საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.11.2024
საქმის ნომერი
2კ-576აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122006141628

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №576აპ-24 ქ. თბილისი

ვ. ნ. 576აპ-24 20 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – გია შაიშმელაშვილის, ასევე მსჯავრდებულ ნ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ. ნ–ს და ო. ს–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. ნ. ვ–ს, – პირადი №........., – ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიემებელ გარემოებებში, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,19,109-ე მუხლის ,,თ“, ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით;

1.2. გ. ჯ–ს, – დაბადებულს .... წელს, – ბრალად ედებოდა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ნ. ვ–სა და გ. ჯ–ს ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. ნ. ვ–ს მიაჩნდა, რომ დედის – ლ. გ–ს – ცხოვრების წესი არ შეესაბამება კულტურულ, ტრადიციულ ნორმებს და ხელყოფდა მისი და მისი ოჯახის ღირსებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განიზრახა ,,ღირსების აღდგენა“.

2.2. 2022 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 23:40 საათზე, თ–ში, ……..ში, ბ–ის ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. ვ–მა დაინახა, რომ რ. მ–ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან გადმოვიდა ლ. გ–ა და რ. მ–ს ავტომობილმა განაგრძო მოძრაობა სოფელ …….ის ცენტრის მიმართულებით. აღნიშნული ფაქტი დაინახა ნ. ვ–მა და ღირსების აღდგენის მიზნით განიზრახა რ. მ–სისა და ლ. გ–ს განზრახ მოკვლა. გზაზე მყოფმა ნ. ვ–მა რ. მ–ს გააჩერებინა ავტომობილი და ღირსების აღდგენის მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის განზრახვით, ხელთარსებული დანით, რ. მ–ს სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები.

2.3. მომხდარი კონფლიქტი დაინახა რა ლ. გ–მ, გაიქცა შემთხვევის ადგილის მიმართულებით. ნ. ვ–მა რ. მ–სთვის დაზიანებების მიყენების შემდეგ, თავისი ოჯახის წევრს, ღირსების აღდგენის მოტივით, გენდერის ნიშნით განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთარსებული დანით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა დაზიანებები. აღნიშნული კონფლიქტის გამო გამოწვეულ ხმაურზე შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მაცხოვრებლებმა დაიწყეს გზაზე გასვლა, რის გამოც, ნ. ვ–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შეკრებილის მოქალაქეების მიერ რ. მ–ი და ლ. გ–ა გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში. რ. მ–ი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ლ. გ–ს სიცოცხლე გადარჩა შესაბამისი სამედიცინო დახმარების შედეგად.

2.4. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, 2022 წლის 19 ივლისს, ნ. ვ–ი შეხვდა თავის მეგობარს – გ. ჯ–ს – და უამბო თავის მიერ ჩადენილი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშულის შესახებ. გ. ჯ–სმა იცოდა რა, რომ ნ. ვ–ს მიერ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშული აღნიშნულის შესახებ არ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განაჩენით:

3.1. ნ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის ,,თ“, ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 18 წლით;

3.1.1. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად) და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ვ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 18 წლით;

3.1.2. ნ. ვ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 21 ივლისიდან;

3.2. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გია შაიშმელაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა პროკურორ გია შაიშმელაშვილს და ბრალდებულ გ. ჯ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

3.2.1. გ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით – ჩაეთვალა პირობითად და, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი;

3.2.2. გ. ჯ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 19 ივლისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ. ვ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ო. ს–მა და დ. ნ–მა, რომელმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ნ. ვ–ს უდანაშაულოდ ცნობა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

6.1. მსჯავრდებულ ნ. ვ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – დ. ნ–მა და ო. ს–მა, რომლებიც ითხოვენ ნ. ვ–სის მიმართ მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 111-ე და 124-ე მუხლებით, ნაცვლად მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის ,,თ“, ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებისა.

6.2. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – გია შაიშმელაშვილმა, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს დაეთანხმა, როგორც კვალიფიკაციის, ისე – სასჯელის ნაწილში, თუმცა, იმავდროულად, მოითხოვა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ინფორმაციის – სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, მომართვებისა და დოკუმენტის ჩაბარების ბარათების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმება, რომელიც საჩივრდება შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად და, იმავდროულად, აღნიშნული მტკიცებულებების დასაშვებ მტკიცებულებად ცნობა და ექსპერტების მოწმეთა სიაში შეყვანა.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ნ. ვ–ს მსჯავრდების ნაწილში გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ და მოითხოვა ნ. ვ–ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 111-ე და 124-ე მუხლებით, ნაცვლად მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის ,,თ“, ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებისა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, იგი ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენს, როგორც ნ. ვ–ს მსჯავრდების, ისე – სასჯელის ნაწილში და ითხოვს მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმებას.

9. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია ნ. ვ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის ,,თ“, ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული თუ ჩაიდინა რ. მ–ს განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში (საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლი) და ლ. გ–ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით (საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლი).

10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა, დასტურდება ნ. ვ–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი დაცვის მხარე, ითხოვს ნ. ვ–ს საქართველოს სსკ-ის 111-ე და 124-ე მუხლებით მსჯავრდებას (ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის ,,თ“, ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებისა), შესაბამისად, დაცვის მხარისათვის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2022 წლის 18 ივლისს ნ. ვ–მა რ. მ–ს და ლ. გ–ს სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა დაზიანებები (მიუხედავად იმისა, რომ კასატორი დაცვის მხარე, იმავდროულად, ყურადღებას ამახვილებს მოწმეების ჩვენებებსა და იმ გარემოებაზე, რომ ისინი უშუალოდ დაჭრის ფაქტს არ შესწრებიან და, შემთხვევის ადგილზე მისულებმა, დაინახეს მხოლოდ დაჭრილი პირები, მსჯავრდებული კი იქ არ დაუნახავთ).

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებულ ნ. ვ–ს არ ჰქონია ორი პირის, მათ შორის დედის – ლ. გ–ს – სიცოცხლის მოსპობის განზრახვა და მან ჩაიდინა: რ. მ–ს განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და ლ. გ–ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით; იგი ლ. გ–აასათვის დაზიანებების მიყენებისას არ მოქმედებდა გენდერული ნიშნით. საკასაციო სასამართლო, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ითვალისწინებს, რომ: მოწმეების – ა. მ–ს, ლ. ი–ს, ნ. ვ–ს ჩვენებებით დასტურდება ის გარემოება, რომ დაზარალებულ ლ. გ–ს და გარდაცვლილ რ. მ–სს ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა;

12.1. სასამართლო ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლს, რომლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან – მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

12.2. ა. მ–მ განმარტა, რომ აღნიშნულის (რ. მ–სა და ლ. გ–ს სასიყვარულო ურთიერთობის) თაობაზე მთელმა სოფელმა იცოდა. მას ლ. გ–ს დედა – ლ–ა დაუკავშირდა და მოითხოვა, რომ რ. მ–ს ურთიერთობა გაეწყვიტა ლ. გ–ათან. წინააღდეგ შემთხვევაში, ლ. გ–ს შვილი აპირებდა რ. მ–ს მოკვლას;

12.3. ლ. ი–მ განმარტა, რომ ლ. გ–ს შვილებმა – ნ–ი და დ–ი ვ–ებმა იცოდნენ დედამისისა და რ. მ–ს ურთიერთობის შესახებ, აღნიშნულის გამო რცხვენოდათ, იყვნენ გაღიზიანებულნი და დედას არ ელაპარაკებოდნენ. მათ შორის, ნ. ვ–ი იძახდა, რომ სადაც შეხვდებოდა რ. მ–ს, იქ მოკლავდა;

12.4. ნ. ვ–მა ასევე დაადასტურა, რომ მთელმა სოფელმა იცოდა ლ. გ–ს და რ. მ–ს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. ლ. გ–ს შვილები ნ–ი და დ. ვ–ები განიცდიდნენ ამ ფაქტს და რცხვენოდათ. 2022 წლის 19 ივლისს, დაახლოებით ღამის 02:30 საათზე მასთან სახლში მივიდა ნ. ვ–ი და სთხოვა მობილური ტელეფონი. ნ. ვ–მა გ. ჯ–ს მისწერა: ,,ნ–სთან მოდი“. ნ. ვ–მა საუბრისას ასევე განუცხადა, რომ დედამისს – ლ. გ–ს დანა დაარტყა, ხოლო რ. მ–ი მოკლა. რამდენიმე წუთში მასთან სახლში მივიდა გ. ჯ–ი, რომელსაც ნ. ვ–მა უამბო, რომ დედამისი დაჭრა და რ. მ–ი მოკლა. მოწმემ განმარტა, სოფელში ხალხი როგორც საუბრობდა ნ. ვ–მა რ. მ–ი იმიტომ მოკლა და დედამისი – ლ. გ–ა იმიტომ დაჭრა დანით, რომ ,,ნამუსი გაიწმინდა“.

12.5. მოწმე დ. ვ–მმა განმარტა, რომ ცხოვრობდა სოფელ ფო–ში, ოჯახის წევრებთან ერთად, მათ შორის – დედასთან ლ. გ–სთან და ძმასთან ნ. ვ–სთან ერთად. ლ. გ–ას და თანასოფლელ რ. მ–ს ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა, აღნიშნული იცოდა ასევე ნ. ვ–სმა.

12.6. ზემოაღნიშნული მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ნ. ვ–მა არამხოლოდ იცოდა დედამისის ლ. გ–სა და რ. მ–ს ურთიერთობის შესახებ, არამედ იგი აღნიშნული ფაქტით იყო უკმაყოფილო, რცხვენოდა და ამას გამოხატავდა კიდეც.

13. დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ნ. ვ–მა დედის – ლ. გ–ს – მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით და მას დედის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა არ ჰქონია, საკასაციო სასამართლო, მათ შორის, ითვალისწინებს დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანების ლოკალიზაციასა და რაოდენობას, სამედიცინო დოკუმენტაციას, ასევე შპს ,,სამედიცინო ე–ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N..., ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას – ფორმა N100, პაციენტის გასინჯვის ფურცლის ჩანაწერებს (ტ. N3; ს.ფ. 7-39), ასევე სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 11 ოქტომბრის N....... დასკვნას, რომლის თანახმად:

13.1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,სამედიცინო ...ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N.... და ამავე კლინიკის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მონაცემებით: ლ. გ–მ აღნიშნულ კლინიკას მიმართა 2022 წლის 18 ივლისს, 23:45 სთ-ზე და გაეწერა 2022 წლის 25 ივლისის 15:00 სთ-ზე. დაესვა დიაგნოზი: სისხლძარღვების მრავლობითი ტრავმა წინამხრის დონეზე. მრავლობითი მომხრელი კუნთების და მყესების ტრავმა მაჯის და მტევნის დონეზე. ნერვების მრავლობითი ტრავმა წინამხრის დონეზე. თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა. სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია. /სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები და ენის ნაკვეთი ჭრილობა/;

13.2. 2022 წლის 27 ივლისს პირადი შემოწმებისას, ლ. გ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები გაკერილი ჭრილობების და სისხლნაჟღენთების სახით. ენის მიდამოში არსებული /ნაკვეთი/ ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო სხვა დანარჩენი ჭრილობები /ნაკვეთ-ნაჩხვლეტი/ განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. სისხლნაჟღენთები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (18.07.2022 წ.).

14. ასევე სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 18 ოქტომბრის N.......... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „სამედიცინო .........ოს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო №.... ბარათის და ამავე კლინიკის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მონაცემების თანახმად: ლ. გ–მ აღნიშნულ კლინიკას მიმართა 2022 წლის 18 ივლისს, 23:45 სთ-ზე. (გაეწერა 2022 წლის 25 ივლისის 15:00 სთ-ზე); დაესვა დიაგნოზი: სისხლძარღვების მრავლობითი ტრავმა წინამხრის დონეზე. მრავლობითი მომხრელი კუნთების და მყესების ტრავმა მაჯის და მტევნის დონეზე. ნერვების მრავლობითი ტრავმა წინამხრის დონეზე. თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა; მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია.

14.1. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია: ... ზოგადი ქირურგი: აღენიშნება ნაკვეთ–ნაჩხვლეტი ჭრილობები: მარჯვენა მკერდის დვრილის მიდამოში, კისრის მიდამოში კისრის მალების მარცხნივ, მარჯვენა ლოყის მიდამოში, მარცხენა სხივ–მაჯის მიდამოში. ობიექტურად: აღენიშნება ჭრილობები: 1. მარჯვენა მკერდის დვრილის მიდამოში არასისხლმდენი, ზომით, დაახლოებით 2X1 სმ. 2. კისრის მიდამოში, კისრის მალების მარცხნივ მცირედ სისხლმდენი, ზომით, დაახლოებით 2,5X0,5 სმ; 3. მარჯვენა ლოყის მიდამოში მცირედ სისხლმდენი, ზომით, დაახლოებით 2X1სმ; 4. მარცხენა სხივ–მაჯის მიდამოში სისხლმდენი ზომით, დაახლოებით 5X2სმ; სხვა რაიმე დაზიანება არ აღენიშნება .. 19.07.2022 წ. 13:25 სთ; ყბა სახის ქირურგი: პაციენტს მიყენებული აქვს ნაკვეთ–ნაჩხვლეტი ჭრილობები: 1. მარჯვენა ლოყის ჭრილობა 3/1 სმ. შემავალი პირის ღრუში ირიბად და საღეჭი მოლარებისკენ. ჭრილობა ინტენსიურად სისხლმდენი: 2. ქვედა ტუჩის არეში არსებული ჭრილობა მარჯვნივ შემავალი პირის ღრუში ზომით, 4 სმ., დარღვეულია წითელი ყაეთნის ლორწოვანის ლორწქვეშა ქსოვილის მთლიანობა; 3. ქვედა მარჯვენა მე-2 კბილის გვირგვინის მოტეხილობა, ჭრილობა სწორი კიდეებით ინტენსიურად სისხლმდენი; 4. ენის ნაკვეთი ჭრილობა საწყისი მარჯვენა გვერდითა ზედაპირი და გადადის ენის ზურგზე და მიემართება ენის ძირისკენ ზომით, 5 სმ, დარღვეულია ენის კუნთის მთლიანობა, ინტენსიურად სისხლმდენი, საჭიროა ყველა ამ დაზიანებების დამუშავება, აღდგენა… 19.07.2022 წ. 14:50 სთ; ოპერაციის პროტოკოლი №...; ოპერაციის დასახელების დაზუსტება: ლოყის ჭრილობის რევიზია, სანაცია და გაკერვა, პირის ღრუს რევიზია, სანაცია, ლოყის ჭრილობის გაკერვა, შიგნითა ზედაპირიდან, ენის მთლიანობის აღდგენა-გაკერვა, მე-2 ქვედა მარჯვენა კბილის ნაწილობრივი ექსტრაქცია, ღრძილის გაკერვა, ტუჩის გაკერვა. ოპერაციისას გამოვლენილი პათოლოგიური ცვლილებების აღწერა: 1. ჭრილობა გაფართოვდა პროქსიმალურად და დისტალურად, რევიზიით დაზიანებულია მაჯის სხივისკენა და 1 და მე-2 თითების ღრმა მომხრელი მყესები, სხივის არტერია, ნერვი და შუათანა ნერვი. 2.1. მარჯვენა ლოყის ჭრილობა 3/1 სმ. შემავალი პირის ღრუში ირიბად და საღეჭი მოლარებისკე. ჭრილობა ინტენსიურად სისხლმდენი. 2. ქვედა ტუჩის არეში არსებული ჭრილობა მარჯვნივ შემავალი პირის ღრუში ზომით, 4 სმ. დარღვეულია წითელი ყაეთნის ლორწოვანის ლორწქვეშა ქსოვილის მთლიანობა და აღინიშნება 3. ქვედა მარჯვენა მე-2 კბილის გვირგვინის მოტეხილობა. ჭრილობა სწორი კიდეებით, ინტენსიურად სისხლმდენი. 4. ენის ნაკვეთი ჭრილობა საწყისი მარჯვენა გვერდითა ზედაპირი და გადადის ენის ზურგზე და მიემართება ენის ძირისკენ ზომით, 5 სმ. დარღვეულია ენის კუნთის მთლიანობა ინტენსიურად სისხლმდენი. … რევიზიით დაზიანებულია მაჯის სხივისკენა და I-II თითების ღრმა მომხრელი მყესები, სხივის არტერია და შუათანა ნერვი. ჭრილობაში იქნა ნაპოვნი დაზიანებული სხივის არტერია, რომლის გარშემო ჩამოყალიბებული იყო მოპულსირე ჰემატომა, მისი გამოთავისუფლების შემდგომ შესრულდა სხივის არტერიის არტერიორაფია, ატრავმული ძაფით პროლენი 6.0 მომჭერის მოხსნის შემდგომ სხივის არტერია ჭრილობაში პულსირებს. დაზიანებული ვენის ბოლოები იქნა ლიგირებული. არსებული ჭრილობის გაფართოებით გამოთავისუფლდა მაჯის სხივისკენა და I-II თითების ღრმა მომხრელი მყესების ბოლოები, დაედო ნაკერი ტამაის წესით … ასევე მოინახა დაზიანებული შუათანა ნერვის ორივე ბოლო და ოპტიკური გადიდებით, შესრულდა შუათანა სხივის ნერვების რეკონსტრუქცია ეპინევრალური მიკრონაკერი…

14.2. ექსპერტის დასკვნა №........... (სს. ექსპერტი, ს. გ–ა, 27.07.2022 წ. – 11.10.2022 წ.) მონაცემებით: „…დასკვნა: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „სამედიცინო .......ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №...... და ამავე კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების თანახმად: ლ. გ–მ აღნიშნულ კლინიკას მიმართა 2022 წლის 18 ივლისს, 23:45 სთ-ზე და გაეწერა 2022 წლის 25 ივლისის 15:00 სთ-ზე. დაესვა დიაგნოზი: სისხლძარღვების მრავლობითი ტრავმა წინამხრის დონეზე, მრავლობითი მომხრელი კუნთების და მყესების ტრავმა, მაჯის და მტევნის დონეზე. ნერვების მრავლობითი ტრავმა წინამხრის დონეზე. თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია. /სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია ნაკვეთ–ნაჩხვლეტი ჭრილობები და ენის ნაკვეთი ჭრილობა/.

14.3. 27.07.2022 წ. პირადი შემოწმებისას, ლ. გ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები გაკერილი ჭრილობების და სისხლნაჟღენთების სახით – ზუსტი ლოკალიზაცია და აღწერილობა იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში. ენის მიდამოში არსებული /ნაკვეთი/ ჭრილობა განვითარებული რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო სხვა დანარჩენი ჭრილობები (ნაკვეთ–ნაჩხვლეტი) განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. სისხლნაჟღენთები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს – 18.07.2022 წ-ს.

14.4. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია შესწავლილი იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტის კრიტიკულ მედიცინაში ლ. უ–ს მიერ, რომლის მიერ მოწოდებული საკონსულტაციო დასკვნით: „…1/. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში ლ. გ–ს მდგომარეობა იყო განპირობებული მრავლობითი ნაკვეთ–ნაჩხვლეტი ჭრილობებიდან (მარჯვენა მკერდის დვრილის მიდამოში, კისრის მიდამოში, კისრის მალების მარცხნივ, მარჯვენა ლოყის მიდამოში, მარცხენა სხივ-მაჯის, ენის და პირის ღრუს ფსკერის მიდამოში) სისხლის დანაკარგით და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, რომელიც განვითარდა სისხლის ასპირაციით პირის ღრუში არსებული ჭრილობებიდან, რაც დასტურდება გულმკერდის კტ. დასკვნით და რაც გახდა მიზეზი პაციენტის დაინტუბირების. 2/. სისხლის დანაკარგის შედეგად განვითარდა ჰიპოვოლემიური შოკი I ხარისხის დანაკარგი მოცირკულირე სისხლის მოცულობის 15% გამოხატული იყო ზომიერი ტაქიკარდია 80-90 წუთში, არტერიული წნევა ნორმის ფარგლებში, დიურეზი იყო ადეკვატური, ჰემოგლობინი სტაციონარში მოთავსებისას 12,5 გ/დლ-ზე, 10 საათის შემდეგ 8,8 გ/დლ-ზე. ორი დღის შემდეგ იზოტონური ხსნარების ინფუციის ფონზე ჰემოგლობინი განზავების გამო გახდა 6,4 გ/დლ-ზე. გამოიხატა პოსტ ჰემორაგიული ანემია“.

14.5. გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან: მარცხენა სხივ–მაჯის მიდამოში არსებული დაზიანება ჭრილობის სახით (მყესების დაზიანებით) მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დანარჩენი დაზიანებები ჭრილობების სახით ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით ცალკე, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

15. დაცვის მხარის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მკვლელობის განზრახვის შემთხვევაში, მსჯავრდებული აღნიშნულს შეძლებდა, მაგალითად სახლშიც, ვინაიდან მსჯავრდებული და დაზარალებული ერთად ცხოვრობდნენ, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ქმედების განზრახ დანაშაულად კვალიფიკაციისთვის, აუცილებელი არ არის პირს წინასწარ ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 11 ოქტომბრის N.......... დასკვნის თანახმად, კლინიკაში მიყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული და იგი მოთავსდა შოკის დარბაზში. ცნობიერება – დაბინდული, არაადეკვატური. პირველადი დათვალიერებით მარჯვენა ლოყის არეში ცენტრალურად აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა სისხლმდენი, ზომით – 2X0.5 სმ., მარჯვენა ტუჩის კუთხის ჭრილობა. ენის მარჯვენა კიდის ნაკვეთი ჭრილობა, პირის ღრუში მრავლობითი კოლტები, მარჯვენა სარძევე ჯირკვლის დვრილთან ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის არეში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აქტიური სისხლდენით (სავარაუდოდ არტერიული სისხლდენა; ტ. N4; ს.ფ. 20-25).

16. რაც შეეხება დაცვის მხარის ვარაუდს, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა დედის მკვლელობის განზრახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი განზრახვას ბოლომდე მიიყვანდა, ვინაიდან დანაშაულის დროს არ არსებობდა რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის, მოწმე ს. კ-ს ჩვენებას, რომ 2022 წლის 18 ივლისს, ღამის საათებში, ხმაურზე გავიდა გარეთ, რა დროსაც დაინახა, რომ ლ. გ–ა ითხოვდა დახმარებას; მოწმე ო. კ–ს ჩვენებას, რომ 2022 წლის 18 ივლისს, ღამის საათებში, შემოესმა ხმაური, სახლიდან გავიდა ქუჩაში, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ლ. გ–ს ყვირილზე შემთხვევის ადგილისკენ გასული მეზობლები ხელისშემშლელი ფაქტორი გახდა ნ. ვ–სათვის, რათა ბოლომდე აღესრულებინა განზრახვა და რ. მ–სთან ერთად მოეკლა ლ. გ–ც.

16.1. ამდენად, ზემოთაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ. ვ–ი მოქმედებდა დედის – ლ. გ–ს – მკვლელობის განზრახვით, რისი აღსრულება ვერ მოახერხა ობიექტური მიზეზების გამო და დაუყოვნებლივ მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

17. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარე კასატორის მტკიცებას, რომ მსჯავრდებული ნ. ვ–ი რ. მ–ს მიმართ განხორციელებული ქმედების დროს იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების – „აფექტის” მდგომარეობაში, რაც, მსჯავრდებულისავე ჩვენების თანახმად, გამოწვეული იყო გარდაცვლილის მხრიდან მიყენებული მძიმე შეურაცხყოფით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და ითვალისწინებს, რომ პირის ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენა ხდება სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, ქმედების ჩადენის დროს ნ. ვ–ს ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს, იმყოფებოდა თუ არა მსჯავრდებული ნ. ვ–ი რ. მ–ს მიმართ განხორციელებული ქმედების ჩადენისას ფიზიოლოგიური აფექტის, ე.ი. უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.

18. დაცვის მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა დაკითხვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხის თანახმად, ლ. გ–ა იყო ბრალდების მხარის მოწმე; ლ. გ–მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – შვილის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; იმავდროულად, სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა დაცვის მხარის ნუსხაში სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში მოწმე – ლ. გ–ა, მითითებული არ არის.

19. ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, მოწმეების ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ნ. ვ–სმა ჩაიდინა არა – მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის ,,თ“, ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, არამედ – საქართველოს სსკ-ის 111-ე და 124-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ნ. ვ–ი მოქმედებდა, როგორც რ. მ–ს მოკვლის განზრახვით, ასევე – დედის ლ. გ–ს, გენდერის ნიშნით მოკვლის განზრახვით.

20. უსაფუძვლობის გამო საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ინფორმაციის – სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, მომართვებისა და დოკუმენტის ჩაბარების ბარათების – დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის საოქმო განჩინების (რაც საჩივრდება შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად) გაუქმებისა და აღნიშნული მტკიცებულებების დასაშვებ მტკიცებულებად ცნობისა და ექსპერტების მოწმეთა სიაში შეყვანის შესახებ, – საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას (საოქმო განჩინებას) და ითვალისწინებს, რომ:

20.1. 2024 წლის 12 თებერვლის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ შესავალ სიტყვაში აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს დანიშნული ჰქონდა ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც ამ დრომდე სასამართლოში წარმოდგენილი არ იქნა (12.02.2024; 15:30:10). აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლის კითხვაზე პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა მიუთითა: ,,მე, რატომღაც მახსოვს, რომ დასკვნა წარმოდგენილი მაქვს“, რის შემდეგაც სასამართლო სხდომა გადაიდო (15:35:46).

20.2. მომდევნო – 2024 წლის 29 თებერვლის – სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა იშუამდგომლა: სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, მიმართვებისა და დოკუმენტის ჩაბარების ბარათების დასაშვებ მტკიცებულებად ცნობა და შესაბამისი ექსპერტების მოწმეთა სიაში შეყვანა. აღნიშულთან დაკავშირებით ადვოკატმა დ. ნ–მა განმარტა, რომ პროკურორს აღნიშნული დასკვნა ჩაჰბარდა 2023 წლის 25 აგვისტოს, შესაბამისად, ბრალდების მხარეს სადავო მტკიცებულებები დაუყონებლივ არ წარმოუდგენია სასამართლოში, რის გამოც, ისინი არ უნდა იქნეს დასაშვებ მტკიცებულებად ცნობილი და არ უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს (16:14:01);

20.3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პროკურორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნასა და დოკუმენტებს ბრალდების მხარე არ თვლიდა მნიშვნელოვან მტკიცებულებად და მხოლოდ დაცვის მხარემ გაამახვილა მათზე ყურადღება, როცა მოითხოვა სადავო დასკვნის არსებობის შემთხვევაში, მისი სასამართლო სხდომაზე წარმოდგენა (შესაბამისად, დაცვის მხარეს რომ არ ეთხოვა, შესაძლოა, ბრალდების მხარეს აღნიშნული მტკიცებულება არც წარმოედგინა), ხოლო მიმდინარე (2024 წლის 29 თებერვლის) სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დააფიქსირა პოზიცია, რომ არ სურს სადავო ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებად დართვა და შესაბამისი ექსპერტების დაკითხვა; ვინაიდან, სააპელაციო წარმოების ეტაპზე ახალი მტკიცებულების გამოკვლევა სააპელაციო სასამართლოში დასაშვებია, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად. აღნიშნულს კი, მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს ადგილი, ვინაიდან ბრალდების მხარემ თავად არ ჩათვალა ისინი მნიშვნელოვან მტკიცებულებად და მხოლოდ დაცვის მხარის ინტერესის გათვალისწინებით წარმოადგინა სასამართლოში (16:17:56).

21. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების მოტივაციას, მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინება კანონიერია და არ არსებობს პროკურორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. იმავდროულად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე და მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების, წარმოდგენის და შუამდგომლობის დაყენების უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).

22. საკასაციო სასამართლო კვალავაც აღნიშნავს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“(იხ. Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan, cited above, par.22; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).

23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

24. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

25. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

27. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – გია შაიშმელაშვილის, ასევე მსჯავრდებულ ნ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ. ნ–ს და ო. ს–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე