დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 16.01.2012
საქმის ნომერი
ას-1747-1728-2011
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.01.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1747-1728-2011 16 იანვარი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ქ. ძ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ძ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა

დავის საგანი _ საპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ძ-ის სარჩელი მოპასუხე მ. ძ-ის, მესამე პირის _ მ. ძ-ის მიმართ უძრავ ნივთზე დადებული გარიგების ბათილად ცნობის და აღნიშნული ნივთის მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ძ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ქ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ამავე განჩინებით აპელანტს დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. აღნიშნულს ცხადყოფდა საქმის მასალებით დადგენილი შემდეგი გარემოებები:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ქ. ძ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს მის შესავსებად განესაზღვრა საპროცესო ვადა 7 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა;

საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინება ხარვეზის შესახებ 2011 წლის 8 ნოემბერს ჩაბარდა ქ. ძ-ის წარმომადგენელ ნ. ს-ს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხსენებული ნორმა ვრცელდება განჩინების ჩაბარების შემთხვევებზეც. ამდენად, ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა 2011 წლის 8 ნოემბერს (როდესაც განჩინება ჩაბარდა მის წარმომადგენელს).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ძ-ისათვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 9 ნოემბრიდან. ეს ვადა ამოიწურა 2011 წლის 15 ნოემბერს. შესაბამისად, ხარვეზის შევსების უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2011 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.

საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნა 2011 წლის 15 ნოემბერს, თუმცა გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი სააპელაციო სასამართლოს წარედგინა საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ _ 2011 წლის 16 ნოემბერს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა. აღნიშნული დასკვნის სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, ამავე კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამ ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აპელანტს დაუბრუნა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარი (ტომი I, ს.ფ. 8-11).

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ზემოაღნიშნულ განჩინებაზე ქ. ძ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება აპელანტს პირადად ჩაბარდა 2011 წლის 8 ნოემბერს, საღამოს 22.00 საათის შემდგომ, ხოლო მის წარმომადგენელს აღნიშნული დღის 17.00 საათზე. 8 ნოემბრის 17.00 საათიდან ქ. ძ-ისათვის ცნობილი იყო განჩინების შინაარსი, რომლითაც მას დაევალა ხარვეზის გამოსწორება და მისი სამართლებრივი შედეგი. აპელანტმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 2011 წლის 15 ნოემბერს, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი კი სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2011 წლის 16 ნოემბერს, 12.30 საათზე. აქედან გამომდინარე, აპელანტმა ხარვეზი შეავსო 7-დღიანი ვადის გასვლამდე მთელი 5 საათით ადრე (ტომი II, ს.ფ. 17-18).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ძ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ქ. ძ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდა 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა (ტომი 2, ს.ფ. 2-3).

სააპელაცო სასამართლოს დასახელებული განჩინება სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა აპელანტს. აღნიშნულ მისამართზე სასამართლო გზავნილი ჩაიბარა აპელანტის წარმომადგენელმა, ნ. ს-მა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიიჩნევა მხარისათვის გზავნილის ჩაბარებად (ტომი 2, ს.ფ. 5).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადის ათვლა აპელანტისათვის დაიწყო 2011 წლის 9 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 15 ნოემბერს. დროის ამ მონაკვეთში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის. აპელანტმა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, სასამართლოს წარუდინა 2011 წლის 16 ნოემბერს.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტმა ხარვეზი შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი 7-დღიანი ვადის გასვლამდე. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებები ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების არასწორ ინტერპრეტაციას, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების ბილო ვადა იყო 2011 წლის 15 ნოემბერი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი კი წარდგენილი იქნა 16 ნოემბერს, ანუ ერთი დღის დაგვიანებით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ძ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.