გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ 3კ/997-01 28 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 15 სექტემბერს ჯ. ც-ძემ შპს “ს.-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი მუშაობდა საქართველოს მილსადენების საამშენებლო სამმართველოში მილების ჩამწყობ ტრაქტორზე მემანქანედ. ქ. ასტრახანში მივლინების დროს საქმილმშენის საამშენებლო სამმართველოს მე-5 უბანზე მუშაობისას, 1986 წლის 16 ოქტომბერს, ტრაქტორის ძრავის გაშვების დროს მიიღო საწარმოო ტრავმა, დაკარგა მარცხენა ხელის ოთხი თითი, რის გამოც იგი გახდა შრომის მესამე ჯგუფის ინვალიდი და პროფესიული შრომის უნარი დაკარგა 60%-ით.
მოპასუხე ორგანიზაცია დასახიჩრების გამო სარჩოს უხდიდა 1994 წლის ივლისამდე, მაგრამ შემდეგ რაიმე თანხა არ გადაუხდია.
მოსარჩელემ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების შესაბამისად მოითხოვა 1994 წლის ივლისიდან 21641 ლარის და ყოველთვიურად 304,80 ლარის გადახდა (მისი მითითებით, მემანქანის საშუალო თვიური ხელფასი 508 ლარი იყო).
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ტრავმის მიღებაში თვით მოსარჩელეს მიუძღვოდა ბრალი.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ უბედური შემთხვევა გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალით და მოპასუხეს მის დასახიჩრებაში ბრალი არ მიუძღოდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ამ საქმეზე წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შპს “ს.-ს” ჯ. ც-ძის სასარგებლოდ 1994 წლის ივლისიდან 2001 წლოის 1 აგვისტომდე ერთდროულად დაეკისრა 4200 ლარის, ხოლო ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დასახიჩრება გამოწვეული იყო როგორც მოსარჩელის, ისე საწარმოს ადმინისტრაციის ბრალით; მოსარჩელის ბრალი გამოიხატებოდა უხეშ გაუფრთხილებლობაში, ხოლო ადმინისტრაციისა – უმნიშვნელო ბრალეულობაში.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მილჩამწყობი მემანქანის ამჟამად დაფიქსირებული გადასახდელი 3 თვის საშუალო ხელფასის – 508 ლარის და შრომის უნარის 60%-ის დაკარგვის გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩათვალა, მოპასუხისათვის ერთდროულად 4200 (84X50) ლარის, ხოლო ყოველთვიურად 50 ლარის გადასახდელად დაკისრება.
2001 წლის 23 აგვისტოს ჯ. ც-ძემ, ხოლო 2001 წლის 5 სექტემბერს შპს “ს.-მ” საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა ჯ. ც-ძემ მოითხოვა, ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
მას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების მე-6, მე-7 და მე-11 მუხლები. პრეზიდენტის ზემოთმითითებულ ბრძანებულების მე-6 პუნქტი, ზიანის გამოწვევაში დაზარალებულის ბრალის არსებობისას შესაძლებლად მიიჩნევს ზიანის ანაზღაურების შემცირებას, მაგრამ შემცირების აუცილებლობას მითითებული კანონი არ ადგენს. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ორგანიზაცია 1994 წლის ივლისამდე სრულყოლფილად უხდიდა დასახიჩრების გამო სარჩოს ხელფასის 60%-ის ოდენობით. რადგან მოპასუხემ თანხმობა განაცხადა ამ ოდენობით ზიანის ანაზღაურებაზე და იხდიდა კიდეც ამ კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილი არ იყო შეემცირებინა სარჩოს ოდენობა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების მე-11 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა იმაში გამოიხატება, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა სარჩოს დანიშვნაზე მდგომარეობის შეცვლამდე მაშინ, როცა მას ინვალიდობის მე-3 ჯგუფი შრომის უნარის 60%-ის დაკარგვით დადგენილი აქვს მუდმივად.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მან დაზიანება მიიღო მისივე უხეში გაუფრთხილებლობით, რაც არასწორია, რადგან საწარმოო ტრავმის აქტში სიტყვა “უხეში” მითითებული არა არის.
კასატორს დასახიჩრების გამო ანაზღაურების ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით განსაზღვრა უკანონოდ მიაჩნია იმ თვალსაზრისით, რომ სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია კანონზე, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა ანაზღაურების კრიტერიუმად განსაზღვრულიყო 50 ლარი და არა მეტი. მისი მოსაზრებით ანაზღაურების პროცენტის ოდენობის შემცირება შეიძლებოდა მხარეთა შეთანხმებით და არა სასამართლოს ინიციატივით. ვინაიდან მხარეები ერთხელ უკვე შეთანხმებულნი იყვნენ, რომ ადინისტრაცია გადაიხდიდა ხელფასის 60%-ს, მისი შემცირების უფლება სასამართლოს თავისი ინიციატივით არ ჰქონდა.
კასატორის მოსაზრებით ზიანის მიყენება მისი უხეში გაუფრთხილებლობით კი არ იყო გამოწვეული, არამედ შერეული ბრალით და ამის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაც ყოველთვიურად 304 ლარით უნდა განაზღვრულიყო.
შპს “ს.-მა” საკასაციო საჩივრით მოითხოვა ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-6, მე-7 და მე-11 მუხლები და ასევე, არასწორად განუსაზღვრა მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა. მისი მოსაზრებით, ბრძანებულების მე-7 პუნქტის შესაბამისად პასუხისმგებლობის განსაზღვრა ხდება დამქირავებლის, დაზარალებულის და პროფკავშირების შეთანხმებით, მაგრამ საქმეში არსებული პროფკავშირების ცენტრალური კომიტეტის ტექნიკური ინსპექტორის 1986 წლის 20 ოქტომბრის დასკვნით, უბედური შემთხვევის აქტით დგინდება, რომ ადმინისტრაციის ბრალით ზიანი არ დამდგარა. მას სასამართლოს მიერ შერეული ბრალის დამადასტურებლად ადმინისტრაციის თანამშრომლის დასჯის შესახებ ¹5 საველე ბრძანების გამოყენება დაუშვებლად მიაჩნია, რადგან ეს ბრძანება ბრძანების წიგნში არ ტარდებოდა, ამასთან, აღნიშნულ ბრძანებაში არ არის მითითებული დასჯილ პირთა მიერ რაიმე ნორმატიული აქტის დარღვევაზე. მისი მოსაზრებით, რადგან მოსარჩელე ტრავმის მიღების შემდეგაც აგრძელებდა მუშაობას იმავე სპეციალობაზე სრული დატვირთვით, მას შრომის უნარი შენარჩუნებული აქვს 100%-ით.
მისი მოსაზრებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ბრძანებულების 51-ე მუხლით, რომლითაც ზიანის ანაზღაურება ხდება ორგანიზაციაში განცხადების შეტანის დღიდან.
მისივე მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა ამავე ბრძანებულების მე-11 მუხლი, როცა ზიანის ანაზღაურება დააკისრა 1994 წლიდან. ამ შემთხვევაში, სასამართლოს საქართველოს კანონის ნორმატიული აქტების შესახებ მე-19 მუხლისა და იერარქიულად მაღლა მდგომი სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ სასამართლო არ გამორიცხავდა საწარმოს ბრალს, სარჩოს გაანგარიშება უნდა მოეხდინა სარჩელის შეტანის დღიდან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გათვალისწინებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა, საკასაციო საჩივრების ფარგლებში, გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ ჯ. ც-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს კასატორ ჯ. ც-ძის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ზიანის დადგომაში მისი ბრალი უხეშ გაუფრთხილებლობად, ხოლო ადმინისტრაციის _ უმნიშვნელო გაუფრთხილებლობად. ასევე სწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ზიანის მიყენება შერეული ბრალის გამო მოხდა. ამ დროს კი, პასუხისმგებლობის ხარისხის განსაზღვრა ხდება დამქირავებლისა და ადმინისტრაციის შეთანხმებით და აქედან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილი არ იყო პასუხისმგებლობის პროცენტი შეემცირებინა, როცა ადმინისტრაციას უკვე მთლიანად ჰქონდა აღიარებული პასუხისმგებლობა დასახიჩრების პროცენტის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა, გახდა მესამე ჯგუფის ინვალიდი და შრომის უნარი დაკარგა 60%-ით. ასევე დადგენილია, რომ პენსიას, ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის პრინციპიდან, ადმინიტრსაცია მას 1994 წლის ივლისამდე სრულყოფილად უხდიდა დასახიჩრების ხარისხის 60%-ის გათვალისწინებით, ანუ დამქირავებელსა და დაზარალებულს შორის არსებობდა შეთანხმება პასუხისმგებლობის ხარისხის განსაზღვრის შესახებ და პასუხისმგებლობის ხარისხი ადმინისტრაციის მხრიდან აღიარებული იყო 100%-ით. მართალია, “შრომითი მოვალეობის შესრულებისას, მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48-ე ბრძანებულების მე-6 პუნქტის შესაბამისად, თუ დაზარალებულის გაუფრთხილებლობამ ხელი შეუწყო ზიანის წარმოშობას, დაზარალებულის ბრალის ხარისხის შესაბამისად ზიანის ანაზღაურება შეიძლება შემცირდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში კანონი არ მიუთითებს ზიანის ანაზღაურების შემცირების აუცილებლობას. პირიქით, ამავე ბრძანებულების მე-7 პუნქტი ადგენს, რომ შერეული პასუხისმგებლობის ხარისხის განსაზღვრა ხდება დამქირავებელსა და დაზარალებულს შორის შეთანხმების საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის როგორც დაზარალებულს, ისე – დამქირავებელს ე.ი. ბრძანებულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას (დაზარალებულის გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანის მიყენებას) კი არა აქვს ადგილი, არამედ შერეული ბრალი გვაქვს სახეზე, რაც სრულყოფილადაა ჩამოყალიბებული საქმეში წარმოდგენილი 1986 წლის 18 ოქტომბრის თარიღით შედგენილ საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის ¹1 აქტით.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვაენელა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-6 პუნქტით, მითუმეტეს მაშინ, როცა დამქირავებელი და დაზარალებული 1994 წლამდე შეთანხმებულნი იყვნენ პასუხისმგებლობის ხარისხთან დაკავშირებით.
მართალია, ზემოთ მითითებული ბრძანებულების მე-7 პუნქტის ბოლო წინადადებით შერეული პასუხისმგებლობის ხარისხის განსაზღვრისას, პასუხისმგებლობის ხარისხის განსაზღვრა ხდება დამქირავებლის, დაზარალებულის და პროფკავშირების შეთანხმებით, იქ, სადაც პროფესიული კავშირებია, დაზარალებული კი – მისი წევრი. მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია არავითარი მონაცემი იმის შესახებ, რომ 1986 წელს, საწარმოო ტრავმის მიღების დროს, დამქირავებლის და დაზარალებულის შეთანხმების საწინააღმდეგოდ, პროფკავშირული ორგანიზაცია წინააღმდეგი იყო შერეული პასუხისმგებლობის ხარისხის იმდაგვარად შეთანხმებისა, როგორიც დამქირავებელმა და დაზარალებულმა დაადგინეს და რომლის შესაბამისადაც უხდიდა ადმინისტრაცია სარჩოს დაზარალებულს 1994 წლამდე. მითუმეტეს, საქმის მასალებში მოიპოვება საკავშირო პროფესიული კავშირების ნავთობის და გაზის მრეწველობის პროფსაბჭოს 1986 წლის 20 ოქტომბრის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ უბედური შემთხვევის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენდა მთავარი ინჟინრის მხრივ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებაზე ზედამხედველობის არარსებობაც.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) მე-4, 154-ე, 457-ე მუხლების შესაბამისად ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების საფუძველზე. ამავე კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულებანი უნდა სრულდებოდეს ჯეროვნად და დაწესებულ ვადაში. ამავე კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების შესრულებაზე ცალმხრივი უარი დაუშვებელია.
მოცემულ შემთხვევაში, დამქირავებელმა იკისრა რა ვალდებულება და შერეული პასუხისმგებლობის გამო შეუთანხმდა დაზარალებულს შერეული პასუხისმგებლობის ხარისხის განსაზღვრაში, ვალდებული იყო ჯეროვნად შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება და უფლება არ ჰქონდა, ცალმხრივად ეთქვა უარი ვალდებულების შესრულებაზე. თავის მხრივ, არც სასამართლოს ჰქონდა უფლება მხარეთა შეთანხმების გარეშე განესაზღვრა შერეული პასუხისმგებლობის ხარისხი ახლებურად, როცა არ არსებობდა ამ პასუხისმგებლობის, ანუ ამ ვალდებულების გაუქმების ან ახლებურად განსაზღვრის არავითარი საფუძველი.
ზიანის მიყენების გამო ვალდებულების წარმოშობის და შესრულების ანალოგიურ წესებს ადგენს ახალი სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე 992-ე მუხლებიც.
ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ დაზიანება მიიღო რა მისი დამქირავებლის გაუფრთხილებლობით, ამასთან, მისი დაზიანების შესაბამისად შრომის უნარის დაქვეითება განისაზღვრა 60%-ით და მიეკუთვნა ინვალიდობის მე-3 ჯგუფი მუდმივად, ხოლო ადმინისტრაციამ და დაზარალებულმა განსაზღვრეს შერეული პასუხისმგებლობის ხარისხი, რომლის შესაბამისადაც, ადმინიტრაციამ მთლიანად იკისრა პასუხისმგებლობა დასახიჩრების გამო მიყენებული ვნების ანაზღაურების შესახებ, რასაც ასრულებდა 1994 წლის ივნისამდე, ვალდებული იყო შემდეგაც შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება და ვნების მიყენების გამო ზიანის ანაზღაურება ეწარმოებინა შერეული პასუხისმგებლობის შეთანხმებული ხარისხის შესაბამისად, ანუ აენაზღაურებინა მუშაკისათვის ხელფასის 60%.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ბრძანებულების 48-ე მუხლის 11-ე პუნქტის მეორე აბზაცის შესაბამისად, დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდება იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხრისხი.
საქმეში წარმოდგენილი ცნობით დადგენილია, რომ ორგანიზაციაში არსებობს იმავე სპეციალობის შტატი და ამ თანამდებობის მუშაკის ბოლო სამი თვის ხელფასმა შეადგინა საშუალოდ 508 ლარი.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 50-ე პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, დაზარალებულებს ზიანი აუნაზღაურდებათ იმ დღიდან, როდესაც მათ სრულად ან ნაწილობრივ დაკარგეს შრომის უნარი. ამავე ბრძანებულების 50-ე პუნქტის შესაბამისად, დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდება, როდესაც მან დაკარგა შრომის უნარი. აღნიშნული გარმოება მიუთითებს მასზე, რომ აღნიშნული ნორმის შესაბამისად შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განცხადება დამქირავებელთან შეტანილია შრომის უნარის ხარისხის დაკარგვიდან 3 წლის შემდეგ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ანაზღაურდეს ზიანი განცხადების შეტანის დღიდან. მოცემულ შემთხვევაში რადგან ჯ. ც-ძეს 1986 წლიდან დანიშნული ჰქონდა სარჩო, ანაზღაურებაც იმ დროიდან უნდა მოხდეს, რა დროინადანაც არ მიუღია მას სარჩო. სარჩელის შეტანის დღიდან ზიანის ანაზღაურება მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მანამდე მას არ ექნებოდა დანიშნული სათანადო პენსია.
ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჯანმრთელობის ვნების გამო ზიანის მიყენებისათვის სს “ს.-ს” ჯ. ც-ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1994 წლის ივლისიდან 2001 წლის 1 აგვისტომდე 84 თვის გადაუხდელი თანხა, რაც საშუალო ხელფასის, 508 ლარის, 60%-ის გათვალისწინებით 304 ლარია და საერთო ჯამში 25603 ლარს შეადგენს. მასვე ყოველთვიურად უნდა დაეკისროს 304 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე.
მართალია, 1994 წლის ივლისიდან 2001 წლის ივლისამდე ანუ იმ დრომდე, როცა მოცემულ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 84 თვეა გასული და ყოველთთვიურად 304,80 ლარის გადაანგარიშებით ამ პერიოდისათვის ერთდროულად გადასახდელი თანხის საერთო რაოდენობა 25603,2 ლარს შეადგენს, მაგრამ მოსარჩელეს სარჩელით და სააპელაციო საჩივრით, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ერთდროულად გადასახდელ თანხად 21641 ლარზე მეტი არ მოუთხოვია და საკასაციო პალატა, მოსარჩელის მოთხოვნას იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს უფლება არა აქვს მხარეს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, მოპასუხეს ერთდროულად გადასახდელად 2001 წლის ივლისის ჩათვლით 21641 ლარზე მეტს ვერ დააკისრებს.
მართალია, ჯ. ც-ძემ საკასაციო საჩივარში გაზარდა მოთხოვნა და 1994 წლის ივლისიდან 2001 წლის აგვისტომდე და ერთდროულად მოითხოვა 25298 ლარის გაახდა, მაგრამ კასატორის მითითებულ მოთხოვნას საკასაციო სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არასწორია კასატორ ჯ. ც-ძის მითითება ზიანის ანაზღაურების დროს სარჩოს მდგომარეობის შეცვლამდე დანიშვნის შესახებ.
მართალია, კასატორს მუდმივად აქვს დაკარგული შრომის უნარი, მაგრამ ზემოთ მითითებული ¹48 ბრძანებულების მე-12 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამქირავებლის მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გაანგარიშება, მართებულია, ყოველთვიურად ასანზღაურებელი თანხა სასამართლომ განსაზღვროს მდგომარეობის შეცვლამდე.
აქედან გამომდინარე, არასწორია კასატორ სს “ს.-ის” საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ პროფკავშირების კომიტეტის ტექნიკური ინსპექტორის 1986 წლის 20 ოქტომბრის დასკვნით თითქოს დადგინდა, რომ მომხდარ უბედურ შემთხვევაში ადმინისტრაციას ბრალი არ მიუძღვოდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მითითებული აქტით სწორადაა დადგენილი ის გარემოება, რომ უბედური შემთხვევის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენდა საწარმოს მთავარი ინჟინრის მიერ წარმოების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის არარსებობა. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორ სს “ს.-ის” მითითება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-6, მე-7 და მე-11 მუხლების არასწორად გამოყინების შესახებ.
ასევე არასწორია კასატორ სს “ს.-ის” მითითება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლის დასჯის შესახებ ¹5 საველე ბრძანება ვინაიდან გატარებული არ არის შესაბამის ჟურნალში და მითითებული არაა დასჯილმა პირებმა, თუ რა გადაცდომა ჩაიდინეს, არ გამოდგება შერეული ბრალდების დასადასტურებლად.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შერეული ბრალი უბედური შემთხვევის დადგომაში ფაქტის საკითხია და იგი დგინდება ფორმა ნ-1 აქტით და პროფკომიტეტის ინსპექტორის დასკვნით. ზიანის მიყენებისათვის ვინმე დაისჯება დისციპლინური წესით, თუ არა და მისი დასჯის შესახებ ბრძანებაში მითითებული იქნება, თუ არა გადაცდომის არსის შესახებ ამას ზემოთ მითითებული ბრძანებულების მე-7 პუქტის შესაბამისად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს შერეული ბრალის და შერეული პასუხისმგებლობის ხარისხის განსაზღვრისათვის. შრომის უნარის ხარისხის დაკარგვის განსაზღვრისათვის, ასევე, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, მუშაკი აგრძელებდა თუ არა სამუშაოს იმავე საწარმოში იმავე თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ტრავმის მიღების შემდეგაც განაგრძობდა მუშაობას იმავე თანამდებობაზე, ვერ შეცვლის სამედიცინო კომისიის მიერ გაცემულ დასკვნას მისთვის მუდმივად შრომის უნარის 60%-ით დაქვეითების შესახებ.
ასევე არასწორია კასატორ შპს “ს.-ის” მოსაზრება განცხადების შეტანის დღიდან ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მართალია, მითითებული ¹48-ე ბრძანებულების 51-ე პუნქტში აღნიშნულია, რომ ზიანის ანაზღაურება მოხდება განცხადების შეტანის დღიდან, მაგრამ ეს მაშინ ხდება, თუ განცხადება შეტანილია ზიანის მიყენების დღიდან სამი წლის გასვლის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში გაცხადება ზიანის მიყენების დღიდან სამი წლის შემდეგ კი არ შესულა, არამედ შევიდა 1986 წელს და ამ დროიდან იღებდა დაზარალებული სარჩოს. ზიანის ანაზღაურების მიუღებლობის, წყვეტილობის ან გადაანგარიშების გამო განცხადებით მიმართვას არ გულისხმობს მითითებული 51-ე პუნქტი, ამიტომ კასატორის აპელირება 51-ე პუნქტზე იმ მოსაზრებით, რომ, თუ კი სასამართლო არ გაიზიარებს მის მოთხოვნას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მაშინ ზიანის ანაზღაურების მიზნით სარჩოს დანიშვნა მოახდინოს სარჩელის შეტანის დღიდან, საფუძველს მოკლებულია.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორ შპს “ს.-ის” მოსაზრებას სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად ამ დავაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გავრცელების შესახებ.
საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმისა, დასაქმებულ მუშაკთა შრომითი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრავმით, პროფესიული დაავადებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს აწესრიგებს “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი”, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, შრომით მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრავმის გამო, ზიანის ანაზღაურების ურთიერთობებს არ არეგულირებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული კატეგორიის დავებზე სასარჩელო ხანდაზმულობის ნაწილშიც გამოყენებულ უნდა იქნეს აღნიშნული ბრძანებულებით განსაზღვრული ნორმები.
¹48 ბრძანებულების 51-ე მუხლიდან ირკვევა, რომ მარჩენალის დაკარგვის გამო, პირს შეუძლია განცხადება დამქირავებელთან შეიტანოს სამი წლის გასვლის შემდეგაც. აღნიშნული იმას მიუთითებს, რომ ამგვარ, კატეგორიის მოთხოვნებზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება.
საკასაციო პალატას ამ ურთიერთობის მოწესრიგებისას უმართებულოდ მიაჩნია “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-19 მუხლის გამოყენება, რადგან ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ დავაზე არ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე აქვს დადგენილი და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმეზე მის მიერვე დადგენილი გარემოებები. ასეთ ვითარებაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ჯ. ც-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ჯ. ც-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ს.-ს” ჯ. ც-ძის სასარგებლოდ ჯანმრთელობის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად დაეკისროს 304 ლარის გადახდა.
მასვე 1994 წლის ივლისიდან 2001 წლის 1 აგვისტომდე ჯ. ც-ძის სასარგებლოდ ერთდროულად გადახდეს 21741 ლარი.
მასვე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდეს 865 ლარი, საიდანაც 70%, ანუ 605 ლარი ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 ანგარიშზე, ხოლო 4-% ანუ 259 ლარი - სახელმწიფო ბიუჯეტში.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.