უარი ეთქვა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე ას-993-951-2013 19 დეკემბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - რ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ხ-ა
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლისა და 19 სექტემბრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ხ-მა, ჯ. გ-მა და ე. კ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა. კ-სა და რ. კ-ის მიმართ და მოითხოვეს სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობა შემდეგი დასაბუთებით: ქ.თბილისში, ხ-ის (ამჟამად, პ.ს-ის ქუჩაზე) ქუჩა №45-ში მდებარე უძრავი ქონება ა. კ-ის სახელზე იყო აღრიცხული. მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მიიღეს შვილებმა - რ. და ს. კ-მა. ს. კ-ს გარდაცვალების შემდეგ სამი პირველი რიგის მემკვიდრე დარჩა: ა, ა. და ს. კ-ი. რ.კ-ის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა: ე, მ., ჯ. და ე.კ-მა. მემკვიდრეები სარგებლობდნენ სამკვიდრო ქონებით, რაც გამოიხატებოდა მათ მიერ სახლის მოვლა-პატრონობაში. მათ უძრავი ქონება საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში არ აღურიცხავთ. მოსარჩელეების განმარტებით, სამკვიდრო ქონება სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ა.კ-მა დაირეგისტრირა, რომელმაც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ე.კ-ის არასრულწლოვან შვილს, რ. კ-ს, გაუფორმა.
მოპასუხეებმა ა. და რ. კ-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის, ჯ. გ-სა და ე. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 26 მარტს ა.კ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა თბილისში, პ.ს-ის ქ №45-ში მდებარე სამკვიდრო ქონების (საკადასტრო კოდი ...) 3/4 ნაწილზე. ბათილად იქნა ცნობილი ა. კ-სა და რ. კ-ს შორის 2012 წლის 27 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, თბილისში, ხ-ის (ს-ის) ქ №45-ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) ¾ ნაწილის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში. მოსარჩელეები ცნობილ იქნენ რ. კ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქ. თბილისში, ს-ის ქ №45-ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) 1/4-1/4 ნაწილის მესაკუთრედ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. და რ. კ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით, წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
2013 წლის 6 თებერვალს მ. ხ-ის წარმომადგენელმა დ. გ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ, ვინაიდან, არსებობს იმის საშიშროება, რომ რ.კ-მა გაასხვისოს ან სხვაგვარად განკარგოს უძრავი ქონება, რ.კ-ს ქ. თბილისში. პ. ს-ის ქ.№45-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისება ან სხვაგვარად განკარგვა უნდა აეკრძალოს.
2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით მ. ხ-ის წარმომადგენელ დ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. კ-ს მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ქ. თბილისში, პ. ს-ის (ხ-ის N45, საკადასტრო კოდით N...) №45-ში რეგისტრირებული ქონების 1/4 ნაწილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N...) რ. კ-ის საკუთრებაა. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს აღნიშნული უძრავი ქონების ¾ ნაწილზე ა. კ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ა. კ-სა და რ. კ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ¾ ნაწილის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში და ამ უძრავი ქონების 1/4-1/4 ნაწილებზე მოსარჩელეების მესაკუთრედ ცნობა. პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამ კუთხით მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. სწორედ ამიტომ, მ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის სახით რ. კ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ქ. თბილისში, პ. ს-ის (ხ-ის) N45, საკადასტრო კოდით N...რეგისტრირებული ქონების 1/4 ნაწილის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას.
აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა რ. კ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ძალაში დარჩა გასაჩივრებული განჩინება და საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო რ. კ-ის საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით რ.კ-ს საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა დაევალა. ხარვეზის შესავსებად 5 - დღიანი ვადა განისაზღვრა. საჩივრის ავტორს განჩინებით განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, წარმოდგენილი საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინება საჩივრის ავტორის დედას - ს. კ-ს 2013 წლის 5 მარტს ჩაჰბარდა. დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა 2013 წლის 6 მარტს დაიწყო და ამავე წლის 11 მარტს ამოიწურა. საქმის მასალებით დგინდება, რომ საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხაევეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი, ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საჩივრის ავტორს საჩივართან დაკავშირებით, სახელმწიფო ბაჟი დადგენილ ვადაში არ გადაუხდია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ რ. კ-ის საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლისა და 19 სექტემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ.ალავიძე