საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.06.2026
საქმის ნომერი
2კ-64აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №64აპ-26 15 ივნისი, 2026 წელი

ჭ. მ., №64აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ჭ.ს ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების გასაღება იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი, 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

1.2. მ. ჭ.ს ქმედება გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. 2017 წლის 28 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გასამართლებულმა მ. ჭ.მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით – 0,0513 გრამი. 2024 წლის 9 თებერვალს, მ. ჭ.მ, საღამოს საათებში, თ-ში, ქ. დ-ის გამზირზე №- ბინის მიმდებარედ, ბ. ჭ-ას უკანონოდ მიასაღა ნარკოტიკული საშუალება – 0,05134 გრამი „ჰეროინი“.

1.2.2. 2017 წლის 28 დეკემბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გასამართლებულმა მ. ჭ.მ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით – 0,0392 გრამი. 2024 წლის 10 თებერვალს, მ. ჭ.მ თ-ში, ქ. დ-ის გამზირზე არსებულ საავტომობილო გზაზე განთავსებულ „რომპეტროლის“ ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ, საღამოს საათებში, ბ. ჭ-ას უკანონოდ მიასაღა ნარკოტიკული საშუალება – 0,0392 გრამი „ჰეროინი“.

1.2.3. 2017 წლის 28 დეკემბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გასამართლებულმა მ. ჭ.მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით – 0,0541 გრამი. 2024 წლის 11 თებერვალს, საღამოს საათებში, მ. ჭ.მ, თ-ში, მ-ის გამზირზე მდებარე „-“ სახელწოდების ტოტალიზატორის მიმდებარედ, ბ. ჭ-ას უკანონოდ მიასაღა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით – 0,0541 გრამი.

1.2.4. 2017 წლის 28 დეკემბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გასამართლებულმა მ. ჭ.მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით – 0,0262 გრამი. 2024 წლის 13 თებერვალს, საღამოს საათებში, მ. ჭ.მ თ-ში, მ-ს გამზირზე გამავალ საავტომობილო გზაზე მდებარე “ე. მ-ის“ ფირმის ა-ი ს-ის მიმდებარედ, ბ. ჭ-ას უკანონოდ მიასაღა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით – 0,0262 გრამი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით:

მ. ჭ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ოთხივე ეპიზოდში;

მ. ჭ.ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ოთხივე ეპიზოდი ინდივიდუალურად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე;

მ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2024 წლის 9 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, გაუნახევრდა და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 6 თვით;

მ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2024 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, გაუნახევრდა და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 6 თვით;

მ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2024 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, გაუნახევრდა და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 6 თვით;

მ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2024 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, გაუნახევრდა და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის შედეგად, მ. ჭ.ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 6 თვით, რაც აეთვალა 2024 წლის 22 თებერვლიდან.

მ. ჭ.ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჭ.მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენაში დახმარება, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი). სასამართლოს მოსაზრებით, მ. ჭ.ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღება უტყუარად არ დადასტურებულა.

2.3. ხაშურის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ბაჩანა ქარქუზაშვილმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დანაშაულის ოთხივე ეპიზოდში, მ. ჭ.ს დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით, ასევე – მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 დეკემბრის განაჩენით, ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ბაჩანა ქარქუზაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლას და მ. ჭ.ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით, ასევე – მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის დანიშვნას. კასატორის მოსაზრებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მ. ჭ. მოქმედებდა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარების მიზნით. ნაცვლად ამისა, უტყუარად დადასტურებულია, რომ მსჯავრდებული მოქმედებდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების სურვილით, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო პალატის შეფასებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება და არც მხარეები დავობენ იმაზე, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ თარიღებში – 2024 წლის 9, 10, 11 და 13 თებერვალს – მ. ჭ.მ ბ. ჭ-ას გადასცა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ბრალდების მხარის მოსაზრებით, ნარკოტიკული საშუალების თითოეული გადაცემის ფაქტი სამართლებრივად არის ნარკოტიკული საშუალების გასაღება და არა – მის შეძენაში დახმარება.

4.3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას და, რომ, ნარკოტიკული საშუალების ხელიდან ხელში გადაცემა არ გამორიცხავს – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის №817აპ-23 განაჩენი, ასევე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის N447აპ-23 და 2023 წლის 26 აპრილის N844აპ-22 განაჩენები).

4.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მ. ჭ.ს ქმედებაში იკვეთება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნიშნები და განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება მოიცავს სხვა პირისთვის მისი გადაცემის ნებისმიერ ფორმას, როგორც საზღაურით, ისე უსასყიდლოდ. ამასთან, ქმედების ნარკოტიკული საშუალების გასაღებად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის დადგენას, ისახავდა თუ არა პირი ნარკოტიკული საშუალების გადაცემით მის რეალიზაციას.

4.5. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებები არ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დაადასტურებდა მ. ჭ.ს მიერ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მიზნის არსებობას. აღნიშნული მტკიცებულებები მიუთითებს მხოლოდ 2024 წლის 9, 10, 11 და 13 თებერვალს ბ. ჭ-ასთვის თანხის სანაცვლოდ, სხვადასხვა ოდენობის ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გადაცემის ფაქტებზე. რაც შეეხება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს, რომლებიც საქმის ერთ-ერთ ყველაზე სარწმუნო მტკიცებულებას წარმოადგენს, მათი შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ მ. ჭ. არცერთ შემთხვევაში არ ავლენდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ინტერესს ან ინიციატივას. პირიქით, მას, როგორც აღნიშნულ საკითხში გარკვეულ პირს, ჰქონდა ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალების მოპოვების შესაძლო გზების შესახებ და სწორედ ამ ცოდნის გამოყენებით დაეხმარა ბ. ჭ-ას ნარკოტიკული საშუალების შეძენაში. აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად და დასაბუთებულად იმსჯელა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს იმ არგუმენტაციის დეტალურად გამეორებას, რომელსაც თავადაც ეთანხმება. შესაბამისად, უსაფუძვლო მსჯავრდების თავიდან აცილების მიზნით, მ. ჭ.ს ქმედება მართებულად არ შეფასდა ნარკოტიკული საშუალების გასაღებად.

4.6. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მ. ჭ.ს მსჯავრის სისწორეს და იმავდროულად მიიჩნევს, რომ სასჯელი დანიშნულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის – შესაბამისად.

4.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41).

4.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 დეკემბრის განაჩენი მ. ჭ.ს მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე