საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.07.2026
საქმის ნომერი
2კ-207აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100124010038757

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №207აპ-26 ქ. თბილისი

ბ-ა კ. 207აპ-26 16 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულების - კ. ბ-სა და თ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 2 მაისის განაჩენით:

1.1. კ. ბ-ა, - დაბადებული ... წლის ... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კ. ბ-ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა წინა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 აპრილის განაჩენით სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5000 ლარი და საბოლოოდ, კ. ბ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 5 აგვისტოდან.

1.3. თ. ა-ა, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თ. ა-ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 მარტის განაჩენით სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ, თ. ა-ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 5 აგვისტოდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ბ-მ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სხვა საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და არაერთგზის, ხოლო თ. ა-მ - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სხვა საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 აპრილის განაჩენით კ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარი, რომელიც არ გადაუხდია და შესაბამისად, ამ მუხლით ნასამართლობა მოხსნილი არ ჰქონდა. კ. ბ-ა ითვლებოდა რა ნასამართლევ პირად, კვლავ ჩაიდინა ძარცვა არაერთგზის, კერძოდ, 2024 წლის 4 აგვისტოს, დღის საათებში კ. ბ-ა და თ. ა-ა იმყოფებოდნენ ო-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-ში (კ-ი), რა დროსაც განიზრახეს უკრაინის მოქალაქე ა. ბ-ს კუთვნილი ,,ლექსუსის’’ მარკის ავტომანქანიდან სახ.ნომერი .... დაუფლებოდნენ იქ არსებულ ხელჩანთებში მოთავსებულ თანხას. ამ მიზნით გაინაწილეს როლები, რომ კ. ბ-ა შეაღწევდა ავტომანქანაში და დაძებნიდა თანხას, ხოლო თ. ა-ა გაჩერდებოდა გარეთ, მანქანასთან ახლოს და, საფრთხის შემთხვევაში მისცემდა ნიშანს, ასევე უზრუნველყოფდა მათ გატყუებას სხვა ადგილას ან სხვა გზით გაანეიტრალებდა საფრთხეს. ამის შემდეგ, კ. ბ-მ უკანონოდ შეაღწია ა. ბ-ს ავტომანქანაში, თ. ა-ა დადგა მანქანიდან, დაახლოებით, 2-3 მეტრში და აკვირდებოდა ტერიტორიას. ამ დროს ა. ბ-მა დაინახა მის მანქანაში და მანქანასთან მყოფი პირები და მიუახლოვდა ავტომანქანას, შეძახილით - თუ რა უნდოდათ მის მანქანაში, რა დროსაც თ. ა-ა, წინასწარი შეთანხმებისამებრ, შეეცადა გაენეიტრალებინა საფრთხე, ა. ბ-ს ჯერ უთხრა, რომ ავტომანქანა შეეშალათ, შემდეგ კი მიუგო, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და რომ ვერ აღკვეთა საფრთხე, გამოიჩინა ძალადობა, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის და რამდენჯერმე დაარტყა ხელი ა. ბ-ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ კ. ბ-ა და თ. ა-ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლნენ ა. ბ-ის კუთვნილ ფულად თანხას - 600 ლარს და უკრაინის მოქალაქე ნ. ს-ს კუთვნილ ფულად თანხას - 150 აშშ დოლარს, 50 ლარს და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულებს მიადგათ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 2 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულების - კ. ბ-ასა და თ. ა-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განაჩენის გაუქმება და კ. ბ-სა და თ. ა-ს გამართლება.

4.1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ელგუჯა ადეიშვილმა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულების - კ. ბ-სა და თ. ა-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა კ. ბ-სა და თ. ა-ას მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.

7. დაზარალებულმა ა. ბ-მა ჩვენების მიცემისას დეტალურად აღწერა 2024 წლის 4 აგვისტოს განვითარებული მოვლენები, ზუსტი ადგილი, დრო და მონაწილე პირები. დაზარალებული თავად წაადგა თავს მის ავტომანქანაში ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით შესულ კ. ბ-იას, რომელიც მის დაძახილზე, თუ რა დაკარგა იქ, შემოტრიალდა მისკენ, შეხედა და გაიქცა. მეორე იქვე მდგომმა პირმა, თ. ა-მ, რომელმაც გაიგონა მათი საუბარი, ყვირილით უთხრა, რომ ალბათ მანქანა შეეშალა. ავტომობილში მიბრუნებულმა ნახა, რომ იქ არსებული ჩანთები გახსნილი იყო. საბოლოდ, მან და ნ. ს-ამ აღმოაჩინეს, რომ წაღებული იყო ფულადი თანხა. მას შემდეგ, რაც მეგობარს თხოვა დაერეკა პოლიციაში, იქვე მდგომმა მეორე პირმა, თ. ა-მ უთხრა, რომ არ იყო საჭირო, თავად იყო პოლიციელი, ამ თემაზე საუბრის გამო თანდათან გახდა აგრესული, დაუწყო ჯიკავი და დაარტყა კიდევაც ხელი.

8. დაზარალებულ ა. ბ-ის ჩვენება სრულადაა თანხვდენილი მოწმე ვ. ტ-ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციასთან. იგი დაზარალებულთან ერთად უშუალოდ იყო შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების თვითმხილველი. დაზარალებულმა ა. ბ-მა ყოველგვარი დაეჭვების გარეშე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების კვალდაკვალ, ამოიცნო როგორც კ. ბ-ა, ასევე თ. ა-ა, რაც ობიექტურადაც სავსებით შესაძლებელი იყო, რამდენადაც ბ-ს უშუალო შეხება ჰქონდა ორივე მსჯავრდებულთან და გარკვევით დაინახა მათი ფიზიკური ნიშნები და მახასიათებლები. ასევე ყოველგვარი დაეჭვების გარეშე ამოიცნო თ. ა-ა ვ. ტ-მა, რომლის თვალწინაც განვითარდა დანაშაულებრივი მოვლენები. აღსანიშნავია, რომ დაზარალებული ა. ბ-ი გამოძიების ყველა ეტაპზე, ასევე საგამოძიებო მოქმედებათა ფარგლებში და სასამართლოში საქმის განხილვისას ერთსა და იმავე ინფორმაციას იძლეოდა მომხდარი დანაშულის შესახებ. მან ანალოგიურად გადასცა საქმის გარემოებები მის თანხმლებ ქალბატონებსაც, რომლებმაც დაადასტურეს ეს მათივე ჩვენებებით. ამ მოწმეთა ჩვენებები მართალია, ირიბი მტკიცებულებაა, თუმცა მათი შინაარსი დასტურდება ორი პირდაპირი მტკიცებულებით. დაზარალებულ ნ. ს-ას ჩვენებით, 2024 წლის 4 აგვისტოს დაეთანხმა მეგობრის (ტ-ას) შეთავაზებას, დაესვენათ შ-ში და წავიდნენ ზღვაზე. მას ჰქონდა თეთრი ფერის ჩანთა, რომელიც დატოვა ა-ს მანქანაში. ზღვაში ჩასვლიდან, დაახლოებით, 30 წუთში მიირბინა მეგობარმა - მ. ტ-ამ, რომელმაც უთხრა, ამოსულიყო ზღვიდან, გაგვქურდესო. ა-იმ და პოლიციელმა უთხრეს, შეემოწმებინა ჩანთა რაიმე ხომ არ იყო დაკარგული. ჩანთა იდო მანქანის უკანა სავარძელზე, საფულეც იყო, მაგრამ საფულეში ფული აღარ იდო. საფულეში ჰქონდა 150 დოლარი და 50 ლარი. დაზარალებულმა ნ. ს-ამ დაადასტურა, რომ მომხდარის შესახებ გაიგო ა. ბ-ან, რომელმაც მოუყვა, რომ ახლოს იყო მანქანასთან, როცა მის მანქანაში უცხო პიროვნება დაუნახავს და როცა მისულა, ის გაქცეულა. იქვე ყოფილა მეორე ,,ტატუებიანი’’ ბიჭი, რომელიც ამბობდა, რომ პოლიციელი იყო. ამ ბიჭთან მოსვლია ა-ს კამათი, რომელსაც სამჯერ დაურტყამს ა-ის.

9. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.

10. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოწმეებმა - ვ. ტ-მა და მ. ტ-მ, რომელთა მიერ გამოძიების სტადიაზე ჩვენების მიცემა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა, როგორც ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი საზღვრის კვეთის მონაცემებით ირკვევა, გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, კერძოდ, მოწმე ვ. ტ-მა - 2024 წლის 24 აგვისტოს, ხოლო მოწმე მ. ტ-მ - 2024 წლის 1 სექტემბერს. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხსენებული მოწმეები არ იმყოფებოდნენ ს-ში, ამასთან, სატელეფონო გასაუბრების ოქმის მიხედვით, მოწმეებთან სატელეფონო კომუნიკაცია ვერ შედგა (მობილური ტელეფონი გამორთული იყო), რითაც ამოიწურა სასამართლოს წინაშე მათი წარდგენის ყველა, გონივრული შესაძლებლობა, ბრალდების მხარემ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა მოწმეების - ვ. ტ-ს და მ. ტ-ს ჩვენებების გამოქვეყნების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა კიდეც. ამასთან, მოწმეების - ვ. ტ-ის და მ. ტ-ას მიერ გამოკითხვის ოქმებში გადმოცემული ინფორმაცია დადასტურდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების - ა. ბ-სა და ნ. ს-ს ჩვენებებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით. ამდენად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მტკიცება, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმები, მითუფრო იმ მოცემულობის პირობებში, რომ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა. ბ-მა მისცა დამაჯერებელი ჩვენება, ასევე დაზარალებულმა ნ. ს-მ მიუთითა მისთვის მიწოდებული ინფორმაციის პირველწყაროზე, რომ მომხდარის შესახებ უამბო ა. ბ-მა, რითაც გაამყარდა მოწმეების - ვ. ტ-ის და მ. ტ-ს გამოკითხვის ოქმებში გაჟღერებული ფაქტობრივი გარემოებები.

11. დაზარალებულ ა. ბ-ს მიმართ სამედიცინო და ოდოროლოგიული ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მათი შედეგები არ გამორიცხავს განსახილველ დანაშაულში კ. ბ-სა და თ. ა-ს ბრალეულობას, რამდენადაც სუნის კვალის ადგილზე აღმოჩენის საკითხი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ავტომობილთან, რომელსაც ორივე მხარეს ოთხი კარი აქვს, რაც არ გამორიცხავს სუნის კვლის ადვილად დაკარგვის შესაძლებლობას. ასევე სახეზე დარტყმა ყველა შემთხვევაში არ გულისხმობს ძალადობის აშკარა კვლის არსებობის შესაძლებლობას, ამიტომაც ბ-ის სახეზე დაზიანების არარსებობა არ წარმოადგენს მსჯავრდებულების გამართლების უპირობო საფუძველს.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებული თ. ა-ა, რომელიც იქვე იდგა დაზარალებულ ბ-ს ავტომობილთან და მისი შემდგომი ქცევა, რაც გამოიხატა ა. ბ-ს შეკავებაში, ჯერ ხმამაღალი საუბრით, ხოლო შემდეგ ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მისი მცდელობები, რომ თავი წარმოედგინა პოლიციელად, ხოლო კ. ბ-ა დაბნეულ მოქალაქედ, რომელსაც მანქანა შემთხვევით აერია, უტყუარად ადასტურებს კ. ბ-სა და თ. ა-ს მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენას ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით.

13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. ბ-ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო თ. ა-ს - სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.

14. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. Jaczkó v. Hungary,no. 40109/03,par.29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - კ. ბ-სა და თ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე