საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100123006999171
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №316აპ-24 8 ივლისი, 2024 წელი
გ–ი ლ., №316აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ. გ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. ლ. გ–მა 2022 წლის ოქტომბერში გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში პირადი მოხმარების მიზნით უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 32,845 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა ქ. ლ–ში, .......ს ქუჩა №..–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც 2022 წლის 22 ოქტომბერს ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.
1.3. 2022 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ლ. გ–იმა ქ.ლ–ში, ჭ–ს ქუჩა №..-ში, სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გინება დაუწყო მეუღლეს - ა. რ–ს, განაწყენებულმა იმ მიზეზით, რომ ანამ გამოთქვა მასთან გაშორების სურვილი, რა დროსაც ლ. გ–ი დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თუ შეეცდებოდა მისგან წასვლას, მოკლავდა, რის გამოც ა. რ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2022 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.ლ–ში, .......ას ქუჩა №...-ში მდებარე სს ,,... ბანკის“ შენობასთან, ლ. გ–ი ყოფილ მეუღლეს - ა. რ–ს, რომელიც დაშორდა მას და საცხოვრებლად გადავიდა ბებიასთან, საუბრისას დაემუქრა, რომ თუ არ შეურიგდებოდა და არ დაბრუნდებოდა მასთან სახლში, მოკლავდა, რის გამოც ა. რ–სეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.5. 2022 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ლ. გ–მა ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში, სახლთან მიაკითხა ყოფილ მეუღლეს ა. რ–ს და ქუჩაში, ჭიშკართან ა. რ–ს ბებიას - მ. ე–ს და ბიცოლას - ი. ლ–ს, უთხრა, რომ მასთან სასაუბროდ გამოეყვანათ ა. რ–ე, რაზეც უპასუხეს რა უარით, რომ ა. რ–ს არ სურდა მისი ნახვა, აღნიშნულით განაწყენებულმა ლ. გ–მა დაიწყო როგორც მათი, ასევე გარეთ გამოსული ა. რ–ს მისამართით გინება და ყვირილი, რომ თუ ა. რ–ე მასთან არ დაბრუნდებოდა და არ შეურიგდებოდა, არცერთს არ დატოვებდა ცოცხალს, ააფეთქებდა მათ სახლს და ასევე იარაღით მოკლავდა ა. რ–ს. აღნიშნულის გამო ა. რ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.6. 2022 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ლ. გ–მა ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში, სახლთან მიაკითხა ყოფილ მეუღლეს ა. რ–ს და ქუჩაში, ჭიშკართან, ა. რ–ს ბებიას - მ. ე–ს და ბიცოლას - ი. ლ–ს, უთხრა, რომ მასთან სასაუბროდ გამოეყვანათ ა. რ–სე, რაზეც უპასუხეს რა უარით, რომ ა. რ–ს არ სურდა მისი ნახვა, აღნიშნულით განაწყენებულმა ლ. გ–მა დაიწყო როგორც მათი, ასევე გარეთ გამოსულ ა. რ–ს მისამართით გინება და ყვირილი, რომ თუ ა. რ–ე მასთან არ დაბრუნდებოდა და არ შეურიგდებოდა, არცერთს არ დატოვებდა მათ ცოცხალს, დახოცავდა იარაღით და აუფეთქებდა სახლს. აღნიშნულის გამო მ. ე–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.7. 2022 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ლ. გ–მა ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში, სახლთან მიაკითხა ყოფილ მეუღლეს ა. რ–ს და ქუჩაში, ჭიშკართან, ა. რ–ს ბებიას - მ. ე–ს და ბიცოლას - ი. ლ–ს, უთხრა, რომ მასთან სასაუბროდ გამოეყვანათ ა. რ–ე, რაზეც უპასუხეს რა უარით, რომ ა. რ–ს არ სურდა მისი ნახვა, აღნიშნულით განაწყენებულმა ლ. გ–მა დაიწყო როგორც მათი, ასევე გარეთ გამოსული ა. რ–ს მისამართით გინება და ყვირილი, რომ თუ ა. რ–ე მასთან არ დაბრუნდებოდა და არ შეურიგდებოდა, არ დატოვებდა მათ ცოცხალს, დახოცავდა იარაღით და აუფეთქებდა სახლს. აღნიშნულის გამო ი. ლ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ლ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 4 ნოემბრის და 5 ნოემბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2.2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 აგვისტოს განაჩენით, ლ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით.
ლ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით.
ლ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 13 ნოემბრის ეპიზოდი დაზარალებულ ა. რ–სის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათი.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 13 ნოემბრის ეპიზოდი დაზარალებულ ა. რ–ს მიმართ) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 13 ნოემბრის ეპიზოდი დაზარალებულ მ. ე–ს მიმართ) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 13 ნოემბრის ეპიზოდი დაზარალებულ ი. ლ–ს მიმართ) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ. გ–ის, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ლ. გ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 4975,89 ლარი და საბოლოოდ, ლ. გ–ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 4975,89 ლარი.
ლ. გ–ის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 10 წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2.3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 აგვისტოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ლ. გ–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში.
2.4. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. გ–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. ჯ–მ და მოითხოვეს ლ. გ–ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 8 იანვარს, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. გ–ს წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდით დამნაშავედ ცნობა.
3.3. 2024 წლის 11 იანვარს ლ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. ჯ–მ წარმოდგენა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა შესაგებლის დასაშვებად ცნობა და ლ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულ ა. რ–ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოწმეების – ი. ლ–ს და მ. ე–ს ჩვენებები სრულად ადასტურებს ლ. გ–ს ბრალეულობას. ისინი ჩვენებებში აღწერენ ლ. გ–ს ქმედებების შედეგად ა. რ–ს პირველად ემოციურ მდგომარეობას. ზემოხსენებული მტკიცებულებები, კი ქმნის იმ ერთობლიობას, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. გ–იის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბარალდებებით (2022 წლის 4 და 5 ნოემბრის ეპიზოდები) გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. დაზარალებულმა ა. რ–მ უარი განაცხადა ახლო ნათესავის – ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ლ. გ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და ყურადღებას ამახვილებს, რომ მოწმეთა – ი. ლ–ს და მ. ე–ს ჩვენებები სადავო ეპიზოდებში სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან დაკავშირებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, ხსენებულ მოწმეთა ჩვენებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ხოლო პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ლ. გ–ს მხრიდან დაზარალებულზე სიცოცხლის მოსპობის მუქარას წარმოდგენილი არ არის. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე ა. რ–მ სასამართლოში არ დაადასტურა. ასევე არ დადასტურდა მუქარის სავალდებულო ნიშანი - კერძოდ, ლ. გ–ს მხრიდან მეუღლის მიმართ მუქარამ, ამ უკანასკნელში გამოიწვია მუქარის გახორციელების საფუძვლიანი შიში თუ არა.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ლ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 4 და 5 ნოემბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეშია მსჯავრდებულ ლ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ–ს შესაგებელი, რომელიც, ერთი მხრივ, ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა, ხოლო, მეორე მხრივ – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და ლ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
5.12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი. მითითებული დოკუმენტი კი, (საკასაციო საჩივრის შესაგებლი) სასამართლოში წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის დარღვევით – საკასაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოტანიდან 1 თვის ვადაში, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს მასზე, როგორც საკასაციო საჩივარზე.
5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე