საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100123007950211
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №47აპ-26 ქ. თბილისი
ხ. გ. 47აპ-26 15 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ხ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ყ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ხ–ას, – პირადი ნომერი:მ..........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2023 წლის 26 ივლისს, ქ. თ–ში, ... მიკრორაიონშ;ი, ს–ს ქუჩაზე გ. ხ–ამ მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0,00486 გრამი ჰეროინის, 0,00072 გრამი მორფინის (ფუძე) და 0,00041 გრამი კოდეინის (ფუძე) -შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ე. მ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;
1.1.1. აღნიშნული ქმედებით გ. ხ–ამ ჩაიდინა – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
1.2. 2023 წლის 31 ივლისს, ქ. თ–ში, ....ს .., .. მიკრო რაიონში, N..-ი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გ. ხ–ამ მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0,48 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ე. მ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;
1.2.1. აღნიშნული ქმედებით გ. ხ–ამ ჩაიდინა – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენით:
2.1. გ. ხ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 26 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 26 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
2.2. გ. ხ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.2.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2023 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
2.2.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2023 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
2.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
2.4. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, გ. ხ–ას 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
2.5. გ. ხ–ას სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 5 სექტემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
3.1. მსჯავრდებულ გ. ხ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ნ. გ–მა და შ. ხ–ამ მოითხოვეს გ. ხ–ას უდანაშაულოდ ცნობა;
3.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა მოითხოვა გ. ხ–ას მსჯავრდება, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 26 ივლისის ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 26 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
3.2.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ გ. ხ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ–მა. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენში, გ. ხ–ას მიმართ, შევიდა ცვლილება:
4.1. გ. ხ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 26 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 26 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
4.2. გ. ხ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
4.2.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 1/6-ით შეუმცირდა და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
4.2.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
4.2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. ხ–ას, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად გაესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
4.2.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასჯელი შემცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით. იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ასევე, 1/6-ით შემცირდა ზემოხსენებული განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული – 3 წლით ჩამორთმეული ფარმაცევტული საქმიანობის და აფთიაქის დაფუძნებისა და ხელმძღვანელობის უფლება და აღნიშნული უფლება ჩამოერთვა 2 წლითა და 6 თვით;
4.2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელები და გ. ხ–ას, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, რომლის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 5 სექტემბრიდან;
4.2.6. გ. ხ–ას, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ხ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ყ–მა. კასატორი ითხოვს მსჯავრდებულ გ. ხ–ას უდანაშაულოდ ცნობას.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
8.1. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს გ. ხ–ას უდანაშაულოდ ცნობას, მათ შორის, მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) – დანაშაულების ჩადენაში.
8.2. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანი არ არის გ. ხ–ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 26 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 26 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობა;
8.3. დავის საგანია ჩაიდინა თუ არა გ. ხ–ამ მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული – დანაშაულები;
9. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეების – ე. მ–ის (2023 წლის 31 ივლისს დაუკავშირდა გ. ხ–ას და უთხრა, რომ 200 ლარი ჰქონდა. მსჯავრდებულმა დის – ლ. ხ–ს – საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა 200 ლარი და დაიბარა კონკრეტულ მისამართზე. ე. მ–ი ვიდეოკამერით აღჭურვილი ავტომანქანით მივიდა. გ. ხ–ა ავტომანქანას მიუახლოვდა მძღოლის მხრიდან და გადასცა ნარკოტიკული საშუალება. იმავდროულად, უთხრა, რომ ნარკოტიკი იყო ცოტა და 50 ლარს უკან ჩაურიცხავდა, რაც ვიდეოჩანაწერშიც ისმის. ე. მ–ს ახლოს ელოდებოდა პოლიციის თანამშრომელი – შ. პ–ი, რომელიც ჩაუჯდა ავტომანქანაში. საბოლოოდ, გამომძიებელმა გ. თ–ემ გ. ხ–ასგან ამოიღო შეძენილი ნარკოტიკული საშუალება), ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიოჩანაწერებით (ვიდეოჩანაწერში ჩანს გაჩერებულ ავტომანქანაში მჯდომი მამაკაცი, რომელთანაც მიდის სხვა მამაკაცი, ღია ფანჯარაში ხელებით ეყრდნობა და საუბრის დროს ხელში აძლევს თეთრ ქაღალდში შეკრულ ოთხკუთხედ შეფუთულს, რის შემდეგაც ემშვიდობება და მიდის), საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის 2023 წლის 1 აგვისტოს №..........(ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თეთრი პოლიეთიენის ნაჭერში მოთავსებული თეთრ-ცისფერ ქაღალდის ნაჭერში ერთ ცალად გახვეული მოყავისფრო ნივთიერება, გამომშრალ მდგომარეობაში, ფხვნილისა და გრანულების სახით, წონით – 1,79 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობაა – 0,48 გრამი), ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2023 წლის 27 სექტემბრის №...... (ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება) და ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის 2023 წლის 29 სექტემბრის №...... (სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები; ვიდეოგრამიდან, სახელწოდებით – ,,2“ ამოღებულ ფოტოგამოსახულებაზე და ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ გ. ხ–ას ფოტოგამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პირის იერსახის გამოსახულება) დასკვნებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. ხ–ას მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით – ჩადენა.
10. დაცვის მხარის მტკიცებით, გამოძიება წარიმართა არასრულყოფილად, მათ შორის, არ ჩატარდა: მსჯავრდებულის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ან/და ავტომანქანის ჩხრეკა, დაქტილოსკოპიური ან/და ბიოლოგიური ექსპერტიზა; არ გამოვლენილა: ვის ანგარიშზე ჩაირიცხა ნარკოტიკული საშუალების საფასური, რა ბედი ეწია ლ. ხ–ას ანგარიშზე ჩარიცხულ ფულად თანხას, ლ. ხ–ა არ გამოკითხულა ჩარიცხულ თანხასთან დაკავშირებით, არ დადგენილა ვინ არის ლ. ხ–ა ან/და რა კავშირი აქვს მსჯავრდებულთან; 2023 წლის 31 ივლისს გ. ხ–ამ ე. მ–ს გადასცა მარიხუანა/კანაფი (,,პლანი“) და არა ამ უკანასკნელისაგან ამოღებული სადავო ნარკოტიკული საშუალება; პოლიციელებმა შეგნებულად წაშალეს ,,BlackBerry-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონში არსებული საქმისათვის მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარები და შეტყობინებები; პოლიციის თანამშრომელ შ. პ–სათვის, ფარული საგამოძიებო მოქმედების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეუმჩნევლად თვალყურის დევნება შეუძლებელი იქნებოდა.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ,,არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011), არამედ გულისხმობს, რომ „სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის“ (იხ. Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, par. 103, ECtHR, 21/06/2016; Deryan v. Turkey, no. 41721/04, par. 33, ECtHR, 21/07/2015). ამასთანავე „იმის განსაზღვრისას, საჭიროებდნენ თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს“, ევროპული სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პრეტენზიის დასაბუთებულობის საკითხზე (იხ. Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no 21447/11, no. 35839/11, par. 69, ECtHR, 27/02/2020).
12. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 2023 წლის 18 სექტემბრის დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარემ დანიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა (კითხვებით: ამოღებული ნივთიერებების შესაფუთ მასალაზე დატოვებულია თუ არა ადამიანის ბიოლოგიური მასალა, დნმ-ის კვალი, დადებით შემთხვევაში შეესაბამება თუ არა იგი მსჯავრდებულის ნერწყვის ნიმუშზე არსებულ ბიოლოგიურ მასალას, დნმ-ს);
13. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ ლ. ხ–ა არ გამოკითხულა ჩარიცხულ თანხასთან დაკავშირებით, არ დადგენილა ვინ არის ლ. ხ–ა ან/და რა კავშირი აქვს მსჯავრდებულთან, სასამართლო ითვალისწინებს, შემდეგს:
13.1. მოწმე ე. მ–მა ჩვენებაში მკაფიოდ მიუთითა, რომ 2023 წლის 31 ივლისს იგი (ე. მ–ი) დაუკავშირდა გ. ხ–ას, უთხრა, რომ ჰქონდა 200 ლარი და სურდა ნარკოტიკული საშუალების შეძენა. მსჯავრდებული დასთანხმდა და უკარნახა მისი დის – ლ. ხ–ას – პირადი ნომერი, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად. შესაბამისად, ე. მ–მა მსჯავრდებულის დის ანგარიშზე ჩარიცხა 200 ლარი;
13.2. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი ბინის 2023 წლის 5 სექტემბრის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ლ. ხ–ასთან (პ/ნ ............) ჩატარდა გ. ხ–ას ბინის ჩხრეკა (ტ. N1; ს.ფ. 155-158).
13.3. შესაძლო მტკიცებულების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ 2023 წლის 6 სექტემბრისა და 2023 წლის 3 ოქტომბრის ოქმების თანახმად, გამომძიებელმა დაცვის მხარეს სრულად გადასცა ბრალდების მხარის მიერ იმ დროისათვის მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის, მოწმე ე. მ–ის გამოკითხვის ოქმი (რომელშიც მოწმე ჩვენების იდენტურად უთითებდა ლ. ხ–აზე (იხ. ტ. №1; ს.ფ.102-104), საცხოვრებელი ბინის 2023 წლის 5 სექტემბრის ჩხრეკის ოქმი (ჩატარდა ლ. ხ–ასთან), ასევე – მოწმე ლ. ხ–ას (პ/ნ .........) გამოკითხვის ოქმი (რომლის თანახმად, მან მონაწილეობა მიიღო მისი ძმის – გ. ხ–ას – საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში (ტ. N1; ს.ფ. 159-162). ყველა აღნიშნული მტკიცებულება (მათ შორის, ლ. ხ–ას გამოკითხვის ოქმიც), ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებთან ერთად, წინასასამართლო სხდომაზე ცნობილ იქნა დასაშვებად და დამტკიცდა, როგორც სადავო მტკიცებულება (ტ. N1; ს.ფ. 248-254). შესაბამისად, მოწმე ლ. ხ–ა (რომელიც შესაძლო მტკიცებულების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ზემოაღნიშნულ ოქმებში მითითებულ იქნა მისი მაიდენტიფიცირებელი (პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი და ა.შ.) ინფორმაციით) მითითებულია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში, ასევე დასაკითხ პირთა სიაშიც, მის შესახებ ცნობილი იყო დაცვის მხარისათვის.
13.4. შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ 2023 წლის 6 სექტემბრის ოქმი ხელმოწერილია, მათ შორის, მსჯავრდებულის ადვოკატ ზ. შ–ს (ტ. N1; ს.ფ. 190-193), ხოლო 2023 წლის 3 ოქტომბრის ოქმი – ადვოკატ შ. ხ–ას მიერ (ტ. N1; ს.ფ. 234-237);
13.5. დაცვის მხარეს არ წარუდგენია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, მათ შორის, არც სადავო მოწმის დაკითხვის მოთხოვნა (ტ. N2; ს.ფ. 248-254).
13.6. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ თუ დაცვის მხარეს მიაჩნდა, რომ კონკრეტულ მოწმეს შეეძლო დაედასტურებინა მსჯავრდებულის უდანაშაულობა ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც მას ბრალი დაედო, ან/და დაცვის მხარის სასარგებლო პოზიცია, – მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით (მათ შორის, იხ. საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლით) შეეძლოთ მოეთხოვა სასურველი მოწმის დაკითხვა არსებით სასამართლო სხდომაზე (მით უფრო, რომ სისხლის სამართლის მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ დაცვის მხარისათვის ცნობილი იყო როგორც აღნიშნული მოწმის არსებობის ფაქტი, ასევე მისი მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო (საცხოვრებელი მისამართი) ინფორმაცია (იხ. ტ. №1; ს.ფ. 159-162; 155-158)). სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტით არ დგინდება, რომ დაცვის მხარეს არ ეცნობა/უცნობი იყო აღნიშნული მოწმის არსებობის შესახებ ანდა მისი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, ანდა შეეზღუდა/არ მიეცა აღნიშნული მოწმის გამოკითხვის/დაკითხვის შესაძლებლობა.
13.7. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მტკიცება, მათ შორის, იმ ნაწილში, რომ არ დადგენილა ვინ არის ლ. ხ–ა ან/და რა კავშირი აქვს მსჯავრდებულთან.
14. კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელებმა შეგნებულად წაშალეს ,,BlackBerry-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონში არსებული საქმისათვის მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარები და შეტყობინებები, სასამართლო ითვალისწინეს, რომ პირადი ჩხრეკის 2023 წლის 5 სექტემბრის ოქმის თანახმად, გ. ხ–ასგან ამოიღეს ,,BlackBerry-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა და ოქმს ხელს აწერს, მათ შორის, ადვოკატი – შ. ხ–ა. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო სადავო მობილური ტელეფონის ამოღების შესახებ (ტ. №1; ს.ფ. 148-151);
14.1. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ დაცვის მხარეს არ დაუყენებია შუამდგომლობა მსჯავრდებულისაგან ამოღებულ მობილურ ტელეფონზე შესაბამისი კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მათ შორის, მობილურ ტელეფონში არსებული, წაშლილი ან აღდგენას დაქვემდებარებული ზარების, შეტყობინებებისა თუ სხვა ელექტრონული მონაცემების გამოვლენის მიზნით. კასატორის აღნიშნული პრეტენზია არ დასტურდება არც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი რომელიმე მტკიცებულებით. შესაბამისად, დაცვის მხარის მტკიცება, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა განზრახ წაშალეს მობილურ ტელეფონში დაცული ინფორმაცია, არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით.
14.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ კასატორმა მკაფიოდ უნდა მიუთითოს ის არგუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად – გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (მაგალითად, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23 განჩინება).
14.3. იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20, 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20, 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინებები; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20). სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლს, ასევე იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით არ დგინდება (კასატორიც არ უთითებს), რომ დაცვის მხარეს არ მიეცათ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა.
14.4. დაცვის მხარის მიერ სამართალწარმოებისას არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება/დასაბუთებული არგუმენტი, რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიების/პოზიციის საფუძვლიანობაზე (მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნა/ები, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი) და, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მისცემდა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება, და კასატორიც (დაცვის მხარე) არ უთითებს, რომ არ მიეცა შესაძლებლობა/ხელი შეეშალა დაცვის უფლების განხორციელებაში, მათ შორის, მტკიცებულებების მოპოვებაში (მათ შორის, ექსპერტიზის დანიშვნის ნაწილში), სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევაში, დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების პროცესის მწარმოებელი ორგანოსათვის წარდგენაში. ამასთან, საქმის მასალებიდან ასევე არ იკვეთება მსჯავრდებულის მიმართ გამომძიებლისა თუ მოწმეების მხრიდან რაიმე დაინტერესება ან/და მიკერძოებული დამოკიდებულება.
15. კასატორი დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ასევე აპელირებს მსჯავრდებულ გ. ხ–ას დის – შ. ხ–ას – ავტომობილის ,,თვალთვალსა და დევნაზე”, თუმცა საკასაციო საჩივარში არ არის დასაბუთებული თუ რა კავშირი აქვს აღნიშნულ გარემოებას განსახილველი საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან/და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულს გ. ხ–ას მსჯავრდებაზე. ამასთან, დაცვის მხარეს აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარის აღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია და სასამართლო მოკლებულია მისი გაზიარების შესაძლებლობას.
16. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულის დაკავების 2023 წლის 5 სექტემბრის ოქმის (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის პირის დაკავების შესახებ განჩინების საფუძველზე (ტ. №1; ს.ფ. 138-140)) თანახმად, გ. ხ–ა დააკავეს მ-ში, თ.-ს.-ლ-ს 27-ე კილომეტრზე (თ–ს მიმართულებით) 2023 წლის 5 სექტემბერს 16:10 საათზე, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ოქმს გ. ხ–ასთან ერთად ხელს აწერს ადვოკატი – შ. ხ–ა (ტ. N1; ს.ფ. 143-146).
17. კასატორი დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ყოველგვარი დასაბუთებისა და მსჯელობის გარეშე უთითებს საქართველოს სსსკ-ის 273-ე, 259-ე, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლებზე და სასამართლოს ვალდებულებაზე დაასაბუთოს სასჯელის სახე და ზომა, თუმცა აღნიშნული მუხლების ციტირებას/პერიფრაზს ახდენს შესაბამისი მსჯელობის ან/და მოთხოვნის გარეშე, – კასატორის მოთხოვნაც არ უკავშირდება სასჯელის შემსუბუქებას/კანონიერებას (ითხოვს გამართლებას მსჯავრადშერაცხილ ეპიზოდში). შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გაუგებარია კასატორის მიზანი.
17.1. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). პატიმრობის ultima racio ხასიათიდან ,,ვინაიდან თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).
17.2. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენით გ. ხ–ას ჩადენილი ქმედებებისთვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა რეციდივის დანაწესის გათვალისწინებით მინიმალური ხანგრძლივობით.
18. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც რომელიმე სხვა საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ხ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ყ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე