საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100122006549791
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1305აპ-24 ქ. თბილისი
კ-ი მ, 1305აპ-24 6 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 სექტემბრის განაჩენით:
1.1. მ. კ-ი, - დაბადებული .. წლის... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის ოქტომბრის შუა რიცხვების ეპიზოდი) - 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2022 წლის 30 ოქტომბრიდან იმავე წლის 13 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
1.2. გაუქმდა მ. კ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1000 ლარი.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, თ-ში, მ-ის დასახლებასთან, ე. ო-ის ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. კ-მა არასრულწლოვან გერს - ე. კ-ს მარჯვენა ფეხის არეში ერთხელ დაარტყა ფეხი, რის შედეგადაც ე. კ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ე.კ-ის არასრულწლოვანი და - მ.კ-ი.
· 2022 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, დაახლოებით 21:00 საათზე, თ-ში, მ-ის დასახლებასთან, ე. ო-ის ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. კ-მა არასრულწლოვან გერს - ე. კ-ს მარჯვენა ლოყის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ე. კ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ე. კ-ის არასრულწლოვანი და - მ. კ-ლი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ მ. კ-ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, N.. შემაკავებელი ორდერითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
7. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულ მ. კ-ის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მსჯავრდებულ მ. კ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.
11. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მ. კ-ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის აღიარება და სინანული ჩადენილი ქმედებების გამო; ის გარემოება, რომ მ. კ-მა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, პირველადაა სამართალში, მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, დაზარალებულის პოზიცია - პრეტენზია არ გააჩნია მსჯავრდებულის მიმართ, რაზე დაყრდნობითაც შეუფარდა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს. ამდენად, განაჩენში ცვლილების საფუძველი არ არსებობს.
12. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მართალია, მ. კ-მა მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე - 2024 წლის 1 ივლისამდე - ჩაიდინა, თუმცა ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. კ-ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე