გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-833-781-2012 23 ოქტომბერი, 2012 წელი,ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი - სს ,,ე.-პ. ჯ-ა“
წარმომადგენელი - რ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ე. XXI“
წარმომადგენელი - ზ. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს ,,ე. XXI-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,ე.-პ. ჯ-ს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2007 წლის 14 ოქტომბერს სს „ე. XXI-ს“ და სს „ე.-პ. ჯ-ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება ელექტროენერგიის საფასურის ამოღების თაობაზე. ამ შეთანხმების საფუძველზე 2007 წლის 25 ოქტომბერს ჩატარებული ოპერაცია, დაექვემდებარა დღგ-თი დაბეგვრას, კერძოდ, სს „ე.-პ. ჯ-ს“ საგადასახადო მიზნებისთვის წარმოადგენდა დღგ-თი დაბეგვრის ოპერაციას, თუმცა, არ დაბეგრილა, რითაც მან ზიანი მიაყენა სახელმწიფო ბიუჯეტს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სს „ე.-პ. ჯ-მ“ ზიანი მიაყენა ასევე სს „ე. XXI-ს“, რადგან 2007 წლის 25 ოქტომბერს განხორციელებული დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციისათვის მას საგადასახადო ანგარიშფაქტურა უნდა გამოეწერა არა უგვიანეს 2007 წლის 26 ოქტომბრისა, მაგრამ გამოწერა 2008 წლის 31 იანვარს, ამიტომ მოპასუხემ დასაბეგრ ოპერაციად არ მიიჩნია გაწეული მომსახურება, რის გამოც არ იქნა დაბეგრილი დღგ-თი, ხოლო „სს ე. XXI-მ“ ვერ მიიღო და იზარალა 205 932 ლარით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2007 წლის 5 თებერვალს საქართველოს მთავრობას, სს „ს. გ. ს. ე-ის“ (შემდგომში სგსე), შპს „ა. ე-სა“ და „ე. ეი-ეს-ს“ და სს „ე.-პ. ჯ-ს“ შორის დაიდო ჰიდროელექტროსადგურებისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების დასრულების შემდეგ სგსე და აჭარის ენერგოკომპანია აღარ არიან უფლებამოსილი, ამოიღონ მიწოდებული ელქტროენერგიის საფასური. ამავე ხელშეკრულების 5.4 მუხლის თანახმად, დასრულების თარიღის შემდეგ მყიდველის მიერ მიღებული ნაღდი ფული ეკუთვნის მყიდველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი ნაღდი სახსრები მიღებულია შესაბამისი გამყიდველის მიერ დასრულების თარიღამდე გაცემული ანგარიშფაქტურების საფუძველზე, რომელიც, მოქმედი სტანდარტული ბილინგის ციკლის შესაბამისად, დასრულების თარიღამდე მომხმარებლისათვის გაიცა. აღნიშნული მუხლი ცხადყოფს, რომ სს ,,ე.-პ. ჯ-ა“ წარმოადგენს ხელშეკრულების დასრულების თარიღად განსაზღვრული 2007 წლის 29 ივნისის შემდგომ მომხმარებლისაგან მიღებული ფულადი სახსრების მესაკუთრეს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ელექტროენერგიის საფასურის ამოღების თაობაზე 2007 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულების დადებამდე. ამ ხელშეკრულების თანახმად, სს ,,ე. XXI“ უფლებამოსილებას ანიჭებს მოპასუხეს, აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების თარიღამდე სდსე-სა და ა. ე-ის მიერ აბონენტებზე დარიცხული და დაურიცხავი ელექტროენერგიის საფასური ამოიღოს და ამოღებული თანხა სს ,,ე. XXI-ს“ გადასცეს, რის სანაცვლოდაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, სს „ე.-პ. ჯ-ს“ გაწეული მომსახურებისათვის გადაუხადოს მომსახურების საფასური 1350000 ლარი. ამავე ხელშეკრულებით სს „ე.-პ. ჯ-ა“ უბრუნებს სს „ე.-XXI-ს“ ხელშეკრულების დღისათვის ჩარიცხულ თანხას - 9 317 870,01 ლარს. ამრიგად, 25 ოქტომბერს თანხის გადარიცხვით მომსახურების გაწევა კი არ განხორციელდა, არამედ უკვე ამოღებულ თანხაზე - საკუთრების უფლების გაცემა, ანუ ენერგოკომპანიამ ის თანხა, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს უკვე ამოღებული ჰქონდა, ოქტომბერში დაუბრუნა მესაკუთრეს. ამასთან, დადასტურებულია, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის დღისათვის მომხმარებლიდან 9317870,01 ლარი უკვე ამოღებული იყო. 2007 წლის 25 ოქტომბერს კი, მოპასუხემ სს „ე. XXI-ს“ გადაურიცხა აღნიშნული თანხა, რითაც მან განახორციელა საკუთრების უფლების გაცემა. საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით, მომსახურების მიწოდებას არ განეკუთვნება ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც დღგ-ის მიზნებისათვის გულისხმობს ფულზე ან მიწაზე საკუთრების უფლების გადაცემას ან დაქირავებით მუშაობას. ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ თანხის გადარიცხვა არ წარმოადგენს დღგ-თი დასაბეგრ მომსახურებას და არ წარმოშობს საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის ვალდებულებას. იმ შემთხვევაშიც, თუ მივიჩნევთ, ეს ოპერაცია წარმოადგენს დღგ-თი დასაბეგრ ოპერაციას, მოპასუხე არ იყო ვალდებული, გამოეწერა ანგარიშფაქტურა მომსახურების მიმღების მოთხოვნის გარეშე, ასეთი მოთხოვნა კი მოპასუხეს არ მიუღია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „ე.-პ. ჯ-ს“ სს „ე. XXI-ის“ სასარგებლოდ 205 932 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2007 წლის 10 ოქტომბრის №1-3/736 ბრძანებით სს „რ-ის“, სს „გ. კ-ის“, სს „ლ-ის“, სს „შ-ის“, შპს „ა-ის“, სს „ს. გ. ს. ე-ის“, შპს „ა. ე-ის“ შერწყმით შეიქმნა სს „ე. XXI“, რომელიც წარმოადგენს ამ საწარმოების უფლებამონაცვლეს. 2007 წლის 5 თებერვალს საქართველოს მთავრობას, სს ,,ს. გ. ს. ე-ს“, შპს ,,ა. ე-სა“ და ,ე.-პ. ეი.ეს-ს“ და სს ,,ე.-პ. ჯ-ს“ შორის დაიდო ,,ჰიდროელექტროსადგურებისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება“. ამ ხელშეკრულებით აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების ფაქტობრივი თარიღის 2007 წლის 29 ივნისის შემდეგ სგსე და ,,ა. ე-ა“ აღარ არიან უფლებამოსილი, ამოიღონ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური და სგსე-ს და ა. ე-ის ყველა აბონენტი გახდა ,,ე.-პ-ს“ აბონენტი. ამავე ხელშეკრულების 5.4 მუხლის თანახმად, დასრულების თარიღის შემდეგ მყიდველის მიერ მიღებული ნაღდი ფული ეკუთვნის მყიდველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი ნაღდი ფული მიღებულია შესაბამისი გამყიდველის მიერ დასრულების თარიღამდე გაცემული ანგარიშფაქტურების საფუძველზე, რომელიც გაიცა მოქმედი სტანდარტული ბილინგის ციკლის შესაბამისად დასრულების თარიღამდე მომხმარებლისათვის მიწოდებული ელექტროენერგიისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის. ნასყიდობის ხელშეკრულების განხორციელების მიზნით სს ,,ე. XXI-ს“ და სს ,,ე.-პ. ჯ-ს“ შორის 2007 წლის 18 ოქტომბერს დაიდო შეთანხმება ელექტროენერგიის საფასურის ამოღების თაობაზე. ამ ხელშეკრულების „ზ“ ქვეპუნქტით, აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების ფაქტობრივი თარიღის – 2007 წლის 29 ივნისის შემდეგ, ამავე ხელშეკრულების 5.4 პუნქტის საფუძველზე სგსე-მ და ა. ე-მ არ დაარიცხეს მათ მიერ აბონენტებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ნაწილი. სს ,,ე. XXI-მა“ მოპასუხეს მიანიჭა უფლებამოსილება, ხოლო ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება, დასრულების თარიღამდე მოსარჩელის მიერ მის აბონენტებზე დარიცხული და მათთვის მიწოდებული, მაგრამ დაურიცხავი ელექტროენერგიის საფასურის ამოღებასა და ამოღებული თანხების მოსარჩელისათვის გადაცემაზე, ამ მომსახურების სანაცვლოდ, სს ,,ე. XXI-მა“ ივალდებულა მოპასუხისათვის 1350000 ლარის გადახდა. უდავოა, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2007 წლის 25 ოქტომბერს სს ,,ე.-პ. ჯ-მ“ მოსარჩელეს გადაურიცხა 9317870,01 ლარი. 2008 წლის 31 იანვარს სს ,,ე.-პ. ჯ-მ“ გამოწერა ანგარიშფაქტურა მომსახურების ხელშეკრულების საფუძვლად მიღებული მომსახურების ღირებულებაზე. იმავე დღეს მოპასუხემ გამოწერა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2007 წლის 25 ოქტომბერს სს ,,ე. XXI-სთვის“ 9 317 870,01 ლარის გადარიცხვა მიეკუთვნებოდა დასაბეგრი ოპერაციების კატეგორიას - მომსახურების გაწევას. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ მოპასუხის მიერ ჩატარებული ოპერაცია წარმოადგენდა ფინანსურ მომსახურებას, რაც საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლით თავისუფლდება დღგ-ს გადახდისაგან. ფინანსური მომსახურების სახეები განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით (სადავო ურთიერთობის წარმოშობის მომენტისათვის მოქმედი რედაქციით) მხარეთა შორის 2007 წლის 18 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების ,,თ“ ქვეპუნქტით სს ,,ე.-პ. ჯ-ა“ მიზნად ისახავს, დაეხმაროს სს ,,ე. XXI-ს“ ამავე ხელშეკრულების ,,ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული დაურიცხავი ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენასა და მისი საფასურის ამოღებაში ამავე ხელშეკრულების პირველი პუნქტით ,,ე. XXI’’ უფლებამოსილებას ანიჭებს ,,ე.-პ-ს’’, ხოლო ეს უკანასკნელი იღებს ვალდებულებას, განახორციელოს აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების თარიღამდე სდსე-სა და აჭარის ენერგოკომპანიის მიერ მათ აბონენტებზე დარიცხული და მათთვის მიწოდებული, მაგრამ დაურიცხავი საფასურის ამოღება და ეს თანხა გადასცეს ,,ე. XXI-ს“ (შემდგომში- მომსახურება). ამრიგად, ,,ე.-პ-ს“ მიერ მომსახურების გაწევა გულისხმობდა დაურიცხავი ელექტროენერგიის ოდენობის დადგენას და მისი საფასურის ამოღებას. აღნიშნული კი არ წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ფინანსური მომსახურების არც ერთ სახეს.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ სს „ე.-პ. ჯ-მ“ მოსარჩელეს საკუთრების უფლება გადასცა ფულზე, რაც ასევე არ მიიჩნევა მომსახურების გაწევად და თავისუფლდება დღგ-ს გადახდისაგან საგადასახადო კოდექსის 20-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. მომსახურების მიწოდებას არ განეკუთვნება ასევე ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც დღგ-ს მიზნებისთვის გულისხმობს ფულზე ან მიწაზე საკუთრების უფლების გადაცემას ან დაქირავებით მუშაობას. განხორციელებული ოპერაცია არ წარმოადგენს ფულზე საკუთრების უფლების გადაცემას. მოპასუხის ეს მოსაზრება ემყარება მხარეებს შორის არსებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულების # 5.4 მუხლს, რომლითაც, დასრულების თარიღის (2007 წლის 29 ივნისის) შემდეგ მყიდველის მიერ მიღებული ნაღდი სახსრები ეკუთვნის მყიდველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი ნაღდი ფულადი სახსრები მიღებულია შესაბამისი გამყიდველის მიერ დასრულების თარიღამდე გაცემული ანგარიშფაქტურების საფუძველზე, რომელიც გაიცა მოქმედი სტანდარტული ბილინგის ციკლის შესაბამისად დასრულების თარიღამდე მომხმარებლისათვის მიწოდებული ელექტროენერგიისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის. მართალია, ხსენებული პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2007 წლის 29 ივნისის შემდეგ მიღებული თანხა ეკუთვნოდა მყიდველს, მაგრამ 2007 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულებით მხარეებმა განსაზღვრეს, რომ 2007 წლის 29 ივნისამდე სგსე-ს და აჭარის ენერგოკომპანიის მიერ დარიცხული ან მიწოდებული, მაგრამ დაურიცხავი ელექტროენერგიის საფასური წარმოადგენს სს ,,ე. XXI-ის“ საკუთრებას და მოპასუხე ამ ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით ახორციელებდა ამ თანხის ამოღებას და ,,ე. XXI-სთვის“ გადაცემას და არა საკუთრების უფლების გადაცემას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოითხოვა ანგარიშფაქტურის გამოწერა საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მივიჩნევთ, რომ განხორციელებული ოპერაცია წარმოადგენდა დასაბეგრ ოპერაციას, იგი ვალდებული არ იყო, გამოეწერა ანგარიშფაქტურა მომსახურების მიმღების, ე.ი სს ,,ე. XXI-ის“ მხრიდან მოთხოვნის არარსებობის გამო. მოსარჩელე თავის პოზიციას ამყარებს იმით, რომ რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოთხოვნის არსებობას, საქმეში წარმოდგენილი არ არის, ასევე, სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, მოსარჩელის დირექტორმა აღიარა და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას წერილობითი მოთხოვნა ანგარიშფაქტურის გამოწერაზე მოპასუხისათვის არ წარუდგენია არც მეორე და არც მესამე დღეს, მოითხოვა დაგვიანებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ, საგადასახადო კოდექსის ზემოთ მოყვანილი ნორმის თანახმად, ანგარიშფაქტურის გამოწერისათვის აუცილებელი არ არის, რომ მოთხოვნა წარდგენილი იყოს წერილობით. სასამართლო ამ სადავო გარემოების დადგენისას ეყრდნობა ასევე იმ გარემობას, რომ მოპასუხემ, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ 2009 წლის 30 იანვარს გამოწერა ანგარიშფაქტურა 2007 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე გაწეულ 1350000 ლარის მომსახურებაზე. ეს ანგარიშფაქტურა მოპასუხემ იმავე დღეს გააუქმა და გამოწერა კორექტირების ანგარიშფაქტურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის ანგარიშფაქტურის გამოწერა.
სს ,,ე. XXI-სა“ და სს ,, ე.-პ. ჯ-ს“ შორის 2007 წლის 18 ოქტომბერს დადებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების თაობაზე შეთანხმების ,,ზ’’ ქვეპუნქტით, აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების ფაქტობრივი თარიღის – 2007 წლის 29 ივნისის შემდეგ, ამავე ხელშეკრულების 5.4 პუნქტის საფუძველზე სგსე-მ და აჭარის ენერგოკომპანიამ არ განახორციელეს მათ მიერ აბონენტებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ნაწილის დარიცხვა. ხელშეკრულების პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, სს ,,ე. XXI-მ“ მოპასუხეს მიანიჭა უფლებამოსილება, ხოლო ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება დასრულების თარიღამდე მოსარჩელის მიერ მის აბონენტებზე დარიცხული და მათთვის მიწოდებული, მაგრამ დაურიცხავი ელექტროენერგიის საფასურის ამოღებასა და ამოღებული თანხის მოსარჩელისათვის გადაცემაზე. ამ მომსახურების სანაცვლოდ, სს ,,ე. XXI-მა“ ივალდებულა მოპასუხისათვის 1 350 000 ლარის გადახდა. უდავო გარემოებაა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე 2007 წლის 25 ოქტომბერს სს ,,ე.-პ. ჯ-მ“ მოსარჩელეს გადაურიცხა 9 317 870,01 ლარი. 2008 წლის 31 იანვარს სს ,,ე.-პ. ჯ-მ’’ გამოწერა ანგარიშფაქტურა მომსახურების ხელშეკრულების საფუძვლად მიღებულ მომსახურების ღირებულებაზე და იმავე დღეს ასევე გამოწერა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა.
2007 წლის 25 ოქტომბერს სს „ე. XXI-სათვის“ 9 317 870,01 ლარის გადარიცხვა მიეკუთვნებოდა დასაბეგრი ოპერაციების კატეგორიას - მომსახურების გაწევას, შესაბამისად, განხორციელებული ოპერაცია არ წარმოადგენდა ფინანსურ მომსახურებას, რაც საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლით თავისუფლდება დღგ-ს გადახდისაგან. ფინანსური მომსახურების სახეები განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით (სადავო ურთიერთობის წარმოშობის მომენტისათვის მოქმედი რედაქციით). მხარეთა შორის 2007 წლის 18 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების ,,თ“ ქვეპუნქტით სს ,,ე.-პ. ჯ-ა“ მიზნად ისახავს, დაეხმაროს სს ,,ე. XXI-ს“ ამავე ხელშეკრულების ,,ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული დაურიცხავი ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენასა და მისი საფასურის ამოღებაში. სს ,,ე. XXI“ უფლებამისილებას ანიჭებს ,,ე.-პ-ს“, ხოლო ეს უკანასკნელი იღებს ვალდებულებას, განახორციელოს აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების თარიღამდე სდსე-ს და აჭარის ენერგოკომპანიის მიერ მათ აბონენტებზე დარიცხული და მათთვის მიწოდებული, მაგრამ დაურიცხავი საფასურის ამოღება და ეს თანხა გადასცეს ,,ე. XXI-ს“ (შემდგომში - მომსახურება). ამრიგად, ე.-პ-ს მიერ მომსახურების გაწევა გულისხმობდა დაურიცხავი ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენას და მისი საფასურის ამოღებას, აღნიშნული კი არ წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ფინანსური მომსახურების არც ერთ სახეს. ოპერაცია არ წარმოადგენს ფულზე საკუთრების უფლების გადაცემას. არასწორია მოპასუხის პოზიცია, რომ იგი ვალდებული არ იყო, გამოეწერა ანგარიშ-ფაქტურა სს ,,ე. XXI-ის“ მხრიდან მოთხოვნის არარსებობის გამო. საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ანგარიშფაქტურის გამოწერისათვის აუცილებელი არ არის მოთხოვნა წარდგენილი იყოს წერილობით. როგორც უკვე აღინიშნა, 2009 წლის 30 იანვარს მოპასუხემ გამოწერა ანგარიშფაქტურა 2007 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე გაწეულ 1350 000 ლარად ღირებულ მოსახურებაზე, რომელიც შემდეგ გააუქმა და გამოწერა კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის ანგარიშფაქტურის გამოწერა. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულება წარმოიშვა ზიანის მიყენების (დელიქტის) საფუძველზე. განსახილველ დავაში მოსარჩელე ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად დელიქტზე მიუთითებს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მოცემული მუხლით პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.
სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არის გადასახადი, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ამ კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების ან საბაჟო დეკლარაციების მიხედვით დასაბეგრ ოპერაციებზე დასაბეგრ იმპორტზე, თუ საქონელი მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობისათვის. უდავოა, რომ სს ,,ე. XXI“ რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად და ანგარიშფაქტურის დროულად გამოწერის შემთხვევაში იგი მიიღებდა ჩათვლას 205932 ლარზე. სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დღგ-ის სხვა გადამხდელებს ჩასათვლელი თანხის გადამეტება საანგარიშო პერიოდში დარიცხულ დღგ-ის თანხაზე ჩაეთვლებათ დღგ-ის მომავალი პერიოდების გადასახდელებში ან 6 თვის შემდეგ უბრუნდებათ ამ კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით. ამრიგად, თანხის ჩათვლის შემთხვევაში, მოსარჩელეს ჩასათვლელი თანხა ჩაეთვლებოდა დღგ-ს მომავალი პერიოდის გადასახდელებში ან დაუბრუნდებოდა 6 თვის შემდეგ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მიერ ანგარიშფაქტურის დროულად გამოუწერლობით მიადგა 205 932 ლარის ზიანი, ასევე დადგენილია, რომ ზიანი გამოწვეულია მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით, რაც გამოიხატება, მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, ანგარიშფაქტურის დროულად გამოუწერლობაში. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელმაც უნდა აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამდენად, მართებულია სს „ე.-პ. ჯ-სთვის“ სს ,,ე. XXI-ის“ სასარგებლოდ ზიანის - 205 932 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ე.-პ. ჯ-მ“ შემდეგი დასაბუთებით: დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი უწყებრივი ქვემდებარეობა, რომლის თანახმად, რადგან მოსარჩელე მხარე კასატორს ბრალს სდებს საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენაში და, აქედან გამომდინარე, ითხოვს ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. დავის არსის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სადავო გარემოების – საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურებას, ამ სადავო საკითხის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება საგადასახადო ორგანოს კომპეტენციაა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ განიხილა რა სარჩელი, სამოქალაქო წესით შექმნა სს „ე.-პ. ჯ-ს“ მხრიდან საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტობრივი მტკიცებულება და ამავე დროს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე მითითებით დააკმაყოფილა სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმე განიხილა შეჯიბრებითობის პრინციპის სრული უგულებელყოფით, რადგან ანგარიშფაქტურის მოთხოვნის არსებობა დადასტურებულად ჩათვალა მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე, სათანადო მტკიცებულების არსებობის გარეშე და იმავე ფაქტზე ახსნა-განმარტება კი არ გაიზიარა.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მარტო ზიანის არსებობა არ არის საკმარისი საფუძველი ზიანის ასანაზღაურებლად. იგი უნდა ანაზღაურდეს სახელშეკრულებო ან დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, მაგრამ, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოვალე შეიძლება, საერთოდ გათავისუფლდეს ზიანის ანაზღაურებისაგან, თუ ზიანის დადგომას ხელი დაზარალებულის მოქმედებამ შეუწყო. სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მიყენებული ზიანი შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდაც გამოირიცხოს, თუ დადასტურდება, რომ ზიანის დადგომაში დაზარალებულის ბრალი უფრო მეტია, ვიდრე მოვალის. სს „ე. 21-ის“ დირექტორმა სასამართლოსთვის მიცემულ განმარტებაში დაადასტურა, რომ ანგარიშფაქტურის გამოწერა არ მოუთხოვია არც მეორე და არც მესამე დღეს და რომ მან ასეთი მოთხოვნა დააყენა დაგვიანებით. მოცემულ გარემოებაზე კი წარმომადგენელმა რ.მ-მა განმარტა, რომ ზიანის დადგომაში მათი ბრალიც იკვეთება ანგარიშფაქტურის გამოწერის მოთხოვნის დაგვიანების გამო. ამ გარემოების დასადასტურებლად, წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, სადაც დაფიქსირებულია მოსარჩელის წარმომადგენელ რ.მ-ის განმარტება - ,, ვინაიდან ზიანში მათი ბრალიც იკვეთება ანგარიშფაქტურის გვიან მოთხოვნის გამო, გვთავაზობს მოთხოვნის თანხის განახევრებას“. ის გარემოება, რომ სს „ე.-პ. ჯ-მ“ 2009 წლის 30 იანვარს გამოწერა ანგარიშფაქტურა, სრულებითაც არ ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელემ, საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთანავე ან არა უგვიანეს მეორე დღისა, მოითხოვა სს „ე.-პ. ჯ-ს“ მიერ საგადასახადო ანგარიშფაქტურის გაცემა. 2009 წლის 30 იანვარს ანგარიშფაქტურა გამოწერა სს „ე. 21-ის“ მოთხოვნის საფუძველზე და არა იმიტომ, რომ მას ასეთი მოთხოვნა მანამდეც ჰქონდა.
2007 წლის 18 ოქტომბერს ხელშეკრულებით სს „ე.-პ. ჯ-მ“ დაურიცხავი თანხის დარიცხვა-ამოღების ვალდებულებასთან ერთად იკისრა ვალდებულება, გადაერიცხა მოსარჩელისათვის ხელშეკრულების დადებამდე ამოღებული თანხა. პირველი ვალდებულების შესრულება არ განეკუთვნება ფინანსურ მომსახურებას, მაგრამ ხელშეკრულების მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება სწორედაც, რომ ფინანსური მომსახურებაა და არ მიეკუთვნება დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციების კატეგორიას. აღნიშნული მოსაზრება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი შპს „ტ. ა-ი კომპანიის 07.10.09 საექსპერტო აუდიტორული დასკვნითაც, რომლის თანახმად, 2007 წლის 25 ოქტომბერს სს „ე. 21-სთვის“ განხორციელებული გადარიცხვა არ განეკუთვნება დღგ-თი დასაბეგრ ოპერაციას, არამედ იგი წარმოადგენს ფინანსურ მომსახურებას და, შესაბამისად, ენერგოკომპანიაც არ იყო ვალდებული, გამოეწერა ანგარიშფაქტურა. ენერგოკომპანიის მიერ კომპენსაციის მიღება არის ვალების ამოღების უფლების გაყიდვა და, საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, განხილულია ფინანსურ მომსახურებად და დღგ-სგან გათავისუფლებულია. ამდენად, 2007 წლის 25 ოქტომბერს სს „ე. 21-სთვის“ 9 317 870,01 ლარის გადარიცხვა არ განეკუთვნება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რადგან 2007 წლის 25 ოქტომბერს დაურიცხავი ელექტროენერგის ოდენობა არ დადგენილა, არამედ უკვე ამოღებული თანხა გადარიცხა ანუ ჩატარდა ფინანსური ოპერაცია, ამიტომ, სს „ე. პ. ჯ-ა“ არ იყო ვალდებული, გამოეწერა სს „ე. 21-თვის“ საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,ე.-პ. ჯ-ს“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სს ,,ე. XXI-ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში, საააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კასატორს სადავოდ არ გაუხდია, სადავოა ამ გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებით ახალი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო ინსტანციაში შესაძლებელია, კერძოდ:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო და კასატორს სადავოდ არ გაუხდია, რომ 2007 წლის 5 თებერვალს საქართველოს მთავრობას, სს ,,ს. გ. ს. ე-ს“, შპს ,,ა. ე-სა“ და ,ე.-პ. ეი.ეს-ს“ და სს ,,ე.-პ. ჯ-ს“ შორის დაიდო ,,ჰიდროელექტროსადგურებისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება“. ხელშეკრულებით 2007 წლის 29 ივნისის შემდეგ სგსე და ,,ა. ე-ა“ აღარ არიან უფლებამოსილი, ამოიღონ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური და სგსე-ს და ა. ე-ის ყველა აბონენტი გახდა ,,ე.-პ-ს“ აბონენტი. ხელშეკრულების 5.4 მუხლით, დასრულების თარიღის შემდეგ მყიდველის მიერ მიღებული ნაღდი ფული ეკუთვნის მყიდველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი ნაღდი ფული მიღებულია შესაბამისი გამყიდველის მიერ დასრულების თარიღამდე გაცემული ანგარიშფაქტურების საფუძველზე, რომელიც გაიცა მოქმედი სტანდარტული ბილინგის ციკლის შესაბამისად დასრულების თარიღამდე მომხმარებლისათვის მიწოდებული ელექტროენერგიისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის. ნასყიდობის ხელშეკრულების განხორციელების მიზნით სს ,,ე-ა XXI-ს“ და სს ,,ე.-პ. ჯ-ს“ შორის 2007 წლის 18 ოქტომბერს დაიდო შეთანხმება ელექტროენერგიის საფასურის ამოღების თაობაზე. ამ ხელშეკრულების „ზ“ ქვეპუნქტით, აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების ფაქტობრივი თარიღის – 2007 წლის 29 ივნისის შემდეგ, ამავე ხელშეკრულების 5.4 პუნქტის საფუძველზე სგსე-მ და აჭარის ენერგოკომპანიამ არ დაარიცხეს მათ მიერ აბონენტებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ნაწილი. სს ,,ე. XXI-მა“ მოპასუხეს მიანიჭა უფლებამოსილება, ხოლო ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება, დასრულების თარიღამდე მოსარჩელის მიერ მის აბონენტებზე დარიცხული და მათთვის მიწოდებული, მაგრამ დაურიცხავი ელექტროენერგიის საფასურის ამოღებასა და ამოღებული თანხის მოსარჩელისათვის გადაცემაზე, ამ მომსახურების სანაცვლოდ, სს ,,ე. XXI-მა“ ივალდებულა მოპასუხისათვის 1350000 ლარის გადახდა. უდავოა, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2007 წლის 25 ოქტომბერს სს ,,ე. ჯ-მ“ მოსარჩელეს გადაურიცხა 9317870,01 ლარი. 2008 წლის 31 იანვარს სს ,,ე.-პ. ჯ-მ“ გამოწერა ანგარიშფაქტურა მომსახურების ხელშეკრულების საფუძვლად მიღებულ მომსახურების ღირებულებაზე. იმავე დღეს მოპასუხემ გამოწერა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა.
სს ,,ე. XXI-მა“ ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სს „ე.-პ. ჯ-ს“ 2007 წლის 25 ოქტომბერს განხორციელებული დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურა უნდა გამოეწერა არა უგვიანეს 2007 წლის 26 ოქტომბრისა, მაგრამ გამოწერა 2008 წლის 31 იანვარს. სს ,,ე. XXI“ რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად და ანგარიშფაქტურის დროულად გამოწერის შემთხვევაში იგი მიიღებდა ჩათვლას 205 932 ლარზე.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დაადგინა, რომ ზიანი გამოწვეულია მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით, რაც გამოიხატება, მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, ანგარიშფაქტურის დროულად გამოუწერლობაში. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის აუცილებლობაზე. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მოცემული მუხლით პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ბრალი არ დგინდება, რაც გამორიცხავს მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ვალდებულებას. სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგს:
სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არის გადასახადის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ამ კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების ან საბაჟო დეკლარაციების მიხედვით დასაბეგრ ოპერაციებზე დასაბეგრ იმპორტზე, თუ საქონელი მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობისათვის. ამავე კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დღგ-ის სხვა გადამხდელებს ჩასათვლელი თანხის გადამეტება საანგარიშო პერიოდში დარიცხულ დღგ-ის თანხაზე ჩაეთვლებათ დღგ-ის მომავალი პერიოდების გადასახდელებში ან 6 თვის შემდეგ უბრუნდებათ ამ კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით.
აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, ისარგებლოს მომავალი პერიოდების გადასახდელებში უკვე გადახდილი დღგ-ის ჩათვლით. ჩასათვლელი თანხის არსებობა კანონით ზუსტად გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტით, მათ შორის, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურით უნდა დასტურდებოდეს. ამ უფლების რეალიზაციას წინ უნდა უსწრებდეს დღგ-ის ჩათვლაზე უფლებამოსილი პირის რამდენიმე მოქმედება. სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია, საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშფაქტურა და წარუდგინოს იგი მიმღებს. ამდენად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაცემის ვალდებულება მომსახურების მიმწოდებელს მხოლოდ მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში აკისრია.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ მიიჩნევს ანგარიშ-ფაქტურის გამოწერაზე მის ვალდებულებას სს ,,ე. XXI-ის“ მხრიდან მოთხოვნის არარსებობის გამო. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ანგარიშფაქტურის გამოწერისათვის აუცილებელი არ არის მოთხოვნა წარდგენილი იყოს წერილობით. 2008 წლის 30 იანვარს მოპასუხემ გამოწერა ანგარიშფაქტურა 2007 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე გაწეულ 1 350 000 ლარად ღირებულ მოსახურებაზე, რომელიც შემდეგ გააუქმა და გამოწერა კორექტირების ანგარიშფაქტურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოითხოვა ანგარიშფაქტურის გამოწერა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის ფარლებში (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი) მხარეთა ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს კონტრაჰენტის (მყიდველის) მიერ ორი დღის ვადაში ანგარიშფაქტურის გამოწერის მოთხოვნის აუცილებლობა, არამედ სადავოა მოთხოვნის ფაქტი. კანონით მოთხოვნის წერილობითი ფორმა გათვალისწინებული არ არის, თუმცა ზეპირი ფორმით ამ მოქმედების განხორციელება იმ მხარემ უნდა ამტკიცოს, რომელიც ამ გარემოებაზე აყრდნობს თავის სასარჩელო მოთხოვნასა თუ შესაგებელს. სს ,,ე. XXI“ ამ გარემოების დამადასტურებლად კასატორის მიერ კორექტირების ანგარიშფაქტურის გამოწერას მიიჩნევს. მხარის ეს მტკიცება არადამაჯერებლია, ვინაიდან 2007 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, იმავე წლის 25 ოქტომბერს გაწეულ მოსახურებაზე, 2008 წლის 30 იანვარს კასატორი მხარის მიერ ანგარიშფაქტურის გამოწერა რაიმე სამართლებრივი შედეგის მომცემი არ არის, და შესაბამისად, იურიდიული ძალის მქონედ ვერ ჩაითვლება. საკასაციო სასამართლოს დასკვნა ეფუძნება საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს, რომლის ძალითაც დღგ-ის ჩათვლა არ წარმოებს იმ საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, რომლებიც არ არის წარმოდგენილი მყიდველის (ჩათვლის მიმღების) მიერ დღგ-ის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღისა.
დასაბუთებას მოკლებულია კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, რომ მან კანონით განსაზღვრულ ვადაში მოსთხოვა კასატორს ანგარიშფაქტურა და სწორედ ამიტომ გამოიწერა კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა, ვინაიდან ეს უკანასკნელი მომსახურების გაწევიდან საკმაოდ დაგვიანებით - კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით არის გამოწერილი. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილია სს ,,ე. XXI-ის“ დირექტორის განმარტება ანგარიშ-ფაქტურის დაგვიანებით მოთხოვნაზე (იხ.ტ.1, ს.ფ. 60), რაც ამყარებს კასატორის პოზიციას.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ანგარიშფაქტურის გამოწერისათვის მომსახურების მიმღების მოთხოვნის განუხორციელობლობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ სს ,,ე. XXI-ს“, სადავო მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობისათვის არ მიუმართავს. ანგარიშფაქტურის გამოწერისათვის მომსახურების მიმღების მოთხოვნის შეუსრულებლობას კანონი სამართალდარღვევად მიიჩნევდა და მისთვის გარკვეულ პასუხისმგებლობას ადგენდა(იხ. სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლის მესამე ნაწილი).
ამდენად, სს „ე. XXI-ისთვის“ მიყენებული ზიანი სს „ე.-პ. ჯ-ს“ არამართლზომიერი ქმედებით არ არის გამოწვეული, რაც გამორიცხავს მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
სს „ე.-პ. ჯ-ს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის განჩინება.
სს „ე. XXI-ის“ სარჩელი ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
სს „ე. XXI-ს“ დაეკისროს სს „ე.-პ. ჯ-ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 15 000 ლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ.კვანტალიანი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე