საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.05.2026
საქმის ნომერი
2კ-1095აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100124008622109

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1095აპ-25 ქ. თბილისი

რ. ჰ–ი, 1095აპ-25 11 მაისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ჰ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს განაჩენით რ. ჰ–ი, – დაბადებული .... – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით(2023 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 16 დეკემბრის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 16 დეკემბრის ეპიზოდი) – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, განესაზღვრა – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ რ. ჰ–მა ჩაიდინა: ყალბი პირადობის მოწმობის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება (4 ეპიზოდი) და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (3 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2023 წლის 3 იანვარს, დაახლოებით, 12:14 საათზე, ე–ს ... რესპუბლიკის მოქალაქე რ. ჰ–მა, თ–ს საერთაშორისო აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, პატრულ-ინსპექტორს (მესაზღვრე-კონტროლიორს) წარუდგინა გამოყენების მიზნით შენახული, თავის სახელზე დამზადებული, ... რესპუბლიკის მოქალაქის №....... პასპორტი, რომლის მთავარი ბიომონაცემთა გვერდი შეცვლილი იყო კუსტარულად, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით დამზადებული გვერდით.

2.2. 2023 წლის 3 იანვარს, დაახლოებით, 12:14 საათზე, ..... რესპუბლიკის მოქალაქე რ. ჰ–ი, .... თვითმფრინავით ჩამოფრინდა თ–ს საერთაშორისო აეროპორტში, სადაც საპასპორტო კონტროლის დროს გამოიყენა თავის სახელზე ..... რესპუბლიკის მოქალაქის №....... პასპორტი, რომლის მთავარი ბიომონაცემთა გვერდი შეცვლილი იყო კუსტარულად, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით დამზადებული გვერდით და მისი გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

2.3. 2023 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით, 16:46 საათზე, ქ. თ–ში, .... ქუჩაზე მოძრავი „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილი (სახელმწიფო სანომრე ნიშნით – ...), რომელსაც მართავდა .... რესპუბლიკის მოქალაქე რ. ჰ–ი, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის (ღერძულა ხაზის გადაკვეთის) გამო შეაჩერა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. ...ს მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა – კ. ქ–მ. რ. ჰ–მა, საბუთების შემოწმების დროს, პატრულ-ინსპექტორს წარუდგინა გამოყენების მიზნით შენახული, თავის სახელზე დამზადებული, ..... რესპუბლიკის მოქალაქის №.... პასპორტი, რომლის მთავარი ბიომონაცემთა გვერდი შეცვლილი იყო კუსტარულად, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით დამზადებული გვერდით.

2.4. 2023 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით, 15:21 საათზე, ..... რესპუბლიკის მოქალაქე რ. ჰ–მა, ბ–ს საერთაშორისო აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, პატრულ-ინსპექტორს (მესაზღვრე-კონტროლიორს) წარუდგინა გამოყენების მიზნით შენახული, თავის სახელზე დამზადებული, .... მოქალაქის №.... პასპორტი, რომლის მთავარი ბიომონაცემთა გვერდი შეცვლილი იყო კუსტარულად, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით დამზადებული გვერდით. ასევე, რ. ჰ–მა, საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, ს–ში კანონიერად ყოფნის ვადის დარღვევის გამო საჯარიმო ქვითრის შედგენისას პატრულ-ინსპექტორთან (მესაზღვრე-კონტროლიორთან) გამოიყენა ხსენებული ყალბი №..... პასპორტი.

2.5. 2023 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით, 15:21 საათზე, ...... რესპუბლიკის მოქალაქე რ. ჰ–მა, ბ–ს საერთაშორისო აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, თავის სახელზე, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით დამზადებული, ........ რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი №.... პასპორტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა ...ს სახელმწიფო საზღვარი და ...დან გავიდა თ–ს მიმართულებით.

2.6. 2023 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით, 18:27 საათზე, .....რესპუბლიკის მოქალაქე რ. ჰ–მა, ბ....ს საერთაშორისო აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, პატრულ-ინსპექტორს (მესაზღვრე-კონტროლიორს) წარუდგინა გამოყენების მიზნით შენახული, თავის სახელზე დამზადებული, .... რესპუბლიკის მოქალაქის №....1 პასპორტი, რომლის მთავარი ბიომონაცემთა გვერდი შეცვლილი იყო კუსტარულად, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით დამზადებული გვერდით.

2.7. 2023 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით, 18:27 საათზე, ..... რესპუბლიკის მოქალაქე რ. ჰ–ი, თ....ს რესპუბლიკიდან თვითმფრინავით ჩამოფრინდა ....ს საერთაშორისო აეროპორტში, სადაც საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, გამოიყენა თავის სახელზე სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით დამზადებული ..... რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი №..... პასპორტი და უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ჰ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – დ. გ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და რ. ჰ–ის უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო ალტერნატივის სახით – მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს განაჩენი შეიცვალა: რ. ჰ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 16 დეკემბრის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 16 დეკემბრის ეპიზოდი) – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ჰ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – დ. გ–ემ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და რ. ჰ–ის უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა და უსამართლო, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. კასატორის მითითებით, როგორც დაკავებამდე, ასევე – დაკავების შემდეგ, 6 თვის განმავლობაში, რ. ჰ–ი კატეგორიულად უარყოფდა თავისი პასპორტის სიყალბეს და ამბობდა, რომ ეს დოკუმენტი და მასში აღბეჭდილი მონაცემები იყო ნამდვილი, გაცემული თავისი ქვეყნის ოფიციალური ორგანოების მიერ. გამოძიებამ დანიშნა ორი სახის ტექნიკური ექსპერტიზა და ორივემ დაადასტურა, რომ .... მოქალაქის №.... პასპორტში, გაცემული „R.. E. A.H H–H-ის“ სახელზე, მთავარი ბიომეტრიული გვერდი არ არის დამზადებული ქარხნული წესით, არამედ – კუსტარულად, დაბეჭდილია პრინტერზე. პასპორტში აღნიშნული გვერდი იყო შეცვლილი. მიუხედავად გამომძიებლის მოთხოვნისა, არც ერთ ექსპერტს დასკვნაში არ გამოუყენებიათ სიტყვა – ყალბი. ამის გათვალისწინებით, გამოძიებამ ივარაუდა, რომ რ. ჰ–ს პასპორტის ბიომეტრიული გვერდის შეცვლა დასჭირდა, მასში ცვლილების შესატანად. გამოძიება რ. ჰ–ს ბრალს არ სდებდა ყალბი დოკუმენტის დამზადებაში, არამედ – შენახვასა და გამოყენებაში. გამოძიებამ 2023 წლის 21 დეკემბერსა და 2024 წლის 6 იანვარს დახმარებისათვის მიმართა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრს, რათა გამოერკვიათ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ, შესაბამისი წესით გაცემული იყო თუ არა მოქალაქის პასპორტი, ნომრით – ..... დადებით შემთხვევაში – იყო თუ არა რ. ჰ–ის სახელზე გაცემული დოკუმენტი ნომრით – ......., დოკუმენტის გაცემისა და მოქმედების ვადით. მიუხედავად არაერთი წერილისა, გამოძიებას არ მიუღია და სასამართლოში არ წარუდგენია ადრესატის პასუხები. დაცვის მხარემაც მიმართა დახმარებისათვის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმავე შინაარსის წერილით. გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვისას, ვერც ბრალდების და ვერც დაცვის მხარემ პასუხი ვერ მიიღო. რ. ჰ–მა კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საპროცესო შეთანხმების მოლოდინით, წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო, თუმცა არც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ყველაზე მკაცრი სასჯელი შეეფარდა. საქმის სააპელციო განხილვისას, ე–ში მდებარე ...... რესპუბლიკის საელჩოდან დაცვის მხარემ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ე–ს ხელისუფლების ორგანოების ინფორმაციის თანახმად, ეგვიპტის მოქალაქის რ. ე. ა. ჰ–ს (M. R. E–y A–h H.) პასპორტი ნამდვილი და ავთენტურია. დამატებით, ..... რესპუბლიკის საელჩომ ს–ში და არარეზიდენტმა ს–ში, დაადასტურა, რომ ე–ს მოქალაქის, ბატონ რ. ე. ა. ჰ–ს პასპორტი (პასპორტის ნომერი ....., დაბადების თარიღი ...., გაცემის თარიღი – ...., ვადის გასვლის თარიღი – ....) ნამდვილი და ავთენტურია, ... ხელისუფლების ორგანოების ინფორმაციის თანახმად. აღნიშნულ წერილს თან ერთვოდა რ. ჰ–ს პასპორტის ასლი (ბიომეტრიული გვერდი) დამოწმებული სათანადო ბეჭდით. რ. ჰ–ის პასპორტი და მისი ბიომეტრიული გვერდი, რომელიც ნივთმტკიცებად ერთვის საქმეს, ანალოგიურია ე–ში ე–ს საელჩოდან მიღებული ბიომეტრიული გვერდისა და რ. ჰ–ს ს–ს საზღვრის კვეთისას გამოყენებული დოკუმენტის (ბიომეტრიული გვერდის) ასლისა. თუმცა სააპელაციო სასამართლომ, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ რ. ჰ–ის პასპორტის ბიომეტრიული გვერდის მონაცემები არის ნამდვილი, მათ შორის – სურათიც, უცვლელად დატოვა მისი მსჯავრდება.

6. აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორი მიქაელ ქობულაძე წარმოდგენილი საკასაცო შესაგებლით ითხოვს, მსჯავრდებულ რ. ჰ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა ან დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა რ. ჰ–ის ბრალეულობა, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოკვლეული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან – მოწმეების: ს. ბ–ს, ა. გ–ს, გ. ლ–ს, ს. მ–სა და კ. ქ–ს ჩვენებებიდან, რ. ჰ–ის პასპორტის ამოღების ოქმიდან, რ. ჰ–ის მიერ ს–ს საზღვრის კვეთისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის დათვალიერების ოქმებიდან და ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

10. კასატორის მტკიცებას, თითქოსდა, გამომდინარე იქიდან, რომ რ. ჰ–ის პასპორტის შეცვლილ ბიომეტრიულ გვერდზე დატანილი მონაცემები სრულად თანხვდენილია ნამდვილთან, გამორიცხავს მის ქმედებაში მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის შემადგებლობას – დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რამეთუ, უპირველესად ხაზგასასმელია, რომ ს.... შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ა–ს ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2023 წლის 18 დეკემბრის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის №.... დასკვნით დადგენილია, რომ რ. ჰ–ისაგან, საქართველოს საზღვრის კვეთისას ამოღებული, ........ რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი №...1, შევსებული „R. E. A. H–H-ის“ სახელზე (გარდა ბიომონაცემთა გვერდისა) დამზადებულია სტამბური წესით და აქვს ნამდვილი დოკუმენტისთვის დამახასიათებელი დამცავი ნიშნები; პასპორტში შეტანილია ცვლილება, კერძოდ: წინა ყდის შიდა მხარეს არსებული ბიომონაცემთა გვერდი შეცვლილია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით დამზადებული გვერდით. იმავდროულად, სსპი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 24 იანვრის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის №......... დასკვნით ასევე დადგენილია, რომ .... რესპუბლიკის მოქალაქის №...... პასპორტში, გაცემული ,,R. E. A. H–H-ის” სახელზე, მთავარი ბიომეტრიული გვერდი არ არის დამზადებული ქარხნული წესით, არამედ დამზადებულია კუსტარულად, დაბეჭდილია პრინტერზე. პასპორტში აღნიშნული გვერდი იყო შეცვლილი; მთავარ ბიომეტრიულ გვერდზე ამჟამად არსებული ბლანკის ქვეშ (ბიომეტრიული გვერდი) გამოვლინდა კიდევ ერთი ბლანკი, ასევე მფლობელის რეკვიზიტებით და ფოტოსურათის გამოსახულებით, რომელიც არ არის დამზადებული ქარხნული წესით, არამედ დამზადებულია კუსტარულად, დაბეჭდილია პრინტერზე; პასპორტის მე-14 გვერდზე მიმაგრებული მოვარდისფრო ფერის ბინადრობის ნებართვის (....) ბლანკი დამზადებულია ფერად საბეჭდ მოწყობილობაზე, მაგრამ დადგენა იმისა, დამზადებულია თუ არა იმავე წესით, რომლითაც მზადდება არაბთა გაერთიანებული საემიროების შესაბამისი ბინადრობის ნებართვა (....) შეუძლებელია, ვინაიდან დანადგარის „........“ ბაზაში არ არის განთავსებული მითითებული საბუთის ნიმუშის ელექტრონული ვერსია, რის გამოც, შედარებითი კვლევა ვერ ჩატარდა, თუმცა აღნიშნული ბინადრობის მოწმობის ბლანკის ქვეშ გამოვლინდა კიდევ ერთი ბინადრობის მოწმობის ანალოგიური ბლანკი, რომელიც დაზიანებულია და ფოტოსურათის გამოსახულება და ბლანკის ნაწილი ამოხეულია. გამოვლენილი ბინადრობის მოწმობის ბლანკი ასევე დამზადებულია ფერად საბეჭდ მოწყობილობაზე. შესაბამისად, ამოღებული დოკუმენტის ტექნიკური კვლევების შედეგად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულის პასპორტის ბიომეტრიული გვერდი, რომელსაც იგი ინახავდა გამოყენების მიზნით და არაერთხელ გამოიყენა, მათ შორის, ს–ს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, არის კუსტარულად შეცვლილი – გაყალბებული, ხოლო დანაშაულის მოტივს, მსჯავრადშერაცხილი ქმედების კვალიფიკაციისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისევე, როგორც იმ ფაქტს, პასპორტის ბიომეტრიული გვერდის თვითნებურად შეცვლისას, გამყალბებლი მასში პირველად მონაცემებს შეიტანს, თუ – სხვას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ჰ–ის მსჯავრდება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (4 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (3 ეპიზოდი) – კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ჰ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე