შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100125010842643
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №292აპ-26 18 სექტემბერი, 2026 წელი
მ-ი გ., №292აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, მსჯავრდებულების გ. მ–ისა და ე. ვ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ტ. კ–ისა და ა–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მარტის განაჩენზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. მ–ი (პირადი ნომერი: ...................) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის „ბ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჯგუფურად, ორი ან ორზე მეტი პირისა) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო ე. ვ–ი (პირადი ნომერი: ...................) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჯგუფურად, ორი ან ორზე მეტი პირისა) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარება, ჩადენილი ჯგუფურად), რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. გ. მ–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული, ორივე ლულიდან სროლისათვის ვარგისი, ქარხნული წესით დამზადებული „TO3-63“ მოდელის, 16 კალიბრის ორლულიანი, გლუვლულიანი გრძელი თოფი, რომელსაც დამოკლებული აქვს ლულა და კონდახი და არის გადაჭრილი თოფი. ზემოაღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს გ. მ–ი ე. ვ–თან ერთად ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა 2024 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ...................ა-სა და მ......... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ე. ვ–ის კუთვნილი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით ......), რომლიდანაც გასროლით მოკლეს ტ. ვ–ი.
გ. მ–მა და ე. ვ–მა განიზრახეს ტ. ვ–ის, ა–ის, ს–ნის, დ–ნის, ე. ხ–ისა და ლ–-ის ჯგუფურად მოკვლა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2024 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, გ. მ–ი და ე. ვ–ი ამ უკანასკნელის კუთვნილი „ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით: ......) მივიდნენ ...................ა-ში მდებარე ფანჩატურთან, სადაც იმყოფებოდნენ ტ. ვ–ი, ა–ი, ს–ნი, დ–ნი, ე. ხ–ი და ლ–-ე, რა დროსაც გ. მ–მა ავტომანქანიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ და ე. ვ–თან ერთად მოძრაობა განაგრძო მ......... ქუჩის მიმართულებით. გ. მ–სა და ე. ვ–ს გამოედევნენ ტ. ვ–ი და მასთან ერთად მყოფი ზემოაღნიშნული პირები, რა დროსაც მ......... ქუჩაზე გადაადგილებისას, სროლისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად ე. ვ–მა შეამცირა მოძრაობის სიჩქარე, ხოლო გ. მ–მა ტ. ვ–ის, ა–ის, ს–ნის, დ–ნის, ე. ხ–ის და ლ–-ის ჯგუფურად განზრახ მოკვლის მიზნით, ავტომანქანის უკანა მარცხენა მხრიდან გაისროლა თოფიდან, რის შემდეგაც ე. ვ–თან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ. მ–ის მიერ თოფიდან გასროლილი ტყვიები მუცლისა და საზარდულის არეში მოხვდა ტ. ვ–ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ხოლო ზემოაღნიშნულმა პირებმა ა–ის, ს–ნის, დ–ნის, ე. ხ–ისა და ლ–-ის მკვლელობის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 ივნისის განაჩენით:
ე. ვ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებიდან, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე.
ე. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ე. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ე. ვ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე.
გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 5 წლით აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 5 წლით აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გ. მ–ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, გ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 5 წლით აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.2.1. 2024 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, გ. მ–ი, ე. ვ–თან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი „ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით: ......) მივიდა ....ა-ში მდებარე ფანჩატურთან, სადაც იმყოფებოდნენ ტ. ვ–ი, ა–ი, ს–ნი, დ–ნი, ე. ხ–ი და ლ–-ე, რა დროსაც გ. მ–მა ავტომანქანიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტ. ვ–ს, რომელთანაც მანამდე ჰქონდა კონფლიქტი და ავტომანქანით მოძრაობა განაგრძეს მ.... ქუჩის მიმართულებით. გ. მ–ს გამოედევნა ტ. ვ–ი, რა დროსაც მ.. ქუჩაზე გასვლის შემდეგ გ. მ–მა ავტომანქანის უკანა მარცხენა მხრიდან გადაჭრილი თოფიდან გაისროლა ტ. ვ–ის მიმართულებით, რის შემდეგაც ე. ვ–თან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ. მ–ის მიერ თოფიდან გასროლილი ტყვიები მუცლისა და საზარდულის არეში მოხვდა ტ. ვ–ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
გ. მ–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული, ორივე ლულიდან სროლისათვის ვარგისი, ქარხნული წესით დამზადებული „TO3-63“ მოდელის, 16 კალიბრის ორლულიანი, გლუვლულიანი სანადირო თოფი, რომელსაც გადაჭრილი ჰქონდა ლულა და კონდახი. ზემოაღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს გ. მ–ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა 2024 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, .......ა-ს და მ......... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ე. ვ–ის კუთვნილი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით.
2.2.2. 2024 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, გ. მ–ი ე. ვ–თან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი „ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით ......) მივიდა ქ. ......-ში მდებარე ფანჩატურთან, სადაც იმყოფებოდნენ ტ. ვ–ი, ა–ი, ს–ნი, დ–ნი, ე. ხ–ი და ლ–-ე, რა დროსაც გ. მ–მა ავტომანქანიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტ. ვ–ს, რომელთანაც მანამდე ჰქონდა კონფლიქტი და ავტომანქანით მოძრაობა განაგრძეს მ......... ქუჩის მიმართულებით. გ. მ–ს და ე. ვ–ს გამოედევნა ტ. ვ–ი, რა დროსაც მ......... ქუჩაზე გადაადგილებისას, გ. მ–მა ავტომანქანის უკანა მარცხენა მხრიდან თოფიდან გაისროლა ტ. ვ–ის მიმართულებით, რის შემდეგაც ე. ვ–თან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ. მ–ის მიერ თოფიდან გასროლილი ტყვიები მუცლისა და საზარდულის არეში მოხვდა ტ. ვ–ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ე. ვ–მა იცოდა რა, რომ გ. მ–ის მიერ ჩადენილი იყო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშულები აღნიშნულის შესახებ არ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებში.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. მ–ისა და ე. ვ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მათთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, გ. ბ–ემ და მსჯავრდებულ ე. ვ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ვ. მ–ა. გ. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ–ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, გ. მ–ისათვის დანიშნული სასჯელის შემცირება, ხოლო მსჯავრდებულ ე. ვ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. მ–ა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ე. ვ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მარტის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
გ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.
გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ბ“ და „ი“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ბ“ და „ი“ ქვეპუნქტებით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 5 (ხუთი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გ. მ–ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, გ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 5 წლით აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ე. ვ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ლ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით.
ე. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ვ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 5 წლით აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
3.2. 2026 წლის 3 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების გ. მ–სა და ე. ვ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ტ. კ–ემ და ა–მა, რომლებმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვეს გ. მ–ის ქმედებების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ხოლო ე. ვ–ის უდანაშაულოდ ცნობა.
4. კასატორთა პოზიციები:
4.1. კასატორთა პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ გ. მ–ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა, ხოლო ე. ვ–ის მიმართ საქმეზე არ არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო. დაცვის მხარის განმარტებით, მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურებულა, გ. მ–ისა და ე. ვ–ის მიმართ მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჯგუფურად ჩადენის ფაქტი, ასევე ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მოწმეთა მათ შორის, დაზარალებულთა ჩვენებებით, უტყუარად არ დადასტურდა, რომ გ. მ–ის მიერ სროლისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებობდნენ სხვა პირებიც, ასევე ის გარემოება, რომ ე. ვ–მა იცოდა გ. მ–ის განზრახვის თაობაზე. ამ მხრივ, დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს ე. ვ–ის მეუღლის ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ ე. ვ–ი ძალით გაჰყვა გ. მ–ს და მხოლოდ იმიტომ, რომ გ. მ–ს სხვა მძღოლმა უარი უთხრა წაყვანაზე. დაცვის მხარის განმარტებით, გ. მ–ის მიზანი იყო ტ. ვ–ის ჯანმრთელობის დაზიანება და არა მისი მოკვლა, რასაც ადასტურებს მის მიერ განხორციელებული მხოლოდ ერთი გასროლა, მაშინ როდესაც შეეძლო განმეორებითაც ესროლა. ასევე, გ. მ–ის, რ. ვ–ისა და ე. ვ–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ამ უკანასკნელმა არაფერი იცოდა გრანიკ მ.........--ის მიერ იარაღის ფლობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარეს ამის საპირისპირო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მათი ჩვენებები და იარაღის ზომაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მხოლოდ ვარაუდის საფუძველს ქმნის. ამასთან, შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ე. ვ–ი ფლობდა ინფორმაციას იარაღის ვარგისიანობის შესახებ, რაც დაცვის მხარის პოზიციით გამორიცხავს იარაღის შენახვა, ტარებისათვის პირის მსჯავრდებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების გ. მ–ისა და ე. ვ–ის ინტერესების დამცველების, ადვოკატების ტ. კ–ისა და ა–ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
5.2. საკასაციო სასამართლოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია გ. მ–ისა და ე. ვ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილია ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
5.3. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ბრალდების მხარეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საჩივარი არ წარმოუდგენია. საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია დაცვის მხარის მიერ, რომელიც ითხოვს გ. მ–ის მიერ განხორციელებული ქმედებების კვალიფიკაციას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, ხოლო ე. ვ–ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედებების კვალიფიკაცია, ასევე იმის განსაზღვრა მსჯავრდებულები მოქმედებდნენ ერთობლივად, საერთო მიზნითა და განზრახვით, თუ გ. მ–ი მოქმედებდა დამოუკიდებლად.
5.4. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ 2024 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, გ. მ–ი, ე. ვ–თან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი „ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით ......) მივიდა ......-ში მდებარე ფანჩატურთან, სადაც იმყოფებოდნენ ტ. ვ–ი, ა–ი, ს–ნი, დ–ნი, ე. ხ–ი და ლ–ე, რა დროსაც გ. მ–მა ავტომანქანიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტ. ვ–ს, რომელთანაც მანამდე ჰქონდა კონფლიქტი და ავტომანქანით მოძრაობა განაგრძეს მ..... ქუჩის მიმართულებით. გ. მ–ს გამოედევნა ტ. ვ–ი, რა დროსაც მ.... ქუჩაზე გასვლის შემდეგ გ. მ–მა ავტომანქანის უკანა მარცხენა მხრიდან გადაჭრილი თოფიდან გაისროლა ტ. ვ–ის მიმართულებით, რის შემდეგაც ე. ვ–თან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ. მ–ის მიერ თოფიდან გასროლილი ტყვიები მუცლისა და საზარდულის არეში მოხვდა ტ. ვ–ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. სადავო გარემოებას, ასევე არ წარმოადგენს, რომ გ. მ–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული, ორივე ლულიდან სროლისათვის ვარგისი, ქარხნული წესით დამზადებული „TO3-63“ მოდელის, 16 კალიბრის ორლულიანი, გლუვლულიანი სანადირო თოფი, რომელსაც გადაჭრილი ჰქონდა ლულა და კონდახი და რომ ზემოხსენებულ ცეცხლსასროლ იარაღს გ. მ–ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა 2024 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ....-სა და მ.... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ე. ვ–ის კუთვნილი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით.
5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, თვითმხილველ მოწმეთა – ა–ის, ს–ნის, დ–ნის, ე. ხ–ისა და ლ–-ის, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი ჩვენებები, სადაც დეტალურად არის გადმოცემული 2024 წლის 21 ოქტომბრის, ღამით განვითარებული მოვლენები.
5.6. ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ გ. მ–სა და ტ. ვ–ს შორის კონფლიქტი დაიწყო წინა დღეებში, მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც გ. მ–მა ავტომანქანიდან, რომელსაც მართავდა ე. ვ–ი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტ. ვ–ს და დაზარალებული გაეკიდა მას, ავტომანქანიდან მოჰყვა გასროლა. მოწმეებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ გ. მ–მა ტ. ვ–ის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნიდან გაისროლა ე. ვ–ის ავტომანქანის უკანა მარცხენა სავარძლიდან, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დაეცა და ითხოვდა დახმარებას. მოწმეებმა ასევე მიუთითეს, რომ კუთვნილ ავტომობილს მართავდა ე. ვ–ი. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ისინი იცნობდნენ, როგორც გარდაცვლილს, ასევე გ. მ–სა და ე. ვ–ს, ვინაიდან ყველანი ერთ უბანში ცხოვრობდნენ.
5.7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშულ მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია კონფლიქტის დაწყების, განვითარების, გ. მ–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნიდან გასროლისა და შემთხვევის ადგილის დატოვების ფაქტებთან მიმართებით. მოწმეებმა თანმიმდევრულად აღწერეს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები. მათი ჩვენებებითა და საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე ვიდეოჩანაწერით ცალსახად დასტურდება გ. მ–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნიდან ტ. ვ–ის მისამართით გასროლა. მოწმეთა ჩვენებები ასევე გამყარებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც ადასტურებს შემთხვევის ადგილზე კონფლიქტის არსებობას და სროლის შედეგად, ტ. ვ–ის გარდაცვალებას.
5.8. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მოწმეთა ჩვენებები შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობას და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. ამდენად, საკასაციო პალატის დასკვნით, საქმეში არსებული პირდაპირი და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია მსჯავრდებულ გ. მ–ისა და ე. ვ–ის ქმედებებთან – დადგენილია სწორად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებსა და შესაბამისად, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებებს არ მიეცა ზუსტი სამართლებრივი შეფასება.
5.9. დაცვის მხარის პოზიციის თანახმად, გ. მ–ს ტ. ვ–ის მოკვლის განზრახვა არ ამოძრავებდა, აღნიშნულს კი, ადასტურებს მისი მხრიდან ერთხელ გასროლა, ისიც ფეხების მიმართულებით. ასევე დაცვის მხარე ე. ვ–თან მიმართებით, მიუთითებს, რომ ე. ვ–ისთვის უცნობი იყო გ. მ–ის განზრახვა, ასევე მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის თან ქონის ფაქტი, რაც გამორიცხავს ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა/შენახვა/ტარებას ჯგუფურად.
5.10. საქართველოს უზენაესი სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა და მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის №142აპ-13 განაჩენი).
5.11. ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად კი აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნების კომპონენტები. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 განაჩენი).
5.12. სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობას/მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 განაჩენი).
5.13. განზრახვის დასადგენად, იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარე გ. მ–ის მოკვლის განზრახვის არ არსებობის დასადასტურებლად მიუთითებს გასროლის ერთჯერად ხასიათზე, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 3 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის №...... დასკვნას, რომლის თანახმად, ტ. ვ–ის გვამზე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: მრავლობითი ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობები, შესავალი ხვრელებით მუცლის წინა ზედაპირზე ცენტრალურად, შუა და ქვედა მესამედებში, ორმხრივ საზარდულისა და ბოქვენის არეში, ტერფის ძირიდან 79სმ-დან 102სმ შუალედში. ჭრილობების არხების მიმართულებით: წინიდან-უკან (ჭრილობების არხების სიგრძის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან, სამედიცინო ჩარევის გამო, შეცვლილია მათი პირვანდელი მორფოლოგიური სურათი), კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების დაზიანებით, შემავალი მუცლის ღრუში - წვრილი და მსხვილი ნაწლავების, კუჭის, შარდის ბუშტის, ბარძაყის ვენის დაზიანებით, ვრცელი დიფუზური მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები რეტროპერიტონეუმში და შარდის ბუშტის ირგვლივ, უპირატესად მარჯვნივ. გვამის გამოკვლევით მუცლის ღრუში 300მლ-მდე სისხლი და სისხლის კოლტები (სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით მუცლის ღრუში სისხლი და ნაწლავის შიგთავსი დაახლოებით 2000მლ). დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების (საფანტის) მოქმედების შედეგად, ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ტ. ვ–ის სიკვდილის მიზეზია სისხლნაკლებობა, მრავლობითი ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობებით დაზიანებული მარჯვენა ბარძაყის ვენიდან და შინაგანი ორგანოებიდან განვითარებული სისხლდენის შედეგად, ვრცელი დიფუზური სისხლჩაქცევებით რეტროპერიტონეუმში და შარდის ბუშტის ირგვლივ. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან. სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, საფანტის გაფანტული მოქმედების ზონაში. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა თეიმურაზ ქამუშაძემ და დამატებით განმარტა, რომ დაზარალებულს მუცლის ღრუში – წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, კუჭში, შარდის ბუშტში და ღვიძლში ჰქონდა შემავალი ჭრილობები. ასევე დაზიანებული ჰქონდა ბარძაყის ვენა. მისი გარდაცვალების მიზეზი იყო მწვავე სისხლნაკლებობა, გვამი თითქმის დაცლილი იყო სისხლისგან.
5.14. ამდენად, ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით ნათელია, რომ დაზარალებულის მიმართ სროლა ნაწარმოები არ იყო მხოლოდ ფეხების მიმართულებით, ვინაიდან დაზარალებულს მუცლის ღრუში – წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, კუჭში, შარდის ბუშტსა და ღვიძლში ჰქონდა შემავალი ჭრილობები. ამასთან, გასათვალისწინებელია გამოყენებული ჭურვის სახეობა – საფანტი, რომლის სროლისას საჭირო არაა მილიმეტრული სიზუსტე, ვინაიდან ჭურვის ეს სახეობა ფარავს გარკვეულ რადიუსს და სამიზნეს ხვდება არა ერთი, არამედ რამდენიმე ბურთულა და იწვევს მრავლობით დაზიანებებს, რაც კიდევ ერთხელ ცალსახად მიუთითებს მსჯავრდებულის განზრახვაზე მოეკლა დაზარალებული – ტ. ვ–ი.
5.15. გარდა ამისა, გ. მ–ის ქმედების მიზანმიმართულობისა და განზრახვის დასადგენად, განსაკუთრებით საყურადღებოა მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც დგინდება მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის არსებული ურთიერთობა როგორც უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის პროცესში, ისე – მანამდე. გამოკვლეული მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებებით) დადგენილია, რომ გ. მ–ს დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულ ტ. ვ–თან, არა მხოლოდ შემთხვევის დღეს, არამედ – წინა დღეებშიც. ასევე დასტურდება, რომ დაზარალებულსა და გ. მ–ს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რის გამოც მოგვიანებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გ. მ–მა ტ. ვ–ს. ამდენად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ, დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებათა რაოდენობას, მათ ლოკალიზაციასა და შედეგს, დანაშაულის საგანს, აგრეთვე, ითვალისწინებს დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის არსებულ წინარე კონფლიქტურ ურთიერთობას, მსჯავრდებულის ქცევას და დადასტურებულად მიაჩნია გ. მ–ის განზრახი ქმედება ტ. ვ–ის მოკვლის მიზნით.
5.16. რაც შეეხება კასატორების მიერ საკასაციო საჩივარში მოხმობილ არგუმენტებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზით სრულიად საპირისპირო გარემოებები იქნა დადასტურებული. გ. მ–ის მოქმედებები წინასწარ დაგეგმილი, გააზრებული და მიზანმიმართული იყო, რასაც ადასტურებს შემთხვევის ადგილზე შეიარაღებული მისვლა და დროის გარკვეული პერიოდით დაზარალებულის ლოდინი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია გ. მ–ის განზრახვა მოეკლა ტ. ვ–ი.
5.17. საკასაციო სასამართლო, ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ე. ვ–ის უდანაშაულობის თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე არ გვაქვს განზრახ მკვლელობის მაკვალიფიცირებელი გარემოება, ქმედების ჩადენა ჯგუფურად. ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას მოიცავს საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლი, რომელიც ჩამოთვლის ჯგუფის სახეებს, კერძოდ: ა) წინასწარ შეუთანხმებლად; ბ) წინასწარი შეთანხმებით; გ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმისათვის, რომ დანაშაული ჯგუფურად ჩადენილად ჩაითვალოს აუცილებელია, მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდეს ორი ან მეტი ამსრულებელი.
5.18. საქართველოს სსკ-ის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში, აგრეთვე ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა სხვა ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც ამ კოდექსის მიხედვით ასაკის, შეურაცხაობის ან სხვა გარემოების გამო არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ამსრულებლად ითვლება: ა) პირი, რომელმაც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული; ბ) პირი, რომელიც სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში და გ) პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა სხვა ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც ამ კოდექსის მიხედვით ასაკის, შეურაცხაობის ან სხვა გარემოების გამო არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
5.19. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ 2024 წლის 21 ოქტომბერს, ქ. .....ა-ში მდებარე ფანჩატურთან, სადაც იმყოფებოდნენ ტ. ვ–ი, ა–ი, ს–ნი, დ–ნი, ე. ხ–ი და ლ–-ე. ამავე ტერიტორიაზე იმყოფეფოდნენ გ. მ–ი და ე. ვ–ი ამ უკანასკნელის ავტომანქანით, რომელსაც ე. ვ–ი მართავდა. ისინი გარკვეული დროის მანძილზე იცდიდნენ, მოგვიანებით კი, გ. მ–მა ავტომანქანიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტ. ვ–ს, რის შემდეგაც ე. ვ–მა მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, მოძრაობა გააგრძელა მ.. ქუჩის მიმართულებით. სწორედ ამ დროს გ. მ–მა, ამ უკანასკნელის თვალთახედვის არეში ყოფნისას ცეცხლსასროლი იარაღი მოიყვანა მზადყოფნაში და გაისროლა ტ. ვ–ის მიმართულებით.
5.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის დარგში განვითარებული ფუნქციონალური თეორიის თანახმად, პასუხისმგებლობა (როგორც თანაამსრულებელს) ასევე ეკისრება იმ პირსაც, რომელსაც თუმცა უშუალოდ მონაწილეობა არ მიუღია ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელებაში, მაგრამ ფუნქციონალურად დაკავშირებული იყო ქმედების შემადგენლობის განხორციელების უშუალო პროცესთან და უშუალოდ იყო ჩართული მის მიმდინარეობაში (იხ.: ტურავა მ., სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მეცხრე გამოცემა, გამომც. მერიდიანი, თბილისი, 2013, 337). ამდენად, ვინაიდან დადგენილია, რომ ე. ვ–ი ფუნქციურად დაკავშირებული იყო ქმედების შემადგენლობის განხორციელების უშუალო პროცესთან (უშუალოდ იყო ჩართული მის მიმდინარეობაში) – თანაამსრულებელი ავტომანქანით მიიყვანა შემთხვევის ადგილზე, ელოდებოდნენ დაზარალებულს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანიდან მოხდა გასროლა, და შესაბამისად, მისი და მისი ავტომანქანის გარეშე გ. მ–ს გაუძნელდებოდა დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელება და დასრულება (შემთხვევის ადგილზე მისვლა და ტ. ვ–ისთვის სროლა), მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, როგორც განზრახ მკვლელობის თანაამსრულებელს. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა ე. ვ–ის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, რომელმაც არათუ საშუალება მისცა გ. მ–ს დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი, არამედ მისი კუთვნილი და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი გადასცა მას. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებები ეჭვგარეშე ადასტურებს, რომ გ. მ–ი და ე. ვ–ი მოცემული დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდნენ ერთობლივად და მათი ქმედებები ერთი დანაშაულის ჩადენისაკენ იყო მიმართული, ხოლო ის გარემოება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ე. ვ–ის მიერ ტ. ვ–თან ან დაზარალებულად ცნობილ სხვა პირებთან კონფლიქტის არსებობა, ავტომატურად არ გამორიცხავს დანაშაულის ჯგუფის მიერ ჩადენას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. მ–მა და ე. ვ–მა პასუხი უნდა აგონ ჯგუფურად განხორციელებული ქმედებებისთვის.
5.21. რაც შეეხება, დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ კვალიფიკაციას, ქმედების ჩადენას ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას. ვიდეოჩანაწერის დეტალურად შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. მ–მა ტ. ვ–ის მისამართით გაისროლა დამიზნებით და უშუალოდ სროლის მომენტში, შემთხვევის ადგილზე სხვა პირები არ იმყოფებოდნენ, სახეზე არ გვაქვს მკვლელობის მაკვალიფიცირებელი გარემოება ქმედების ჩადენა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნულზე ასევე მიუთითებს, გ. მ–ის მხრიდან გასროლა არა უშუალოდ ფანჩატურთან, სადაც ასევე იმყოფებოდნენ სხვა პირები, არამედ მოგვიანებით, დადევნებისას. ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ობიექტურად შეუძლებელი იყო მიმავალი ავტომობილიდან გ. მ–ს წამის მეასედებში დაენახა ტ. ვ–ის კვალდაკვალ მიმავალი პირები მათ შორის დ–ნი, რომელსაც გასროლის მომენტში მოსახვევში მხოლოდ ფეხი აქვს შედგმული და შემთხვევის ადგილზე სრულად მას შემდეგ ჩნდება, რაც დაზარალებული ეცემა და ავტომობილი შემთხვევის ადგილს ტოვებს.
5.22. ამდენად, ზემოთგანხილული მტკიცებულებების (თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნების, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების) მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია გ. მ–ისა და ე. ვ–ის მიერ, განზრახ მკვლელობის ჩადენა ჯგუფურად – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტითა ასევე, გ. მ–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა და ტარება ჯგუფურად, ხოლო ე. ვ–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა და ტარება ჯგუფურად – დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
5.23. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. მ–სა და ე. ვ–ს ბრალად წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტები (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჯგუფურად, ორი ან ორზე მეტი პირისა) და შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გ. მ–ისა და ე. ვ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება და კვალიფიკაცია განზრახ მკვლელობის ეპიზოდში მოიცავს დამდგარ შედეგს – ტ. ვ–ის გარდაცვალებას, მკვლელობის ნაწილში მათი ქმედების კვალიფიკაცია დამდგარი შედეგით შეუძლებელია, ვინაიდან ბრალდების მხარე მსჯავრდებულებს არ ედავება განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში და ედავება მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, გასცდეს ბრალდების ფარგლებს და გააუარესოს პირის სამართლებრივი მდგომარეობა. პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, რის გამოც, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. მ–ს და ე. ვ–ს დამდგარი შედეგის მიუხედავად, საბოლოოდ მსჯავრი უნდა დაედოთ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით. სააპელაციო სასამართლოს მიერ წარდგენილი ბრალდებიდან მე-19 მუხლზე მითითების ამორიცხვა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის პირის მსჯავრდება, არამხოლოდ სცდება წარდგენილი ბრალდების ფარგლებს, არამედ ამძიმებს მსჯავრდებულთა სამართლებრივ მდგომარეობას, იმ მხრივაც, რომ საკანონმდებლო დონეზე სასჯელის შემფარდებელს (მოსამართლეს) აძლევს შესაძლებლობას სასჯელის სახედ და ზომად დანიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა, მაშინ როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაინიშნოს დანაშაულის მომზადებისათვის ან მცდელობისათვის.
5.24. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ. მ–მა და ე. ვ–მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები, რისთვისაც ისინი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.
6. სასჯელის დასაბუთება:
6.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში, რა დროსაც სასამართლო შებოჭილია ვალდებულებით მის მიერ დანიშნული სასჯელი იყოს ეფექტური და პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.3. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
6.4. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.5. სასჯელის დანიშვნისას საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულების პირად და ეკონომიკურ პირობებს, ქმედების მოტივს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მათ როლს, ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ასევე დამდგარ შედეგს, იმ გარემოებას, რომ მათ მიერ ჩადენილია საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის, აგრეთვე, ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე და მძიმე კატეგორიის, განზრახი, მათ შორის, ძალადობრივი დანაშაული, ცეცხლსასროლი იარაღით, რაც მომეტებული საფრთხის მატარებელია, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით სასჯელის ზომად გ. მ–ს უნდა განესაზღვროს – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ე. ვ–ს – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან ორივე მათგანს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროთ – 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6.6. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ. მ–მა დანაშაულები ჩაიდინა განზრახი დანაშაულისთვის შეფარდებული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებულმა შეღავათმა ვერ იქონია სათანადო გავლენა და ვერ განმსჭვალა ის მართლწესრიგის დაცვისაკენ, ამდენად მის მიმართ, ასევე სახეზეა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით რეციდივის გათვალისწინების საფუძველი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. მ–ისა და ე. ვ–ის მიმართ გამოყენებული სასჯელები თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულთა ქმედებების ხასიათსა და საშიშროებასთან, ასევე უზრუნველყოფს მომავალში საზოგადოებაში მათი უსაფრთხო რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნების მიღწევას.
6.7. ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან გ. მ–ის მიერ მისთვის შერაცხილი განზრახი დანაშაულები ჩადენილი იქნა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი და მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით. კერძოდ, განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, რა დროსაც ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულების გ. მ–ისა და ე. ვ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ტ. კ–ისა და ა–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. გ. მ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით;
4. გ. მ–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, 5 წლით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 5 წლით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გ. მ–ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, გ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 5 წლით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
8. მსჯავრდებულ გ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2024 წლის 22 ოქტომბრიდან;
9. ცნობად იქნას მიღებული, რომ გ. მ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;
10. ე. ვ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით;
11. ე. ვ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, 5 წლით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
12. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ვ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 5 წლით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
13. მსჯავრდებულ ე. ვ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2024 წლის 22 ოქტომბრიდან;
14. ცნობად იქნას მიღებული, რომ ე. ვ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;
15. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:
· დისკები შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
· ა–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ს. ა-ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, დ–ნის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ს–ნის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ლ-ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ე. ვ–ის პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ა-ის მობილური ტელეფონი, ტ. ვ–ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პირადი ნივთები და მობილური ტელეფონები, ე. ხ–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, გასაღების ასხმა და მეხსიერების ბარათი, გ. მ–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ჯ. ა-ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, შარვალი, ჟილეტები, სვიტერი, ორი სათვალე, ბინადრობის მოწმობა, სარეგისტრაციო მოწმობა და ე. ვ–ის ავტომანქანა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
· ანაწმენდები, ნერწყვის და სუნის ნიმუშები, იარაღიდან აღებული ანაწმენდები, მოლურჯო ნაჭერი, იარაღის კონდახის მოჭრილი ნაწილი, სიგარეტის ნამწვები, ორი ქაღალდი, მუყაოს კოლოფი, სიგარეტის კოლოფი მასში არსებული სიგარეტის ერთი ღერით, ქაღალდი, რვეული, პარკი, ჭიქები, ორი ქსოვილის ნაჭერი, ორი კალამი, ბოთლები, კონტეინერი, ხუთი ბოთლი სითხით, სიგარეტის კოლოფები და მიკრონაწილაკები, ერთი საფანტის ნაწილაკი, მაგიდის გადასაფარებელი ლაქებით, თმის ღერები, დანა, საფანტის ბურთულები, თმის, ფრჩხილის, ნაცხის, სისხლის და ქსოვილის ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
· გადაჭრილი თოფი გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
16. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
17. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე