დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-330-03 15 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: სესხის გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 16 აპრილს გ. ს-ემ ლ. შ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეს 2001წ. 10 ოქტომბერს სამი თვის ვადით ასესხა 3000 აშშ დოლარი. მოპასუხემ სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთა თავისი საცხოვრებელი სახლი.
მოსარჩელემ ძირითად თანხასთან ერთად სკ-ს 304-ე მუხლის საფუძველზე ვალის დაბრუნების ვადის გადაცილების გამო მიყენებული ზიანისათვის მოითხოვა ძირითადი თანხის 4%-ის დაბრუნება. საერთო ჯამში მან მოითხოვა 3400 აშშ დოლარის, ადვოკატის ხარჯების – 200 და სახელმწიფო ბაჟის, 240 ლარის, გადახდა და გადახდევინების მიქცევა იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე.
მოპასუხემ სარჩელი ცნო 2000 აშშ დოლარის დაბრუნების ნაწილში და მიუთითა, რომ მან სესხად აიღო მხოლოდ 2000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით თვეში 10%-ის დარიცხვით; 600 აშშ დოლარი გადახდილი აქვს პროცენტის სახით; ხელშეკრულება 3000 აშშ დოლარის სესხად აღების შესახებ არასწორია; ხელშეკრულებაში ეწერა 2600 აშშ დოლარი, საიდანაც 600 აშშ დოლარი სამ თვეში მისაცემი პროცენტი იყო.
ვინაიდან საქმეს არ ერთვის იპოთეკის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტი, იპოთეკა ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს და იგი ცნობილ უნდა იქნეს ბათილად.
2002წ. 20 ივნისს ლ. შ-ემ შეგებებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში.
მან მიუთითა, რომ მოსარჩელისაგან ისესხა 2000 აშშ დოლარი, მაგრამ ხელშეკრულებაში ჩაიწერა 2600 აშშ დოლარი. იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებული არ არის, ამიტომ მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და მისთვის გადასახდელად მხოლოდ 2000 აშშ დოლარის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს დაეკისრა 3000 აშშ დოლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯების, 200 ლარის, გადახდა. თანხის გადახდევინება დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 21 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემატა სიტყვები: “ლ. შ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს”.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის 2001წ. 10 ოქტომბერს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომელშიც დაფიქსირდა 3000 აშშ დოლარის სესხად მიღებაც, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის სახლი. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 3 თვეში. იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო წესით და 2001წ. 10 ოქტომბერს რეგისტრირებულია ქუთაისის ტექაღრიცხვის ბიუროში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება სესხად მხოლოდ 2000 აშშ დოლარის მიღების და პროცენტის გადახდის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 623-ე, 289-ე, მე-300 მუხლების, 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია, ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა კი – უსაფუძვლოდ.
2003წ. 3 იანვარს ლ. შ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმება, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ 2000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. მას მიაჩნია, რომ ხელშეკრულება იპოთეკის შესახებ გაფორმებულია მოტყუებით. მასში მითითებული იყო სესხის ოდენობად 2600 აშშ დოლარი, საიდანაც 600 აშშ დოლარი სამ თვეში გადასახდელ პროცენტს წარმოადგენდა, სინამდვილეში კი სესხად აიღო მხოლოდ 2000 აშშ დოლარი. მისი მოსაზრებით, იპოთეკის ხელშეკრულება ბათილია იმიტომ, რომ იგი რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის ნამდვილად დაიდო სესხის ხელშეკრულება 3 თვის ვადით 3000 აშშ დოლარზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის ქონება. აქედან გამომდინარე, კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს სესხის ხელშეკრულება სინამდვილეში დაიდო 2000 აშშ დოლარზე, იპოთეკის ხელშეკრულებაში კი პროცენტის ჩათვლით სესხად დაფიქსირდა 2600 აშშ დოლარი და თითქოს იპოთეკის ხელშეკრულება არ არის რეგისტრირებული, არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას.
საქმეში წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ 2001წ. 10 ოქტომბერს მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 3000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით უპროცენტოდ, რის გამოც იპოთეკით დატვირთა მისი კუთვნილი ბინა.
აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერენ მხარეები და დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ.
სკ-ს 624-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
მოცემულ შემთხვევაში იპოთეკის ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ იმის მითითება, რომ 2001წ. 10 ოქტომბერს ლიდა შ-ემ გურამ ს-ისაგან ისესხა 3000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით უპროცენტოდ და ამ ხელშეკრულებას ხელს აწერენ მხარეები, წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადებას.
სკ-ს 624-ე მუხლის მეორე წინადადების შესაბამისად ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. აღნიშნული გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ თუ სადავო გახდება ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულების არსებობა, მისი ნამდვილობა ვერ დადასტურდება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. როცა სესხის ხელშეკრულება წერილობითაა დადებული, მისი ოდენობა მითუმეტეს ვერ დადგინდება მოწმეთა ჩვენებით. წერილობითი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში სესხის სახე, ოდენობა, პროცენტი, პირგასამტეხლო, დაბრუნების დრო და ადგილი განისაზღვრება წერილობით. როცა ეს რეკვიზიტები წერილობითაა განსაზღვრული, არ არსებობს საფუძველი მისი ნამდვილობის შეცილებისა მოწმეთა ჩვენებით. ამრიგად, კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს ხელშეკრულების შესაბამისად სესხის ოდენობა შეადგენდა 2000 აშშ დოლარს, დაუსაბუთებელია.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის შესახებ.
სკ-ს 289-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად.
სკ-ს 1515-ე მუხლი პირველი წინადადების შესაბამისად საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციები უნდა განეხორციელებინა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს.
საქმეში არსებული დოკუმენტით დადგენილია, რომ მოცემული იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულია ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში. ამრიგად, იპოთეკის ხელშეკრულება ნამდვილია.
სკ-ს 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში ვალდებულება წარმოიშვა მხარეთა შორის გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად.
სკ-ს 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების შესაბამისად გ. ს-ეს, როგორც კრედიტორს, წარმოეშვა უფლებამოსილება მოვალე ლიდა შ-ისათვის მოეთხოვა სესხად აღებული 3000 აშშ დოლარის დაბრუნება იპოთეკის დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით. ვინაიდან სკ-ს მე-300 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მოვალე გააჭიანურებს იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომლის უზრუნველყოფის საშუალება იპოთეკაა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.
სკ-ს 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების ძალით მოპასუხე ვალდებულია, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა უცვლელად რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 3000 აშშ დოლარის ადვოკატის მომსახურეობის თანხების 200 ლარის გადასახდელად დაკისრების შესახებ და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია აუქციონის გზით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 21 ნოემბრის განჩინება.
ლ. შ-ეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 80 ლარი, რომელიც ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 ანგარიშზე, კოდი 59.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.