დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020142225702231475
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №16აგ-25 29 მაისი, 2025 წელი
გ–ე გ., №16აგ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ–ის საკასაციო საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით, გ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ–ის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ–ის ეპიზოდი – მუქარა მობილური ტელეფონით) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ–ის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, გ. გ–ეს დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით.
1.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
გ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით;
გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ–ის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ–ის ეპიზოდი – მუქარა მობილური ტელეფონით) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ–ის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, გ. გ–ეს დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
1.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
1.4. 2025 წლის 14 აპრილს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გ. გ–ემ და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენების ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა.
1.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით, გ. გ–ის შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
1.6. მსჯავრდებულმა გ. გ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება.
1.7. კასატორის პოზიციით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, რომ არ არსებობდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, რადგან მისთვის საქმის არსებითად განხილვის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მისი მსჯავდების საფუძველი იყო ხიშტი-დანა, რომელსაც იგი თითქოს ატარებდა მისი დაკავების დროს. ასევე მის მიმართ არსებული განაჩენები ემყარება ვარაუდებს, რაც არ არის დადასტურებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
2.1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ შუამდგომლობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებლად ცნობს მას.
2.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, ხოლო ამავე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ადგენს განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
2.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას და ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული ფაქტები არ ადასტურებს იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, ამასთან, არ არის წარმოდგენილი ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას.
2.6. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და საჩივარზე დართული სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალის (დოკუმენტის) ასლები არ არის ახალი და ისინი ცნობილი იყო გ. გ–ის მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმის განმხილველი ყველა ინსტანციის სასამართლოსათვის.
2.7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯვარდებულ გ. გ–ის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები (საქმის მასალები) არ არის ახალი. მტკიცებულებები ცნობილი იყო საქმის არსებითი განხილვისას პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებისთვის, რაც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასდა და შედეგად, გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. იგივე შეიძლება ითქვას მოსამართლე მ. ჩ–ის მიერ გ. გ–ის განცხადებებზე გაცემულ პასუხზე (10.06.2022), რაზეც საჩივრის ავტორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 11 მარტის №13აგ-24 განჩინებით გაეცა პასუხი. რაც შეეხება ხიშტ-დანასთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტს, აღნიშნულზე ნამსჯელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის №36აგ-23 განჩინებაში.
2.8. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე