საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.05.2026
საქმის ნომერი
2კ-129აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100125011806391

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №129აპ-26 ქ. თბილისი

შ–ა ჯ., 129აპ-26 14 მაისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 დეკემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ. შ–ას ბრალად ედება:

· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);

· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ;

· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

ჯ. შ–ას მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2025 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ზ–ი, ....ის ქუჩის N .., ბინა ..-ში მყოფმა ჯ. შ–ამ მეუღლეს, თ. ყ–ს, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, შეუწყნარებლობის გამო გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, ჯ. შ–ამ თ. ყ–ს ჩოგანი ძლიერად დააჭირა ლოყაზე, რის შემდეგაც მუშტი დაარტყა ხელისა და ცხვირის მიდამოში, ასევე, მოუჭირა ხელზე, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2025 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 01:05 საათზე, ქ. ზ–ში, ... ქ-ის N.., ბინა ..-ში მყოფმა ჯ. შ–ამ, მეუღლეს − თ. ყ–ს, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, ჯ. შ–ამ ბასრი საგნის გამოყენებით თ. ყ–ს ხელსა და ფეხზე მიაყენა დაზიანებები ნაკაწრების სახით, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2025 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. ზ–ში, .... ქ-ის N.., ბინა ..-ში მყოფი ჯ. შ–ა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს − თ. ყ–ს. კერძოდ, უთხრა, რომ ყელს გამოსჭრიდა, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ü 2025 წლის 1 აგვისტოს გამოცემული N..... შემაკავებელი ორდერით, მოძალადე ჯ. შ–ას 30 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან, მეუღლე − თ. ყ–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის: ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნულის მიუხედავად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ ჯ. შ–ამ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2025 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 19:30 საათზე, ჯ. შ–ა მივიდა ქ. ზ–ში, ... ქ-ის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. იქ იმყოფებოდა თ. ყ–ი, რა დროსაც ჯ. შ–ამ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, ჯ. შ–ამ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ჯ. შ–ა, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 15 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2025 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

ჯ. შ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – 240 (ორას ორმოცი) საათით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჯ. შ–ას პატიმრობაში ყოფნის ვადის (2.08.2025 წლიდან 30.10.2025 წლის ჩათვლით პერიოდი) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან − სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გაუქმდა ჯ. შ–ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ჯ. შ–ას დამნაშავედ ცნობა მის მიმართ ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ჯ. შ–ას დამნაშავედ ცნობას მის მიმართ ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში, შემდეგი მოტივებით: დაზარალებულ თ. ყ–ის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები საკმარისი იყო ჯ. შ–ას ბრალეულობის დასადასტურებლად ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ეპიზოდებშიც; ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭეს დაზარალებულის განცხადებას, მისი მშობლების − მ. ყ–სა და კ. ყ–ს მიერ გადმოცემულ ინფორმაციას, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებსა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ინფორმაციას; გასათვალისწინებელია ოჯახური დანაშაულების სპეციფიკაც; რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹, 381¹-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს, იგი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედების ხასიათს.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის მოთხოვნას ჯ. შ–ას დამნაშავედ ცნობის შესახებ მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 15 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2025 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებშიც, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებმაც განაპირობა ჯ. შ–ას უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება მითითებულ ბრალდებებში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, სახელდობრ:

9. საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა – თ. ყ–მა (გამართლებულის მეუღლე) პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა ახლო ნათესავის – ჯ. შ–ას წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამავე დროს, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გამართლებულის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევაც, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მან სასამართლოში არ დაადასტურა.

10. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებული არის ის პირი, რომელსაც, ბრალდების ფორმულირების მიხედვით, უშუალოდ უნდა განეცადა ფიზიკური ტკივილი 2025 წლის 15 ივლისისა და იმავე წლის 16 ივლისის ძალადობის ეპიზოდებში და ასევე რეალურად უნდა აღექვა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. სავარაუდო დანაშაულის რომელიმე ეპიზოდს სხვა თვითმხილველი მოწმე არ ჰყოლია. ამდენად, ერთი მხრივ, დაზარალებულმა სასამართლოში არ დაადასტურა ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ფაქტები, რაც, მართალია, იმთავითვე არ ნიშნავს, იმას, რომ დანაშაული არ მომხდარა, მაგრამ, მეორე მხრივ, დაზარალებულის ჩვენებისგან დამოუკიდებლად, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნების, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურების შესაძლებლობას.

11. მოწმეები − მ. ყ–ი და კ. ყ–ი უშუალოდ არ შესწრებიან შესაძლო ძალადობისა და მუქარის ფაქტებს. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაცია ეფუძნება დაზარალებულისგან მიღებულ ცნობებს. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. მოწმის სახით გამოკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა − გ. ქ–მ, გ. ქ–მ, ჯ. კ–მ და დ. მ–მ − დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე. შესაბამისად, მათი ჩვენებებიც, მოწმეების − მ. ყ–სა და კ. ყ–ს მსგავსად, ირიბია და ასევე ვერ გახდება ჯ. შ–ას მსჯავრდების საფუძველი.

12. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №...... დასკვნით, 2025 წლის 22 აგვისტოს ჩატარებული პირადი გასინჯვისას თ. ყ–ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

13. რაც შეეხება საქმეში არსებულ დანაშაულის შესახებ განცხადებას, შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმს, მითითებულ დოკუმენტებში გადმოცემულია მწირი ინფორმაცია ფიზიკური ძალადობისა და მუქარის შესახებ. ამასთან, მხოლოდ ეს მტკიცებულებები საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

14. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა ჯ. შ–ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 15 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2025 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

15. რაც შეეხება მსჯავრდებულ ჯ. შ–ასათვის შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ჯ. შ–ას განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე