დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 20.12.2024
საქმის ნომერი
2კ-240-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.12.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080141124010142705

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №240I-24 თბილისი

ტ-ე თ., 240I-24 20 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ტ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის ოქტომბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ თ. ტ-ის პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით:

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენით თ. ტ-ე, (პირადი №----), ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 128-ე მუხლით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ტ-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2020 წლის 2 სექტემბრიდან. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2.3. მსჯავრდებულ თ. ტ-ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის შესაბამისად, სასჯელის მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებულ თ. ტ-ეს 1/6-ით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით შეფარდებული სასჯელი, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ გავრცელდა (დაზარალებულთა თანხმობების არარსებობის გამო) და, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი დარჩა უცვლელად.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – თ. ტ-ემ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ თ. ტ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის 1/6-ით შემცირების, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ თ. ტ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის განახევრება ვერ გავრცელდება, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი დაზარალებულ ნ. ღ-ის, დაზარალებულ გ. რ-ის მხარდამჭერის – ე. ბ-ისა და დაზარალებულ ნ. ჭ-ის უფლებამონაცვლის – კ. ჭ-ის თანხმობები, თ. ტ-ის მიმართ ამნისტიის გავრცელების შესახებ.

4. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია (სასჯელის 1/6-ით შემცირება) არ ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და რომელზედაც დაზარალებულის თანხმობის არარსებობის გამო არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

5. გარდა ამისა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას არ განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

6. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ თ. ტ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის 1/6-ით შემცირება ვერ გავრცელდება, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი გარდაცვლილი დაზარალებულის – ნ. ჭ-ის უფლებამონაცვლის – კ. ჭ-ის თანხმობა, თ. ტ-ის მიმართ ამნისტიის გავრცელების შესახებ.

7. ამავე დროს, მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო საუბრის ოქმის მიხედვით, დაზარალებულმა – ნ. ღ-ემ უარი განაცხადა მსჯავრდებულ თ. ტ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ თ. ტ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. ტ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე