საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.07.2026
საქმის ნომერი
2კ-231აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190100122005710266

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №231აპ-26 ქ. თბილისი

ი. ფ., 231აპ-26 20 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ს, მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების − დ. მ-სა და მ. ბ-ს, მსჯავრდებულ ი. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-ს, ასევე – ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:

ფ. ი-ს, ა. მ-ს, ი. ვ-ს, ფ. გ-ს და ა. ა-ს, ბრალად ედებათ:

1.1. გამოძალვა, ესე იგი, სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათალიესწინებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;

1.2. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი, სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია);

2. ფ. ი.ს, ა. მ-ს, ი. ვ-ს, ფ. გ-სა და ა. ა-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2021 წლის 10 დეკემბერს, ... ქუჩაზე მდებარე რესტორან „...“, ფ. ი., ა. ა-თან ერთად შეხვდა გ. მ-ს, რა დროსაც, ფ. ი-მა გ. მ-ს უთხრა, რომ იყო „კანონიერი ქურდი“ და მის ძმასთან, რომელიც ... დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით, სურდა საუბარი, უთხრა, რომ მათთვის, როგორც ე.წ. „ქურდული სამყაროსთვის“ ფული ჰქონდა მისაცემი. 2022 წლის 20 იანვარს, გ. მ-ს „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანით, სახ. ნომრით − ,,...“ მიაკითხა ა. ა-მ, ჩაისვა მანქანაში და მიიყვანა ...მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ ფ. ი., ა. მ., ი. ვ. და ფ. გ.. ფ. ი-მ ჰკითხა გ. მ-ს, შეასრულა თუ არა მისი დავალება, გაუმეორა, რომ იყო „კანონიერი ქურდი“ და მის ძმას და მის ოჯახს მათთვის უნდა მიეტანა ფულადი თანხა. გ. მ-მ უთხრა, რომ მათთვის მისატანი არც მას და არც მის ძმას არაფერი ჰქონდათ. აღნიშნულით განაწყენებულმა ფ. ი-მ უთხრა, თუ როგორ ელაპარაკებოდა „ქურდს“, რის შემდეგაც ა. მ-თან, ი. ვ-თან, ფ. გ-სა და ა. ა-თან ერთად, თავს დაესხა გ. მ-ს, ხუთივე მათგანმა დაუწყო ხელების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმა. გ. მ-მ თავი ვერ შეიკავა და წაიქცა. წაქცეულსაც ყველა მათგანი ურტყამდა ფეხებს სხეულის სხვადასხვა არეში. ფ. ი.ს მითითებით, ა. მ-მ, ი. ვ-მა, ფ. გ-მ და ა. ა-მ შეწყვიტეს გ. მ-ზე ძალადობა. შემდეგ, ფ. ი-მ გ. მ-ს უთხრა, რომ აძლევდა 10 დღეს, რა ვადაშიც უნდა დაკონტაქტებოდა ძმას და მათთვის უნდა მიეტანა თანხა, როგორც „ქურდული სამყაროსთვის“. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარეს დღეში ჩააგდებდა და ჯანმრთელობას დაუზიანებდა.

2.2. 2022 წლის 20 იანვარს, შუადღის საათებში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ. ი-მ, ა. მ-მ, ი. ვ-მა, ფ. გ-მ და ა. ა-მ, იმის გამო, რომ გ. მ-მა მათ უარი უთხრა თანხის „ქურდული სამყაროსთვის“ მიტანაზე, დასასჯელად, ჯგუფურად, ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით გ. მ-ს მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება − მარჯვენა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ხოლო ოპერაციული ჩარევისას დაუდგინდა მარჯვენამხრივი ტრამვული ჰემოპნევმოთორაქსი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენით:

3.1. ფ. ი., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

3.2. ა. ა., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

3.3. ა. მ., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

3.4. ფ. გ., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

3.5. ი. ვ., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

ი. ვ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში.

ი. ვ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2023 წლის 6 სექტემბრიდან; ი. ვ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2022 წლის 28 იანვრიდან − 2022 წლის 11 მარტის ჩათვლით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ასევე – დაცვის მხარემ.

ü რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ფ. გ.ს, ა. მ-ს, ფ. ი.ს, ა. ა-ს და ი. ვ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულების ჩადენისათვის და მათთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

ü მსჯავრდებულმა ი. ვ-მა, სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განაჩენით: პროკურორ თინათინ სტურუას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მსჯავრდებულ ი. ვ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

5.1. ფ. ი. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

ფ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

ფ. ი-ს სასჯელის ვადა უნდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

გაუქმებულია ფ. ი.ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.

5.2. ა. ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

ა. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

მსჯავრდებულ ა. ა-ს სასჯელის ვადა უნდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან .

ა. ა-ს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2022 წლის 28 იანვრიდან − 2022 წლის 11 მარტის ჩათვლით.

გაუქმებულია ა. ა-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.

5.3. ა. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

ა. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

ა. მ-ს სასჯელის ვადა უნდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

ა. მ-ს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2022 წლის 28 იანვრიდან − 2022 წლის 11 მარტის ჩათვლით.

გაუქმებულია ა. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

5.4. ფ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

ფ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

მსჯავრდებულ ფ. გ-ს სასჯელის ვადა უნდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

ფ. გ-ს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2022 წლის 28 იანვრიდან − 2022 წლის 11 მარტის ჩათვლით.

გაუქმებულია ფ. გ.ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

5.5. ი. ვ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში.

ი. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

ი. ვ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2023 წლის 6 სექტემბრიდან.

ი. ვ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2022 წლის 28 იანვრიდან − 2022 წლის 11 მარტის ჩათვლით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ფ. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-მა, მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა − დ. მ-მ და მ. ბ-მ, მსჯავრდებულ ი. ვ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. პ-მა, ასევე – ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

ü მსჯავრდებულ ფ. ი-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. რ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორის პოზიციით, სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, დაუსაბუთებლად გაიზიარა დაზარალებულ გ. მ-სა და მოწმე ა. გ.ს სააპელაციო ეტაპზე მიცემული ჩვენებები. სათანადოდ არ გაითვალისწინა მათ მიერ სხვადასხვა ეტაპზე მიცემულ ჩვენებებს შორის არსებული განსხვავებები და ფ. ი-ს ბრალეულობა დაადგინა ისეთი მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც, დაცვის მხარის აზრით, არ ადასტურებდა მის ინდივიდუალურ როლს, ფიზიკურ მონაწილეობას, საერთო განზრახვასა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასთან მიზეზობრივ კავშირს. ამასთან, ქონებრივი მოთხოვნისა და „ქურდული სამყაროსათვის“ თანხის გადაცემის ვერსიის დაუდასტურებლობა, ეჭვქვეშ აყენებს იმავე გარემოებებზე დაფუძნებულ ჯგუფური ძალადობის მოტივსა და საერთო განზრახვასაც.

ü მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები − დ. მ. და მ. ბ. საკასაციო საჩივრით მოითხოვენ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება, არ დაადგინა, თუ რით გამოიხატა ა. მ-ს კონკრეტული ქმედება, არ მიუთითა, რა ფორმით მიიღო მონაწილეობა დაზარალებულის ცემასა და რა მტკიცებულებით დასტურდებოდა მისი თანაამსრულებლობა. დაცვის მხარის მტკიცებით, დაზარალებულისა და მოწმე ა. გ-ს ჩვენებები წინააღმდეგობრივია, შეცვლილია სხვადასხვა ეტაპზე და, მათზე დაყრდნობით, შეუძლებელია ა. მ-ს ბრალეულობის დადგენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. დაცვის მხარე ასევე მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, დაზარალებულისა და მოწმეების განმარტებები, არ ქმნის ისეთ ერთიან, აშკარა და დამაჯერებელ სურათს, რომელიც დაადასტურებდა ა. მ-ს მხრიდან დაზარალებულისათვის დარტყმის მიყენებას, ძალადობაში აქტიურ მონაწილეობას ან იმგვარ ფუნქციურ წვლილს, რაც აუცილებელია ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების თანაამსრულებლობის დასადგენად.

ü მსჯავრდებულ ი. ვ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. პ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ ობიექტური, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: დაცვის მხარის მოსაზრებით, ი. ვ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მტკიცებულებათა არასწორ შეფასებას და ემყარება წინააღმდეგობრივ ჩვენებებს; საქმეში არ წარმოდგენილა ერთმანეთთან შეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა ი. ვ-ს ბრალეულობას; სასამართლომ განაჩენი დააფუძნა ბრალდების მხარის დაუსაბუთებელ ვარაუდს და ეჭვი არ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.

ü სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის ცვლილებას, კერძოდ: ყველა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობას გამამართლებელ ნაწილში − საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: პროკურორის პოზიციით, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის, დაზარალებულისა და მოწმეების თავდაპირველი განმარტებები, 112-ში შესული შეტყობინება, გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მონაცემები და ის გარემოებები, რომლებიც, ბრალდების მხარის აზრით, ადასტურებდა დაზარალებულისაგან ფულადი თანხის მოთხოვნას, „ქურდული სამყაროსთვის“ თანხის გადაცემის მოთხოვნის მოტივს და ძალადობის გამოყენების მუქარით გამოძალვის ფაქტს.

7. მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები − დ. მ. და მ. ბ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილით, კანონიერი და დასაბუთებულია. დაცვის მხარე აგრეთვე მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილით, განაჩენი უკანონოა და ამ საკითხზე წარმოდგენილი აქვთ საკასაციო საჩივარი.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, როგორც მსჯავრდებულ ფ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ს, მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების − დ. მ-სა და მ. ბ-ს, მსჯავრდებულ ი. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-ს, ასევე – ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივრების მოთხოვნას, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, სააპელაციო პალატამ ამომწურავად და დეტალურად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება და მხარეთა არგუმენტებს გასცა დასაბუთებული პასუხები.

12. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მსჯავრდებულების მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:

13. საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა გ. მ-მა და მოწმე ა. გ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოში აღარ დაადასტურეს გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმებში მიწოდებული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი. მოგვიანებით, განსახილველ საქმეზე მათ მიმართ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენები. შემდეგ, ბრალდების მხარის შუამდგომლობების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე და 297-ე მუხლების შესაბამისად, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, ორივე მათგანი სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით ხელახლა დაიკითხა.

14. დაზარალებულმა გ. მ-მა სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით ხელახლა დაკითხვისას, კვლავ დაადასტურა ჯანმრთელობის დაზიანების ეპიზოდის ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები: შემთხვევის ადგილზე ხუთივე მსჯავრდებულის ყოფნა, ფ. ი.ს მიერ მისგან ... მყოფი ძმის ტელეფონის ნომრის მოთხოვნა, ფ. ი.ს მიერ თანმხლები პირებისათვის მისი ცემისკენ მოწოდება, მისი წაქცევა და ორივე მხრიდან არაერთი ხელისა და ფეხის დარტყმის მიღება. დაზარალებულის განმარტებით, სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული და ამიტომ კონკრეტულად ვერ ხედავდა, ვინ რომელ დარტყმას აყენებდა.

15. მართალია, დაზარალებულმა სახეზე აფარებული ხელების გამო, ვერ დაინახა, თუ კონკრეტულად ვინ აყენებდა დაზიანებებს, მაგრამ შემთხვევის ადგილზე მყოფმა უშუალო თვითმხილველმა პირმა, მოწმე ა. გ-მ დაადასტურა, რომ მის ცემაში ხუთივე პირი მონაწილეობდა. მოწმემ პირდაპირ დაადასტურა, რომ ფ. ი., ა. ა., ა. მ., ი. ვ. და ფ. გ. ერთობლივად დაესხნენ თავს გ. მ-ს და სხეულის სხვადასხვა არეში ხელებსა და ფეხებს ურტყამდნენ. მოწმის განმარტებით, იგი მათ ცემის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, თუმცა ძალადობა არ შეწყვიტეს, რის გამოც, დაზარალებულს დაცვის მიზნით, ზემოდან გადაეფარა.

16. ამრიგად, თითოეული მსჯავრდებულის მონაწილეობა დანაშაულის ობიექტური მხარის განხორციელებაში დასტურდება არა მხოლოდ შემთხვევის ადგილზე მათი ყოფნითა, არამედ – ა. გ.ს პირდაპირი ჩვენებითაც, რომლის მიხედვით, ყველა მათგანი უშუალოდ მონაწილეობდა გ. მ-ს მიმართ ერთიან ძალადობრივ ქმედებაში.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ, ვინაიდან დაზარალებულს სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული და უშუალოდ ვერ ხედავდა, კონკრეტულად რომელი პირი რომელ დარტყმას აყენებდა, შეუძლებელია თითოეული მსჯავრდებულის ბრალეულობის დადგენა. ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისას, აუცილებელი არ არის ზუსტად განისაზღვროს, თუ რომელი თანაამსრულებლის კონკრეტულმა ქმედებამ გამოიწვია საბოლოო მძიმე შედეგი. არამედ არსებითია იმ გარემოების დადგენა, რომ თითოეული მათგანი მონაწილეობდა ერთიან ძალადობრივ ქმედებაში, ხოლო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, მათი ერთობლივი მოქმედების შედეგად დადგა.

18. მსჯავრდებულთა საერთო განზრახვასა და ჯგუფურ მოქმედებაზე, მოწმე ა. გ.ს ჩვენებასთან ერთად, დამატებით მიუთითებს განვითარებულ მოვლენათა თანმიმდევრობაც: ისინი ერთობლივად იმყოფებოდნენ მიტოვებული ... ტერიტორიაზე, სადაც ხუთი მსჯავრდებულის, დაზარალებულისა და ა. გ.ს გარდა, სხვა არავინ იყო; ფ. ი-მ დაზარალებულს ძმის ტელეფონის ნომერი მოსთხოვა. დაზარალებულისგან უარის მიღების შემდეგ, ფ. ი-მ თანმხლებ პირებს გ. მ-ს ცემისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც ყველა მსჯავრდებული ჩაერთო ფიზიკურ ძალადობაში და მის ცემას განაგრძობდა, მიუხედავად ა. გ-ს მოთხოვნისა, რომ ძალადობა შეეწყვიტათ.

19. დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის მიერ აღწერილი ძალადობის ხასიათი და ინტენსივობა სრულად შეესაბამება სამედიცინო დოკუმენტაციას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტის ჩვენებას, რომლებითაც დადასტურებულია, რომ გ. მ-ს აღენიშნებოდა მარჯვენა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და მარჯვენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა შემთხვევის თარიღს.

20. დაზარალებულის შემთხვევის შემდგომი მდგომარეობა დადასტურებულია მოწმეების − ჩ. ნ-სა და კ. მ-ს ჩვენებებითაც. ჩ. ნ-მ განმარტა, რომ გ. მ. გვერდის ტკივილს უჩიოდა, შუბლის არეში სიწითლე აღენიშნებოდა და საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა. კ. მ-მა კი საავადმყოფოში ნახა დაზარალებული, რომელსაც სახეზე სისხლის კვალი აღენიშნებოდა, ფეხზე ვერ დგებოდა, ჰქონდა ნეკნების მოტეხილობა და ესაჭიროებოდა ოპერაცია; მისი განმარტებით, ოპერაციის შემდეგ გ. მ-მ უთხრა, რომ ნაცემი იყო. მოწმე აიაზ საფაროვმა განმარტა, რომ დაზარალებულმა მოგვიანებით უთხრა, რომ იგი ოთხმა-ხუთმა პირმა სცემა და მონაწილეთა შორის ფ. ი. და ა. ა.დაასახელა.

21. დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გარემოებებს ადასტურებს დანაშაულის 2022 წლის 20 იანვრის №... შეტყობინება. შეტყობინების ავტორი კ. მ. მიუთითებდა, რომ დაზარალებული რამდენიმე პირმა სცემა, მას ჰქონდა ნეკნების მოტეხილობა, უჭირდა სუნთქვა და ესაჭიროებოდა ოპერაცია, ხოლო თავდამსხმელთა რაოდენობად სამი-ოთხი პირი იყო დასახელებული. ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ შეტყობინებაში მონაწილე მამაკაცის ხმა ნამდვილად კ. მ-ს ეკუთვნოდა.

22. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ განაჩენში განმარტა, რომ გ. მ-სა და ა. გ-ს მიმართ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები წარმოადგენდა მნიშვნელოვან ახალ გარემოებას. ამასთან, აღნიშნული განაჩენების არსებობა და მათ საფუძველზე, დაზარალებულისა და მოწმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა დაკითხვა არ გულისხმობდა მათ მიერ ხელახლა მიცემული ჩვენებების უპირობო გაზიარებას. სააპელაციო პალატამ მათი ჩვენებების სანდოობა შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოში ინფორმაციის შეცვლის მიზეზების, მხარეთა შერიგების გარემოებებისა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით.

23. სააპელაციო პალატამ დეტალურად შეაფასა დაზარალებულ გ. მ-სა და მოწმე ა. გ-ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზეზები. გ. მ-ს შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ არსებითი მნიშვნელობა მიანიჭა მისივე განმარტებას, რომ ბრალდებულებთან შერიგებული იყო, მათთან ურთიერთობა გააგრძელა და მათ შერიგებაში არაერთი პირი მონაწილეობდა. აღნიშნული გარემოებები, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული სხვა პირების მიერ დადასტურებულ შერიგებისა და სოფლის უხუცესთა ჩარევასთან ერთობლივად, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზეზების შეფასებისას.

24. ა. გ-მ ჩვენების შეცვლის მიზეზად, სააპელაციო სასამართლოში განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ფაქტები სოფლის უხუცესთა ჩარევის გამო დაამახინჯა. მისი ჩვენებით, სოფლის უხუცესები მხარეთა შერიგების პროცესში ჩაერთნენ, დაპირისპირებული პირების შერიგებას დაჰპირდნენ და მას ჩვენების შეცვლა სთხოვეს. ა. გ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის შეცვლა, სწორედ აღნიშნულ გარემოებებსა და მხარეთა მოსალოდნელ შერიგებას დაუკავშირა, რის გამოც, პირველი ინსტანციის სასამართლოში აღარ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია.

25. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩვენებების შეცვლის განმაპირობებელ გარემოებებად მართებულად შეაფასა მხარეთა შერიგება და ამ პროცესში სოფლის უხუცესებისა და სხვა პირთა ჩარევა. ამასთან, სააპელაციო პალატამ დაზარალებულ გ. მ-სა და მოწმე ა. გ.ს სააპელაციო ჩვენებები უპირობოდ არ გაიზიარა და მათი სანდოობა გადაამოწმა როგორც ერთმანეთთან, ისე − საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების გზით. საკასაციო სასამართლოს შეფასებითაც, აღნიშნული გარემოებები მიანიშნებს შერიგების პროცესში ჩართულ პირთა არაფორმალურ გავლენაზე და ბრალდებულთა პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ან შემსუბუქებისკენ მიმართულ ინტერესზე.

26. საბოლოოდ, დაზარალებულ გ. მ-სა და მოწმე ა. გ-ს მიერ სააპელაციო პალატაში მოწმის სახით მიცემული ჩვენებები, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, სააპელაციო პალატამ შეაფასა, როგორც ურთიერთშეთანხმებული, თანმიმდევრული და დამაჯერებელი მტკიცებულებები. ეს ჩვენებები კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, უშუალოდ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად. სასამართლომ თითოეულე მტკიცებულება შეაფასა, როგორც ინდივიდუალურად, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, მისი რელევანტურობის, სარწმუნოობისა და მტკიცების საგანთან შესაბამისობის გათვალისწინებით. დაზარალებულის ჩვენება შემთხვევის ადგილზე მსჯავრდებულების ყოფნის, ფ. ი-ს მიერ მისი ცემისკენ მოწოდების, მისი წაქცევისა და სხეულის სხვადასხვა არეში არაერთი დარტყმის მიღების შესახებ, სრულად თანხვდენილია მოწმე ა. გ-ს, როგორც შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირის ჩვენებასთან, სამედიცინო დოკუმენტაციასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტის განმარტებებთან, ასევე, შემთხვევის შემდგომი ვითარების შესახებ სხვა მოწმეთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და 112-ში განხორციელებული შეტყობინების შინაარსთან. საქმეზე წარმოდგენილი ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და განვითარებულ მოვლენათა თანმიმდევრობა, ძალადობის ხასიათი და თითოეული მსჯავრდებულის აქტიური მოქმედება, ადასტურებს მათ საერთო განზრახვასა და ჯგუფურ თანაამსრულებლობას. შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება, მსჯავრდებულთა მიერ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენის ფაქტი.

27. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას ი. ვ-ს, ფ. ი.ს, ა. ა-ს, ა. მ-სა და ფ. გ.ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ.

28. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქმეზე დაკითხულ პირთა, მათ შორის, დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით, უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დგინდება, თანხის გამოძალვის ფაქტი. როგორც დაზარალებულის, ისე თვითმხილველი მოწმე ა. გ.ს ჩვენებების მიხედვით, საუბარი შეეხებოდა ... მყოფი დაზარალებულის ძმის ტელეფონის ნომრის მოძიებასა და მასთან დაკავშირებას იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელს ვალი ჰქონდა გადასახდელი. ამასთან, საქმის მასალებით არ არის დადგენილი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა სავარაუდო ვალთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები, კერძოდ, მისი წარმოშობის სამართლებრივი ან ფაქტობრივი საფუძველი, კრედიტორის ვინაობა, თანხის მიმღები პირი. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ თანხა მოთხოვნილი იყო ი. ვ-ს, ფ. ი.ს, ა. ა-ს, ა. მ-სა და ფ. გ.ს სასარგებლოდ ან ქურდული მენტალიტეტიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე ე.წ. „ქურდული სამყაროსთვის“. ვინაიდან ბრალდების აღნიშნული ნაწილით, საქმეში არ მოიპოვება საკმარის, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ მსჯავრდებულებმა ჯგუფურად მოსთხოვეს დაზარალებულს ან მის ახლო ნათესავს კონკრეტული ქონებრივი სიკეთის გადაცემა და აღნიშნულ მოთხოვნას დაუკავშირეს ძალადობის გამოყენების მუქარა, ბრალდების მხარის მოსაზრება წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რის გამოც, სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით წარმოშობილი ეჭვი, კანონიერად გადაწყვიტა ბრალდებულების სასარგებლოდ. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით განსაზღვრული გამოძალვა დამოუკიდებელი დანაშაულებია და თითოეული მათგანის შემადგენლობა, ცალ-ცალკე უნდა დადასტურდეს. ის გარემოება, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია დაზარალებულის მიმართ ჯგუფური ძალადობის დასადგენად, იმთავითვე ვერ ადასტურებს გამოძალვის ფაქტსაც.

29. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

31. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ფ. ი.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ს, მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების − დ. მ-სა და მ. ბ-ს, მსჯავრდებულ ი. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-ს, ასევე – ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე