დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-79-73-2015 8 აპრილი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ბ.მ.ს.ჯ.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. და მ. ა. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ჲ ნ ა წ ი ლ ი :
შპს „ბ.ს.ჯ.მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ა.სა და მ.ი.ის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეებისათვის 4667 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2011 წლის 21 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით ი.ა.ეს 12 თვით გადაეცა 2040 აშშ დოლარი წლიურ 48%-ად. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში კი პირგასამტეხლოს სახით განისაზღვრა თანხის 0.2%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2011 წლის 21 სექტემბერს ი.ა.ის მიერ ნაკისრი სასესხო ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრა მოპასუხე მ.ი.მ. ი.ი.მ ვალდებულება არ შეასრულა, შესაბამისად, დავალიანების ძირი თანხა წარმოადგენს 2040 აშშ დოლარს, დარიცხული პროცენტი - 411 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 2484 აშშ დოლარს.
მოპასუეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელე მოითხოვს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოსა და პროცენტს, რისი გადახდის საშუალებაც არ აქვთ, შესაბამისად სასამართლომ უნდა შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ბ.ს.ჯ.ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს: ი.ა.სა და მ.ი.ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3667 აშშ დოლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ.ს.ჯ.მა“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს „ბ.ს.ჯ.ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2011 წლის 21 სექტემბერს, შპს „ბ.ს.ჯ.სა“ და ი.ა.ს შორის გაფორმდა №1003201 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი.ა.ს 12 თვის ვადით, წლიური 48%-ის დარიცხვით გადაეცა 2040 აშშ დოლარი. მსესხებელს თანხა უნდა დაეფარა გრაფიკის მიხედვით;
ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ბ.ს.ჯ.მა“ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გააფორმა მ.ი.თან, რომლის 3.10 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის თანხისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდიდა ჯარიმას ნარჩენი სესხის 0.2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ი.ა.მ დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი, ბოლო შენატანი განახორციელა 2011 წლის ნოემბერში;
პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 327-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 416-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 420-ე მუხლით და განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პალატის განმარტებით, პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს სახით 2484 აშშ დოლარის დაკისრება არასამართლიანი იყო. ხოლო გონივრულ ოდენობას წარმოადგენდა ამ თანხის 1000 აშშ დოლარით შემცირება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ.ს.ჯ.მა“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ასევე მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, კერძოდ საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და უნდა შემცირებულიყო 1000 აშშ დოლარამდე, რაც სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სრულად. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა პირგასამტეხლოს მიზანი, ასევე არასწორად დაადგინა მისი ოდენობა, ვინაიდან საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებით დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, შესაბამისად, საპროცენტო სარგებელი სესხს დაერიცხა მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლობის ვადაში, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობა უზრუნველყოფდა კრედიტორისთვის იმ მინიმალური ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გამოწვეული იყო პროცენტის გადაუხდელობით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სესხი 2011 წლის 28 ნოემბრიდან არ დაუფარავს მოპასუხეს, შესაბამისად, კომპანია, რომელიც არის მოგებაზე ორიენტირებული, ვერ იღებს საპროცენტო სარგებელს, ამის გათვალისწინებით კი, პირგასამტეხლო შეუსაბამო არ არის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს სრულად უნდა დაეკისრებინა მოპასუხე მხარისთვის დარიცხული პირგასამტეხლო. გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების ყველა პირობაზე მხარეები შეთანხმებული იყვნენ წერილობით, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დარიცხვაც მოხდა ხელშეკრულების შესაბამისად. აღსანიშნავია ისიც, რომ საპროცენტო სარგებელი შეადგენდა თვეში 4%-ს, ხოლო პირგასამტეხლო სასამართლომ დაადგინა 3%-ის ოდენობით, რაც მიუღებელი საპროცენტო სარგებლის შედეგად მინიმალურ ზიანსაც ვერ ფარავს.
კასატორს სარჩელის აღძვრის შემდგომ არ მოუთხოვია არც პროცენტი და არც პირგასამტეხლო, რის გამოც განიცდის ზიანს, ამიტომ სახეზეა არა გამდიდრება, არამედ მინიმალური ზიანის ანაზღაურების მცდელობა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. თუ სასამართლო მიუღებელ შემოსავალს შეადარებდა პირგასამტეხლოს, შეუსაბამობა სახეზე არ იქნებოდა, მეტიც მოცემული პირგასამტეხლოც კი არასაკმარისი აღმოჩნდებოდა ზიანის ასანაზღაურებლად. ამდენად, სადავო თანხის ამ შემცირებას არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, იგი ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერვე თანხის შემცირების დასაბუთების მიზნით მოყვანილ მსჯელობას, რაც ხელს შეუწყობს არაკეთილსინდისიერი მსესხებლების წახალისებას. სასამართლო არ წარმოადგენს სოციალური დახმარების ორგანოს, მან უნდა იხელმძღვანელოს შეჯიბრებითობის პრინციპითა და მხარეთა შეთანხმებით.
სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ და უკანონოდ განსაზღვრა ხარჯების განაწილება, რადგან სახელმწიფო ბაჟის გადახდა სრულად უნდა დაეკისრებინა მოპასუხისათვის, ამასთანავე, მიღებული განჩინება არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლო პრაქტიკას, ზიანს აყენებს მოსარჩელეს და ემყარება მატერიალური და საპროცესო ნორმების უხეშ დარღვევას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინებით შპს „ბ.ს.ჯ.ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ბ.ს.ჯ.ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კასატორის ძირითად არგუმენტებზე, კერძოდ, მხარე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ: ა) სასამართლოს არ უნდა შეემცირებინა პირგასამტეხლო, რადგანაც იგი წარმოადგენდა მინიმალური ზიანის ანაზღაურებას, ამასთანავე, ამგვარი შემცირებით დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგანაც საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს პირგასამტეხლოს შეუსაბამო ოდენობას; ბ) სასამართლომ არასწორად გაანაწილა სასამართლო ხარჯები. დავის ფაქტობრივი დასაბუთების ნაწილში არა თუ დასაბუთებული, არამედ პრეტენზიაც კი არ წარმოუდგენია კასატორს.
ამდენად, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2011 წლის 21 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოპასუხის ვალდებულება შემდეგია: სესხის ძირი თანხა - 1772 აშშ დოლარი; სარგებელი - 411 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო - 2484 აშშ დოლარი.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობასთან დაკავშირებით, რადგანაც იგი რამდენადმე აღემატება ძირითად ვალდებულებას.
სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულებაა ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
განსხვავებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ საჭიროებს მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობას, პირგასამტეხლო ყოველთვის სახელშეკრულებო პირობად გვევლინება. ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო პირობის ერთადერთი გამონაკლისია ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას პროცენტზე შეთანხმება (სკ 403-ე მუხლი), თუმცა ეს შემთხვევა სახეზე არ გვაქვს.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მიერ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევისა თუ მტკიცებულების არარსებობის პირობებში პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გარანტირებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი ითვალისწინებს სასამართლოს ჩაურევლობას მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებში, თუმცა მატერიალური სამართლის - სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დათქმა, რომ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მოპასუხის შესაგებლის არსებობისას, ლეგიტიმურს ხდის პირგასამტეხლოს ოდენობის შეფასებას სასამართლოს მიერ, რაც არ შეიძლება განვიხილოთ საპროცესო დარღვევად, თავის მხრივ, ნორმა განსაზღვრავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობა სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმის გარემოებების გათვალისწინებით, რაც არ შეიძლება განმარტებულ იქნას იმგვარად, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისათვის უნდა არსებობდეს რაიმე სპეციალური მტკიცებულება, იგი ყოველთვის გონივრული განსჯის შედეგია და ამოსავალ პრინციპს წარმოადგენს როგორც დარღვეული ვალდებულების ხასიათი, ისე კრედიტორისა და მოვალის ინტერესთა თანაფარდობა.
რაც შეეხება სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელი ძირითადი ვალდებულებისა და სარგებლის დაკისრების ნაწილში საქმის მოსამზადებელ ეტაპზე ცნო, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნილ ოდენობას არ დაეთანხმა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ასევე ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომამდე სარჩელის ცნობისას სასამართლო ხარჯების საკითხი რეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით და დადგენილია, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მართალია, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ იხელმძღვანელა ამ ნორმით, თუმცა ეს გარემოება მხოლოდ მოპასუხე მხარეს შეეძლო სადავო გაეხადა, რაც შეეხება სააპელაციო სამართალწარმოების გამო გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, მისი ანაზღაურება სავსებით მართებულად არ დაეკისრა მოპასუხეს, რამდენადაც გასაჩივრებული განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებისაგან (იხ. სუსგ №ას-921-960-2011 25 ნოემბერი, 2011 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ბ.ს.ჯ.ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ბ.ს.ჯ.ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ბ.ს.ჯ.ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ბ.ს.ჯ.ს“ (ს/N.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 3 თებერვლის N3 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური