საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100122005983330
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №657აპ-23 ქ. თბილისი
ლ–ე გ., 657აპ-23 23 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, გ. ლ–ს დამნაშავედ ცნობას მის მიმართ ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში (მათ შორის - გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გათვალისწინებით) და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას შემდეგი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად ნაწილობრივ არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გ. ლ–ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერითა და სხვა მტკიცებულებებით, ასევე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით - დასტურდება გ. ლ–ს ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა (2022 წლის 11 მაისის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 19 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში; ამავე მტკიცებულებებით გ. ლ–ს ქმედებაში ასევე გამოკვეთილია დანაშაულების ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; გარდა ამისა, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი ლმობიერია და არ შეესაბამება მის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ლ–ს ბრალად ედება: გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და არაერთგზის; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ და არაერთგზის (ორი ეპიზოდი);
გ. ლ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
- 2022 წლის 11 მაისს, დაახლოებით, 23:00 საათზე, ქ.თ–ში, ქ–ს ქუჩის N..-ში, ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევმა გ. ლ–მ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირს - შ. ლ–ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმ მოტივით, რომ ქალს არ აქვს სხვა მამაკაცთან ურთიერთობის უფლება, ამ თემაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების დროს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, სახელდობრ, უთხრა, რომ ბალიშს დაადებდა და გაგუდავდა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2022 წლის 19 მაისს, ქ. თ–ში, ქ–ს ქუჩის N..-ში, ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევმა გ. ლ–მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმ მოტივით, რომ ქალს არ აქვს სხვა მამაკაცთან ურთიერთობის უფლება, ამ თემაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების დროს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - შ. ლ–ს არასრულწლოვნის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სახელდობრ, სახის არეში დაარტყა ტელეფონი, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2022 წლის 7 ივნისს, ქ.თ–ში, ქ–ს ქუჩის N..-ში, ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევმა გ. ლ–მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმ მოტივით, რომ ქალს არ აქვს სხვა მამაკაცთან ურთიერთობის უფლება, ამ თემაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების დროს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - შ. ლ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სახელდობრ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2022 წლის 7 ივნისს, ქ.თ–ში, ქერჩის ქუჩის N..-ში, ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევი გ. ლ–ე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმ მოტივით, რომ ქალს არ აქვს სხვა მამაკაცთან ურთიერთობის უფლება, ამ თემაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების დროს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - შ. ლ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, სახელდობრ, უთხრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით გ. ლ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 11 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
გ. ლ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გ. ლ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, გ. ლ–ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ლ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 7 ივნისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. ლ–ს დამნაშავედ ცნობა მის მიმართ ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში (მათ შორის - გენდერული დისკრიმინაციის მოტივის მხედველობაში მიღებით) და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ. ლ–სე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა (2022 წლის 11 მაისის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 19 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
გ. ლ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ლ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ლ–სეს განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, გ. ლ–ს საბოლოოდ განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ლ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 7 ივნისიდან.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. ლ–სათვის საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა (2022 წლის 11 მაისის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 19 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები.
9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა შ. ლ–მემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და სასამართლოს არ მისცა თავისი ახლო ნათესავის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - გ. ლ–ს წინააღმდეგ ჩვენება. ამავდროულად, ვინაიდან გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს მტკიცებულებად და საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მოწმის, ა.ლ–ს (დაზარალებულის და) ჩვენებით დგინდება, რომ იგი მეუღლეებს შორის კონფლიქტის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია, ხოლო შ. ლ–ს სახეზე რაიმე დაზიანება არ ეტყობოდა. მანვე განმარტა, რომ 2022 წლის 7 ივნისს დაურეკა დამ - ლ. ლ–მ და უთხრა, რომ შორენა (შ. ლ–ე) ტიროდა და მასთან წასულიყვნენ. დაზარალებულთან მისვლისას ნახეს, რომ ის მართლაც ტიროდა და მათ უთხრა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა ბრალდებულმა, კერძოდ, სახის არეში დაარტყა ტელეფონი და, ასევე, ბალიშით გაგუდვით ემუქრებოდა. საქმეში არსებული სხვა წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებები მხარეებმა გახადეს უდავოდ. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ეს მტკიცებულებები, არ არის საკმარისი გ. ლ–ს მიერ მეუღლის მიმართ 2022 წლის 11 მაისის მუქარისა და 2022 წლის 19 მაისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდებში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან არცერთი მათგანი არ შეიცავს არსებით ინფორმაციას სადავო ეპიზოდებთან მიმართებით. როგორც უკვე აღინიშნა, მოწმეები: ა. ლ–ე და ლ. ლ–ე არ არიან შემთხვევის თვითმხილველი პირები და გადმოსცემენ მხოლოდ 2022 წლის 7 ივნისს შ. ლ–ს მდგომარეობას, ხოლო ბრალდების მაისის ეპიზოდებთან დაკავშირებით მათი ჩვენებები არაინფორმატიულია. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, მათ შორის - დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და გ. ლ–ს მიმართ გამოცემულ შემაკავებელ ორდერს - მათში ან საერთოდ არაფერია მითითებული ბრალდების სადავო ეპიზოდებთან დაკავშირებით, ან ეს ინფორმაცია იმდენად მწირია, რომ არ წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 19 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 11 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებებში გ. ლ–ს უდანაშაულობის თაობაზე, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, 2022 წლის 7 ივნისის ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ბრალდების ეპიზოდებში, არ დგინდება დანაშაულების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენის ფაქტი, ვინაიდან, არცერთი მტკიცებულება არ შეიცავს ინფორმაციას დანაშაულების აღნიშნული მოტივით ჩადენის შესახებ.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
12. გარდა ამისა, ბრალდების მხარე განაჩენს ასაჩივრებს სასჯელის ნაწილშიც და მოითხოვს მის დამძიმებას, რასაც საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ გ. ლ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ პროკურორის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი