საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.09.2024
საქმის ნომერი
2კ-899აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100123007191917

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№899აპ-24 ქ. თბილისი

ა–ი ჯ., 899აპ-24 25 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძისა და მსჯავრდებულ ჯ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ხ. მ–სა და დ. ნ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თამარ კერესელიძემ და მსჯავრდებულ ჯ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ხ. მ–მა და დ. ნ–მა.

2. ბრალდების მხარე თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლას, ჯ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენისათვის, რამეთუ მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით – დაზარალებულის განცხადებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ბარათითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეების: ო. ი–სა და დ. მ–ს ჩვენებით/გამოკითხვის ოქმით – გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება მისი ბრალეულობა. კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ოჯახის წევრის მამხილებელი ჩვენება, ბრალდების მხარემ საქმეში წარმოდგენილი სხვა სამხილებით, სარწმუნოდ დაადასტურა ჯ. ა–ს მიერ მისთვის შერაცხილი ყველა დანაშაულის ჩადენა.

3. დაცვის მხარე თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს ჯ. ა–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,381-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობას. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ჯ. ა–ს მიერ მეუღლეზე ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას დაამტკიცებდა, რისი გათვალისწინებითაც, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მის მსჯავრდებას არ აქვს ფაქტობრივი გამართლება, რამეთუ სამივე ბრალდება ურთიერთდაკავშირებულია და სასამართლოში წარმოდგენილი სამხილებიც – იდენტური. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ. ბ–ს განცხადების საფუძველზე, ჯ. ა–ს მიმართ 2023 წლის 15 მარტს გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც, ერთი მხრივ, მსჯავრდებულს არ ჩაჰბარებია და არც ხელის მოწერით დაუდასტურებია, ხოლო, მეორე მხრივ, ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები მსჯავრდებულს არ დაურღვევია, რამეთუ ჯ. ა–ს ქ. ბ–ს ბინაში ყოფნა ისეთივე ვარაუდია, როგორიც დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობა და მუქარა, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით და სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

4. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ჯ. ა–ს, – დაბადებულს 19.. წლის 16 ივლისს, – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგით:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის განაჩენით ჯ. ა–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად.

4.2. 2023 წლის 18 მარტს ქ. თ–ში, ..........ში, ა. ჟ–ს ქუჩის №..-ში მდებარე №.. ბინაში ყოფნისას, ჯ. ა–მა თავის ყოფილ მეუღლეს – ქ. ბ–ს, არასრულწლოვანი შვილის – 2021 წელს დაბადებული ა. ა–ს – თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი და მუშტები ჩაარტყა სახისა და თავის არეში, წაქცეულს კი ფეხი ჩაარტყა ფეხში და მიაყენა დაზიანება. ჯ. ა–ს ქმედებების შედეგად ქ. ბ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4.3. 2023 წლის 18 მარტს, საღამო საათებში, ქ. თ–ში, ......აში, ......ას ქუჩის №..-ში მდებარე №.. ბინაში ყოფნისას, ჯ. ა–ი დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ყოფილ მეუღლეს – ქ. ბ–ს, კერძოდ, ყელის არეში მიადო დანა და უთხრა, რომ მოკლავდა. ქ. ბ–მ მუქარა აღიქვა რეალურად და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

4.4. 2023 წლის 15 მარტს საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს გამომძიებელმა – ო. ი–მ – ჯ. ა–ს მიმართ გამოსცა №......... შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ჯ. ა–ს ერთი თვით აეკრძალა ქ. ბ–ს საცხოვრებელ სახლთან, მის სამსახურსა და ადგილსამყოფელთან მიახლოება, ასევე – ნებისმიერი კომუნიკაცია: ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯ. ა–ი გაფრთხილებული იყო შემაკავებელი ორდერის მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვის პერიოდში – 2023 წლის 18 მარტს – მაინც მივიდა ქ. ბ–ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ. თ–ში, .........ში, ა. ჟ–ს ქუჩის №.., ბინა №..-ში, დაზარალებულს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ზემოაღნიშნულით ჯ. ა–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

5. ჯ. ა–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ჯ. ა–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოდ, ჯ. ა–ს მიესაჯა – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულმა ჯ. ა–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ხ. მ–მა და დ. ნ–მა, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო, მეორე მხრივ, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თამარ კერესელიძემ, რომელიც ითხოვდა ჯ. ა–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა ქმედების ჩადენისათვის.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა: ჯ. ა–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოდ, მიესაჯა – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რამეთუ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადგინდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით შერაცხილ ქმედებებში ჯ. ა–ს ბრალეულობა, ხოლო, მეორე მხრივ, უტყუარად დადასტურდა მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, კერძოდ:

12. დაზარალებულმა ქ. ბ–მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენება თავისი ახლო ნათესავის – ჯ. ა–ს წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; მოწმე ო. ი–ს ჩვენება, ჯ. ა–ს მიერ ქ. ბ–ზე შესაძლო ფიზიკურ ძალადობასა და მუქარასთან მიმართებით ირიბია და ვერ გახდება ჯ. ა–ს მსჯავრდების უტყუარი საფუძველი; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის, მოწმის სახით დაკითხული დ. მ–ს მონათხრობთან დაკავშირებით კი, რომელზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შენიშნა, რომ ჩვენების მიცემისას მოწმემ აღნიშნა, რომ ქ. ბ–ს განმარტებით, დაზიანებები 2023 წლის 18 მარტს მიაყენა ყოფილმა მეუღლემ – ჯ. ა–მა, მაგრამ ექიმის მიერვე შედგენილი №... სამედიცინო ბარათის მიხედვით, სამედიცინო პერსონალმა ვერ მიიღო დაზიანებების თაობაზე ინფორმაცია ქ. ბ–სგან, რის გამოც, ანამნეზის გრაფაში მითითებულია: ,,უცნობი“, დაზიანებების წარმომავლობასთან დაკავშირებით კი – ,,დაუზუსტებელი დაზიანებები. დაუზუსტებელი, როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული“; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ქ. ბ–ს, 2023 წლის 18 მარტის 23:46 საათზე, სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას, მარჯვენა ბარძაყის ქვემო მესამედში, ორივე წვივის წინა ზედაპირსა და მარცხენა წარბის არეში აღენიშნებოდა ჰემატომები, ასევე – ნახეთქი ჭრილობა ქვედა ტუჩის შიგნითა ზედაპირზე, მაგრამ დაზარალებულის სხეულზე გამოვლენილი დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა ვერ მოხერხდა, საკვლევად წარდგენილ სამედიცინო ბარათში აღნიშნული დაზიანებების მორფოლოგიური აღწერილობის არ არსებობის გამო, რის გამოც, ამ საექსპერტო კვლევის საფუძველზე, შეუძლებელია იმის უტყუარად მტკიცება, რომ დაზარალებულის სხეულზე გამოვლენილი დაზიანებები მიზეზობრივად დაკავშირებულია ჯ. ა–სათვის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალადშერაცხილ კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებთან. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვით, ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დაადასტურა ჯ. ა–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

13. დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ ინდივიდუალურად შეაფასა ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნა, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და მართებულად მიიჩნია, რომ ჯ. ა–ს მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა უტყუარად დადასტურებულია 2023 წლის 15 მარტს გამოცემული №...... შემაკავებელი ორდერით, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულს 30 დღით აეკრძალა ქ. ბ–სის საცხოვრებელ სახლთან, მის სამსახურსა და ადგილსამყოფელთან მიახლოება, ასევე – ნებისმიერი კომუნიკაცია: ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; შემაკავებელი ორდერის შემდგენი პირის – ო. ი–ს ჩვენების მიხედვით, იგი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ჯ. ა–ს, რომელსაც აცნობა შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტი და გასაცნობად დაიბარა შს სამმართველოში, რაც ასახულია მის მიერ შედგენილ სატელეფონო გასაუბრების ოქმში, ხოლო მოგვიანებით, პირადად შეხვდა მსჯავრდებულს ქუჩაში და გააცნო მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომელიც ჯ. ა–ს ხელმოწერითაა დადასტურებული, რისი გათვალისწინებითაც, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მტკიცება, თითქოსდა ჯ. ა–სათვის საერთოდ არ იყო ცნობილი მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერისა და, შესაბამისად, ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების თაობაზე; შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი უტყუარად დადასტურებულია მსჯავრდებულის დაკავების ოქმით, რომელიც ცხადყოფს, რომ ქ. ბ–ს განცხადების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა სწორედ დაზარალებულის საცხოვრებელ სახლთან დააკავეს მსჯავრდებული. დაკავების ოქმში მითითებული მონაცემების სისწორე, გარდა ოქმის შემდგენი პირის – ო. ი–ს – ჩვენებისა, ასევე – დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე კიდევ ერთი პირის – მ. ს–ს – გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და თავად ჯ. ა–ს ხელმოწერით. ამ ყოველივეზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარი და საკმარისი ერთობლიობით დასტურდება ჯ. ა–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც იგი კანონიერად და სამართლიანად არის მსჯავრდებული.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძისა და მსჯავრდებულ ჯ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ხ. მ–სა და დ. ნ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი