გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 28.06.2002
საქმის ნომერი
3კ/499-02
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.06.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹3კ-499-02 28 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),თ. კობახიძე, ქ. გაბელაია

დავის საგანი: შვილად აყვანის ფაქტის დადასტურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ტ-შვილი დაიბადა 1965წ. 5 აპრილს ქ. სოხუმში. მისი სახელი, მამის სახელი და გვარი დაბადების მოწმობის მიხედვით იყო რ. ა-იჩი.

რ. ა-ოვიჩი იზრდებოდა სამტრედიის რაიონში უდედმამო ბავშვთა სახლში, ხოლო 1981წ. გადაყვანილ იქნა ქ. ქუთაისის ¹4 პროფტექნიკურ სასწავლებელში. 14 წ. ასაკიდან იგი იმყოფებოდა რ. ტ-შვილის დის, ნ. ტ-შვილის, მზრუნველობის ქვეშ. შვილად აყვანის გაფორმება ვერ მოხერხდა ნ. ტ-შვილის ავადმყოფობის გამო.

ნ. ტ-შვილსა და რ. ა-იჩს შორის ჩამოყალიბებული კეთილგანწყობილი ურთიერთობიდან გამომდინარე ამ უკანასკნელმა 1984წ. მაისში შეიცვალა გვარი, სახელი, მამის სახელი. გახდა რ. ტ-შვილი.

1987წ. გარდაიცვალა ნ. ტ-შვილი. 1998წ. იანვარში რ. ტ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს შვილად აყვანის ფაქტის დადასტურების შესახებ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა. დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ რ. ტ-შვილი აყვანილია შვილად აწ გარდაცვლილი ნ. ტ-შვილის მიერ.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ტ-შვილმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 23 აპრილის განჩინებით რ. ტ-შვილის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დატოვებულ იქნა განუხილველად.

2000წ. დეკემბერში რ. ტ-შვილმა სარჩელი შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში რ. ტ-შვილის მიმართ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ.

2001წ. 26 დეკემბერს სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში. იმავე სასამართლოს 2001წ. 25 მაისის განჩინებით რ. ტ-შვილს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 18 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა რ. ტ-შვილის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 25 მაისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. ტ-შვილის სარჩელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 23 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

რ. ტ-შვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ არასწორად ეთქვა უარი საქმის წარმოების განახლებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა კასატორის განმარტება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოებს განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.

საქმე განხილულია სასარჩელო წესით, რითაც დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების შინაარსის თაობაზე.

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ რ. ტ-შვილის განცხადების დასაშვებობა შეამოწმა და განცხადება განიხილა სააპელაციო სასამართლომ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად საქმის განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობა შემოწმებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილების გამომტან პირველი ინსტანციის სასამართლოში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის ზეპირი განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე, რაც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლოში. რ. ტ-შვილის საქმეზე განცხადების დაუკმაყოფილებლად დატოვებისას სასამართლომ გამოიტანა არა განჩინება, არამედ გადაწყვეტილება.

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე არ არის დადგენილი. ვინაიდან 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.