საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100124009305082
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №433აპ-25 ქ. თბილისი
ბ. თ. 433აპ-25 22 სექტემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. ქ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ბ–ის, – პირადი ნომერი: ........, – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2024 წლის 6 თებერვალს, ღამის საათებში, ქალაქ დ–ს შესასვლელთან, პირველ კილომეტრზე „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის (ნომრით: ...........) მძღოლმა – თ. ბ–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითს – ნ. ლ–ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
1.1.1. აღნიშნული ქმედებებით თ. ბ–მა ჩაიდინა – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით;
1.2. 2024 წლის 6 თებერვალს, ღამის საათებში, ქალაქ დ–ს შესასვლელთან, პირველ კილომეტრზე მოძრავმა, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის (ნომრით: .......) მძღოლმა –თ. ბ–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითს – ნ. ლ–ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თ. ბ–მა, რომელსაც ევალებოდა ნ. ლ–ზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, დაუხმარებლად მიატოვა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ნ. ლ–ი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა;
1.2.1. აღნიშნული ქმედებებით თ. ბ–მა ჩაიდინა – დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით თ. ბ–ი საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.1. თ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომლის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ;
2.2. თ. ბ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2024 წლის 9 თებერვლიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
3.1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა მოითხოვა თ. ბ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 276-ემუხლის მე-6 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით და მის მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;
3.2. მსჯავრდებულ თ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ქ–მა მოითხოვა თ. ბ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მინიმალურ ზომასთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 მარტის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში თ. ბ–ის მიმართ, შევიდა ცვლილება;
4.1. თ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
4.1.1. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
4.1.2. საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;
4.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომლის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ;
4.2. თ. ბ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2024 წლის 9 თებერვლიდან.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატმა – თ. ქ–მა. კასატორი ითხოვს თ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლში უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილში მინიმალურ ზომასთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრას.
5.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა, რომელიც ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ. კასატორი ითხოვს თ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლში უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მინიმალურ ზომასთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრას. ბრალდების მხარე შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
7.1. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის თ. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და ამ ნაწილში დავის საგანია დანიშნული სასჯელის კანონიერება. იმავდროულად, დავის საგანია ჩაიდინა თუ არა თ. ბ–მა საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
8. კასატორის პოზიციით, საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით პირის მსჯავრდებისათვის აუცილებელია, დაზარალებული იყოს ცოცხალი და იმყოფებოდეს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში. მოცემულ შემთხვევაში კი, სამედიცინო ექსპერტის ჩვენების თანახმად, მიღებული ტრავმების გათვალისწინებით ნ. ლ–ის გადარჩენა შეუძლებელი იყო, იმავდროულად, მისი სიკვდილი, სავარაუდოდ, მომენტალურად დადგა, რის გამოც მსჯავრდებულს არ შეეძლო მისი დახმარება და გადარჩენა.
8.1. დაცვის მხარის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმეთა ჩვენებებით კატეგორიულად ვერ დასტურდება ნ. ლ–ის გარდაცვალების ზუსტი დრო: ვერ დგინდება იგი გარდაიცვალა უშუალოდ შეჯახების მომენტში თუ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ; არ დასტურდება ნ. ლ–ი მიტოვების მომენტში იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში თუ უკვე (შეჯახებისთანავე) გარდაცვლილი, რის გამოც დაუშვებელია თ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით მსჯავრდება.
9. საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – განსაცდელში მიტოვება – ფორმალურ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც პირს წარმოეშვა დახმარების აღმოჩენის ვალდებულება. დამდგარ შედეგს (სათანადო დახმარების შემთხვევაშიც დადგებოდა სიკვდილი თუ არა) per se ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პასუხისმგებლობის საფუძველია განსაცდელში მყოფი ადამიანის დაუხმარებლობის ფაქტი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 ოქტომბრის N335აპ-21 განჩინება).
9.1. განსახილველ შემთხვევაში, ავტომანქანით შეჯახების შედეგად, მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულს წარმოექმნა ნ. ლ–ზე ზრუნვის (მათ შორის, გადაუდებელი დახმარების ან/და შესაბამისი ორგანოსათვის/პირისათვის შეტყობინების) ვალდებულება (რომლის შესაძლებლობაც მას ჰქონდა), იმისგან დამოუკიდებლად, გამოიღებდა თუ არა მისი მცდელობა შედეგს და შეუნარჩუნდებოდა თუ არა ნ. ლ–ს სიცოცხლე, თ. ბ–ს არათუ არ მიუღია რაიმე ზომა მის დასახმარებლად, არამედ არც კი დაინტერესებულა, რა სახის დახმარება იყო საჭირო და მიატოვა შემთხვევის ადგილი. შეჯახების შემდეგ იგი არც შეჩერებულა/გადმოსულა ავტომანქანიდან, შესაბამისად, შეუძლებელია სცოდნოდა, ჰქონდა თუ არა თ. ბ–ს სასიცოცხლო მაჩვენებელი.
10. თ. ბ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, დაცვის მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
11. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე სასჯელის უსამართლობაზე მსჯელობისას უთითებს, რომ თ. ბ–მა თავი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, დანაშაულის ჩადენის დროისათვის იყო ნასამართლობის არმქონე, მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი უდავოდ ცნო, ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი.
11.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის დროსაც, სასჯელის მინიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით გამოყენების მიზანშეწონილობა შესაფასებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით.
11.2. მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის აღიარებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ შეზღუდული ხილვადობის გამო მსჯავრდებულმა ვერ გაიგო, რას დაეჯახა, ეგონა, ქვა დაეცა, სარკის საშუალებით უკან გაიხედა და, ვინაიდან არაფერი ჩანდა, გააგრძელა გზა. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება თ. ბ–ის მიერ ქვეითად მოსიარულეზე დაჯახების ფაქტის გაცნობიერება.
12. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაზიარებს კასატორი დაცვის მხარის მტკიცებას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულს შეეფარდა ზედმეტად მკაცრი სასჯელი და ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. ბ–ის, როგორც მსჯავრდების, ისე – სასჯელის, ასევე, – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების ნაწილშიც.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს თანახმად, „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
15. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. ქ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 მარტის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე