დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.06.2017
საქმის ნომერი
ას-605-564-2017
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№080210016001259133

საქმე №ას-605-564-2017 30 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ი-ი“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - ი--დ-–ვილი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 01 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2012 წლის 17 იანვარს შპს „ი---ს” (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) და ი-- დ--ვილს (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის, გაფორმდა „უძრავი ქონების წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება” (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის მიხედვით მოპასუხეს მშენებლობა უნდა დაესრულებინა არაუგვიანეს 2012 წლის 1 სექტემბერისა და არაუგვიანეს ამ თარიღისა და მშენებარე სავაჭრო ცენტრში მყიდველისათვის, მოსარჩელისათვის 19500 აშშ დოლარად გადაეცა 13.534 კვ.მ. ფართი ვადიან საკუთრებაში. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ გადაიხადა 19500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, მოპასუხემ კი, არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობა და მოსარჩელეს აშენებული ფართი არ გადასცა.

2. 2016 წლის 01 თებერვალს, მოსარჩელის წარმომადგენელმა წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ინფორმაცია, თუ როდის მოხდებოდა მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართის გადაცემა, რაზეც პასუხი არ მიუღია.

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა და მოპასუხისათვის 19500 აშშ დოლარის დაკისრება

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის გამო და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 19500 აშშ დოლარი.

5. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის მიხედვითაც მოპასუხეს მშენებლობა უნდა დაესრულებინა არაუგვიანეს 2012 წლის 1 სექტემბერისა და არაუგვიანეს ამ თარიღისა, უნდა მომხდარყო მყიდველისათვის ფართის გადაცემა ვადიან საკუთრებაში. მყიდველმა გადაიხადა შეთანხმებული ფასი; შეძენილი ფართი კი, გამყიდველს სარჩელის განხილვის დროისთვისაც გადაცემული არ ჰქონდა. სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, მოსარჩელეს წერილობით არ განუსაზღვრავს დამატებითი ვადა და არც გაფრთხილება გაუგზავნია მოპასუხისათვის, თუმცა, ეს ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან მოსარჩელის მოთხოვნას ინფორმაციის მიწოდებაზე, თუ როდის მოხდებოდა მისთვის ფართის გადაცემა, არც კი უპასუხა. გარდა ამისა, მოპასუხის წარმომადგენლებმა ვერც სასამართლო სხდომაზე მიუთითეს თარიღი, თუ როდის მოხდებოდა ხელშეკრულების შესრულება, მეტიც, განმარტეს, რომ მათ აქვთ სასამართლო დავა ქ. ქუთაისის მერიასთან აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომლის დასრულებამდეც ფართი მყიდველს ვერ გადაეცემა, ასევე, დავის შედეგების შესახებაც, მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეუძლიათ საუბარი. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხისათვის ხელშეკრულების შესრულების დამატებითი ვადის განსაზღვრას და გაფრთხილებას არანაირი შედეგი არ მოჰყვებოდა, ეს კი მოსარჩელეს უფლებას აძლევდა გასულიყო ხელშეკრულებიდან [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 405-ე, 352-ე მუხლები].

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა მისი მოპასუხის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრების შედეგად.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ: 1, 5-ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

8. დავის სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 629-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი იყო არა ნასყიდობის [სსკ-ის 477-ე მუხლი], არამედ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა. რადგან მხარეები შეთანხმდნენ გარკვეული სამუშაოს შესრულებაზე. ნასყიდობის ხელშეკრულება კი, შეიძლება შეეხებოდეს უკვე არსებული ქონების გადაცემას. განსახილველ შემთხვევაში, ეს უნდა ყოფილიყო არა ასაშენებელ, არამედ აშენებულ სავაჭრო ცენტრში კომერციული ფართი. ის გარემოება, რომ ხელშეკრულება წერილობით დაიდო, ამ ურთიერთობას ნასყიდობის თაობაზე გარიგებად ვერ აქცევდა.

9. მტკიცებულებათა წარმოუდგენლობის მოტივით არ იქნა გაზიარებული მოპასუხის მითითება ვალდებულების შეუსრულებლობაში მისი არაბრალეულობის შესახებ. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის ის არგუმენტი, რომ მოსარჩელის არაუფლებამოსილმა წარმომადგენელმა წერილი, არაუფლებამოსილ პირს გაუგზავნა, რომელიც არ იყო შპს-ს დირექტორი. სააპელაციო სასამართლომ, დაადგინა, რომ საქმეზე წარმოდგენილი ჩაბარების დოკუმენტის თანახმად, წერილი გაეგზავნა და ჩაბარდა საწარმოს იურიდიულ მისამართზე, ასევე მასზე მითითებული იყო წერილზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი, მათ შორის, მინდობილობა, რაც ადასტურებდა მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაგზავნის ფაქტობრივ გარემოებას.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და საქმის განსახილველად უკან დაბრუნება მოითხოვა.

13. კასატორის პრეტენზია ძირითადად ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების ცალმხრივად გამოყენების მართლზომიერებას შეეხება. მოპასუხე მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისინი მოითხოვდნენ საქმის წარმოების შეჩერებას, რადგან ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა მოპასუხის სარჩელს ქუთაისის მერიის მიმართ შესაბამისი ბრძანებების გაუქმებისა და ჩამორთმეული აღნაგობის უფლების აღდგენის მოთხოვნით. ამ უფლების გარეშე კი, მოპასუხე ვერ გადაუფორმებდა მოსარჩელეს ბინას [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 279-ე მუხლი].

14. იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის მერია წარმოადგენდა ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, კასატორის მოსაზრებით, საქმეში მესამე პირად ჩაბმული უნდა ყოფილიყო ქუთაისის მერია {სსსკ-ის 89-ე და 90-ე მუხლები].

15. კასატორი სადავოდ ხდის სსკ-ის 352-ე 405-ე მუხლების გამოყენებას და მოსარჩელის მიერ გასვლის უფლების რეალიზაციასაც. კასატორის მიაჩნია, რომ ვინაიდან ვადის დაუცველობა გამოწვეული არაა მისი ბრალეულობით, ვადა გადაცილებულად არ უნდა ჩაითვალოს (სსკ-ის 400, 401-ე მუხლები]. კასტორი აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მენარდეს შესრულებული აქვს და დარჩენილია მხოლოდ ფორმალური ნაწილი, რაც საჯარო რეესტრში ქონების დარეგისტრირებას გულისხმობს შემკვეთის სახელზე. მაშასადამე, დაცული არ არის სსკ-ის 636-ე მუხლის წინაპირობები ხელშეკრულებიდან გასვლისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

18. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების ცალმხრივად გამოყენების მართლზომიერებას და იმავდროულად, მიუთითებს ხელშეკრულების დარღვევაში, მის არაბრალეულობაზე.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მშენებლობის დაუსრულებლობა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში საცხოვრებელი თუ სხვა დანიშნულების ფართის გადაუცემლობა არაერთი სამოქალაქო დავის დაწყების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ხელშეკრულებიდან გასვლა, გადაცემულის უკან დაბრუნება (სსკ-ის 352-ე, 405-ე მუხლები). სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის წარმოშობილად (მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით) მიიჩნია ნარდობის ხელშეკრულება [სსკ-ის 629-ე მუხლი]. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია შეფასდეს ზოგადად წარმოშობილია თუ არა ხელშეკრულებიდან გასვლის ფაქტობრივი გარემოებები ანუ, სსკ-ის 352-ე 405-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა წანამძღვრები.

12. როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაა დადგენილი მოპასუხეს მშენებლობა უნდა დაესრულებინა არაუგვიანეს 2012 წლის 1 სექტემბერისა და არაუგვიანეს ამ თარიღისა, უნდა მომხდარყო მყიდველისათვის ფართის გადაცემა საკუთრებაში. მყიდველმა გადაიხადა შეთანხმებული ფასი; შეძენილი ფართი კი, გამყიდველს ამ დრომდე გადაცემული არ აქვს. 2016 წლის 01 თებერვალს, მოსარჩელის წარმომადგენელმა წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ინფორმაცია, თუ როდის მოხდებოდა მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართის გადაცემა, რაზეც პასუხი არ მიუღია. მტკიცებულებათა წარმოუდგენლობის მოტივით არ იქნა გაზიარებული მოპასუხის მითითება ვალდებულების შეუსრულებლობაში, მისი არაბრალეულობის შესახებ (ამავე არგუმენტს ემყარება საკასაციო საჩივარიც). არ იქნა გაზიარებული მოპასუხის ის არგუმენტი, რომ მოსარჩელის არაუფლებამოსილმა წარმომადგენელმა წერილი, არაუფლებამოსილ პირს გაუგზავნა, რომელიც არ იყო შპს-ს დირექტორი. სააპელაციო სასამართლომ, დაადგინა, რომ საქმეზე წარმოდგენილი ჩაბარების დოკუმენტის თანახმად, წერილი გაეგზავნა და ჩაბარდა საწარმოს იურიდიულ მისამართზე, ასევე მასზე მითითებული იყო წერილზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი, მათ შორის, მინდობილობა, რაც ადასტურებდა მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაგზავნის ფაქტობრივ გარემოებას.

13. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოშობილია ხელშეკრულოებიდან გასვლის სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები, რის გამოც, სარჩელი ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ მართებულად დაკმაყოფილდა. კასატორი სადავოდ, ხდის გასვლის წინაპირობების წარმოშობას, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მტკიცების თვალსაზრით, ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადაცემულის უკან დაბრუნების ნაწილში, მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევა განსაკუთრებულ სამართლებრივ პრობლემას არ წარმოშობს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თუ ვერ ხერხდება კრედიტორის პირველადი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალის მიერ (ვალდებულების შესრულება), მის ადგილს მეორადი მოთხოვნა იკავებს. პირველადი ვალდებულებებისაგან უნდა განვასხვავოთ მეორადი ვალდებულებანი. ეს უკანასკნელი უშუალოდ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან არ გამომდინარეობს. მეორადი ვალდებულება პირველადი ვალდებულებების (ქმედების განხორციელების) დარღვევის შედეგად წარმოიშობა და იკავებს ან მათ ადგილს, ანდა მათთან ერთად არსებობს. ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. ერთ-ერთ საქმეში (იხ.,სუსგ №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი) ხელშეკრულებიდან გასვლისათვის (სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლები) საკმარის საფუძვლად ის გარემოება იქნა მიჩნეული, რომ მხარის უმთავრესი სახელშეკრულებო ინტერესი ფართის უნიკალური მახასიათებლებით იყო მოტივირებული, სახელდობრ, შესრულების საგანი მკაცრად ინდივიდუალიზებული იყო, იდენტიფიცირებული იყო მისი განლაგება მრავალფუნქციურ კომპლექსში და უკავშირდებოდა ხელშემკვრელი მხარის კომერციულ ინტერესს. მაშასადამე, წინარე ხელშეკრულების ეს მახასიათებელები ხელშეკრულების იმ უმთავრეს საფუძვლად იქნეს მიჩნეული, რომელთა დარღვევით სახეზე იყო ნივთობრივი ნაკლი - შეთანხმებულისაგან განსხვავებული საგანი. სხვა სამოქალაქო საქმეში კი (იხ.,სუსგ Nას-945-895-2015, 14 მარტი, 2016 წელი), ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადაცემულის უკან დაბრუნების დამაბრკოლებელ გარემოებად არ იქნა მიჩნეული სამუშაოების მხოლოდ არაარსებითი ნაწილის შეუსრულებლობაზე აპელირება იმ ვითარებაში, როდესაც მშენებლობის დასრულების ვადა ხუთი წლით იყო დარღვეული და დავის განხილვის დროსაც არ იყო დასრულებული. მხოლოდ ის ფაქტი, რომ შენობაში ლიფტი არ იყო დამონტაჟებული ხელშეკრულებიდან გასვლისთვის საკმარის წინაპირობად წარმოჩნდა იმის გათვალისწინებით, რომ გადასაცემი ბინა მე-13 სართულზე მდებარეობდა. იმავდროულად, სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების დამაბრკოლებელ გარემოებას კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობაც, სახელდობრ, კომპანიაზე რიცხული დავალიანება და მოვალეთა რეესტრში აღიცხვა წარმოადგენდა.

19. ხელშეკრულებიდან გასვლით კი, მონაწილეთა შორის წარმოშვა ახალი ვალდებულება: მიღებული შესრულებისა და სარგებლის ერთმანეთისათვის დაბრუნების შესახებ ე.წ. რესტიტუციის მოთხოვნის უფლება, რაც მოპასუხეს წარმოუშობდა მიღებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას.

20. კასატორი სადავოდ ხდის საქმის წარმოების შეჩერებასა და საქმეში მესამე პირად ქ. ქუთაისის მერიის ჩაბმაზე უარის თქმას კანონიერებასაც, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოპასუხის შუამდგომლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გამოყენების ნაწილში (საქმის წარმოების შეჩერება) იმ მოსაზრებას ეფუძნებოდა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა მოპასუხის სარჩელს ქუთაისის მერიის მიმართ შესაბამისი ბრძანებების გაუქმებისა და ჩამორთმეული აღნაგობის უფლების აღდგენის მოთხოვნით; სადავო უფლების გარეშე კი, მოპასუხე ვერ გადაუფორმებდა მოსარჩელეს ბინას. იმავდროულად, მოპასუხე მოითხოვდა საქმეში მესამე პირად ქ. ქუთაისის მერიის ჩაბმას {სსსკ-ის 89-ე და 90-ე მუხლები]. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და არ დააკმაყოფილა მოპასუხის აღნიშნული შუამდგომლობები (იხ., ს.ფ. 77,78). საოქმო განჩინებების კანონიერებაზე აგრეთვე აქვს ნამსჯელი სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ სწორად ეთქვა უარი მოპასუხის შუამდგომლობებს ვინიადან მიაჩნია, რომ არ არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების (279. „დ“) ანდა განსახილველ საქმეში ქ. ქუთაისის მერიის მესამე პირად ჩართვის წინაპირობები, რის გამოც, მოპასუხის შუამდგომლობები სწორად იქნა უარყოფილი.

21. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ხელშკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. იმის გათვალისწინებით, რომ კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განჩინებით საქმის გადაწყვეტამდე გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 975 აშშ დილარის გადახდა, ხოლო საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილევლად სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული თანხის 30%-ის - 292.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ი--ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ი---ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 292.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე