხვისას ხ. ა-მა განმარტა, რომ 20 ან 21 მარტს მ. გ-ია სტუმრად იმყოფებოდა ქალაქ ფ-ში, მის მიერ ნაქირავებ ზ. გ-ის ბინაში, სადაც გაიცნეს ერთმანეთი. იმ საღამოს დალიეს, შეთანხმდნენ რომ მანქანებიდან რაიმე მოეპარათ და გვიან გავიდეთ სახლიდან. ამ დროს ზ. გ-ეს ეძინა. მათ ნახეს სპრინტერი მერსედესი, გადაწყვიტეს შესულიყვნენ და გამოიტანეს მაგნიტოფონი. უკან ფანჯარა იყო გატეხილი, პლასტმასი ჰქონდა და ის გამოაძრეს ერთად. მანქანაში ჯერ მ-ა შევიდა, შემდეგ თვითონაც. მაგნიტოფონი შუაში იყო დაყენებული, სახელი არ ახსოვს, ხელით დაქაჩეს და გამოიღეს, თვითონ მოწყვიტა კაბელები, იქ ნანახ ჩანთაში ჩადო და წამოიღეს. ჩანთა თავად ეკავა. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, ალბათ მესამე ქუჩაზე, შეხვდათ ყვითელი ფერის კაბინიანი ტრაილერი, საიდანაც გამოიტანეს მანქანის დასაქოქი კაბელი „პერემიჩკები“. მანქანაში ერთად შევიდნენ. კაბელები სკამის ქვევით იყო. მარჯვენა მხარეს კარი იყო არა ჩაკეტილი, არამედ მიხურული. შემდეგ წავიდნენ სახლისკენ. გზაზე შეხვდათ ბევრილის მაღაზია. მ-მ ჩაამტვრია ფანჯარა და გამოიტანა შავი ფერის ,,ნოუთბუქი“, რომელიც იქვე იდო მარცხენა მხარეს, რა დროსაც გაეკაწრა ხელი. ამის შემდეგ წავიდნენ ბინებისკენ, რა დროსაც დაეწია პოლიცია და ბენზინგასამართ სადგურთან მისვლამდე დააკავეს.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ჯემალ ფირცხალავას ავტომანქანა ,,რენოს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მ. გ-ას ბრალდების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ხ. ა-ის ჩვენება. სხვა მტკიცებულება, რომელიც ამ ეპიზოდში მ. გ-ას ბრალეულობას დაადასტურებდა, არ არსებობს. საქმეზე დაკითხული მოწმეები ქურდობის ფაქტის თვითმხილველები არ არიან. მ. გ-ს ბრალდების აღნიშნული ეპიზოდი არ დასტურდება ასევე საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით. შესაბამისად, მხოლოდ ხ. ა-ის ჩვენება ვერ გამოდგება მ. გ-ას ბრალდების უტყუარად დადასტურებისთვის საკმარის მტკიცებულებად.

11. საკასაციო სასამართლო თვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

12. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივებს მ. გ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯ. ფ-ას ავტომანქანა ,,რენოს“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ მან ჩაიდინა მითითებული მუხლით (ჯ. ფ-ს ავტომანქანა ,,რენოს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული.

13. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მ. გ-ს მსჯავრდება ეფუძნება დაინტერესებულ პირთა - პოლიციის თანამშრომელთა ცრუ ჩვენებებს, ხოლო საქმეში არ არსებობს სხვა, უტყუარი და პირდაპირი მტკიცებულება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (რ. ქ-ას ავტომანქანა მერსედესის ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (შპს ,,ბ-ის“ მაღაზიის ეპიზოდი) მ. გ-ას ბრალეულობის დასადასტურებლად.

14. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ მ. გ-ას მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენაში დამნაშავედ ცნობისას, სააპელაციო სასამართლო დაეყრდო შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებებს, დათვალიერების ოქმებს, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს, დაზარალებულ რ. ქ-სა და მოწმეების - ზ. კ-ს, ზ. ჩ-ს, შ. ფ-ას, ზ. გ-სა და სხვათა ჩვენებებს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებს, ნივთის ამოცნობის ოქმს, ნიმუშის აღების ოქმებს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №... დასკვნას, შპს ,,ბ-ის“ 2022 წლის 23 მარტის განცხადებასა და სხვა მტკიცებულებებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები შეიცავს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ ინფორმაციებს, რომლებიც ერთობლივად საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

15. 2022 წლის 22 მარტის შეტყობინებით დადგენილია, რომ შს ფოთის საქალაქო სამმართველოს დაუკავშირდა ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ზ. კ-ა და განაცხადა, რომ ქ. ფ-ში, 9 ა-სა და ჩ-ის ქუჩების კვეთაზე ,,ბ-ის“ მაღაზიიდან კომპიუტერის ქურდობის ფაქტზე დაკავებული ჰყავდა ხ. ა-ნი და მ. გ-ია და ითხოვდა პოლიციის ჯგუფის დახმარება. 2022 წლის 22 მარტის შეტყობინებით ასევე დადგენილია, რომ შს ფოთის საქალაქო სამმართველოს დაუკავშირდა დაცვის პოლიციის მორიგე-ოპერატორი ნ. წ-ია და განაცხადა, რომ ფ-ში, 9 ა-ის ხეივნისა და ჩ-ის ქუჩების კვეთაზე გატეხილია ,,ბ-ის“ მაღაზია და ითხოვდა პოლიციის დახმარებას.

16. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, რომ ,,ბ-ის“ მაღაზიის ჯგუფურად გაქურდვის ფაქტზე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ. ჩ-მ დააკავა მ. გ-ა, როდესაც იგი ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას. მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს მის მიერ წარდგენილი ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, სიმბარათის გარეშე და ავტომანქანისთვის განკუთვნილი შავი ფერის ტელეფონის დამტენი, წარწერით ,,airdock”, ზედა მხარეს ნაცრისფერი. ოქმში მითითებულია, რომ დაკავებული გაეცნო ოქმს პირადად და არის მისი ხელმოწერა.

17. შპს ,,ბ-ის“ 2022 წლის 23 მარტის განცხადებით ირკვევა, რომ მიყენებული ზიანი შეადგენს 250 ლარს, საიდანაც ,,ASUS-ის” მარკის ლეპტოპის საბალანსო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით არის 200 ლარი, ხოლო ჩამტვრეული მინის აღდგენის ღირებულებაა 50 ლარი.

18. 2022 წლის 22 მარტის შეტყობინებით დადგენილია, რომ შს საინფორმაციო ცენტრს 112-ს დაუკავშირდა რ. ქ-ა და განაცხადა, რომ მიკროავტობუსი დახვდა გაქურდული და ითხოვდა დახმარებას.

19. მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა რ. ქ-მ განმარტა, რომ მარტში, დილით, მისი მიკროავტობუსიდან წაიღეს მაგნიტოფონი და მანქანის ტელეფონის სატენი. მანქანა ჩაკეტილი იყო, უკან მინა - გატეხილი და მასში იყო პლასტმასი და სავარაუდოდ იქიდან შეაღწიეს. მაგნიტოფონი მეორადია, შუაში ჩამონტაჟებული. სამმართველოში აჩვენეს სამი მაგნიტოფონი და იცნო საკუთარი.

20. მოწმის სახით დაკითხვისას შს ფოთის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ. კ-მ განმარტა, რომ 2022 წლის 22 მარტს, დილით დაურეკა მორიგემ და უთხრა, რომ ჩ-სა და 9 ა-ის კვეთაზე მდებარე ბევრილის მაღაზიიდან შევიდა განგაშის სიგნალი. ამ დროს იგი ავტომანქანა პიკაპით მოძრაობდა აღმაშენებლის ქუჩაზე. სანამ ახლოს მივიდოდა დაინახა ხ. ა-ნი იდგა მაღაზიის წინა მხარეს და ფანჯრიდან ხელით გამოჰქონდა ლეპტოპი, მ. გ-ია იდგა უკან. მანქანის ხმაზე გაიქცნენ და ეზოებში შევარდნენ, ხოლო თვითონ მეორე მხრიდან გაჰყვა. ერთ-ერთ კორპუსთან გადაუხვიეს და გ-ის ქუჩაზე რომ მიუახლოვდა ორივე გაჩერდა. ხაჯარტს ზურგჩანთა ჰქონდა გადაკიდებული, ხოლო მ. გ-ას არაფერი ეჭირა და უკან მიჰყვებოდა. შემდეგ გააკეთა შეტყობინება სამმართველოში. ხ. ა-მა თქვა, რომ ჰქონდა ლეპტოპი, რომელიც თავად გამოიტანა. მანვე თქვა, რომ მარშუტკაც გავტეხე და მაგნიტოფონი ამოვიღეო.

21. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ზ. ჩ-მ. ამასთან განმარტა, რომ მან ჩაატარა მ. გ-ას ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი ,,ნოკია“ და მანქანის ტელეფონის დასატენი. ადგილზე შედგა ოქმები, მოაწერეს ხელი, დაილუქა ნივთები და გადაიყვანეს სამმართველოში.

22. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატმა გ. ა-მა ვერ წარმოადგინა ხელშესახები და ნათელი დასაბუთება, თუ რა კონკრეტული საფუძველი არსებობს პოლიციელთა ჩვენებების სარწმუნოობასა და მათ ობიექტურობაში ეჭვის შესატანად. პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების შეფასებისას სასამართლო უნდა დაეყრდნოს სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს და მტკიცებულების მნიშვნელობა შეაფასოს მათი რელევანტურობის, შინაარსისა და ინფორმაციულობის თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა ჩვენების წინასწარ უსაფუძვლოდ გამორიცხვის პირობებში, სასამართლო, აპრიორი ვერ გაიზიარებდა ვერცერთი პოლიციელის ან სამართალდამცავის ჩვენებას მხოლოდ და მხოლოდ მათი სტატუსის გამო. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ვერ შეძლო მიეთითებინა პოლიციის თანამშრომელთა პირადი დაინტერესების ან სხვა სუბიექტური მოტივის განმაპირობებელი თუნდაც ერთი გარემოება. როგორც ირკვევა, პოლიციის თანამშრომლები ზეპირი მოსმენისას მხარეთა შეჯიბრებითობის სრული უზრუნველყოფის პირობებში დაიკითხნენ და გაფრთხილებულნი იყვნენ ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ამდენად, სამართლიანი განხილვის ყველა სტანდარტის დაცვით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებათა შეფასებისათვის დადგენილი საპროცესო ტესტის ფარგლებში და დარწმუნდა, რომ მათ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებების შინაარსი არის ცხადი და თანმიმდევრული, შეიცავს საკმარის ინფორმაციას ფაქტებისა და გარემოებების შესახებ, არ არის შაბლონური, მათი ჩვენებები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

23. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს სარწმუნოდ მსჯავრდებულ მ. გ-ს ჩვენებას, ვინაიდან მისი განმარტებები ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილ და დადასტურებულ გარემოებებს.

24. სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ. გ-მ განმარტა, რომ იგი არ იცნობდა ხ. ა-სა და ზ. გ-ეს, თუმცა არამარტო ხ. ა-მა დაადასტურა, რომ იმ დღეს გაიცნო ზ. გ-ის სახლში მ. გ-ია, არამედ ნეიტრალურმა მოწმემ - ზ. გ-მ განმარტა, რომ იგი იცნობდა მ. გ-ას, რომელიც მივიდა მასთან სახლში, სადაც გაიცნო ხ. ა-ნი. მისივე განმარტებით მ. გ-ია ადრეცაა მასთან სახლში ნამყოფი.

25. დაცვის მხარის მოსაზრებით, მსჯავრდებულ მ. გ-ს დაკავებისას მისგან ამოიღეს კუთვნილი მობილური ტელეფონი. ადგილზე არ შემდგარა ოქმი და არაფერი დალუქულა, არ მომხდარა ტელეფონის დალუქვა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენების დასაწყისში მანვე განმარტა, რომ დაკავების ადგილზე მივიდა გამომძიებელი ზ. ე-ია, რომელმაც დაიწყო ოქმის შედგენა, რაღაცას წერდა.

26. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ შს ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელ ზ. ე-ას არ დაუკავებია ბრალდებულები - მ. გ-ას და ხ. ა-ნი, არ შეუდგენია მათი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები და მისი დაკავების ადგილზე ყოფნა არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით. მოწმე ზ. ე-ას განმარტებით, ბევრილის მაღაზიის ქურდობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, გამოკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები და ჩაატარა ნივთის ამოცნობა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა მ. გ-ას ბრალდებულის სახით დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელზეც არსებობს მისი ხელმოწერა; ოქმში მითითებულია, რომ მ. გ-ას პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მის მიერ წარდგენილი ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები. ასევე სასამართლო სხდომაზე გამოიკვლიეს მ. გ-ან ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც იყო დალუქული და მასზე აღინიშნებოდა ზ. ჩ-სა და მ. გ-ას ხელმოწერები.

27. მსჯავრდებულ მ. გ-ს განმარტებით, მისი ტელეფონი არ დალუქულა და შესაძლებელია აქედან აიღეს სუნი და ,,დეენემი“. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ. გ-ას ტელეფონი ცალკე დაილუქა ადგილზევე და შემდგომში იგი არ გახსნილა. გარდა ამისა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნით, შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუშები არაიდენტური აღმოჩნდა მ. გ-ან აღებული სუნის ნიმუშის. მ. გ-ას განმარტებით, ქუთაისის დაწესებულებაში ადვოკატის მონაწილეობით მისგან აღებულ იქნა ნიმუშები, რაც მანამდე არ აუღიათ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, მერსედესის მარკის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებულ ფენოპლასტის ფირფიტის ზედაპირზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და მ. გ-ას გენეტიკური პროფილი იდენტურია. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მერსედესის ავტომანქანიდან ამოღებული ფენოპლასტი დაილუქა ადგილზე. ექსპერტის შ. კ-ის განმარტებით, ექსპერტიზაზე წარდგენილი პაკეტების მთლიანობა არ იყო დარღვეული. შესაბამისად გაურკვეველია, როგორ უნდა აღმოჩენილიყო მ. გ-ს ბიომასალა ფენოპლასტის ფირფიტაზე, მით უფრო, რომ მისგან ნიმუშის აღება განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ მისი თანხმობით და მისივე ადვოკატის მონაწილეობით, რომელიც დაილუქა ადგილზე და შემდეგ წარედგინა ექსპერტს. ამდენად, მ. გ-ას ჩვენებაში მითითებული გარემოებები საკასაციო სასამართლოს არ მიაჩნია სარწმუნოდ, ვინაიდან ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებებს.

28. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, მიაჩნია, რომ დადასტურებულია ,,სონის“ ფირმის მაგნიტოფონის, ზურგჩანთისა და ტელეფონის დამტენის რ. ქ-ს და ლეპტოპის - შპს „ბ-ის“ კუთვნილების ფაქტი. საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილია, რომ მ. გ-ია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა რ. ქ-ს კუთვნილ 30 ლარად ღირებულ ,,სონის“ ფირმის მეორად მაგნიტოფონს, ასევე, ზურგჩანთასა და ტელეფონის დამტენს. ასევე მ. გ-ია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, საცავში უკანონოდ შეღწევით, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს „ბ-ის“ კუთვნილ 200 ლარად ღირებულ ლეპტოპს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

29. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებულ ზოგად მსჯელობებს მსჯავრდებულ მ. გ-ს მიმართ საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევის შესახებ, რადგან საკასაციო პალატაში აღნიშნული საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შესწავლით კანონიერების რაიმე არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა. ასევე, საქმის როგორც 1-ლი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მსჯავრდებულების საპროცესო უფლებები არ დარღვეულა.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

31. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. გ-ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (რ. ქ-ს ავტომანქანა მერსედესის ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (შპს ,,ბ-ის“ მაღაზიის ეპიზოდი) კანონიერია, რისი მხედველობაში მიღებითაც, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის წინაპირობები.

32. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

33. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიასა და მსჯავრდებულ მ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი