საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100123006994697
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად
ცნობის შესახებ
საქმე №74აპ-26 ქ. თბილისი
დ. ბ., 74აპ-26 27 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირინე მჟავიასა და მსჯავრდებულ ბ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. კ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საბრალდებო დასკვნის თანახმად: ბ. დ–ეს – დაბადებული ..... – ბრალად ედებოდა:
1.1. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გადაზიდვა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილითა (1999 წლის რედაქცია) და მე-3 ნაწილით (2007 წლის რედაქცია); ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2007 წლის რედაქცია), იმავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია); განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია).
1.1.1. ბ. დ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ბ. დ–ემ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 5,45 მმ კალიბრიანი, „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, თავისივე საბრძოლო ვაზნებით, რასაც იგი, ასევე მართლსაწინაღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა, ხოლო 2002 წლის 30 მაისს, მართლსაწინაღმდეგოდ გადაზიდა ქ. ქ–დან, ნ–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან წ–ს რაიონის სოფელ მ–ში.
2002 წლის მაისში, ბ. დ–ე დანაშაულებრივად დაუკავშირდა ი. ძ–ეს, კ. ს–სა და მ. კ–ს, რა დროსაც მათ განიზრახეს ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ წ–ს რაიონის სოფელ მ–ში მცხოვრებ თ. ს–ის ოჯახს და გაეტაცებინათ მათი კუთვნილი ნივთები. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2002 წლის 30 მაისს, დაახლოებით, 22:00 საათზე, ქ. ქ–ში, ნ–ს ქუჩის დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ბ. დ–ე შეხვდა ი. ძ–ეს, კ. ს–სა და მ. კ–ს. მათ გაინაწილეს ნიღბები, ხელთათმანები და ცეცხლსასროლი იარაღი. მ. კ. შეიარაღდა დაუდგენელი სისტემის პისტოლეტური იარაღით, ი. ძ–ე – გადაჭრილი თოფით, ხოლო ბ. დ–ე – მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 5,45 მმ კალიბრიანი, „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით და თანამზრახველებთან ერთად, დაახლოებით, 23:00 საათზე, მივიდა წ–ს რაიონის სოფელ მ–ში მცხოვრებ თ. ს–ის სახლთან. დანაშაულებრივი განზრახვის განსახორციელებლად ეზოში მეთვალყურედ დატოვეს ი. ძ–ე, ხოლო ბ. დ–ემ, მ. კ–სა და კ. ს–სთან ერთად, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია თ. ს–ის ბინაში. სახლში შესვლისთანვე, მ. კ– და კ. ს– შეიჭრნენ სამზარეულო ოთახში, სადაც იმ დროს იმყოფებოდნენ თ. ს–ის ვაჟი – კ. ს–ე და ქ. ს–ე, რომელთა მიმართაც გამოხატეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ, მ. კ–მ თანქონებული პისტოლეტური იარაღიდან გაისროლა იატაკის მიმართულებით, იმავდროულად, ბ. დ–ე, ფულისა და სხვა მატერიალური ფასეულობის გატაცების მიზნით, შევიდა საძინებელ ოთახში, სადაც შეხვდა თ. ს–ეს, რომელიც კარგად იცნობდა მას. ამის გამო, ბ. დ–ემ, დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, განიზრახა, მოეკლა იგი. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ბ. დ–ემ თ. ს–ე იძულებით გაიყვანა მისაღებ ოთახში, სადაც ავტომატური იარაღიდან, ერთჯერადი გასროლით, გულმკერდის არეში, მარცხნივ, ცეცხლნასროლი ბრმა ჭრილობის, შინაგანი ორგანოების (გულის პერანგი, ფილტვი, ღვიძლი) დაზიანებით, შინაგანი სისხლდენისა და მწვავე სისხლნაკლულობის სახით, მიაყენა სხეულის მძიმე დაზიანება, რასაც მოჰყვა თ. ს–ის სიკვდილი. გასროლის ხმებზე, ეზოში მდგარი ი. ძ–ე შევიდა სამზარეულო ოთახში და თანქონებული გადაჭრილი თოფიდან შემთხვევითი გასროლით, სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა ქ. ს–ეს მარჯვენა იდაყვის სახსრის არეში, ხოლო მ. კ–ს – მარჯვენა წვივის გამჭოლი ჭრილობა ცენტრალური არტერიის დაზიანებით, რის გამოც, ეს უკანასკნელი კ. ს–მ და ი. ძ–ემ წაიყვანეს და გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან, რა დროსაც, სამზარეულო ოთახში შევიდა ბ. დ–ე. მან ქ. ს–ისაგან შეიტყო თანამზრახველთა მიმალვის შესახებ, რის შემდეგაც, ავტომატური იარაღიდან რამდენიმე გასროლით აიძულა მეზობლის დასახმარებლად მისული ლ. ს. უკან დაბრუნებულიყო, ხოლო ქ. ს–ესა და მის მეუღლეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და გაიქცა თანამზრახველების მიმართულებით. მ. კ. მიღებული სხეულის დაზიანებისაგან თ. ს–ის საცხოვრებელი სახლის მახლობლად გარდაიცვალა, ი. ძ–ე დარჩა გარდაცვლილის ცხედართან, ხოლო ბ. დ–ე და კ. ს. მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
2. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის განაჩენით:
2.1. ბ. დ–ეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2007 წლის რედაქციით) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა;
2.2. ბ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (1999 წლის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (2006 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (1999 წლის რედაქცია) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1999 წლის რედაქცია) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის რედაქცია) – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (2006 წლის რედაქცია) – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის (1999 წლის რედაქცია) საფუძველზე, საბოლოოდ, ბ. დ–ეს მოსახდელად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბ. დ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლის თარიღად განესაზღვრა დაკავების მომენტი.
3. მსჯავრდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ბ. დ–ე დააკავეს 2023 წლის 7 თებერვალს.
4. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ქ–მა და მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
5.1. ბ. დ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (2006 წლის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (1999 წლის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2007 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში;
5.2. ბ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვით. სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 7 თებერვლიდან.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირინე მჟავიამ და მსჯავრდებულ ბ. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. კ–ემ. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის გადაგზავნა სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატისათვის. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად – გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ ბ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. კ–ე საკასაციო საჩივარში უთითებს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებს, ნაცვლად საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმებისა.
6.2. მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოედქსის 329-ე მუხლის თანახმად („ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681-ე და 1682-ე მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა“), საქმე განიხილება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
7. 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ბ. დ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (2006 წლის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (1999 წლის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2007 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ბრალდების ზემოაღნიშნულ ეპიზოდებთან მიმართებით საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ:
10. დაზარალებულმა კ. ს–ემ განმარტა, რომ 2002 წლის 30 მაისს, ღამის 12 საათი იქნებოდა, სახლში შევარდნენ ნიღბიანები, მას დაარტყეს, მეუღლეს კი „ჯიკავი“ დაუწყეს, ამ დროს, „აბრეზი“ გაუვარდათ, ერთ-ერთი თავდამსხმელი სისხლისგან იცლებოდა და მალევე გავარდნენ გარეთ. მეოთხე ავტომატიანი შემოვიდა სახლის წინა კარიდან. ავტომატიანმა დაიძახა: „არ გაინძრეთ, დაგხოცავთ“. ბ. დ–ეს ვიზუალურად იცნობდა, მისი ხმა არ იცოდა. თავდამსხმელთა სიმაღლე არ ახსოვს. გარეთ გასროლის ხმა გაიგონა, ხოლო სახლში გასროლა არ გაუგია, რადგან სახლის კედლები სქელია. შემდეგ ნახეს, რომ მამამისი გარდაცვლილი იყო.
11. დაზარალებულმა ქ. ს–ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, ღამის 12-ის ნახევარი იქნებოდა, ნიღბიანები შევარდნენ სახლში. ერთი მამაკაცი დაეტაკა, შეაგდო ოთახში, დაუწყო „ჯიკავი“, მივარდა ფანჯარასთან და შველას ითხოვდა. მის მეუღლეს თავში ჩაარტყეს და იატაკზე დავარდა. ამ დროს, მეორე თავდამსხმელიც შემოვარდა. მან გაისროლა თუ გაუვარდა – არ იცის. გასროლილი ტყვია მოწმეს მოხვდა ხელზე. შემდეგ შემოვარდა მესამე თავდამსხმელიც, რომელმაც იკითხა: „ესეც მოკალი?“. ყველაფერი ხდებოდა წუთიერად. ესენი რომ გარეთ გავარდნენ, შემდეგ წინა მხრიდან შემოვარდა ერთი პიროვნება, რომელსაც ავტომატი ეჭირა ხელში, ნიღაბი აწეული ჰქონდა. კარგად ახსოვს, ცხვირი გაბუშტული, ხოლო ნიკაპი შეჭყეტილი ჰქონდა. ეცვა ჯინსის შარვალი, ზემოთ სამხედრო მოსაცმელი და ფეხზე ბოტები („ვალინკები“). იკითხა, თუ სად იყვნენ დანარჩენები, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ არ იცოდა. ამ დროს, მეზობელმა ლ. ს–მ გარედან დაიძახა თუ რა ხდებოდა, რა დროსაც, თავდამსხმელი გავარდა, შეაგინა და დაუშინა ავტომატის ჯერი. ამის შემდეგ, მეორე მხრიდან შემოუარა სახლს თავდამსხმელმა და ფანჯრიდან უთხრა, რომ ფეხზე არ ამდგარიყვნენ, თორემ მოკლავდა. როცა წავიდნენ და ყველაფერი დაწყნარდა, მისი მეუღლე ადგა ფეხზე, გაიქცა გარეთ – ქუჩაში, გარეთ თავადაც გავიდა, ხოლო შემდეგ, მეზობლებმა ნახეს მამამთილი, რომელიც გარდაცვლილი იყო. სროლის ხმა მანამდე არ გაუგიათ, რადგან კედელი ჰყოფს ხმაურს.
12. მოწმე პოლიციელთა (მ. ბ–ის, კ. მ–ს) ჩვენებებით დასტურდება, რომ ისინი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდენ მომხდარი ფაქტის შემდეგ და ადგილზე დააკავეს ი. ძ–ე, ასევე, ნახეს მ. კ–ს გვამი. ბ. დ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების (მკვლელობის) ჩადენის ნაწილში, მათი ჩვენებები ირიბია, კერძოდ, მათთვის ი. ძ–ისგან გახდა ცნობილი, რომ ბ. დ–ემ ესროლა თ. ს–ეს, ხოლო მას შემთხვევით გაუვარდა თოფიდან, დაჭრა მ. კ– და ოჯახის დიასახლისი.
13. ი. ძ–ის ჩვენებით, 2002 წლის 30 მაისს, იგი კ. ს–სთან, ბ. დ–ესა და მ. კ–სთან ერთად მივიდა თ. ს–ის ოჯახში ყაჩაღური თავდახმის მიზნით. თავად გარეთ დარჩა მეთვალყურედ, ხოლო დანარჩენები სახლში შეიჭრნენ. ცოტა ხანში შემოესმა გასროლის ხმა და საქმის ვითარებაში გარკვევის მიზნით, შევიდა სახლში. დაინახა, თუ როგორ ეჭიდავებოდა მ. კ. ქალს. შესაშინებლად თოფი მიუშვირა მ. კ–ს, რა დროსაც, შემთხვევით გაუვარდა და დაჭრა. გასროლისთანავე გამოიქცა შემთხვევის ადგილიდან. უკან მიჰყვებოდა ბ. დ–ე. ბ-მ და ვ-მ იარაღები წაიღეს, თავად კი დაჭრილთან დარჩა. მოწმის განმარტებით, ბ. დ–ეს სახლში შესვლის დროს იარაღი არ ჰქონია, მის ხელში იარაღი არც გარეთ გამოსვლისას დაუნახავს. როდესაც სროლის ხმაზე სახლში შევარდა, დაინახა, რომ ბ. დ–ეს ავტომატი ეჭირა. მისცა თუ არა კ. ს–მ ბ. დ–ეს სახლში შესვლის შემდეგ იარაღი, არ იცის. მოკლა თუ არა ბ. დ–ემ თ. ს–ე, არ იცის.
14. ი. ძ–ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით, დასტურდება, რომ სახლში შეჭრისას, კ–ს და ს–ს ეჭირათ პისტოლეტები, ხოლო დ–ს – ავტომატი. მ. კ–ს დაჭრის შემდეგ, თვითონ, კ–ა და ს– გამოვიდნენ სამზარეულოდან და გაიქცნენ ეზოს ბოლოში. უკან მოდიოდა ბ. დ–ე, რომელმაც რამდენჯერმე დაიძახა, რომ დაეცადათ და გაისროლა ორ-სამჯერ ავტომატიდან, ვისი მისამართით, არ ახსოვს. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, ს–მ და დ–ემ გაიხადეს სამოსი, მათ შიგნით ეცვათ სხვა ტანსაცმელი. წაიღეს იარაღები და წავიდნენ მანქანის მოსაყვანად, მაგრამ არ დაბრუნებულან. თავად კი დარჩა კ–ასთან, რომელიც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. ძ–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება განსხვავდება მის მიერ გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას მიწოდებული ინფორმაციისაგან (რაც გამოქვეყნდა სასამართლოში), მათ შორის, იმ ნაწილში, ჰქონდა თუ არა ბ. დ–ეს ცეცხლსასროლი იარაღი სახლში შეჭრისას, მაგრამ ერთგვაროვანია თ. ს–ის მკვლელობის ნაწილში, კერძოდ, არც გამოძიების ეტაპზე და არც სასამართლოში დაკითხვისას მოწმე არ უთითებდა აღნიშნულზე. აღნიშნული არ დასტურდება არც შემთხვევის ადგილას მყოფი სხვა მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, მოწმეთა ჩვენებებით ვერ დგინდება როდის, რა ვითარებაში და ვის მიერ მოხდა თ. ს–ისთვის დაზიანების მიყენება. კერძოდ, კ. ს–ისა და ქ. ს–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ, რადგან სახლი დიდია, სქელი კედელი აქვს და კედელი ჰყოფს ხმაურს. სახლს უკანა მხრიდან აქვს მეორე შესასვლელიც, საიდანაც შევიდნენ და მოკლეს დაზარალებული.
15.1. სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13) და შეზღუდულია ბრალდების ფორმულირებით. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით“ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 15 ივლისის №38აპ-25; 2024 წლის 20 დეკემბრის N745აპ-24, II-3.4; 2024 წლის 11 მარტის N1009აპ-23, II-23; 2023 წლის 10 აგვისტოს N426აპ-23, II-9.1; 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენები; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის N770აპ-22; 2022 წლის 12 სექტემბრის №781აპ-22; 2022 წლის 7 სექტემბრის №748აპ-22 განჩინებები).
15.2. სისხლის სამართლის საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებები, კერძოდ, ბ. დ–ის შესვლა საძინებელ ოთახში, დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, თ. ს–ის მისაღებ ოთახში გაყვანა და მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენება.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით, ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
17. ხსენებული კოდექსის 496-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს, ხოლო სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. იმავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
18. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით (არც ერთი მოწმის ჩვენებით და საქმეში წარმოდგენილი არც სხვა რომელიმე მტკიცებულებით (პირდაპირი/ირიბი/გარემოებითი)) არ დგინდება ბ. დ–ის მიერ თ. ს–ის მკვლელობის ფაქტი. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ ეჭვი სამართლიანად გადაწყვიტა ბ. დ–ის სასარგებლოდ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით ასევე უტყუარად არ დასტურდება ბ. დ–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება და გადაზიდვა. რაც შეეხება პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 ნოემბრის განაჩენს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული განაჩენი მიემართება მხოლოდ ი. ძ–ის მსჯავრდებას.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ, ვერ წარმოადგინა ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც, საქართველოს სსსკ-ით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად განსაზღვრული მტკიცებითი სტანდარტით, დადასტურდებოდა ბ. დ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (2006 წლის რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებითა (1999 წლის რედაქცია) და მე-3 ნაწილით (2007 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
20. რაც შეეხება ბ. დ–ის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის რედაქცია), აღნიშნული დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულ ქ. ს–ის ჩვენებით, ქ. ს–ის მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით (დაზარალებულმა ამოიცნო ბ. დ–ე, როგორც პიროვნება, რომელიც 2002 წლის 30 მაისს, მის ოჯახს ყაჩაღურად დაესხა თავს), მოწმე ი. ძ–ის ჩვენებითა და სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდების ამ ეპიზოდთან მიმართებით სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები არ შეიცავს იმგვარ არსებითი ხასიათის წინააღმდეგობას, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე.
21. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარე კასატორის მტკიცებას, რომ დაზარალებული ქ. ს–ის ჩვენებით უტყუარად დგინდება, რომ თავდამსხმელებს სახეები ნიღბებით ჰქონდათ დაფარული, რის გამოც ქ. ს–ეს არ შეეძლო ბ. დ–ის ამოცნობა. ასევე, ვერ გაიზიარებს ადვოკატის მტკიცებას იმის შესახებ, რომ, თითქოს, ქ. ს–ეს სააპელაციო სასამართლოში დაკითხვამდე არასოდეს უთქვამს ის, რომ თავდამსხმელს ნიღაბი აწეული ჰქონდა.
21.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ქ. ს–ემ სააპელაციო სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას მიუთითა, რომ ერთ-ერთ პიროვნებას, რომელსაც ავტომატი ეჭირა ხელში, ნიღაბი ზემოთ ჰქონდა აწეული, კარგად ახსოვს, რომ ცხვირი გაბუშტული ჰქონდა, ნიკაპი – შეჭეჭყილი (იხ.: 2024 წლის 7 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:49:50-16:50:02). დაზარალებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც დაადასტურა, რომ თავდამსხმელს, სახლში შესვლისას, ნიღაბი ნახევარზე, დაახლოებით 3-4 წუთით, ჰქონდა აწეული. ამდენად, ადვოკატის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები საფუძველს მოკლებულია.
22. დაცვის მხარე კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს კ. მ-სა და გ. ს–ის ჩვენებების გარკვეულ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თითქოს, ჩვენების მიცემისას, მათ გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული ინფორმაცია არ უთქვამთ. კერძოდ, ადვოკატის განმარტებით, გ. ს–ეს არ უთქვამს, რომ მამამისმა ბ. დ–ეს „ფეჩი“ მისცა, ხოლო კ. მ-ს არ უთქვამს, რომ: „ბ. დ–ე ცხოვრობდა ბ–ში, ნაქირავებში, იქ იყრიდნენ თავს, იქ შეიკრიბა ეს ჯგუფი, იქედან მოხდა დაყაჩაღების დაგეგმვა. თავიდათავი იყო დ–ე და კ–ა, რომლებიც მეგობრები იყვნენ. ს–ების ოჯახს ეხმარებოდა დ–ე ყანის გათოხნაში. ესენი თან მუშაობდნენ ფიზიკურად და საღამოს ყაჩაღობდნენ, ასეთი ხალხი იყო.“
22.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ საჩივარში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან სააპელაციო სასამართლოში, 2025 წლის 24 მარტის სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას, გ. ს–ემ ადვოკატ ნ. კ–ის შეკითხვაზე განმარტა, რომ ბ. დ–ე მამამისთანაც იყო მისული, „ფეჩი“ უნდოდა, ბავშვები ჰყავადა პატარა და უჭირდა. მამამისმა „ფეჩი“ მისცა (იხ.: 2025 წლის 24 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:16:50 – 14:17:00). რაც შეეხება კ. მ–ს ჩვენებას, გასაჩივრებული განაჩენი, მათ შორის, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში ციტირებული ინფორმაციის ნაწილში, სრული სიზუსტით ასახავს 2025 წლის 20 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოწმის მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას (იხ.: 2025 წლის 20 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:46:04-11:47:50). შესაბამისად, ადვოკატ ნ. კ–ის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზია იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ, თითქოს, ისეთი ინფორმაცია ასახა განაჩენში, რაც მოწმეებს არ უთქვამთ, არ შეესაბამება სინამდვილეს.
23. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას კ. ს–ის მიერ გამოძიებისას და სასამართლოში მიცემული ჩვენებების ურთიერთწინააღმდეგობის (იმ ნაწილში, რომ ბ. დ–ემ დაინახა კ. ს–ის მიერ თანხის სესხების ფაქტი) შესახებ და აღნიშნავს, რომ კ. ს–ის ჩვენებებში, მათ შორის, კასატორის მიერ მითითებული ინფორმაციის ნაწილში, წინააღმდეგობა არ იკვეთება. კერძოდ, გამოძიების ეტაპზე მოწმე უთითებდა, რომ მის მიერ თანხის სესხების ფაქტი დაინახეს იქ მყოფმა ადამიანებმა, ხოლო სასამართლოში დააზუსტა, რომ იქ ბ. დ–ეც იმყოფებოდა, რაც ვერ შეფასდება წინააღმდეგობად.
24. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებები (რაც გათვალისწინებული იყო გასაჩივრებული განაჩენით სასჯელის ზომის განსაზღვრისას) ძირითადად მიემართება ბ. დ–ის პიროვნების დახასიათებას და არ შეიცავს განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, პირის უდანაშაულობის დამადასტურებელ კონკრეტულ ინფორმაციას.
25. „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს საკმარისი სიზუსტით აჩვენონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზები (იხ. Taxquet v. Belgium [GC],no. 926/05, par. 91, ECtHR,16/11/2010, Nikolay Genov v. Bulgaria, no.7202/09, par. 27, ECtHR,13/07/2017). გადაწყვეტილების მიზეზების წარმოდგენის ვალდებულების მოცულობა განსხვავდება გადაწყვეტილების ბუნების მიხედვით და უნდა განისაზღვროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე“ (Rostomashvili v. Georgia, no.13185/07, par. 55, ECtHR, 8/11/2018; იხ. Ruiz Torija v. Spain, no. 18390/91, par. 29, ECtHR, 9/12/1994; Moreira Ferreira v. Portugal (no. 2) [GC], no.19867/12, par. 84, ECtHR,11/07/2017).
26. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
27. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთი სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
28. „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები" (Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017; იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; ).
29. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 5551-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირინე მჟავიასა და მსჯავრდებულ ბ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. კ–ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე