დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.04.2015
საქმის ნომერი
ას-892-854-2014
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-892-854-2014 30 აპრილი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „A. G.“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „A. G.-მ“ მოპასუხეების – შპს „ი. გ-სა“ და შემოსავლების სამსახური მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

2012 წლის 19 სექტემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით დაყადაღებული ქონების – ორი ცალი ყავის აპარატის ყადაღისგან განთავისუფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით:

1. შპს „A. G.-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. ყადაღისაგან განთავისუფლდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 19 სექტემბერს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ორი ცალი ყავის აპარატი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის განჩინებით:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 6 ივნისს N--- ბრძანების საფუძველზე, ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2012 წლის 19 სექტემბრის აქტით თბილისის სააღსრულებო ბიურომ დააყადაღა ქ.თბილისში, რ-ის გამზირის N37-ში მდებარე შპს „ი. გ-ს“ სარგებლობაში არსებული მოძრავი ნივთები, მათ შორის ორი ცალი ყავის აპარატი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე. ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელებზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსაზღვრულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადარისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარდგენილ შემდეგ წერილობით მტკიცებულებებზე:

2011 წლის 16 დეკემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით დადგინდა, რომ შპს „A. G.-მ“ შპს „ი. მ-სგან“ შეიძინა ათი ცალი ცხელი სასმელების მოსამზადებელი Nescafe-ს ყავის აპარატი.

2012 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულების თანახმად, შპს „A. G.-სა“ და შპს „ი. გ-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება ორი ცალი ყავის აპარატის იჯარით გაცემა/მიღების თაობაზე, რის საფუძველზეც შპს „A. G.-მ“ შპს „ი. გ-ს“ გადასცა ერთი ცალი ყავის აპარატი MINI BLACK და ერთი ცალი ტუმბო ყავის აპარატისათვის BASE CABINET. აღნიშნულის თაობაზე, მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ერთი ცალი ყავის აპარატი MINI BLACK და ერთი ცალი ტუმბო ყავის აპარატისათვის BASE CABINET, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტით მოხდა ორი ყავის აპარატის გადაცემა. ქონების დაყადაღების აქტით, ასევე, ორი ყავის აპარატი დაყადაღდა. მხარეებმა ახსნა-განმარტებით დაადასტურეს, რომ რეალურად მოხდა ორი ცალი ყავის აპარატის გადაცემა.

2012 წლის 19 სექტემბრის ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტში მოვალის მითითების საფუძველზე არსებული მინაწერით დადგინდა, რომ დაყადაღებული ორი ცალი ყავის აპარატი არ წარმოადგენდა შპს „ი. გ-ს“ საკუთრებას.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაყადაღებული ორი ცალი ყავის აპარატი წარმოადგენდა შპს „A. G.-ს“ საკუთრებას და აღნიშნული აპარატები სწორედ ის აპარატები იყო, რომლებიც 2012 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულებით შპს „A. G.-მ“ შპს „ი. გ-ს“ სარგებლობაში გადასცა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დასტურდებოდა სადავო ნივთებზე მისი საკუთრების უფლება. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურზე, რომელმაც მათ მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტება დაუპირისპირა და თავისი აღნიშნული პოზიციის დასადასტურებლად, რომ სადავო ნივთები არ ეკუთვნოდა მოსარჩელეს, სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება. ამ შემთხვევაში, საუბარია იმის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, რომ მოსარჩელის მიერ ყავის აპარატის შეძენის დამადასტურებელ და მოპასუხისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელ მტკიცებულებაში (ხელშეკრულებაში) აღნიშნული ყავის აპარატების საქარხნე ნიშნები არ ემთხვეოდა აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულ ყავის აპარატების საქარხნე ნიშნებს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ფლობის ფაქტზე დაყრდნობით სასამართლო ვერ მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენდა მოვალის საკუთრებას. მოსარჩელემ სხვა მტკიცებულებებთან ერთად განმარტა, რომ მოძრავი ნივთები წარმოადგენდა მის საკუთრებას. მოპასუხე შპს „ი. გ-ს“ წარმომადგენელმა ნივთის აღწერისა და დაყადაღების დროს, ასევე სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღიარა, რომ ორი ცალი ყავის აპარატი არ წარმოადგენდა მის საკუთრებას და იგი შპს „A. G.-ს“ ეკუთვნოდა.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება დაყადაღებული მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების შესახებ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლზე მითითებით, ყადაღისგან განთავისუფლების შესახებ სარჩელი მართებულად მიიჩნია საფუძვლიანად.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა სსიპ შემოსავლების სამსახურზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახური „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელის სასარგებლოდ ხდება გადაწყვეტილების გამოტანა, მის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა ეკისრება მოპასუხეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

შპს „A. G.-სა“ და შპს „ი. გ-ს“ შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება ერთ ცალ ყავის აპარატზე. აღნიშნული ხელშეკრულება არ არის სრულყოფილი. გაურკვეველია მიმღების ხელმოწერა, არ არის დასმული მიმღების ბეჭედი და მითითებული სადავო ქონების ზუსტი მახასიათებლები. წარმოდგენილი მასალებით ვერ დადასტურდება, რომ სწორედ ის ნივთები ჰქონდა გადაცებული შპს „ი. გ-ს“, რომლის ნასყიდობის ხელშეკრულებაზეც მხარე თავის სარჩელში მიუთითებდა. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტით არ დასტურდება, რომ აღნიშნული სადავო ქონება სწორედ შპს „ი. გ-ს“ გადაეცა, რადგან მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნულია ორი ცალი ყავის აპარატი, ხოლო ხელშეკრულებით ერთი ყავის აპარატია გათვალისწინებული. ხელშეკრულება არ არის ნოტარიულად დამოწმებული და იგი უდავო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს აღნიშნული გარემოება და გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნენ მხოლოდ ამ მტკიცებულებას და ისეთი მოწმის ჩვენებას, რომელიც არ მონაწილეობდა ხელშეკრულების გაფორმებაში. იქიდან გამომდინარე, რომ სადავო ქონების იდენტიფიცირება ვერ ხდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან, არ დასტურდება სადავო ნივთზე მოსარჩელე შპს „A. G.-ს“ საკუთრების უფლება. შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე;

მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის შემოსავლების სამსახურისათვის დაკისრება არასწორია. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის გადახდა წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით, რომლის მე-5 მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შემოსავლების სამსახური საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე